პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 20 დეკემბერი 2024

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული გამოსვლების ნეგატიურად გაშუქებაში რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართული. ამ ტიპის “მედიის” წარმომადგენლები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან და მაუწყებლობენ, წერენ ვლოგებსა და ვიდეომიმართვებს.

 

ერთ-ერთი ასეთი “ჟურნალისტი”, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, პრორუსი ბლოგერი და ინფლუენსერი – პატრიკ ლანკასტერია, რომელმაც თბილისიდან რამდენიმე ვიდეო ჩაწერა.

 

ლანკასტერი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებით გახდა ცნობილი. მანამდე იგი პროპაგანდისტულად აშუქებდა ყირიმის ანექსიისა (2014) და ყარაბაღის მეორე ომის (2020) მოვლენებს.  ჟურნალისტი წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მისურიდანაა. 2001-2006 წლებში აშშ-ის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 2014 წელს კი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად. ჟურნალისტი ქმნიდა კონტენტს კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებისთვის, როგორებიცაა “RT” და “Zvezda.” 2017 წელს ლანკასტერმა დონეცკში ადგილობრივ ქალზე იქორწინა. ქორწილის ცერემონია რუსულ მედიაში ფართოდ გაშუქდა, ლანკასტერს კი დონეცკის სეპარატისტული დროშის ფერებში იყო გამოწყობილი.[i]

 

 პატრიკ ლანკასტერი დონბასში.

 

 

ლანკასტერი გამორჩეულია ე.წ. “შავი პროპაგანდისა” და დეზინფორმაციის გამოყენებით, მანიპულაციებით, შინაარსის მიზანმიმართული შეცვლითა და სცენების დადგმით. მაგალითად, უკრაინელების მიერ ჩადენილი დანაშაულებების წარმოსაჩენად ლანკასტერმა მორგში დასვენებული ცხედრები გამოიყენა. 2022 წლის 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე, ჰორლივკა-დონეცკის გზაზე საგანგებოდ აფეთქებულ მანქანაში გვამები მოათავსეს, თითქოს ასე ესხმიან თავს “ბანდერელები” (ასე მოიხსენიებს რუსული პროპაგანდა უკრაინელ მებრძოლებს) მშვიდობიან მოსახლეობას.[ii] როგორც შემდგომში Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ეს პირები აფეთქების შედეგად არ დაღუპულან და მანქანაც ხელოვნურად იყო დაზიანებული.[iii] მსგავს, შეთითხნილ ფაქტებს რუსეთის ხელისუფლება ომის გასამართლებლად იყენებდა, თითქოს დონბასის რეგიონში უკრაინელი ნაციონალისტები თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

 

5 წლის წინ პატრიკ ლანკასტერი ოკუპირებულ აფხაზეთში, “საპრეზიდენტო არჩევნების” გაშუქების მიზნით იმყოფებოდა საიდანაც მან YouTube-ზე არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა. მან ინტერვიუ ჩაწერა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან, ასევე ადგილობრივებთან და ზოგან ამბობდა, რომ გერმანია, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებდა.[iv] ადგილობრივებთან მისი შეკითხვები, ძირითადად, აფხაზეთში ცხოვრების ხარისხსა და რუსეთ-საქართველოსთან მათ დამოკიდებულებას ეხებოდა. შესაბამისად, მას დანამდვილებით აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ჯარიმას, ან პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, თუმცა, სავარაუდოდ, პროპაგანდისტს კანონის მოქმედება არ შეხებია.

 

 პატრიკ ლანკასტერი აფხაზეთში, 2019 წელი. წარწერა: ეს გაგრაა, აფხაზეთი.

 

 

ლანკასტერის მიერ თბილისის პროტესტების გაშუქება

 

თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის ლანკასტერი ძირითადად “Youtube” არხს იყენებს, რომელზეც, დღეის მონაცემებით, 695,000 გამომწერი ჰყავს და 2000 ვიდეოს აერთიანებს.[v] არხი გათვლილია ინგლისურენოვან მომხმარებელზე, რომელსაც რუსეთი ამ ფორმით აწვდის პროპაგანდისტულ მესიჯებს. ის თავს სრულად “ქრაუდფანდინგით” დაფინანსებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი ფულის წყარო მონეტიზაცია და შემოწირულობებია. საქართველოში მიმდინარე პროევროპული გამოსვლების თემატიკაზე პატრიკ ლანკასტერმა ჯერ-ჯერობით 10-მდე ვიდეო ჩაწერა, პირველი მათგანი 4 დეკემბრით თარიღდება.

