რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები | ანალიზი 29 ნოემბერი 2024

 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული და აშშ-ს მიერ ძებნილი (მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ს დაწესებული აქვს ჯილდო - 10 მილიონი დოლარი) რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი. 

მალკევიჩს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მეტიც, იგი აქტიურად ეხმარება სეპარატისტებს. სამაგალითოდ, 2023 წლის 25 ოქტომბერს მალკევიჩი ცხინვალში სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ჩავიდა. 26 ოქტომბერს, სეპარატისტული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მალკევიჩი მეგობრობის მედლით დააჯილდოვა.

 

 

მარცხნივ: ინფორმაცია აშშ-ს მიერ დაწესებულ ჯილდოზე; მარჯვნივ - ალექსანდრ მალკევიჩი და ალან გაგლოევი.

 

 

ალექსანდრ მალკევიჩი არის რუსეთის დაზვერვის სამსახურის პროპაგანდისტული ოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მალკევიჩი ჩართულია რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის განმტკიცებაში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

 

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე არ არსებობს. ჟურნალისტების შეკითხვებზე, როგორ შემოვიდა კანონდამრღვევი საქართველოში  - შსს-მ პასუხი არ გასცა. ცესკომ, რომელმაც პროპაგანდისტს საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტაცია მიანიჭა, განაცხადა, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაიცა, ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება ამ უწყების უფლებამოსილების ფარგლებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი ირონიული კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში ვართ, ასე ამბობთ და ჩელიაბინსკში რუსი შესულიყო, რა პრობლემაა?!“

 

მალკევიჩისა და რუსეთის დაზვერვის კავშირების თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, მისი ჩართულობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო კამპანიებში საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რატომ იმყოფებოდა მალკევიჩი საქართველოში,  ვინ დართო მას საქართველოში შემოსვლის ნება და რატომ არ იმოქმედეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა, იმ პირობებში, როდესაც მათ გააჩნდათ მოქმედების ყველა ლეგიტიმური საფუძველი, ვინაიდან, მალკევიჩს ყველაზე მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა)  უდასტურდება.  

 

უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების დუმილი და ქართული ოცნების ირონია გვაფიქრებინებს, რომ  სახელმწიფოს სურს მალკევიჩის ვიზიტიდან ყურადღების გადატანა, რაც თავის მხრივ აჩენს დამატებით კითხვებს ეფესბეს პროპაგანდული ოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტის შესაძლო მიზნებთან დაკავშირებით. 

 

მალკევიჩის თბილისში ვიზიტის რეალურ მიზნების თაობაზე ერთ-ერთ მინიშნებას შესაძლოა იძლეოდეს ამ დრომდე ყურადღების მიღმა დატოვებული დეტალი - მისი შეხვედრა ახლად დაფუძნებული პოლიტიკური პარტიასთან -  „სოლიდარობა მშვიდობისთვის.“ მალკევიჩი პარტიის ოფისში იმყოფებოდა და მის წევრებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრების შემდეგ რუსულ ТВ-3-ზე გავრცელდა ინტერვიუ პარტიის თავმჯდომარესთან, მიხეილ ჟღენტთან, რომელიც აღნიშნავდა მათ მიღწევებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში: სავიზო რეჟიმის გაუქმებას ტურისტული ვიზიტებისთვის და შემდგომში უკვე მოქალაქეებისთვის დროებითი მუშაობის უფლების მოპოვებას, პირდაპირი ავიარეისების აღდგენას და ა.შ.

 


მალკევიჩის შეხვედრა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრებთან.

 

მალკევიჩმა რუსეთში დაბრუნების შემდეგ თავის ტელეგრამ არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანს, მამუკა ფიფიას შეხვდა და აღნიშნა, რომ “ის ძალიან საინტერესო და ღრმა ადამიანია”, რომელსაც მიაჩნია (და არ მალავს), რომ „საქართველომ და რუსეთმა კვლავ უნდა დაძლიონ უთანხმოება და გაერთიანდნენ“. ტელეგრამ პოსტში მალკევიჩმა ასევე ისაუბრა ზემოხსენებული პარტიის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ “სწორედ ამ ქართულმა პარტიამ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება”.



