საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის I კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში დასაქმებული იყო 1369.2 ათასი კაცი, ხოლო უმუშევრობის დონე 14.4%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი 25 ათასით შემცირდა, საქსტატის მონაცემებითვე უმუშევრობის დონე ქვეყანაში არ გაზრდილა, მეტიც 0.3%-ით (14.7%-დან 14.4%-მდე) გაუმჯობესდა.
რა განაპირობებს ერთი შეხედვით ამ არალოგიკურ მონაცემებს?
ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წარმოადგენს უმუშევართა პროცენტულ წილს სამუშაო ძალაში. ქვეყნის სამუშაო ძალად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია, ან უმუშევარია და სამსახურს ეძებს. კერძოდ, სტატისტიკის მიზნებისთვის უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ არის დასაქმებული და ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს, ხოლო პოვნის შემთხვევაში მზად არის მუშაობა დაიწყოს უახლოეს ორ კვირაში.
უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, მისი გამოთვლის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამოკიდებულია როგორც უმუშევართა რაოდენობაზე, ასევე სამუშაო ძალის რიცხოვნობაზე. მაგალითად, დასაქმებულთა უცვლელი რაოდენობის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირება განაპირობებს უმუშევრობის დონის შემცირებას.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტლის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით ქვეყნის სამუშაო ძალა შემცირებულია 34.4 ათასი კაცით. ეს შედეგი მიღებულია იმ ფონზე, როცა მათივე მონაცემით 15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა გაიზარდა 12.9 ათასით. შესაბამისად, საქსტატის მტკიცებით ბოლო ერთ წელში 47.3 ათასით გაიზარდა იმ პირთა წრე, ვინც უმუშევარია თუმცა არ ეძებს სამსახურს. მსგავსი კონტიგენტი, მიუხედავად იმისა რომ არ არიან დასაქმებულნი, არ ითვლებიან უმუშევრად, შესაბამისად უარყოფით გავლენას არ ახდენენ უმუშევრობის დონის განსაზღვრაზე.
ამრიგად, 2026 წლის I კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული 14.4%-იანი უმუშევრობის დონე მიღწეულია სამუშაო ძალის მკვეთრი შემცირებით. ამ ფონზე, დასაქმებულთა რიცხვის შემცირება, კი ნაკლებად მიუთითებს ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებზე. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 37 ათასით შემცირება.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშრებით დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლის შემცირება განპირობებული იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებით. მან ამ პროგრამას უსარგებლო უწოდა და განმარტა რომ ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული.
წლების განმავლობაში, ამ პროგრამის არაეფექტიანობაზე მიუთითებდა IDFI-ს და სხვა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების არაერთი კვლევა. IDFI-ს შეფასებით ეს იყო კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამსჭვალული იყო სოციალურ-პოლიტიკური მიზნებით. პროგრამა, 2022 წლიდან ამოქმედდა და სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობას აძლევდა სახელმწიფო უწყებებში სპეციალურად მათთვის ხელოვნურად შექმნილ ვაკანსიებზე დასაქმებულიყვნენ და 4 წელი უწყვეტად შეენარჩუნებინათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება. ვაკანსიები უმეტესწილად ადგილობრივ თვითმმართველობებში იყო გამოცხადებული, ხოლო ანაზღაურება შეადგენდა 300 ლარს, რომელიც სოციალური დახმარების სახით გაიცემოდა.
ამ პროგრამაზე, რომელიც, 4 წელი გაგრძელდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 30 ათას სოციალურ დაუცველ პირთან ფორმდებოდა ხელშეკრულება. პროგრამა არ ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი პირების რაიმე ფორმით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობდა მათ გრძელვადიან დასაქმებას.
წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
IDFI მიიჩნევს რომ, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან კონკრეტული პროგრამის „უსარგებლოდ“ შეფასება, ხოლო მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ადგილების ფიქტიურად მოხსენიება, წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, წლების განმავლობაში ასეულობით მილიონის ღირებულების საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განკარგვასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების პერიოდი, გვარწმუნებს, რომ მისი განხორციელება დაკავშირებული იყო პოლიტიკურ მიზნებთან:
- წინასაარჩევნო პერიოდში და მოსალოდნელი კრიზისების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ პირებზე პოლიტიკური ზეგავლენა.
- დასაქმებულთა სტატისტიკის ხელოვნური ზრდა და შესაბამისი მაჩვენებლებზე აპელირებით საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედება.
და ნაკლებად კავშირში იყო მოწყვლადი ჯგუფების სოციალური პრობლემების გრძელვადიანად გადაჭრის გზების ძიებასთან.