 

თბილისიდან გადაღებულ ვიდეოებში ლანკასტერი ყველა ხერხით ცდილობს მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას. ეყრდნობა და აჩვენებს ქართული საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს და ქუჩის გამოკითხვებში აჩვენებს ადამიანებს, რომლებიც პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ასკვნის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ უერთდება საპროტესტო მოძრაობას. სხვათა შორის, ამავე ვიდეოებში გამოკითხულთა უმეტესობა ჟურნალისტის კითხვაზე - საქართველოს ევროპაში ხილვა სურთ თუ არა - დადებით პასუხს სცემენ.[vi]

 

ლანკასტერმა ჩაწერა ინტერვიუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან, რომელიც მოვლენებს პარტიის პერსპექტივიდან უყურებს და იმეორებს ყველა იმ ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომლებმაც ბოლო თვეების მანძილზე ქართული ინფოსივრცე მოიცვა.[vii]

 

აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს ლანკასტერს ინციდენტი შეემთხვა აქციის მონაწილეებთან, რომელთა ნაწილმა იგი იცნო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.[viii] ზოგიერთმა ქართულმა პროპაგანდისტულმა სააგენტომ დაწერა, რომ აგრესიულმა დემონსტრანტება იტალიელი და ბრიტანელი ჟურნალისტები გააძევეს, თუმცა არაფერი უთქვამთ მათ რეალურ ქმედებებზე.[ix]

 

 

ძირითადად, ლანკასტერი, ქართულ აქციებს წარმოადგენს რუსული სპეცსამსახურების ე.წ. “მეტოდიჩკის” მიხედვით. უშუალოდ ვიდეოების სახელწოდება და პირველ სქრინზე გამოტანილი გზავნილები პროპაგანდისტული შინაარსის შემცველია. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეოს სახელწოდებაა: “უცხოელები, ებრაელები, მუსლიმები, კათოლიკეები და სხვები თბილისის პროტესტებზე.”[x] ვიდეოს სახელწოდება დამაინტრიგებელია, თუმცა სახელწოდება და შინაარსი არ ემთხვევა ერთმანეთს და მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს კადრი, რომელშიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა საერთო მარში მოაწყეს. ამავე ვიდეოში პროპაგანდისტი ჯერ ესაუბრება ქართველ დემონსტრანტ გოგონას, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მეორე ნაწილში კი ვინმე ჯერარდოს არგენტინიდან, რომელიც იძახის რომ გაკვირვებულია, რატომ სურთ დემონსტრანტებს საქართველოში “გაიმეორონ უკრაინა”, თუმცა მეორე მხრივ დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისაც არ უკვირს.

 

ლანკასტერი ტრადიციული რუსული პროპაგანდის გამტარია. იგი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციები საქართველოში დასავლეთის ორგანიზებით იმართება. თითქოს “ნატო” და ევროკავშირი საპროტესტო აქციებს არასამთავრობო  ორგანიზაციების გამოყენებით აფინანსებენ.[xi] ლანკასტერი მაყურებელს არწმუნებს, რომ მიმდინარე სიტუაციას რეალურად აშუქებს. ამბობს, რომ მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ “დოქსინგი” ანუ პირადი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ლანკასტერი გვარწმუნებს, რომ ემუქრებიან, რასაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ასაღებს.[xii]

 

“Youtube” არხთან ერთად ლანკასტერი “Telegram”-ზეც აქტიურობს.[xiii] აქვე იგი აქვეყნებს ინფორმაციებს თავის საქმიანობაზე და დებს სხვადასხვა შინაარსის პოსტებს. ტელეგრამზე ვრცლადაა განხილული ნანა კაკაბაძესთან შეხვედრა, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, რომელიც ახლა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრია . ნანა კაკაბაძემ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემურ ბოროტ გამოყენებას დასავლური ძალების მიერ ქართულ პოლიტიკაზე გავლენისთვის. ლანკასტერი ამავე პოსტში აცხადებს, რომ უფროს თაობასთან საუბრისას მათში სკეპტიციზმი ამოიკითხა და პროტესტს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუჭირა მხარი.