რას წარმოადგენს პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” სადაც შეხვედრა გამართა მალკევიჩმა

 

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. აღნიშნულ პარტიას უკავშირდება 2024 წლის 4 აგვისტოს, „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ხელმოწერის 241-ე წლისთავის აღნიშვნა თელავში, სადაც პარტიამ “ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის” დადების მოთხოვნა წამოაყენა. პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა განაცხადა, რომ “დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთობლივი სისტემა. ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი". 

 

“მითების დეტექტორის” თანახმად, პარტიის ლიდერებს ახლო ურთიერთობა აქვთ ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-ს მიერ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის მოტივით სანქცირებულ, ოთარ ფარცხალაძის, შვილთან ანდრია ფარცხალაძესთან. პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებამდე, ანდრია ფარცხალაძე ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჭიქაშვილმა „თავისუფლების მონიტორს“ 2022 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ ფილმში დაუდასტურა, რომ ანდრია ფარცხალაძე მათთან ჭიქაშვილის პირადი თხოვნით თანამშრომლობდა. 2022 წლის 27 მაისს ანდრია ფარცხალაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსერვატორთა კავშირი” დააფუძნა, ხოლო აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე არჩილ ბუბუტეიშვილია, რომელიც თავის მხრივ პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დიპლომატიური საკითხების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.


ანდრია ფარცხალაძე “სოლიდარობა მშვიდობისათვის” YouTube არხზე. 2022 წლის 25 იანვრის ვიდეოში საუბრობს განათლების სისტემის პრობლემებზე.

 

აშშ-ს მიერ სანქციების დაკისრებიდან რამდენიმე დღეში, ოთარ ფარცხალაძემ საკუთარ შვილს ანდრია ფარცხალაძეს გადაუფორმა სამი სასოფლო-სამეურნეო მიწა სოფელ წავკისში, ორი ბინა ბაკურიანის სასტუმრო კომპლექსში, სამი კომერციული ფართი ვაკის რაიონში და სამი ბინა საბურთალოს რაიონში, ასევე წილები რამდენიმე კომპანიაში. პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ფარცხალაძის სანქცირების შემდგომ დაუშვა გამონაკლისი და კომერციულ ბანკებს მოუხსნა სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ ექნებოდა ბრალი დამტკიცებული.

 

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი და პარტიის საერთაშორისო მდივანი, მამუკა ფიფია რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, 2023 წლის 20 მაისს, მოსკოვიდან მომავალ რუსული „აზიმუტის” რეისს ჩამოჰყვა. მამუკა ფიფიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის გვხდება მისი ფოტოები რუსეთის ცნობილ მოღვაწეებთან. 2023 წლის სექტემბერში, მან გაავრცელა ფოტო საქართველოს პარლამენტიდან და როგორც გაირკვა, იგი პარლამენტში, ქართული ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის დაშვებით შევიდა.

 

როგორც თავად ამბობს, მამუკა ფიფია აფხაზეთიდანაა დევნილი. მაგრამ, მას შემდეგ რაც 2024 წლის ზაფხულში, უკრაინული ძალები კურსკში შევიდნენ და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ფიფია ოლქში გაემგზავრა და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა: „გვინდა, დავეხმაროთ რუსებს, რადგან როდესაც ჩვენ გვიჭირდა, 1992 წელს, [თავად დაგვეხმარნენ]. მე თავად ვარ დევნილი აფხაზეთიდან, მე თავად გავიარე ეს ბედი. ბევრმა ჩვენი პარტიიდან, ბევრმა ქართველმა იცის, რა არის სახლიდან წასვლა“.

