ავტორი: ფაგან აბასოვი, მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრი
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია თავის მოქალაქეებთან მჭიდრო კავშირების დამყარება. ემიგრანტების ელექტორალური ჩართულობა მათ აძლევს საშუალებას აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში წავიდა 815,608 მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები - 550,919 საქართველოს მოქალაქე. [1]
საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყანაში საარჩევნო უბნების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის ქმნის საარჩევნო უბნებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.[2]
არჩევნების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო არ არის შეზღუდული, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით დროებითი საკონსულო დაწესებულების გახსნის მოთხოვნით, სადაც ცესკო შეძლებს საარჩევნო უბნის გახსნას.[3]
ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საარჩევნო უბნების სიშორე. ცესკო საარჩევნო უბნებს ხსნის მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც მდებარეობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვნად აფერხებს ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზებას, ისეთ ქვეყნებში სადაც, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბნამდე მანძილი ხშირ შემთხვევაში ასობით, ზოგჯერ კი ათასობით კილომეტრია.
ერთ-ერთ გამოწვევას ასევე წარმოადგენს დეპორტაციის შიში - საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის გამო. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად).[4]
წინამდებარე ნაშრომის მიზანია საპარლამენტო მოდელზე გადასვლის დაანონსების შემდეგ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ემიგრანტების საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევების, მათი საარჩევნო ქცევის შესწავლა და შედარება ეროვნულ მაჩვენებელთან.
2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა. ცვლილებები ითვალისწინებდა 2013 წელს საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შეზღუდვას.[5] ამ თვალსაზრისით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესი გაცილებით მაღალი იყო. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ ველზე გამოიკვეთა ორი შედარებით თანაბარი ძალის მქონე პოლიტიკური სუბიექტი. 2011 წლის ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეაზე განცხადება გაავრცელა.[6] აღნიშნულმა განცხადებამ მკვეთრად გაააქტიურა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია იყო რეგისტრირებული. მოსალოდნელი იყო, რომ ძირითადი ბრძოლა მმართველ პარტიასა [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] და მთავარ ოპოზიციურ კოალიციას [ქართულ ოცნებას] შორის იქნებოდა. ცვლილებების მიმართ ინტერესი ამომრჩევლებს შორისაც შეიმჩნეოდა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა 53%-დან 60.8%-მდე გაიზარდა.[7] ჯამში საზღვარგარეთ შეიქმნა 49 საარჩევნო უბანი.[8] წინა [2008] საპარლამენტო არჩევნებთან განსხვავებით, ემიგრანტების აქტივობის მაჩვენებელიც საკმაოდ გაზრდილი იყო. მაშინ, როდესაც 2008 წელს საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე 4,750 ამომრჩეველმა მისცა ხმა, 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 7,814-მდე [მიღებული ნამდვილი ხმების მიხედვით] გაიზარდა.[9]
1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოპოზიციურმა კოალიციამ - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54,97%, ხოლო მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 40,34% მოაგროვა. დანარჩენი 14 პოლიტიკური სუბიექტიდან ვერც ერთმა ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. აღსანიშნავია, რომ თითქმის ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზეც, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,43%, ხოლო „ენმ“-მ 41,92% აიღო.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემდეგ ჩატარებული საკანონმდებლო ორგანოს პირველი არჩევნები იყო. საპარლამენტო არჩევნებში 25 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ძირითადი ბრძოლა კვლავაც ორ წამყვან პარტიას [ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] შორის მიმდინარეობდა. მათ შორის დაძაბულობა პოლიტიკური გარემოსა და არჩევნების ატმოსფეროს უდიდეს ნაწილში იგრძნობოდა.
ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,68%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.11%, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 5,01% მოაგროვა. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი.
ცესკომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ 55 უბანი გახსნა, რომელიც 6-ით აღემატებოდა 2012 წელს გახსნილი უბნების რაოდენობას, თუმცა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, წინა [2012] საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. 2012 წელთან შედარებით, 2016 წლის არჩევნებში მონაწილე ემიგრანტთა რაოდენობა 7814-დან 4701-მდე შემცირდა.
