სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 3 ნოემბერი 2026

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სათამაშო ბიზნესს  საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობას და  სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კერძოდ,   სამორინეს მიერ მოწყობილი ტურნირი, რომელშიც მონაწილეთა არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საპრიზო ფონდი აღემატება 3 მილიონ ლარს, გათავისუფლდება კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელისგან. ასევე, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მიერ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი.   

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორების განმარტებით  ეს ცვლილებები  ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.  თუმცა, აღნიშნული ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის “ქართული ოცნების” მიერ ბოლო წლებში გაცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად აზარტული თამაშების პოპულარიზაციის შემცირებას და სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის გაზრდას ითვალისწინებდა. 

 

 აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი კვლავ მზარდია და მან გასულ წელს დაახლოებით 88.4 მილიარდი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2022 წლიდან აზარტული თამაშების ინდუსტრიას ეკრძალება სატელევიზიო რეკლამა, მოთამაშეთა დაშვების მინიმალური ასაკი 18 წლიდან, 25 წლამდე გაიზარდა, შეიქმნა თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოხვედრილ პირებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ; შეიცვალა სექტორის დაბეგვრის წესიც. მაგალითად, აზარტული თამაშების ბიზნესის მოგების (GGR) 10%-იანი განაკვეთი 2024 წლიდან 15%-მდე, ხოლო 2025 წლიდან 20%-მდე გაიზარდა,  თანხის გატანის გადასახადი კი 2%-ის ნაცვლად 5%-ით.  თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ რეგულირებას ყველაზე თვალშისაცემი გავლენა ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებზე ჰქონდა, თავად თამაშზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა კი ზრდის დინამიკას აჩვენებს. ბოლო 5 წელში, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აზარტული თამაშების საწარმოების ბრუნვა დაახლოებით გაორმაგდა.

 

აზარტული თამაშების კონტრიბუციას ქვეყნის ბიზნეს სექტორის სტატისტიკურ მაჩვენებლებში ისტორიულად მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებია სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი ჯამურ მონაცემზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. კერძოდ, გასულ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის ოფიციალურ სტატისტიკაში სექტორის წილი 35%-ს გაუტოლდა.  ეს კი იმ ფონზე, რომ სათამაშო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლების დათვლის მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სექტორების ბრუნვის დათვლის მეთოდოლოგიისგან. კერძოდ, 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ამჟამად არსებული მეთოდოლოგიით, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა. 

 

როგორც თავად სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც აღნიშნავს, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ბრუნვის მაჩვენებელი ძირითადად გამოიყენება აზარტულ თამაშებზე მომხმარებელთა აქტივობის დონის შესაფასებლად და ვერ იძლევა აღნიშნული სექტორის სრულყოფილად დახასიათების შესაძლებლობას. თუმცა მიუხედავად ამისა, სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბიზნესის ბრუნვის ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომელიც არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან თავის მოწონების საბაბი. ეს კი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“, ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ აზარტულ თამაშებს ასახელებდა. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია სწორედ აზარტულ თამაშებს ჰქონდათ - სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორსაც კი უსწრებს. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების სექტორის საქმიანობის შესაფასებლად რეკომენდირებულია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის გამოყენება, რომელიც მიიღება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების (ანუ, მოგების სახით გაცემული თანხების) გამოკლებით. აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება წარმოადგენს თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ჯამს (Gross Gambling Revenue - GGR), რაც რჩება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების, ანუ მოგების სახით გაცემული თანხის გამოკლების შემდეგ. წლების განმავლობაში აღნიშნული მონაცემიც ზრდას აჩვენებს და 2025 წელს 3.7 მლრდ. ლარს უტოლდება.

2025 წელს, სათამაშო ბიზნესის  მთლიანმა მოგებამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.  აზარტული თამაშების კომპანიების მოგება მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს (+74%).  შემდეგ წლებში, ზრდა  მაქსიმუმ 7%-ს აღწევდა. 

 

საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოებში 2025 წლის მონაცემებით, 13 288 პირი იყო დასაქმებული.  ბოლო 5 წელში თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. 

 

2025 წლის მდგომარეობით  აზარტული თამაშების საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 3,7 ათასი ლარია, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს  დაახლოებით 73%-ით აღემატება. ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 100%-ით გაიზარდა, მაშინ როცა  ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდა იგივე პერიოდში დაახლოებით 65%-ია. 

 

 

სექტორს გარკვეულ  წილი უკავია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს სექტორში 42.8 მლნ. დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. აღნიშნული თანხა კი აღემატება მაგალითად, მშენებლობის, განათლების, რესტორნების და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებს. 

აზარტული თამაშების მსხვილი კომპანიების ნაწილი უცხოურ კომპანიებს წარმოადგენს.  აღსანიშნავია, რომ IDFI-ს მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოში რეგისტრირებულ ყველაზე მსხვილი 10 რუსული კომპანიიდან  3 აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024