სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 მაისი 2026

 ძირითადი მიგნებები

 

 -  2022 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აჭარბებს საბაზო სარგოს ზრდის ტემპს. კერძოდ. 2022-2025 წლებში საბაზისო სარგო 46%-ით, ხოლო ანაზღაურების ხარჯები 78%-ით გაიზარდა. 

 

-  2022-2025 წლებში სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 72%-ით გაიზარდა. იგივე პერიოდში კერძო სექტორში ზრდა კი 65% იყო.

-  2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურების ხარჯები,  ყველაზე მეტად გაიზარდა ისეთ უწყებებში სადაც დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება (ძალოვანი უწყებები და სასამართლო სისტემა).

-  2025 წლის მდგომარეობით 2021 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები იუსტიციის სამინისტროში გაზრდილია 101%-ით, უზენაეს სასამართლოში 100%-ით, საერთო სასამართლოებში 99%-ით, თავდაცვის სამინისტროში 90%-ით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში 81%-ით.

-  2025 წელს, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველაზე მეტად 79.2 მილიონი ლარიდან 101,8 მილიონ ლარამდე (+28.5%)   გაიზარდა  საერთო სასამართლოებში. 

- 2022-2024 წლებში საბაზისო სარგო თუ გაიზარდა 33%-ით (1000 ლარიდან 1330 ლარამდე), სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები გაზრდილია ჯამში 64.8%-ით.

 

- 2022-2025 წლებში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 90%-ით გაიზარდა.

 

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის.  შესაბამისად, ბიუროკრატიული სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს სახელმწიფო სექტორში არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა წარმოადგენს.

 

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგა 2018 წელს, როდესაც კანონმდებლობით დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის საჯარო მოსამსახურეებისთვის/თანამდებობის პირებისთვის გასაცემი სარგოს კოეფიციენტები და მათი ზღვრული ოდენობები.  ასევე, კანონის მიხედვით მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.  თანამდებობათა იერარქიების მიხედვით განსაზღვრული კოეფიციენტის კატეგორიის მინიჭებას დასაქმებულ პირზე უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მრავლდება საბაზო თანამდებობრივ სარგოზე და აისახება საშტატო ნუსხაში. 

 

2018 წელს, ახალი კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1,000 ლარის ოდენობით, რომელიც 2022 წლამდე არ შეცვლილა.  2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო სარგო 10%-ით გაიზარდა და 1,100 ლარი შეადგინა. აღნიშნული ცვლილების წარდგენისას, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასები ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წლის შემდეგ კერძო სექტორში ხელფასების ზრდის პროპორციულად. ხელფასების ზრდის მთავარ არგუმენტად კერძო სექტორთან შედარებით საჯარო სექტორში არსებული ხელფასების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დასახელდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას. 

 

დაპირებისამებრ, 2022 წლის შემდეგ საბაზო თანამდებობრივი სარგო ყოველწლიურად 10%-ით იზრდება და  წლების მიხედვით მისი ოდენობაა: 2022წ.-1100, 2023წ.–1210, 2024წ. – 1330, 2025 – 1460.   შედეგად, 2025 წლის ჩათვლით დადგენილი საბაზო სარგო 46%-ით გაიზარდა.   

 

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აჭარბებს საბაზო სარგოს ზრდის ტემპს. კერძოდ, 2025 წელს შრომის ანაზღაურების მუხლით  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2.95 მილიარდი ლარი, რაც 2021 წელთან (1.65 მლრდ. ლარი) შედარებით 78%-იანი ზრდაა. მაგალითად, 2023 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით გაიზარდა 21%-ით, 2024 წელს 19%-ით, ხოლო 2025 წელს 14%-ით.

 

                                                                        წყარო:  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
                                                                

2022-2025 წლებში  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდის არსებული ტემპის ერთ-ერთ ლოგიკურ  ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დოკუმენტის მიხედვით 2021 წელს  მომუშავეთა რიცხოვნობა (აღნიშნული ფარავს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში დასაქმებულებს) შეადგენდა 112,605-ს, რაც 2025 წლის მდგომარეობით გაზრდილია 117,004-მდე.   შესაბამისად ამ პერიოდში მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა მხოლოდ  4%-ია, რაც გვაძლევს ვარაუდის გაკეთების საფუძველს, რომ ცალკეულ უწყებებში თანამშრომლების ანაზღაურება ყოველწლიურად დაანონსებულ 10%-ზე დიდი ოდენობით იზრდებოდა.  აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, რომლის მიხედვით,  2022-2025 წლებში სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 72%-ით გაიზარდა. იგივე პერიოდში კერძო სექტორში ზრდა კი 65% იყო.

