ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ანალიზი 24 ივლისი 2026

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ისტორიული რევიზიონიზმის, მეხსიერების პოლიტიკისა და დეზინფორმაციული ზემოქმედების ურთიერთკავშირი საქართველოს კონტექსტში. კვლევის ძირითადი მიგნებაა, რომ რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო სტრატეგია მხოლოდ ცალკეული ცრუ ნარატივების გავრცელებას არ ემყარება: იგი ცდილობს თავად იმ ინტერპრეტაციული ჩარჩოების შეცვლას, რომლებითაც საზოგადოება აფასებს სუვერენიტეტს, ოკუპაციას, დასავლურ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ისტორიული მეხსიერების დაცვა, არქივების ღიაობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლება სცდება საზოგადოების ზოგადი კულტურული პოლიტიკის ფარგლებს და ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიული მედეგობისა და „გონებრივი დეოკუპაციის“ საფუძვლად იქცევა.

 

შესავალი

 

რუსეთის თანამედროვე დეზინფორმაციული სისტემა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ყალბი ნარატივების, ტროლების ან ცალკეული პროპაგანდისტული კამპანიების ერთობლიობად. ის წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, რომელიც აერთიანებს დაზვერვას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, კიბეროპერაციებს, სახელმწიფო მედიას, პროქსი-აქტორებსა და მათ შორის ისტორიულ ნარატივებს. ამ სისტემაში ისტორია განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებს: შერჩევითად დამუშავებული წარსული რუსეთის რეჟიმს აძლევს ენას, რომლითაც აგრესია თავდაცვად, იმპერიული კონტროლი „ისტორიული ერთიანობის“ აღდგენად, ხოლო მეზობელი ქვეყნების სუვერენული არჩევანი გარე ძალების მიერ ინსპირირებულ ჩარევად წარმოჩნდება [1; 6].

 

საქართველოსთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსია, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია, სტალინური ტერორი, 1990-იანი წლების კონფლიქტები, 2008 წლის ომი და მიმდინარე ოკუპაცია ქმნის ისტორიულ გამოცდილებას, რომლის ინტერპრეტაციაც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის დღევანდელ საგარეო და შიდა პოლიტიკურ არჩევანს. კრემლი საკუთარი ნარატივების დამკვიდრებით ცდილობს რუსეთის პასუხისმგებლობის გაუფასურებას და საქართველოს ევროპული კურსის წარმოჩენას არა როგორც მოქალაქეთა სუვერენულ გადაწყვეტილებად, არამედ მშვიდობის, ტრადიციისა და იდენტობისთვის საფრთხის შემცველ უცხოურ პროექტად.

 

მსგავსი ზეგავლენა ყველაზე ეფექტიანი მაშინ არის, როდესაც გზავნილი პირდაპირ მოსკოვიდან არ მოდის. ის შეიძლება ხელისუფლების, ადგილობრივი პოლიტიკოსის, მედიის, სასულიერო პირის, „ექსპერტის“, ანონიმური გვერდის ან საზოგადოებრივად ნაცნობი სიმბოლოს ენით გავრცელდეს. ასეთ შემთხვევაში გარედან ჩამოყალიბებული ინტერპრეტაცია ადგილობრივ „საღ აზრად“, კონსერვატიულ ღირებულებად ან ალტერნატიულ ანალიზად გამოიყურება. ამიტომ რუსეთის გავლენის შეფასება მხოლოდ ორგანიზაციული კავშირის ძიებით არასაკმარისია: მნიშვნელოვანია ნარატივის სტრატეგიული ფუნქცია და ის შედეგი, რომელსაც იგი საქართველოში ქმნის.

 

1. ისტორია, დეზინფორმაცია და მეხსიერების პოლიტიკა: ანალიტიკური ჩარჩო

 

დეზინფორმაცია მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განზრახ გავრცელებას გულისხმობს, თუმცა თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციები ხშირად სრულად გამოგონილ ფაქტებს არ საჭიროებს. რეალური მოვლენა შეიძლება ამოიღონ კონტექსტიდან, პასუხისმგებლობის ჯაჭვი შეკვეცონ, დოკუმენტები შერჩევითად გამოაქვეყნონ, განსხვავებული ეპოქები ერთმანეთთან ანაქრონისტულად დააკავშირონ და აუდიტორიას წინასწარ განსაზღვრული დასკვნა შესთავაზონ. ამდენად, ისტორიული დეზინფორმაცია ხშირად არა ფაქტის მარტივი უარყოფა, არამედ ფაქტების ისეთი გადაწყობაა, რომელიც აგრესორს მსხვერპლად, ოკუპაციას ნებაყოფლობით ინტეგრაციად, წინააღმდეგობას კი პროვოკაციად წარმოაჩენს [1].