 

“ნანამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნეიტრალური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას მისი მცირე ზომისა და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით. მან გააკრიტიკა ის, რასაც მან უწოდა "ლიბერალური ფაშიზმი", რომელიც წარმოიშვა დასავლეთიდან, რომელიც, მისი აზრით, აიძულებს საქართველოზე უარი თქვას ტრადიციებსა და ღირებულებებზე დასავლური იდეოლოგიური ჩარჩოს სასარგებლოდ.”

 

მათ ასევე ისაუბრეს ორმაგ სტანდარტებსა და სუვერენიტეტზე. კაკაბაძემ ასევე აღნიშნა, თუ რას ხედავს, როგორც აშკარა ორმაგ სტანდარტებს დასავლურ პოლიტიკაში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს ისეთი კანონები, როგორიცაა უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), რომელიც არეგულირებს უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ ორგანიზაციებს, საქართველოს მცდელობას, განახორციელოს მსგავსი კანონი, დასავლელი კრიტიკოსები რუსეთის მიერ შთაგონებულს უწოდებდნენ. იგი ამტკიცებდა, რომ ეს კანონები კრიტიკულია სუვერენიტეტისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

შეჯამება

საბოლოო ჯამში, ლანკასტერი მორიგი რუსი პროპაგანდისტია, რომელსაც კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის მიუხედავად საქართველოში თავისუფლად შემოსვლის, გადაადგილების და მუშაობის საშუალება ეძლევა. ეს იმ დროს, როდესაც უკვე უამრავი დადასტურებული ფაქტია, როცა ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები საზღვრიდან დაუსაბუთებელი მოტივით გააბრუნეს უკან და შემოსვლაზე უარი უთხრეს. ლანკასტერის მსგავსი პროპაგანდისტები 2024 წლის ნოემბრის აქციების პერიოდში უკვე რამდენიმე გამოვლინდა. მათი ხელწერა მსგავსია: კრემლისტური მესიჯების და “ქართული ოცნების” ნარატივების გამოეორება, პროტესტის გაშავება, ძირითადად ისეთ ხალხთან საუბარი, რომლებიც მათ ნარატივებს გაიმეორებენ. ამით კრემლი და რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი რუსეთში (და ლანკასტერის შემთხვევაში დასავლეთშიც, რადგან იგი ინგლისურენოვანია) და კიდევ უფრო დააზიანონ საქართველოს მედეგობა ფართომასშტაბიან ჰიბრიდულ ომში.

 

 

 

[i]https://tvzvezda.ru/news/201708051546-kz2q.htm

[ii]https://zaborona.com/en/from-the-lancaster-family-the-story-of-an-american-reporter-who-settled-in-the-dnr-was-a-friend-of-givi-and-uses-morgue-bodies-for-fake-news/

[iii]https://www.bellingcat.com/news/2022/02/28/exploiting-cadavers-and-faked-ieds-experts-debunk-staged-pre-war-provocation-in-the-donbas/

[iv]https://www.youtube.com/watch?v=LVolZ8rFcwo

[v]https://www.youtube.com/@PatrickLancasterNewsToday/videos

[vi]https://www.youtube.com/watch?v=KnnSnbVnxZI

[vii]https://youtu.be/fmelNbGk-zs?si=w0xe1urQ6IQikc6E

 

[viii]https://www.youtube.com/watch?v=5Y2Nb-VVl44

[ix]https://mythdetector.com/ka/zhurnalisti-demonstrantebi-aqtsiidan-agdeben/

[x]https://www.youtube.com/watch?v=kMmKcWmuoOk

[xi]https://www.youtube.com/channel/UCbjTWVaRx6jMN5ZYgbqe2_w/community?lb=Ugkxuea_XxLVfpze8_mtv4_4RM0MoUNklmpE

[xii]https://www.youtube.com/watch?v=j1ruWxfJBOs

[xiii]https://t.me/patricklancasternewstoday

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024