 

 

                                                                    წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურების ხარჯები, ძირითადად  ყველაზე მეტად გაიზარდა ისეთ უწყებებში სადაც დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. ასეთ უწყებებს ძირითადად წარმოადგენენ ძალოვანი უწყებები და სასამართლო სისტემა. მაგალითად, 2025 წლის მდგომარეობით 2021 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები იუსტიციის სამინისტროში გაზრდილია 101%-ით, უზენაეს სასამართლოში 100%-ით, საერთო სასამართლოებში 99%-ით, თავდაცვის სამინისტროში 90%-ით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში 81%-ით.    

 

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდით გამორჩეული იყო საერთო სასამართლოები, სადაც მსგავსი ხარჯები 28.5%-ით,  79.2 მილიონი ლარიდან 101,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

                                                                      წყარო:  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

 

 

 

 

შრომის ანაზღაურების ხარჯებზე ასევე  გავლენას ახდენს პრემიებისა და სახელფასო დანამატების ზრდის ტემპი. საბიუჯეტო დოკუმენტაციაში ჩაშლილად არ არის წარმოდგენილი შრომის ანაზღაურების ხარჯებში სახელფასო დანამატების და პრემიების (ფულადი ჯილდო) მოცულობების შესახებ ინფორმაცია. მსგავსი მონაცემები წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ელექტრონულ პორტალზე „ბიუჯეტის მონიტორი“. თუმცა, 2025 წლის მონაცემები ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული.   2024 წლის ჩათვლით არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ხელფასების ზრდის დაწყებული პროცესის კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად იზრდება სახელფასო დანამატების და პრემიების მოცულობაც. მაგალითად, 2021 წლიდან 2024 წლამდე საბაზისო სარგო თუ გაიზარდა 33%-ით (1000 ლარიდან 1330 ლარამდე), სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები გაზრდილია ჯამში 64.8%-ით.

 

                                                                      წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში, ასახული არ არის ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (ე.წ. შტატგარეშე მოსამსახურეების) ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.  მსგავსი ხარჯები, აღირიცხება განცალკევებით „საქონელი და მომსახურების მუხლში“.  როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული მონაცემები აჩვენებს, შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი, უფრო მაღალია ვიდრე საშტატო თანამშრომლების.  კერძოდ, 2021 წლის შემდეგ 2025 წლამდე მსგავსი ხარჯები 90%-ით გაიზარდა. ცალკეულ წლებში კი 15%-დან 22%-მდე მერყეობდა.

                                                                  წყარო:  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდის ტემპმა, განაპირობა რომ საბიუჯეტო ხარჯებში მისი წილი 14%-დან 16%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, საბიუჯეტო ხარჯებში ბიუროკრატიის ანაზღაურების ტვირთი 2%-ით იზრდება იმ ფონზე, როცა საბიუჯეტო შემოსავლები და შესაბამისად, ხარჯვითი რესურსები  მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. მაგალითად, საბიუჯეტო ხარჯები 2021 წლიდან 2025 წლამდე გაზრდილია 61%-ით 14.2 მილიარდიდან, 22.9 მილიარდამდე.

 

 

 

2022 წლის შემდეგ საჯარო სექტორში დაწყებულმა ხელფასების ზრდის პოლიტიკამ, განაპირობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსის მობილიზების აუცილებლობა, რამაც საბოლოოდ გაზარდა მსგავსი ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთი ბიუჯეტის მიმართ.  

 

საბიუჯეტო ორგანიზაციების და დასაქმებულთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი, აჩენს ეჭვებს  რომ  ხელფასების ზრდის პოლიტიკა,  მიზნად ისახავდა  პოლიტიკური პროცესის კვალდაკვალ  საჯარო სექტორის ლოიალურობის მოპოვებას.  მაგალითად, 2022 წლის შემდეგ ყველაზე მეტად იზრდება ისეთი ძალოვანი უწყებების და სასამართლო სისტემის შრომის ანაზღაურების ხარჯები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღდეგ რეპრესიებში. 

 

ასევე, აღსანიშნავია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა და  მათი ანაზღაურების  მზარდი ხარჯები. საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით შტატგარეშე მოსამსახურეები შეირჩევა გამარტივებული კონკურსით და მათზე ნაკლებად ვრცელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები. შესაბამისად ამ სფეროში უფრო მაღალია ნეპოტიზმის, თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა/გათავისუფლების და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკები.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025
განცხადებები

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024