ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის[1] აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს. წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.
ფაქტობრივად, მოსარჩელეთა ერთადერთ ე.წ. მტკიცებულებას კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის იურიდიული ძალის არმქონე დასკვნა წარმოადგენს. სარჩელში ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები, როგორიცაა ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა მანიპულაციურად არის გაიგივებული კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან.
ეს პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დევნის ფონზე, რასაც წინ უძღოდა ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებებით პარტიებთან „დაკავშირებულ პირთა“ პოლიტიკური უფლებების ბლანკეტური შეზღუდვა. რეპრესიების მასშტაბებს ნათლად ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ოპოზიციური პარტიების არაერთი ლიდერი დღეს საპატიმროში იმყოფება, ხოლო ნაწილს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წარდგენილი. იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 784 830 მოქალაქის (ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის) მხარდაჭერა მოიპოვეს, უთანაბრდება ასობით ათასი ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას.
ეს ქმედება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ისედაც შერყეულ საზოგადოებრივ ნდობას, ყოველგვარ აზრს დაუკარგავს მომავალ არჩევნებს, გააქრობს ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილების პერსპექტივას, ფაქტობრივად, აკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას და ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას.
მივმართავთ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[1] „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტური პარტია“.