2013 წელს კვლევითი საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქტიურად ცდილობდა ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებას და ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე წარდგენას. აღნიშნულისთვის ინსტიტუტი მართავდა მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს, შეხვედრებს, კონფერენციებსა და პრეზენტაციებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ავრცელებდა განცხადებებს და საკუთარი პოზიციას აცნობდა ფართო საზოგადოებას, აწვდიდა რეკომენდაციებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს და აწარმოებდა საინფორმაციო კამპანიებს.
აღნიშნულ წელს განხორციელებული მსგავსი ტიპის ღონისძიებებიდან და მიღწეული შედეგებიდან რამდენიმე შეიძლება გამოიყოს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საკანონმდებლო ცვლილებები
IDFI პროექტის - „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ (www.opendata.ge)- ფარგლებში აგრძელებდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის რეგულარულ მოთხოვნას. ასეულობით საჯარო უწყების ღიაობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის დადგენასთან ერთად, ორგანიზაცია აგრძელებდა მიღებული ოფიციალური მონაცემების კვლევას და საზოგადოებისთვის სრულყოფილი ანალიზის შეთავაზებას.
აღნიშნულმა სტრატეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამგვარი ინფორმაციით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი და საკვანძო როლი ითამაშა სახელმწიფო დონეზე ამ საკითხის დაყენებაში. შედეგად, IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მინისტრები, საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ინსტიტუტმა 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა.
გარდა ამისა, IDFI-ის მიერ ჩატარებულმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევის შედეგებმა საფუძველი დაუდო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ სარეკომენდაციო პაკეტს. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“. აღნიშნული სამართლებრივი აქტით, საქართველოში მკვიდრდება სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი, პროაქტიული სტანდარტი. აღნიშნული ცვლილება სახელმწიფომ საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულების საფუძველზე მიიღო.
IDFI რეგულარულად აკვირდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულებას, მართავდა შეხვედრებს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დონეზე, ავრცელებდა საკუთარ პოზიციას და მოსახლეობას აწვდიდა განახლებულ ინფორმაციას ამ საკითხის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამისთვის ინსტიტუტი ეფექტურად იყენებდა ამ საკითხებისთვის შექმნილ ბლოგს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ესწრებოდა „პარტნიორობა ღია მმართველობის“ სამიტს ლონდონში, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარ ქვეყანაში ბოლო დროს ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის განხორციელებული მიღწევები. საქართველო წარდგენილი იყო საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობის მიღების გამო. სამიტზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ქართულ სტანდარტსა და მისი შემუშავების პროცესზე ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ორგანიზაციის სხვა მიღწევებს შორის შეიძლება გამოიყოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევებისა და 2011-2012 წლებში საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების სტატისტიკის მოხვედრა.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების საძიებლად, ინსტიტუტის ექსპერტებმა სხვადასხვა ასპექტზე მრავალი ანალიტიკური პროდუქტი წარუდგინეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საჯარო დაწესებულებებს.
საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიები და რეკომენდაციები ხელისუფლებამ გამოიყენა ამ მიმართულებით რამდენიმეწლიანი სტრატეგიის შემუშავების დროს 2014 წელს, რაც ორგანიზაციამ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონსულტაციებით, შეხვედრებით, დისკუსიებითა და ადვოკატირების სხვა ტიპის ღონისძიებების დახმარებით მოახერხა.
ელექტრონული მმართველობა
2013 წელს ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიზის დაწყებამ, ინსტიტუტს საშუალება მისცა დაგროვილი ექსპერტიზა და კვლევის შედეგები წარედგინა ძირითადი სამთავრობო დაწესებულებებისთვის. ამ მიზნით, IDFI-ის ექსპერტები და ანალიტიკოსები მართავდნენ დისკუსიებს, შეხვედრებს და განხილვებს საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებთან. ამ ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ მოქალაქეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის სხვადასხვა არხების (ტელეფონი, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ონლაინ რესურსები) მონიტორინგის შედეგები, აღმოჩენილი ხარვეზები და მათ გადასაჭრელად შემუშავებული რეკომენდაციები მათივე წარმომადგენლებისთვის. ამ გზით, ინსტიტუტი ცდილობდა ხელი შეეწყო კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საჯარო სამსახურში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, IDFI-იმ ხელისუფლებას წარუდგინა, საკუთარი ხედვა იმისა, თუ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე www.ichange.ge. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ინიციატივის - „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) - ფარგლებში საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება დანერგოს მოქალაქის პლატფორმა, რომლის მიზანი გადაწყვეტილების მიღებაში ფართო საზოგადოების მონაწილეობისთვის საჭირო საშუალებების დანერგვაა. ინსტიტუტი დღესაც მართავს მოლაპარაკებებს მთავრობის წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით ქმედითი ზომების მისაღებად და პლატფორმის განხორციელების დასაწყებად.
გარდა ამისა, ინსტიტუტი სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის:
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
03.10.2024პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
24.09.2024