2012 წელთან შედარებით „ქართული ოცნების“ პროცენტული მხარდაჭერა 54.43%-დან 48,68%-მდე შემცირდა. ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, გაცილებით დაბალი იყო მმართველი პარტიის შედეგები საზღვარგარეთ შექმნილი უბნების შემთხვევაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების მხოლოდ 39,6% მოაგროვა. ემიგრანტების თითქმის 1/3-მა [33.8%] ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10,42%-მა მხარი დაუჭირა ირაკლი ალასანიას პარტიას - „თავისუფალ დემოკრატებს“, რომელმაც ეროვნული მაჩვენებლით ხმების 4.63% მოაგროვა და ვერ გადალახა ბარიერი. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც ხმების 5,01% მოაგროვა და გადალახა ბარიერი - ემიგრანტების ნდობა პრაქტიკულად ვერ მოიპოვა.
ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით, ამომრჩევლების 19,2% ხმა მისცა ისეთ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი. აღნიშნული მაჩვენებელი ემიგრანტების შემთხვევაში 16,18% იყო.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც 50 პარტია/ საარჩევნო ბლოგი მონაწილეობდა.[10]
არჩევნები საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში წარიმართა. 2019 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო,[11] რამაც ოპოზიციური პარტიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება[12] მიღწეული იქნა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდა. დანარჩენი მანდატები [120] არჩეული იქნებოდა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერის პირობებში. განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის შედეგად, არსებული საარჩევნო მოდელი მიუახლოვდა პროპორციულ სისტემას.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა საპარლამენტო მანდატი.[13] ინფორმაციისთვის, 5-%-იანი ბარიერის პირობებში 2012 წელს მხოლოდ ორმა, ხოლო 2016 წელს სამმა პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით თითქმის არ შეიცვალა. გარდა ზემოხსენებული პარტიებისა, საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს შემდეგმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით საკმაოდ გაზიარდა ემიგრანტთა აქტივობა და 12,085 ამომრჩეველს [ნამდვილი ბიულეტენების მიხედვით] მიაღწია. ემიგრანტების მიერ დაფიქსირებული შედეგებიც საკმაოდ განსხვავდებოდა ეროვნული მაჩვენებლისგან. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ემიგრანტების ხმების მხოლოდ 29,03% მოაგროვა, მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით 48,22%-იანი შედეგი დააფიქსირა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების ხმების 45,57% მოაგროვა და პირველ ადგილზე გადავიდა. საზღვარგარეთ შექმნილი უბნების შედეგებზე დაყრდნობით, მესამე ადგილზე იყო - „გირჩი“ [8.07%], რომელიც ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ მაღალი შედეგი აჩვენა. ემიგრანტებმა მხარი დაუჭირეს იმ პარტიებს, რომლებმაც ქვეყნის შიგნით გადალახეს ბარიერი, გარდა პატრიოტთა ალიანსისა.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით,[14] წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები სერიოზულ ეჭვებს აჩენს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ჩანიშნოს ახალი არჩევნები[15].
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებები გაავრცელეს ეუთო/ოდირმა[16] და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი[17].
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს პროდასავლური პარტიები. ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში და ითხოვენ ახალ არჩევნებს[18]. შედეგები მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვისაც.[19]
წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის ხელმეორედ ინიციირებამ და მაისში მესამე მოსმენით მიღებამ[20] ქვეყანაში სერიოზული არეულობა გამოიწვია. ზემოხსენებული კანონის მიღების პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა. დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ევროკავშირმა დე-ფაქტო შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი.[21]
“ქართული ოცნება” არჩევნებზე პოზიციონირებდა, როგორც მშვიდობის, ხოლო ძირითადი ოპოზიციური პარტიები (“ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით - “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა), ომის პარტიებად. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი “ქართული ოცნების” მიერ წარმართულ კამპანიას ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ მომავალსა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას შორის არჩევანს უტოლებდნენ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უბნების რეალიზაციის საკითხი აქტუალურ პრობლემად რჩებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ათობით საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, სადაც ერთმანეთს დახმარებას უწევდნენ, ხდებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა.[22] ემიგრანტები ასევე აგროვებდნენ თანხებს ფინანსური პრობლემების მქონე თანამემამულეების საარჩევნო უბნებამდე (ხშირ შემთხვევაში, მათ ასობით კილომეტრის გავლა მოუწევდათ) ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად[23]. სხვადასხვა საკითხზე ემიგრანტებისთვის დახმარების გასაწევად, ასევე საკონსულო აღრიცხვაზე დასარეგისტრირებლად ორგანიზაციაც იყო დაფუძნებული.[24]
26 სექტემბერს ცესკოს მიერ მიღებული განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის საკითხი გადაწყდა. ცესკომ არ შექმნა საარჩევნო უბნები იმ ქალაქებში, რომელთა დაკავშირებითაც მოქალაქეებმა განცხადება შეიტანეს საარჩევნო ადმინისტრაციაში.[25]
11 ოქტომბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95,834-ით განისაზღვრა.[26] ცესკომ 42 ქვეყნის 53 ქალაქში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში, 67 საარჩევნო უბანი შექმნა, რაც 15-ით აღემატება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობას, თუმცა სადავოა ის ფაქტი, თუ რა დონეზე პასუხობდა გახსნილი უბნების რაოდენობა და ადგილმდებარეობა ემიგრანტების საჭიროებებს.[27] სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას.[28]
შედარებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მცირე რესურსების მქონე მოლდოვის რესპუბლიკამ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ 228 უბანი გახსნა.[29] არჩევნების შედეგად მოლდოველებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო მეორე ტურში პროდასავლურმა კანდიდატი მაია სანდუ მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში, დაახლოებით, 350,000-მა [საბოლოო სტატისტიკით] მოლდოველმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათი ხმა იყო გადამწყვეტი.[30]
არსებული ბარიერების მიუხედავად, 26 ოქტომბრის არჩევნებში უპრეცედენტო რაოდენობის ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 4,5-ჯერ, ხოლო 2020 წელთან შედარებით 2,5-ჯერ მეტი იყო.