 

საინტერესოა, რომ მამუკა ფიფიას რუსული ღია წყაროებზე დაყრდნობით მხოლოდ მცირე შემოსავალი უფიქსირდება: 472,000 რუბლი 2021 წელს და 1,600,000-მდე რუბლი 2019 წელს, რაც იმდროინდელი კურსებით თუ ვიმსჯელებთ ჯამში 30,000 აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაცია მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. თუმცა, მამუკა ფიფია ფლობს უძრავ ქონებას ქ.მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე (Тверская Улица), სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება 8,000$-დან იწყება და 750 კვ.მ. ფართობის სახლს ელიტარულ გარეუბან რამენკიში. მასვე აქვს სახლი სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში. მისი მხოლოდ აღნიშნული, ღია მონაცემებში დაფიქსირებული ქონების ფასი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

 

აღსანიშნავია, რომ პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, რომლის უკანაც სავარაუდოდ დგანან რუსეთის მოქალაქეები: ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, გაურკვეველი წარმომავლობის დიდი ქონების მქონე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია და სხვები, პრაქტიკულად მიჰყვება საქართველოს ხელისუფლების გენერალურ ხაზს და მათი ნარატივები არ განსხვავდება ქართული ოცნების რიტორიკისაგან. პარტია ასევე საკუთარ “დამსახურებად” და მიღწევად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ა.შ. 

 

ამ ეტაპზე უცნობია, რა შეიძლება იყოს პარტიის კონკრეტული ამოცანა, თუმცა  მალკევიჩთან ღია და საჯარო შეხვედრა დამატებითი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ ახლად შექმნილ პარტიას კავშირი აქვს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაახლოებულ პირებთან.  



დასკვნა

 

 იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრ მალკევიჩი არის ძებნილი ან/და სანქცირებული ევროკავშირისა აშშ-ს მიერ, მისთვის რუსეთის გავლენისგან თავისუფალი ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის კვეთა საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს შემთხვევაში ამ საფრთხეს გაზრდიდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მინიმუმ ერთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც გამოიხატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლით. სხვაგვარად, საქართველოში ვიზიტით მან თავი ჩაიყენა დაკავების, სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და აშშ-ში ექსტრადიციის საფრთხეში. შესაბამისად მალკევიჩი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ შემოვიდოდა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ხოლო მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე de facto იმუნიტეტის მინიჭება და მისი აღსრულება საქართველოს უმაღლესი (პოლიტიკური) თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია. 

 

ფაქტების ანალიზიდან ასევე იკვეთება, რუსეთის უშიშროების სამსახურთან დაკავშირებული გავლენიანი პროპაგანდისტის, ალექსანდერ მალკევიჩის და აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის კავშირები. მალკევიჩის ვიზიტი საქართველოში და თავისუფლად გადაადგილება, მისი აკრედიტაცია, ბოლოს კი პრორუსული პარტიის ოფისში ვიზიტი და ვრცელი კომენტარები გვაფიქრებინებს, რომ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ოპერაციის ნაწილი, რომელიც ჩრდილიდან ფორმალურ სივრცეში ინაცვლებს. 

 

რთული სათქმელია  რა იყო მალკევიჩის საქართველოში პერსონალური ვიზიტის კონკრეტული მიზანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვიზიტს ჰქონოდა მაკოორდინირებელი ან/და სხვაგვარი შინაარსობრივი ამოცანა, ვინაიდან აღნიშნულის მიღწევა, ზედმეტი ხმაურის გარეშე დისტანციური კომუნიკაციით ან/და შუამავლის გამოგზავნითაც მიიღწეოდა. აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტის მთავარ მიზნად მალკევიჩის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლისა და გადაადგილების ფაქტის დემონსტრირება მოჩანს, რაც თავის მხრივ შესაძლებელია იყოს კრემლის გზავნილი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, რომ საქართველოში ამჟამად ისინი აკონტროლებენ ვითარებას. კერძოდ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი დონეზე იმის ჩვენება, რომ აშშ-ს და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედებს და რუსეთის გავლენის ოპერაციებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება.    




სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024