ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

სიახლეები | სტატია 11 ნოემბერი 2026

2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისთვის მზადყოფნას, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხს აფასებს.

 

2026 წლის ანგარიში ადასტურებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებას და აღწერს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შემზღუდველი მექანიზმების შემდგომ გაფართოებას. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვას, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე ფინანსური და სისხლისსამართლებრივი ზეწოლის ზრდას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებსა და დამოუკიდებელი მედიისთვის გარემოს გაუარესებას.

 

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ ფუნდამენტურ პრინციპებს. ამასთან, 2026 წლის გაფართოების პაკეტში შენარჩუნებულია 2025 წელს ჩამოყალიბებული შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელწოდებით (candidate country in name only).

 

2025 და 2026 წლების ანგარიშების შედარება აჩვენებს, რომ ევროკომისია უკვე გამოვლენილი დარღვევების გაგრძელებასთან ერთად აფიქსირებს ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებასაც. თუ 2025 წლის ანგარიში ძირითადად აღწერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ კრიზისს, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შეზღუდვას, 2026 წლის დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესების შემდგომ განვითარებასა და უკვე მიღებული შეზღუდვების პრაქტიკულ გამოყენებას.

 

 

1. დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა

 

2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა პოლიტიკური კონკურენციისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის მექანიზმების გაფართოებას უკავშირდება. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. აღნიშნული უკავშირდება ძალაუფლების მზარდ კონცენტრაციას, საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტეს, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ დევნას და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი. 2025 წლის ანგარიშში ევროკომისია უკვე განიხილავდა მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაცხადებულ გეგმებსა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ პროცესებს. 2026 წლის ანგარიშში კი აღნიშნული საკითხი უკვე არსებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების სახით არის წარმოდგენილი. ევროკომისია ამ მოვლენებს პოლიტიკური პლურალიზმისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს და ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე.

 

პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის მიმართულებით დამატებით მნიშვნელობას იძენს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, აგრეთვე 2026 წლის მარტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიც. კერძოდ, 2025 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებებმა გააფართოვა აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის, თანამდებობის დაკავებისა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის შესაძლებლობები. იმავე წლის დეკემბერში გაუქმდა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. 2026 წლის მარტში მიღებულმა ცვლილებებმა კი დააწესა რვაწლიანი შეზღუდვა პოლიტიკური პარტიის წევრობაზე იმ პირებისთვის, რომლებმაც შემოსავალი მიიღეს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებიდან. ამავდროულად, გაფართოვდა ბიზნესსუბიექტების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვები. ევროკომისია ეყრდნობა ვენეციის კომისიის შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული რეგულაციები არაპროპორციულად ზღუდავს პოლიტიკურ თავისუფლებებს და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური ოპოზიციის არსებობასა და დემოკრატიულ კონკურენციას.

 

2026 წლის ანგარიშში განხილულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ევროკომისიის თანახმად, არჩევნები ჩატარდა ძლიერ პოლარიზებულ გარემოში, ოპოზიციის უმრავლესობის ბოიკოტისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის პირობებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) ვერ უზრუნველყო სადამკვირვებლო მისიის განთავსება ხელისუფლების მხრიდან მოწვევის დაგვიანების გამო.

 

2. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შეზღუდვების გაფართოება და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება

 

სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა 2026 წლის ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად რჩება. 2025 წლის ანგარიშში ევროკომისია უკვე აფიქსირებდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას, უცხოური დაფინანსების შემზღუდველ კანონმდებლობას, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციის გამჟღავრებაზე და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელშემშლელ სხვა ღონისძიებებს.

 

2026 წლის დოკუმენტში აღნიშნულ პრობლემებს დაემატა არსამთავრობო ორგანიზაციების სისხლისსამართლებრივი დევნა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა. ევროკომისია პირდაპირ გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ არსებულ ზეწოლას, მათ შორის გამოძიებებს, რომლებიც უკავშირდება საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციების მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენების შესახებ ბრალდებებს.

