რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ანალიზი 30 აპრილი 2025

2025 წლის 24 აპრილს, კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ არხზე (ОРТ) გავიდა ე.წ. “პრანკერების” - ვოვანისა და ლექსუსის შოუ, რომელიც მიეძღვნა საქართველოში 2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს. აღნიშნული პრანკერები მრავალი წლის განმავლობაში მახეში აბამდნენ ცნობილ ადამიანებს. ამ სიაში შეგვხვდებიან ელტონ ჯონი, ჯონ მაკკეინი, ჯოან როულინგი, ლუკაშჩენკო და მრავალი სხვა. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, პრანკერებმა ცალსახად Z-პოზიცია დაიკავეს და მათი ფოკუსი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს დაუკავშირდა. აღნიშნული პოზიციისა და რუსეთის ტელესივრციდან არა ერთი ჟურნალისტისა თუ შოუს გაქრობის პარალელურად, პრანკერებმა მიიღეს საეთერო დრო პირველ არხზე. არსებობს მაღალი ალბათობა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან, თუმცა თავად ამ მოსაზრებას აქტიურად უარყოფენ.

 

ბოლო ხანებია, რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებები საქართველოში სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული და აშშ-ს მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული გამოსვლების ნეგატიურად გაშუქებაში კი აქტიურად იყო ჩართული პრორუსი ბლოგერი და ინფლუენსერი – პატრიკ ლანკასტერი. ფაქტების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ რუსეთისა და მისი სპეცსამსახურებისთვის, საქართველო ერთ-ერთ საინფორმაციო სამიზნეს წარმოადგენს, რათა დასუსტდეს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოება და ნიადაგი მომზადდეს კრემლის გავლენების გასაზრდელად.

 

პრანკერები რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, უჩა ნანუაშვილს და მათ დახმარება შესთავაზეს. ლეგენდა იმაში მდგომარეობდა, თითქოს კასპაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, აპირებს ქართული ოპოზიციის მხარდაჭერას და მზად არის დააფინანსოს ხელისუფლების კრიტიკოსები. ეთერში ისმოდა, როგორ გამოთქვამენ კასპაროვის სახელით დახმარების დაპირებას: „ვეძებთ დაფინანსების გზებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მზად ვართ ვითანამშრომლოთ, თუ გვეტყვით, რა სახის დახმარებაა თქვენთვის რეალურად საჭირო აშშ-ისგან. შემიძლია ამ საკითხზე ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან საუბარიც კი.“ ისინი აგრეთვე დაუკავშირდნენ სენატორ ჯო ვილსონს პეტრო პოროშენკოს სახელით, თუმცა საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა და ვიდეოზარისას მისი თანაშემწის პოლ მასაროს შემოსვლის შემდეგ შეწყდა (შესაძლოა, მათ იეჭვეს კიდეც პრანკის შესახებ).

 

საგულისხმოა, რომ ვიდეოებში არ ჩანან კასპაროვი და პოროშენკო, შესაბამისად შესაძლებელია, რომ პრანკისას გამოყენებული ყოფილიყო ე.წ. Deep Fake ტექნოლოგია. აღსანიშნავია, რომ გადაცემაში საუბრის ძალიან მცირე მონაკვეთები წარმოადგინეს - ისეთი, რაც რუს პროპაგანდისტებს აწყობდათ. მეტიც, ერთ-ერთი ეპიზოდი (უჩა ნანუაშვილთან საუბრისას) აშკარად და ცალსახად გაყალბებულია, შესაბამისად, შეუძლებელია სხვა ეპიზოდების ავთენტურობაზე საუბარი. ჩვეულებრივ, პრანკერები საუბრის სრულ ჩანაწერს აქვეყნებენ ხოლმე, შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოღებული ნაწყვეტები და აშკარად გაყალბებული ეპიზოდები სწორედ იმას მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაცემა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილად გამოიყენეს.

 

ვიდეოებში ორივე ქართველი რესპონდენტი გულახდილად საუბრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, პარტნიორების  მიერ ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე და ა.შ. ის, რასაც ქართულ ოპოზიციურ და კრიტიკულ სივრცეში ეს და სხვა აქტორები ისედაც ყოველთვის საჯაროდ საუბრობენ… რუსი პროპაგანდისტები ცდილობდნენ რესპონდენტების პროვოცირებას. მაგ. როცა Fake კასპაროვმა სალომე ზურაბიშვილთან ივარაუდა, რომ საქართველოს კრიზისის გადაჭრა შეიძლებოდა უკრაინული “მაიდანის” ანალოგიით, ზურაბიშვილმა კატეგორიულად უარყო ასეთი შესაძლებლობა. მან განაცხადა, რომ ორი ქვეყნის შედარება არასწორია „უკრაინას გააჩნია განსხვავებული გამძლეობა, ტერიტორია და ადამიანური რესურსები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელმაც უკვე მრავალი ტრაგიკული მოვლენა გადაიტანა“, — აღნიშნა მან.