 

რუსული პროპაგანდის მოდელის აღწერისთვის ხშირად გამოიყენება RAND Corporation-ის „სიცრუის ნიაღვრის“ ("The Firehose of Falsehood") კონცეფცია: შეტყობინებების დიდი მოცულობა, მრავალი არხის ერთდროული გამოყენება, სწრაფი გამეორება, ფაქტობრივი სიზუსტისადმი გულგრილობა და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების პარალელური მიწოდება [2]. პროპაგანდის ასეთი სტრატეგიის მიზანი ერთი კონკრეტული ტყუილის გავრცელება არ არის. ხშირად საკმარისია მოქალაქემ იფიქროს, რომ სიმართლის დადგენა შეუძლებელია, ყველა მხარე თანაბრად მანიპულირებს და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მსჯელობას აზრი აღარ აქვს. ასეთ გარემოში ავტორიტარული აქტორი საკუთარ ვერსიას „ერთ-ერთ შესაძლო სიმართლედ“ ამკვიდრებს.

 

ამ მოდელს საბჭოთა „აქტიური ღონისძიებების“ მემკვიდრეობა უდევს საფუძვლად. საბჭოთა სპეცსამსახურები იყენებდნენ ყალბ დოკუმენტებს, შეთქმულების თეორიებს, უცხოური პოლიტიკური მოძრაობების ფარულ მხარდაჭერას და საზოგადოებებში არსებული დაპირისპირებათა გაღრმავებას. პუტინის ეპოქაში იგივე ლოგიკა ინტერნეტს, სოციალურ ქსელებსა და ალგორითმულ გავრცელებას მოერგო. რუსეთის ოფიციალური პროპაგანდისტული მედია არხის Russia Today-ის ორგანიზაციული კულტურის კვლევაც აჩვენებს, რომ პროპაგანდის წარმატება ყოველთვის ერთიანი იდეოლოგიური ხაზის დაცვას არ მოითხოვს; საკმარისია სხვადასხვა აუდიტორიისთვის ისეთი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილების მიწოდება, რომლებიც უნდობლობასა და პოლიტიკურ ქაოსს აძლიერებს [3].

 

ისტორიული დეზინფორმაციის კონტექსტშიც მეხსიერების პოლიტიკა ამ პროცესის უფრო ღრმა ფენაა. იგი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ არჩევს სახელმწიფო ან საზოგადოება მოვლენებს, ვის ანიჭებს გმირის ან მსხვერპლის სტატუსს, რას მალავს, ან რას ასწავლის სკოლაში. დემოკრატიულ გარემოში ისტორიული მეხსიერება პლურალისტური კვლევისა და დებატის საგანია. ავტორიტარულ რეჟიმში კი წარსული ოფიციალურ მითოლოგიად გარდაიქმნება: წარსულით ხელისუფლება არა მხოლოდ საკუთარ მიმდინარე პოლიტიკას ამართლებს, არამედ ისტორიული ჭეშმარიტების საზღვრებსაც თვითონ ადგენს.

 

2. რუსეთის მეხსიერების პოლიტიკა

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას აღარ ჰქონდა მარქსიზმ-ლენინიზმის მსგავსი უნივერსალური იდეოლოგია. მის ნაცვლად, თანდათან, ჩამოყალიბდა ეკლექტური მსოფლმხედველობა, რომელიც აერთიანებს იმპერიულ სახელმწიფოებრიობას, მართლმადიდებლურ კონსერვატიზმს, საბჭოთა სამხედრო ძლიერების ნოსტალგიასა და რუსეთის, როგორც დასავლეთის მიერ მუდმივად ალყაშემორტყმული ცივილიზაციის, წარმოდგენას. ამ სისტემის ცენტრალურ საყრდენად იქცა „დიდი სამამულო ომის“ ნარატივი: სადაც ნაციზმზე გამარჯვება წარმოდგენილია არა მხოლოდ ისტორიულ მიღწევად, არამედ თანამედროვე რუსეთის განსაკუთრებული მორალური სტატუსის წყაროდ.

 

გამარჯვების საკრალიზაცია რეჟიმს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი საბჭოთა გამარჯვების კანონიერ მემკვიდრედ წარმოაჩინოს, ხოლო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები „ფაშიზმთან“, „ნაციზმთან“, ან ისტორიულ ღალატთან დააკავშიროს. ამ სურათიდან ქრება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია, კატინის დანაშაული, დეპორტაციები, სტალინური რეპრესიები და ომის დასაწყისში საბჭოთა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. კომპლექსური ისტორიის ნაცვლად იქმნება მორალურად გაყოფილი სამყარო: რუსეთი ყოველთვის განმათავისუფლებელია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე — ნაციზმის მემკვიდრე ან ისტორიული სიმართლის გამყალბებელი.

 

სახელმწიფოებრივი მეხსიერების ეს მოდელი სამართლებრივადაც მყარდება. რუსეთის „მეხსიერების კანონები“ რეჟიმს ანიჭებს შესაძლებლობას, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა ქმედებების კრიტიკული შეფასება ეროვნული ღირსების, პატრიოტიზმის, ან უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩინოს.