 

ევროკომისიის შეფასებით სამოქალაქო სექტორის შეზღუდვის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2026 წლის მარტში მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში. აღნიშნულია, რომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულებისთვის გათვალისწინებულია მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციები, მათ შორის 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ევროკომისიის თანახმად, ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა უცხოური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა და გააძლიერა მთავრობის წინასწარი თანხმობის ბერკეტი მათვის არასასრუველი ორგანიზაციების საქმიანობაზე. ამავე კონტექსტში ევროკომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის (მათ შორის IDFI)  საბანკო ანგარიშები სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიების ფარგლებში კვლავ გაყინულია.

 

ფინანსური შეზღუდვების, სახელმწიფო კონტროლისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთობლივი მოქმედება, ევროკომისიის შეფასებით, მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოში დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობას და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას.

 

3. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება

 

2026 წლის ანგარიშის მნიშვნელოვანი ახალი კომპონენტია სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ინსტიტუციური სტრუქტურის ცვლილება. ევროკომისია აღწერს 2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას და მათი ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას.

 

ევროკომისია აღიარებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, თუმცა ამასთან, გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად უზრუნველყოფს არსებული ინსტიტუციური გარემო მის ეფექტიან დამოუკიდებლობასა და ზედამხედველობის მიუკერძოებელ განხორციელებას. განსაკუთრებით პრობლემურად ფასდება აუდიტის სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება.

 

გასული წლების მსგავსად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებითაც ევროკომისია კვლავ აფიქსირებს პროგრესის არარსებობას. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2020 წლიდან არ არის მიღებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ხოლო ინსტიტუციური ცვლილებები არ პასუხობს სრულყოფილად GRECO-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

 

4. სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება

 

სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით ევროკომისია ზედიზედ მესამე წელია აფიქსირებს უკუსვლას. 2026 წლის ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები შეუსრულებელია. ევროკომისია მიუთითებს, რომ 2025 წლის დეკემბერში სასამართლო სისტემის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული რისკები.

 

ანგარიშში ცალკე ყურადღება ეთმობა საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ გამოყენებულ სასჯელებს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აძლიერებს შეშფოთებას ქართული სასამართლოს როგორც რეპრესიული სისტემის ინსტრუმენტად შესაძლო გამოყენების შესახებ. ევროკომისიის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს არასაკმარის საპროცესო გარანტიებზე, მტკიცების სტანდარტის ბუნდოვანებასა და დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების ეფექტიანი გასაჩივრების პრობლემაზე.

 

შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება. ამ ცვლილებებმა გააფართოვა პოლიციის უფლებამოსილებები, გაამკაცრა ადმინისტრაციული სანქციები და შეკრების წესების განმეორებითი დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობა შემოიღო. ევროკომისიის ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როდესაც საპროტესტო აქციების მონაწილეები დაჯარიმდნენ ან დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ პატიმრობას ტროტუარზე დემონსტრაციის გამართვის გამო.  დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს მათი კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ.

 

სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის მაისში პროკურატურამ წაუყენა ბრალი ხუთ პოლიციელს 2024 წლის დემონსტრაციების დროს უფლებამოსილების გადამეტების გამო. თუმცა წამებისა და არასათანადო მოპყრობის გასაჯაროებული შემთხვევების დიდი უმრავლესობა კვლავ გამოუძიებელია. ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო შერევის დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა.

 

აღნიშნული მიგნებები მიუთითებს, რომ ევროკომისია სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მდგომარეობას საქართველოში აფასებს როგორც ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს მშვიდობიანი შეკრების, სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებების განხორციელებაზე.