 

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ სიუჟეტი მონტაჟსა და ფალსიფიკაციას წარმოადგენდა. გადაცემაში მისი სახელით გაჟღერდა შემდეგი წინადადება: “მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს არაოფიციალური ქვედანაყოფები, ისევე როგორც მაიდანის დროს, უკრაინაში. არიან სამოქალაქო პირები ნიღბებში, არიან ხალხი მმართველი პარტიიდან, ასევე ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულნი არიან.” უჩა ნანუაშვილის თქმით, ორიგინალში ის საუბრობდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, რაც ეთერში პირიქით ითარგმნა.

 

ყოველ საუბარში რამდენიმე წუთი ე.წ. პრანკერები აფხაზეთის თემასაც უთმობდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ თანამოსაუბრეებს აფხაზების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, თარგმანის მიხედვით, ზურაბიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ იქცეოდნენ რუსები აფხაზეთის მიმართ ბოლო წლებში: „ჩემი აზრით, აფხაზეთის მომავლის ერთადერთი გზა ევროპაა. მხოლოდ ევროპაში საერთო ინტეგრაცია შეიძლება გახდეს გამოსავალი. ეს არ უნდა მოხდეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რადგან ანტაგონიზმი კვლავაც არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ რუსები აღარ უყვართ, ეს არ ნიშნავს, რომ უეცრად შეგვიყვარებენ ჩვენ, ქართველებს. თუმცა ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთო პერსპექტივით. ხოლო საერთო პერსპექტივა — ეს ევროპაა“. უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა პროფესიული, პიროვნული კონტაქტების შენარჩუნებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.

 

შოუს წამყვანებმა და იქ მიწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ, ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის საუბარი, კარგად ნაცნობი რუსული პროპაგანდისა და ნარატივების კლასიკური მაგალითებით განიხილეს. ფიფია, რომლის შესახებ IDFI ადრეც წერდა და რომლის პარტიაც ჩართული იყო რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებაში - როდესაც დაიგეგმა და განხორციელდა პროპაგანდისტ ალექსანდრ მალკევიჩის ვიზიტი საქართველოში, ბოლო ხანებია რუსული Z-ტელეარხების აქტიური სტუმარია. იგი შანსს არ უშვებს ხელიდან მადლობა გადაუხადოს პუტინს და, ამავდროულად, დიდი სიმპათიებით გამოირჩევა “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მამუკა ფიფია აქტიურად ჩნდება ისეთი რუსი მაღალჩინოსნების გარემოცვაში, როგორიცაა სერგეი ნარიშკინი, რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურის (СВР) დირექტორი, პუტინისტურ ბაიკერების დაჯგუფებას, “ღამის მგლებს” საქართველოში ეპატიჟება და ა.შ.

 

მამუკა ფიფია და სერგეი ნარიშკინი

 

“მეტი დამაჯერებლობისთვის” გადაცემაში ჩართეს ქუჩის გამოკითხვაც, სადაც “გამვლელებს” ეკითხებოდნენ დამოკიდებულებას აქციების, სალომე ზურაბიშვილის და რუსეთის მიმართ. როგორც ჩვენი მოკვლევით აღმოჩნდა, “უბრალო მოქალაქეები” იმგვარად იყვნენ შერჩეული, რომ რუსული აუდიტორიისთვის გაეჟღერებინათ სტუდიაში მისაღები აზრი. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საკმაოდ კარგად საუბრობდა რუსულად, რაც თბილისში, შემთხვევითი გამვლელების გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში რთულად წარმოსადგენია. ჩვენ მოვიძიეთ ამ გადაცემისთვის შერჩეული “შემთხვევითი რესპონდენტებს” შესახებ ინფორმაცია.

 

მონტაჟისა და გამოკითხულებს შორის “სწორი პასუხების” შერჩევისგან დროის დაზოგვის მიზნით, მაგალითად, ერთ-ერთ “გამვლელად” მოგვევლინა გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფიას პრორუსი თანაპარტიელი.

 

 

პოლიტიკური მიმომხილველი, ილია ლობჟანიძე ასევე მონაწილეობდა “ვოვანის და ლექსუსის” შოუში “გამვლელის” სტატუსით. იგი ტიკტოკ-არხის, „ფუკოს ქანქარის“, თანაავტორია. არხის, რომლის მფლობელი და ავტორი, ლუკა ეხვაია, “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საგარეო საკითხებში მრჩევლად დანიშნა. ილია ლობჟანიძე მონაწილეობს “იმედის” გადაცემებში ექსპერტად.

