როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 24 სექტემბერი 2026

ძირითადი მიგნებები:

 

 - 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საზღვარგარეთიდან 118.3 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით  60%-იანი კლებაა.

 

  - 2025 წელს  გრანტების საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად განაპირობა ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების  შეჩერებამ, რომელიც სრულად მოემართებოდა ევროკავშირიდან.

 

  - 2025 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მიზნობრივი, ასევე საინვესტიციო გრანტებიც.  კერძოდ, 2025 წელს საინვესტიციო გრანტები 44.2 მილიონიდან 38.9 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მიზნობრივი გრანტები 83.4 მილიონიდან 79.4 მილიონამდე.

  - 2025 წელს საზღვარგარეთიდან შემცირებული გრანტების მოცულობა, დაკომპენსირდა სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით შესული შენატანებით.

 

   - 2025 წელს , სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით რეკორდულად დიდი თანხა 161.3 მილიონი ლარი შევიდა.  2026 წლის გეგმით, გათვალისწინებულია  260 მილიონი ლარის მიღება, რაც 2025 წელთან შედარებით  61%-იანი (+99 მილიონი ლარი) ზრდაა.

 

  - 2022 წლიდან 2025 წლამდე  საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტები 55%-ით (-142 მლნ. ლარი) შემცირდა, ხოლო სსიპ-ებიდან ბიუჯეტში შესული გრანტები 64%-ით (+63 მლნ.ლარი) გაიზარდა.

 

  - სსიპ-ების ბიუჯეტში, თავისუფალი ნაშთის სახით არსებულ ფინანსურ რესურსს წარმოშობს ჭარბი შემოსავლები, რომელიც ძირითადად მიიღწევა მათ სერვისებზე დადგენილი საფასურებით (სწორედ ეს რესურსი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის გადაწყვეტილებით).

 

 - მაგალითად, შსს მომსახურების სააგენტოს შემოსავლებმა 2025 წელს შეადგინა 289.3 მილიონი ლარი (ზრდა წინა წელთან +20%), ხოლო 2026 წლის საწყის 6 თვეში - 164.7 მილიონი ლარი (ზრდა წინა წელთან +29%).   შსს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე ნაშთის სახით ირიცხება 200 მილიონი ლარი, რის  ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია განხილული იქნას სერვისებზე  გაზრდილი ტარიფები.

 

 

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან,  საქართველო დასავლეთის პარტნიორებისგან და საერთაშორისო ინსტიტუტებისგან იღებდა მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რაც  ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას.  ბოლო წლებში ქვეყნის მმართველი ძალის მიერ გადადგმულმა არადემოკრატიულმა ნაბიჯებმა,  რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობამ და ანტი-დასავლურმა რიტორიკამ,  არაერთხელ გამოიწვია დასავლეთის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მწვავე რეაქცია, მათ შორის,  შეჩერდა ფინანსური დახმარების პროგრამები, რომლითაც უშუალოდ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა.  

 

სამწუხაროდ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტების შესახებ სრულყოფილი კლასიფიცირებული ინფორმაცია, ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები ფარავს, უშუალოდ ბიუჯეტის გავლით შემოსული გრანტების შესახებ მონაცემებს, რაც ასევე  გვაძლევს საგარეო დახმარებაზე ქართული  ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის გავლენის ანალიზის  გარკვეულ შესაძლებლობას.    

 

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების შესახებ ასახული მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე  2025 წელს საქართველომ საზღვარგარეთიდან  გრანტის სახით ყველაზე მცირე დახმარება მიიღო.  ბიუჯეტში სულ 118.3 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით  60%-იანი კლებაა. ამ კუთხით, მდგომარეობის გამოსწორების მოლოდინი არ არსებობს არც 2026 წელს. ბიუჯეტის გეგმით 2026 წელს საზღვარგარეთიდან  მოსალოდნელია მხოლოდ 86.3 მილიონი ლარის ოდენობის გრანტის მიღება.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტში საზღვარგარეთიდან შემოსული გრანტები კლასიფიცირდება ბიუჯეტის მხარდამჭერ, მიზნობრივ და საინვესტიციო გრანტებად.  2025 წელს  გრანტების საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად განაპირობა ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების  შეჩერებამ, რომელიც სრულად მოემართებოდა ევროკავშირიდან.  ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტის სახით, ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება  ევროკავშირმა საქართველოს გაუწია პანდემიის პერიოდში , რომელიც გათვალისწინებული იყო მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების მხარდაჭერისთვის.  

 

შემდგომ წლებში ევროკავშირი სახელმწიფო ბიუჯეტსთვის მხარდამჭერ  გრანტებს  გამოყოფდა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. მაგალითად, 2024 წელს  ევროკავშირიდან ბიუჯეტში ჩარიცხული 61 მლნ. ლარის  მხარდამჭერი გრანტი გადანაწილდა შემდეგ პროგრამებზე: 

  • ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის - 23.5 მლნ. 

  • ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - 14.8 მლნ. 

  • ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება - 12.3 მლნ. 

  • უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა - 10.8 მლნ.

 

 

2025 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მიზნობრივი, ასევე საინვესტიციო გრანტებიც.  კერძოდ, 2025 წელს საინვესტიციო გრანტები 44.2 მილიონიდან 38.9 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მიზნობრივი გრანტები 83.4 მილიონიდან 79.4 მილიონამდე. 

საინვესტიციო გრანტებში მოიაზრება კაპიტალური დანიშნულების გრანტები, რომელიც მიმართულია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. 2025 წელს ამ ტიპის დახმარების ყველაზე მსხვილ დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ - KfW (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) -21.7 მლნ. და EU -11.5 მლნ.ლარი. 