 

5. მედიის თავისუფლება და გამოხატვის შეზღუდვის ახალი მექანიზმები

 

მედიის თავისუფლების მიმართულებით ევროკომისია ასევე ზედიზედ მესამე წელია უკუსვლას აფიქსირებს. 2026 წლის ანგარიშში აღწერილია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაშინების, შევიწროების, ძალადობისა და სამართლებრივი ზეწოლის გაგრძელება. თუმცა, 2025 წლის ანგარიშთან შედარებით, ახალი აქცენტი კეთდება მედიაშინაარსის რეგულირებაზე  და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

 

ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გაფართოვდა მისი უფლებამოსილებები მედიაშინაარსის რეგულირების სფეროში. ანგარიშში განხილულია 2026 წლის ივნისში პარლამენტის აკრედიტაციის წესებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას. საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიმართულებით ანგარიში აგრეთვე აღწერს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში პროგრამების შეჩერებასა და 14 თანამშრომლის გათავისუფლებას.

 

გარდა ამისა, ევროკომისია მიუთითებს 2026 წლის მარტში შემოღებულ სისხლისსამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებისკენ მიმართული „სისტემატური ქმედებებისთვის“ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომისიის შეფასებით, ასეთი ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებების კრიმინალიზაციისთვის. დამატებითი შეშფოთების საგანია შინაგან საქმეთა სამინისტროში 2026 წლის მაისში შექმნილი სიძულვილის ენასთან ბრძოლის დანაყოფი და მისი შესაძლო გავლენა გამოხატვის თავისუფლებაზე.

 

6. საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები

 

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში რამდენიმე ახალი საერთაშორისო და ინსტიტუციური მოვლენაა ასახული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2026 წლის იანვარში ეუთოს 23 მონაწილე სახელმწიფოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. ეუთოს მიერ მარტში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მიგნებები წარმოადგინა, რასაც ევროკომისია საკუთარ შეფასებაშიც ეყრდნობა.

 

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც თავის ანგარიშში დაეყრდნო ევროკომისია, 2026 წლის აპრილში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ ამ საერთაშორისო პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობის შეჩერებას უკავშირდება. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა სათანადო ნაბიჯები სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში განსაკუთრებულად ხაზგასმულია სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი. 2026 წლის 6 მარტიდან ევროკომისიამ სავიზო შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე, თავდაპირველად ერთი წლის ვადით, ევროკავშირის მასშტაბით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ამასთან, ევროკომისია მიუთითებს, რომ ფუნდამენტურ უფლებებთან, ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციის უფრო ფართო რეჟიმსაც.

 

ანგარიშის მიხედვით 2025 წლის 40%-დან 2026 წელს 38%-მდე შემცირდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრის მაჩვენებელიც. აქვე ევროკომისია კვლავ აღნიშნავს ევროკავშირის მიერ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის მიმართ დაწესებულ შემზღუდველ ზომებთან საქართველოს არასრულ შესაბამისობას.

 

მიუხედავად გამოკვეთილი პრობლემებისა, ანგარიში ცალკეულ ეკონომიკურ მიმართულებებში გარკვეულ პროგრესსაც აფიქსირებს. კერძოდ, პროგრესი აღნიშნულია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ნაწილში, ხოლო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საჯარო შესყიდვებისა და სტატისტიკის მიმართულებებში — შეზღუდული პროგრესი.

 

7. ევროკავშირთან თანამშრომლობის შეჩერება და მისი პრაქტიკული შედეგები

 

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის უშუალოდ განკუთვნილი 121.3 მილიონი ევროს ორმხრივი ფინანსური დახმარება. შეზღუდვა მოიცავს ევროკავშირის 2021–2027 წლების სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI–Global Europe) ფარგლებში გათვალისწინებულ საბიუჯეტო მხარდაჭერას, სახელმწიფო უწყებების ტექნიკურ დახმარებასა და საინვესტიციო გრანტებს. შეჩერების პარალელურად, ევროკავშირმა დაიწყო შესაბამისი სახსრების ნაწილის სხვა მიმართულებებით გადანაწილებაც.

