შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 12 აგვისტო 2026

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით სამთავრობო დაწესებულებებისთვის საჯარო მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტი შეიქმნა. დადგენილებამ განსაზღვრა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომლის გამოქვეყნებაც საჯარო დაწესებულებებს საკუთარ ვებგვერდებზე განსაზღვრული პერიოდულობით ევალებათ. ნუსხა მოიცავს დაწესებულების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საკადრო პოლიტიკა, დაფინანსება და ხარჯთაღრიცხვა, სამართლებრივი აქტები და სხვა.

 

IDFI-ის მრავალწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის სრულყოფილად, თანმიმდევრულად და მაღალი სტანდარტით გამოქვეყნებას. ცალკეული უწყებები კონკრეტული მონაცემების გამოქვეყნების საკითხს ხშირად საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტენ და არა კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს თავად მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მთავრობის ვებგვერდზე ფინანსებსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა. ამასთან, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში (2020–2023) შეჩერებული იყო მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებაც; აღნიშნული პერიოდის განკარგულებები დღემდე ხელმიუწვდომელია.

 

 

ვალდებულებების არასრულად შესრულების შემთხვევები ხშირია სამინისტროებშიც. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია ინფორმაცია საწვავის ხარჯების, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სატელეკომუნიკაციო ხარჯებისა და გრანტების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის შემდეგ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს კი 2015 წლის შემდეგ არ განუახლებია ინფორმაცია სტრატეგიებისა და საქმიანობის ანგარიშების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ 2026 წლის პირველი კვარტლის მწირი ფინანსური ინფორმაცია, ხოლო კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე დღემდე არ გამოქვეყნებულა სავალდებულო ფინანსური ინფორმაცია. სპორტის და რეგიონული განვითარების სამინისტროებს საკუთარი ვებ-გვერდი საერთოდ არ აქვთ.

 

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გავლენას პოლიტიკური პროცესებიც ახდენს. მაგალითად, უკვე მესამე წელია, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე აღარ ქვეყნდება სასამართლო სტატისტიკა. მანამდე უზენაესი სასამართლო საკუთარ ვებგვერდზე კვარტალურად აქვეყნებდა საერთო სასამართლოების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო ყოველწლიურად გამოსცემდა სტატისტიკური მონაცემების კრებულს — „მართლმსაჯულება საქართველოში“.

 

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე დღემდე არ არის გამოქვეყნებული 2025 წლის ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემებიც, რომელთა გამოქვეყნების ვალდებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.

 

სავარაუდოდამ მონაცემების გამოქვეყნება ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა კრიზის და მასში სასამართლო ხელისუფლების როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდიდა.

 

 

2024 წლის შემდეგ აღარ განახლებულა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული პორტალი „ბიუჯეტის მონიტორიც“.

პორტალი ქვეყნის საბიუჯეტო მონაცემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. მასზე მარტივად აღსაქმელი ფორმატით ქვეყნდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეტალიზებული მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც სხვა საბიუჯეტო დოკუმენტებში არ არის ხელმისაწვდომი. ასეთი მონაცემებია, მაგალითად, ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციების პრემიებისა და დანამატების ხარჯები, ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია, დასაქმებულთა სტატისტიკა და სხვა.

 

 

სტატიაში განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულებები პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებებს სათანადო პასუხისმგებლობით არ ასრულებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია შერჩევითად ქვეყნდება, ხოლო მის ხელმისაწვდომობას მონაცემების შინაარსი განსაზღვრავს რაც ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024