[დიაგრამა მომზადებულია ნამდვილი ბიულეტენების მონაცემების საფუძველზე და მასში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა]
საზღვარგარეთ შექმნილი 67 საარჩევნო უბნიდან 63-ში ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე ინფორმაციული მანიპულაციების ფონზე მმართველმა პარტიამ მხოლოდ ბაქოს, ერევნისა და ტრაბზონის საარჩევნო უბნებში მოიპოვა უპირატესობა.
საზღვარგარეთ შექმნილი უბნების შედეგები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: “კოალიცია ცვლილებებისთვის” – (33.26%), “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” (19,9%), “ძლიერი საქართველო” (14,89%), “ქართული ოცნება” (13,49%), “გახარია საქართველოსთვის” (9,01%), “გირჩი” (4.05%), დანარჩენი პარტიები - 5,41%.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]
არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების მონაწილეობა ყველაზე აქტიურად შეიმჩნეოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა (აქტივობა 50%-ს აღწევდა) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (აქტივობა საშუალოდ 45%-ის ფარგლებში იყო). არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მსხვილი 10-უბნიდან 4 აშშ-ში, ხოლო 6 ევროკავშირის ქვეყნებში იყო გახსნილი.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე, მასში არ შედის ბათილი ბიულეტენები]
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების ელექტორალური ქცევა საკმაოდ მრავალფეროვანია. შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების შემთხვევაში გაცილებით დაბალია სხვადასხვა საარჩევნო მანიპულაცია და ემიგრანტები უფრო თავისუფალ გარემოში აკეთებენ თავიანთ არჩევანს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მათი ინტერესი მაღალია და საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს.
[დიაგრამა მომზადდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2012 წელს ემიგრანტებმა მხარი დაუჭირეს სახელისუფლებო ცვლილებებს და მათმა 54,43% ხმა მისცა “ქართული ოცნების” კოალიციას. ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ, ემიგრანტებს შორის მმართველი პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 39,6%-მდე, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 29,03-მდე შემცირდა.
მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დემოკრატიულ უკუსვლას ემიგრანტების პასუხი 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა - მათმა მხოლოდ 13.49%-მა მისცა ხმა მმართველ პარტიას. აღნიშნული მაჩვენებელი 4-ჯერ დაბალია “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობისა (34,296 ამომრჩეველი), მათი რიცხვი ამომრჩევლების საერთო რაოდენობის (2,060,412) 1,66% შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25% ემიგრაციაშია და მხოლოდ პირდაპირი ფულადი გზავნილების წილი 2022 წლის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 15%-ს შეადგენდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკაში ემიგრანტების მრავალ სხვაგვარ მონაწილეობაზე (უძრავი ქონების შეძენა საქართველოში, ნივთიერი გზავნილები და ა.შ.).
არჩევნების დროს შექმნილი უბნების რაოდენობა და მათი გეოგრაფიული მდებარეობა ვერ უზრუნველყოფს ემიგრანტების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ემიგრანტების კრიტიკული პოზიციის პირობებში, შესაძლოა არ არსებობდეს პოლიტიკური ნება მათი საარჩევნო უფლების რეალიზაციის დამატებით მექანიზმებში მუშაობის კუთხით.