 

შეზღუდვები შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობასაც. 2024 წლიდან შეჩერებულია ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ახალი დახმარების დამტკიცება. აღნიშნული მექანიზმით 2021–2023 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოიყო 62.75 მილიონი ევრო, რომელიც განკუთვნილი იყო სამედიცინო, საინჟინრო, ლოგისტიკური და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

 

შეზღუდვები შეეხო საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასაც. 2026 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უწყებებს აღარ შეუძლიათ Erasmus+-ის შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა. ამასთან, საქართველო კვლავ მონაწილეობს ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა Horizon Europe, Creative Europe და EU4Youth. შენარჩუნებულია საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის Erasmus+-ის გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობაც.

 

დამატებით, ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური დიალოგი არ გამართულა. შეჩერებული დარჩა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მოქმედი არაერთი რეგულარული დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატიც.

 

8. ევროკომისიის რეკომენდაციები

 

2026 წლის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციები.

 

ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს ყველა თვითნებურად დაკავებული პირის, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას. ამასთან, იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულყოფილად გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები და უზრუნველყოს პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

 

შემზღუდველი კანონმდებლობის მიმართულებით ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებას. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA), „გრანტების შესახებ“, შეკრებებისა და მანიფესტაციების და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, მათთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული ნორმები, აგრეთვე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი.

 

სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით ევროკომისია ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესებს, საბჭოს დამოუკიდებლობასა და სასამართლოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვას, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს არსებითი როლი უნდა ჰქონდეთ.

 

მედიის თავისუფლების მიმართულებით ევროკომისია მოითხოვს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ წინააღმდეგ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტების ეფექტიან გამოძიებას, მედიის შემზღუდველი კანონმდებლობის გაუქმებას და ისეთი გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც თავისუფალი იქნება ცენზურისგან, შურისძიებისგან და სანქციებისგან.

 

კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით რეკომენდაციები ეხება დამოუკიდებელი და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, საჯარო სამსახურში პოლიტიკური ჩარევისგან დაცვის გარანტიების აღდგენას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და ღია მმართველობის პარტნიორობასთან თანამშრომლობის განახლებას.

 

დამატებით, ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებისა და სავიზო შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებას.

 

დასკვნა

 

ევროკომისიის 2026 წლის საქართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და შემზღუდველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები კიდევ უფრო ფართოვდება.

 

2025 წლის ანგარიშთან შედარებით, 2026 წლის შეფასების განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პროცესის დოკუმენტირებაში: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში გადატანაში, პოლიტიკური მონაწილეობის ახალი შეზღუდვების დაწესებაში, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი და ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაფართოებასა და სახელმწიფო საზედამხედველო უფლებამოსილებების კონცენტრაციაში.

 

ამავე დროს, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებებით ევროკომისია ზედიზედ მესამე წელია აფიქსირებს უკუსვლას. აღნიშნულ სფეროებში წინა წლის ძირითადი რეკომენდაციები შეუსრულებელი დარჩა.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების განსაზღვრის განსხვავებული მიდგომაც. 2025 წლიდან საქართველოსთვის აღარ გაიცემა ახალი რეკომენდაციები გაწევრების ფუნდამენტური საკითხების მიღმა არსებული მოლაპარაკების თავებისთვის. 2026 წლის ანგარიშში ეს მიდგომა შენარჩუნებულია, რაც ასახავს ევროკომისიის პრიორიტეტს — ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი დემოკრატიული და სამართლებრივი წინაპირობების შესრულებას.

 

ამ კონტექსტში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ძირითადი დაბრკოლება აღარ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ტექნიკური ან დარგობრივი შესაბამისობის საკითხებად. ევროკომისიის შეფასებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები.

 

შესაბამისად, 2026 წლის ანგარიშის მთავარი მიგნება არის არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების დადასტურება, არამედ იმ დამატებითი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოვლენა, რომლებმაც, ევროკომისიის შეფასებით, კიდევ უფრო გააღრმავა დემოკრატიული უკუსვლა.

 

ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების პოლიტიკის კომუნიკაციის თანახმად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლების შესაძლებლობა კვლავ არსებობს, თუმცა იგი დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებისადმი ერთგულების აღდგენასა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებაზე.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024