 

 

მორიგი “გამვლელი”, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე, მაგალითად 2024 წელს “აკვირდებოდა” რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს. მისი თქმით, პროცესმა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩაიარა. იგი “სოლიდარობა მშვიდობისათვის”, “ალტ-ინფოს”, “სპუტნიკისა” და სხვა, მსგავსი პლატფორმების ხშირი სტუმარია.

 

 

გადამღებ ჯგუფს, ქუჩაში, ასევე შემთხვევით შეხვდა თამარ კიკნაძე - პოლიტოლოგი, “პოსტ-ტივის”, “ალტ-ინფოს” და “სპუტნიკის” მუდმივი რესპონდენტი.

 

 

 

ყველა ზემოჩამოთვლილი ადამიანის მონაწილეობა გადაცემაში მოწმობს რუსი პროპაგანდისტების შოუს დადგმულ, მიკერძოებულ ხასიათზე.

 

უშუალოდ “ვოვანისა და ლექსუსის შოუს” სხვა სტუმრები, მათ შორის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჟურავლიოვი, დანანებით საუბრობდა ქართველების უგუნურებაზე და იმაზე, რომ “კოლექტიურ დასავლეთში” არავის სჭირდება ქართული სულუგუნი და ღვინო. ამით ის უნებლიედ თუ გამიზნულად, თავად აჩვენებს სინამდვილეში რაში სჭირდება რუსეთს საქართველო… საუბარი შეეხო კულტურულ “იდენტურობას”, “აყვავებულ საქართველოს” საბჭოთა ეპოქაში, 5 მილიონ ტურისტს წლიურად და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქვეყანას რამდენიმე ასეული პროტესტანტი და “უცხოეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა” აკარგვინებს.

  

შეფასება

 

რუსული საინფორმაციო ოპერაცია შოუს გასვლის შემდეგაც გაგრძელდა - პრორუსულმა პარტიამ,  „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. მათი განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა პარტიის საგარეო მდივანმა, მიხეილ ჟღენტმა განაცხადა - „ვითხოვეთ ხელისუფლებისგან, პროკურატურისგან, მოახდინონ რეაგირება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ ... არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები.“ ჟღენტმა იქვე განაცხადა, რომ ის დაეხმარა რუს „პრანკერებს“ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის „გამასხარავებაში“.

 

თემას “იმედმა“ მიუძღვნა სიუჟეტი - “გაპრანკულთა ვარამი” - რომელშიც სრულად გაიმეორა რუსული არხის პროპაგანდა, მათ შორის “მაიდანის” სცენარის გამეორების, შეიარაღებული პირების მონაწილეობაზე დემონსტრანტების მხარეს. თემას გამოეხმაურა “პოსტ-ტივი” ქარდებითა და გადაცემაში განხილვით. თემის ირგვლივ აქტიურობდნენ ანონიმური ანგარიშები სოციალური ქსელებიდან, გაურკვეველი ვებ-გვერდები და პლატფორმები.

 

ФСБ-ს აღნიშნული საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში, რუსული ტელეარხის მთავარი გზავნილები და რეალობა ერთმანეთს სრულად სცდებოდა:

 

კრემლის პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, თითქოს ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან „პრანკერების“ საუბარმა გამოაჩინა, რომ საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს უკანონოდ და მალულად აფინანსებენ „დასავლური ძალები“.

სინამდვილეში, ზურაბიშვილის და ნანუაშვილიც დასავლეთის მიერ დემოკრატიული ძალებისა და მედიის მხარდაჭერის საჭიროებაზე ესაუბრებოდნენ;

 

სიუჟეტში ნახსენები იყო არაოფიციალური ქვედანაყოფები, ისევე როგორც მაიდანის დროს, უკრაინაში. სამოქალაქო პირები ნიღბებში, ასევე შეიარაღებული ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან. 

სინამდვილეში, უჩა ნანუაშვილი საუბრობდა 2024 წლის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში;

 

რუსული მედია და პროსახელისუფლებო ქართული არხები ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილი და ნანუაშვილი “შავ ფულს” ითხოვენ.

სინამდვილეში კი, დამონტაჟებული სიუჟეტიდანაც ცხადია, რომ ისინი ღიად საუბრობენ საერთაშორისო დონორების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების და განსაკუთრებით, რეგიონული მედიების დაფინანსების შესაძლებლობებზე;

 

გადაცემაში ფიგურირებდა სხვა, კონტექსტიდან ამოღებული ნაწყვეტები და გაყალბებული ეპიზოდები.

 

ზემოაღნიშნულის უაპელაციოდ გამეორება “იმედისა” და “პოსტ-ტივის” მიერ კი, რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული არხების კოორდინირებულ საქმიანობაზე, ან სულ მცირე, ინტერესთა თანხვედრაზე მიუთითებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024