მიზნობრივ გრანტებს წარმოადგენს ხაზინის ანგარიშზე რიცხული რეესტრის გრანტები, რომელსაც  კონკრეტული მიზნობრიობით იღებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები. სამინინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები მიზნობრივი დაფინანსების შესახებ დეტალური მონაცემები (დონორი ორგანიზაცია, მიზნობრიობა, თანხა)  ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 2023 წლის შემდეგ არ განახლებულა

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების მუხლით მიღებული შემოსავლები, საზღვარგარეთიდან მიღებულ გრანტებთან ერთად, აერთიანებს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მიერ ბიუჯეტში გრანტის სახით შეტანილ თანხებს. 2025 წელს სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდულად დიდი თანხა 161.3 მილიონი ლარი შევიდა. რითაც გარკვეულწილად დაკომპენსირდა საზღვარგარეთიდან შემცირებული გრანტების მოცულობა. მაგალითად 2022 წლის შემდეგ საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტები 55%-ით (-142 მლნ. ლარი) შემცირდა, ხოლო სსიპ-ებიდან ბიუჯეტში შესული გრანტები 64%-ით (+63 მლნ.ლარი) გაიზარდა. უშუალოდ, 2025 წელს წინა წელთა შედარებით სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გრანტები 10%-ით (+14.5 მილიონი ლარი) გაიზარდა. 2026 წლის გეგმით, გათვალისწინებულია  სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან გრანტების სახით 260 მილიონი ლარის მიღება, რაც 2025 წელთან შედარებით  61%-იანი (+99 მილიონი ლარი) ზრდაა. 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ-ებმა რომელთა ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს,  საკუთარი შემოსავლების მინიმუმ 10% უნდა მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში.  თუმცა, სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში  გრანტის სახით მიმართული თანხების საბოლოო ოდენობა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე.   კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მიხედვით, თუ სსიპ-ის წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს, მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი,  მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.  შესაბამისად, 2026 წელს საქართველოს მთავრობა გეგმავს სსიპ-ების თავისუფალი რესურსებიდან ყველაზე დიდი თანხის მობილიზება მოახდინოს ბიუჯეტში, რითაც დააკომპენსირებს საზღვარგარეთიდან მისაღები გრანტების დანაკლისს. 

 

სსიპ-ების ბიუჯეტში, თავისუფალი ნაშთის სახით არსებულ ფინანსურ რესურსს წარმოშობს ჭარბი შემოსავლები, რომელიც ძირითადად მიიღწევა მათ სერვისებზე დადგენილი საფასურების შედეგად. ყველაზე დიდი ფინანსური რესურსის მქონე სსიპ-ების საბიუჯეტო მონაცემები აჩვენებს, რომ მათი შემოსავლები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც წარმოშობს დამატებით ფინანსურ რესურსს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. მაგალითად, შსს მომსახურების სააგენტოს შემოსავლებმა 2025 წელს შეადგინა 289.3 მილიონი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (239.4 მლნ. ლარი) 20%-ით აღემატება. 2025 წლის ბოლოს შსს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე ნაშთის სახით ირიცხებოდა 188.6 მილიონი ლარი. სააგენტოს შემოსავლების ზრდა გაგრძელდა 2026 წელსაც. კერძოდ, 2026 წლის საწყის 6 თვეში შსს მომსახურების სააგენტოს შემოსავლებმა შეადგინა  164.7 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (127.7 მლნ. ლარი) 29%-იანი ზრდაა.  სააგენტოს გაზრდილი შემოსავლების მიზეზად შესაძლებელია განხილული იქნას როგორც მიმართვიანობის მატება, ასევე სხვადასხვა შემოღებული და გაზრდილი ტარიფები. მაგალითად, 2026 წლიდან  საბაჟო კოდექსში შესული  ცვლილებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასური (50 ლარიდან 370 ლარამდე), სააგენტოს სივრცეში ჩატარებული შემოწმება გახდა 180 ლარი, 100 ლარის ნაცვლად და სხვა.  

 

ბოლო წლებში, შემოსავლების ზრდას აჩვენებს, თითქმის ყველა მაღალ შემოსავლიანი სახელმწიფო დაწესებულება (სსიპ-ი), რომელიც არაერთ სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს. მაგალითად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემოსავლებმა 2025 წელს შეადგინა 145.3 მილიონი ლარი (ზრდა 14%), შემოსავლების სამსახურის შემოსავლებმა - 280,8 მილიონი ლარი (ზრდა 8%), დაცვის პოლიციის დეპარტამენტის - 239.7 მილიონი ლარი (ზრდა 12%).

 

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით მიღებული შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ დემოკრატიულმა უკუსვლამ  და  რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების მოცულობა და შეამცირა ბიუჯეტის შემოსულობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პარტნიორი სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან  ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სრული შეზღუდვა, რომელიც 2025 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიონ ლარს აჭარბებდა, ხოლო 2025 წელს 0-ს გაუტოლდა. 

 

საზღვარგარეთიდან  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების ფონზე, გრანტების სახით მიღებული შემოსავლების საერთო მაჩვენებელი გარკვეულწილად დაბალანსდა ადგილობრივი სსიპ-ების  შემოსავლებიდან  მობილიზებული თანხებით.  თუმცა, ამავე დროს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი კონტრიბუტორი სსიპ-ების ჭარბი შემოსავლები, უმეტესწილად განპირობებულია მათი სერვისების სატარიფო პოლიტიკით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მმართველი ძალა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირებული საზღვარგარეთის გრანტების (ანუ ფინანსური დახმარების) კომპენსირებას ახდენს, სწორედ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაძვირებული სახელმწიფო სერვისებით მიღებული ჭარბი შემოსავლებიდან. 

 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024