გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი: საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 მარტი 2013

 

ავტორი: ნინო ცუხიშვილი

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1966 წლის 16 დეკემბერს, გარანტირებულია ინფორმაციის მიღების უფლება პაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებში. საქართველომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება მოახდინა 1994 წლის 3 მაისს და აიღო აღნიშნული პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ პაქტით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას ახორციელებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანოს. ადამიანის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრები, ასევე ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მოხსენებები პაქტის იმპლემენტაციის თაობაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი პერიოდულად ამზადებს ,,ზოგად კომენტარებს“ ადამიანის უფლებათა ნორმების შესახებ, რომელიც ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დებულებებს პაქტით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელმომწერმა სახელმწიფომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეროვნულ დონეზე ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

  • საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმის შექმნა;
  • ინფორმაციის მარტივი, სწრაფი, ეფექტური და პრაქტიკული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე;
  • გონივრული მოსაკრებლის განსაზღვრა, რომელიც დაბრკოლებას არ შეუქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
  • დასაბუთებული უარის წარმოდგენა ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში;
  •  ეფექტური გასაჩივრების მექანიზმის არსებობა სასამართლო სისტემაში.

საქართველომ, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ერთ-ერთმა ხელმომწერმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ეროვნული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საქართველოში არსებული პრობლემები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით პირველ რიგში უკავშირდება იმ ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციების ხელმისაწვდომობას, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებებს, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გადაცემული აქვთ საჯარო ფუნქციების განხორციელება ან ფინანსები საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია კომერციული საიდუმლოების დაცვის საფუძვლით, რაც არ შეესაბამება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტს საჯარო ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობის თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საჯარო ინფორმაციის სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებად აღიარების საკითხებს, არ არის შესაბამისობაში არსებულ გამოწვევებთან და საჭიროებს გაუმჯობესებას საჯარო ინტერესის ტესტის დანერგვისა და გასაიდუმლოების გონივრული ბალანსის შემუშავების მხრივ. საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს გარკვეულ გამონაკლისებს საჯარო ინფორმაციის მისაღებად მოსაკრებლის განსაზღვრისას, როგორიცაა მოთხოვნილი ინფორმაციის მცირე ოდენობა ან პირთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის გადახდისაგან მათი პროფესიული საქმიანობიდან (ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არ შეესაბამება მარტივი, სწრაფი და ეფექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების უზრუნველყოფას, რადგან საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის მოთხოვნისას, როგორც წესი, იყენებენ კანონმდებლობით ინფორმაციის მიწოდებისათვის დადგენილ მაქსიმალურ 10 დღიან ვადას, მიუხედავად ამის საჭიროებისა; ასევე საჯარო დაწესებულებები ინფორმაციაზე უარის თქმის შემთხვევაში არ წარმოადგენენ შესაბამის დასაბუთებას და შემოიფარგლებიან მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის მითითებით, რაც საჯარო დაწესებულების პოზიციას ნათლად არ გამოხატავს და ართულებს აღნიშნული უარის სასამართლოში გასაჩივრებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არ ემსახურება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რადგან ინფორმაციის მომთხოვნი პირისათვის ადგენს ისეთ არაგონივრულ მოთხოვნას, როგორიცაა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის თანაბარი გადანაწილება და ახდენს საკანონმდებლო ნორმების საჯარო დაწესებულებების ინტერესების სასარგებლოდ ინტერპრეტაციას. სტატისტიკურად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სასამართლო დავების უმეტესობა სრულდება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ წარმოაჩენს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ. გასათვალისწინებელია, სახელმწიფო ბაჟის არსებობა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას უფლების დაცვის განხორციელების პროცესში.

შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის მიზნით, რათა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით აღებული ვალდებულების შესრულება დადებითად იქნას შეფასებული.

 

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში. სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებებზე პასუხისმგებელია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და შესაძლებელია ისინი არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.

სტატიის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024