ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

განცხადებები 6 ივნისი 2026

 

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განცხადება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აღნიშნული პარტნიორობა ეფუძნება არა მხოლოდ ორმხრივ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ საერთო ღირებულებებს, ცივილიზაციურ კავშირს, ურთიერთპატივისცემასა და ათწლეულების განმავლობაში გამოცდილ მეგობრობას. ამავე დროს, ამერიკულმა მხარემ მკაფიოდ მიუთითა, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, ინვესტიციების ზრდისა და საერთო ინტერესების სრულფასოვანი რეალიზებისთვის აუცილებელია პროგნოზირებადი, სტაბილური და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს არსებობა.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო  მძიმე სახელმწიფოებრივ კრიზისს განიცდის, ქვეყანაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იდევნება განსხვავებული აზრი, სასამართლო მმართველი პარტია - “ქართული ოცნების” პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული გარდაქმნის მთავარი მხარდამჭერი. სწორედ დასავლელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

 

დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და უსაფრთოების გამოწვევების, შემცირებული საერთაშორისო ნდობისა და ინვესტიციების კლების პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას. ვერც ერთი ინვესტორი და ვერც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ვერ იგრძნობს თავს დაცულად ქვეყანაში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პოლიტიკური ოპონენტები იდევნებიან, მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს. საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური  წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობასთან, დემოკრატიულ განვითარებასთან და კანონის უზენაესობასთან. ამ საფუძვლების შესუსტება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.



მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ისტორიის, ცივილიზაციური მიზნებისა და მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. მსგავსი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მცდელობა, საზოგადოებას წარუდგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი კრიტიკა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული პარტნიორების განცხადებები ემსახურება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას. ამ გზავნილების იგნორირება და პარტნიორების მტრებად წარმოჩენა კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. ასევე მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

 

საქართველოს მომავალი არის დემოკრატიულ სამყაროში და ევროატლანტიკურ ოჯახში. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.




ხელმომწერი ორგანიზაციები :

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საფარი

ფონდი ღია საზოგადოება

პრევენცია პროგრესისთვის

საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)

მწვანე ალტერნატივა

EECMD

საქართველოს ევროპული ორბიტა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი IDFI

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

უფლებები საქართველო

სამართლიან არჩევნები 

 Tbilisi Pride

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დასაქმების პროგრამა თუ გაფლანგული ასეულობით მილიონი ლარი?

02.06.2026

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

15.05.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
განცხადებები

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024