 

მეხსიერების კრემლისტური პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით მკაფიოდ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისას გამოვლინდა. უკრაინელებისა და რუსების „ერთ ხალხად“ გამოცხადება, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელოვნურ პროექტად წარმოჩენა და „დენაციფიკაციის“ მოთხოვნა ის ძირითადი ისტორიული ნარატივებია, რომლებსაც დაეყრდნო პუტინის რეჟიმი ომის გამართლების საერთაშორისო, თუ შიდა საინფორმაციო კამპანიაში.

 

ევროპარლამენტის 2025 წლის 23 იანვრის რეზოლუციამ რუსეთის მიერ ისტორიის ფალსიფიკაცია სწორედ აგრესიული ომისა და იმპერიული პოლიტიკის ინსტრუმენტად შეაფასა. თუმცა, რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ ომს არ განიხილავს იზოლირებულ მოვლენად და მას რუსეთის უფრო ფართო იმპერიულ პრაქტიკას უკავშირებს, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიაც შედის [6]. ევროპის საბჭოს ისტორიის სწავლების ობსერვატორიაც ხაზს უსვამს, რომ ისტორიის მანიპულაცია განათლების პოლიტიკას, საზოგადოებრივ მეხსიერებასა და დემოკრატიულ მდგრადობას პირდაპირ ეხება [7].

 

3. არქივები, საზოგადოება „მემორიალი“ და მეხსიერების წინააღმდეგ ბრძოლა

 

ისტორიის ინსტრუმენტალიზაციისა და მისი რევიზიონიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ცალკეული მითების უარყოფით ვერ შემოიფარგლება. საჭიროა მეხსიერების დემოკრატიული ინფრასტრუქტურა: ღია არქივები, აკადემიური თავისუფლება, თანამედროვე ისტორიული განათლება, მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა და საარქივო დოკუმენტებისა და მასალების ხელმისაწვდომობა. რადგან არქივი მხოლოდ ისტორიკოსის სამუშაო სივრცე არ არის; ის არის მტკიცებულებათა ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას შეუძლია ძალადობრივი წარსულის კვლევა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ნარატივების დოკუმენტურ მასალასთან შედარება და გადაფასება.

 

პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში არქივებზე კონტროლს რამდენიმე სტრატეგიული ფუნქცია აქვს. პირველ რიგში, დახურული ფონდები ქმნის მტკიცებულებით ვაკუუმს. როდესაც ტერორის, დახვრეტების, დეპორტაციების, აგენტურული ზედამხედველობისა და პარტიული გადაწყვეტილებების დოკუმენტები ხელმიუწვდომელია, საბჭოთა წარსულის ერთგანზომილებიანი წარმოდგენა უფრო მარტივად მყარდება. მეორე მხრივ, ღია არქივები არღვევს „მეხსიერებას ძალადობის გარეშე“ — ნოსტალგიურ სურათს, რომელშიც უფასო განათლება რეპრესიების გარეშე, დასაქმება ცენზურის გარეშე, წესრიგი შიშის გარეშე და გამარჯვება ოკუპაციის გარეშე არსებობს.

 

არქივები ასევე ხილულს ხდის ადგილობრივი რეპრესიული აპარატის მუშაობას. საბჭოთა სისტემა მხოლოდ მოსკოვიდან არ იმართებოდა; იგი ეყრდნობოდა რესპუბლიკურ ელიტებს, პარტიულ ფუნქციონერებს, უშიშროების თანამშრომლებს, აგენტ-ინფორმატორებსა და კარიერულ ქსელებს. ამიტომ არქივებზე წვდომის შეზღუდვა ხშირად იცავს არა მხოლოდ დასრულებულ რეჟიმს, არამედ მის სოციალურ და სიმბოლურ მემკვიდრეობასაც. საზოგადოება, რომელმაც არ იცის, როგორ მუშაობდა ადგილობრივი კოლაბორაცია და როგორ გადარჩა ძალაუფლების ქსელები პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესში, უფრო მოწყვლადია ძველი ავტორიტარული მეთოდების ახალი სახით დაბრუნების მიმართ.

 

ამ თვალსაზრისით სიმბოლურია რუსეთის ხელისუფლების ბრძოლა არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ წინააღმდეგ. 1987 წელს შექმნილი ორგანიზაცია სტალინური ტერორის მსხვერპლებს, გულაგის ისტორიას, დახვრეტის სიებსა და დეპორტაციების დოკუმენტებს აგროვებდა, მოგვიანებით კი თანამედროვე პოლიტპატიმრებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებსაც იკვლევდა. „მემორიალი“ პუტინის მეხსიერების პოლიტიკისთვის სახიფათო იყო, რადგან ეს ორგანიზაცია კონკრეტული საარქივო დოკუმენტებით აჩვენებდა კავშირს ტოტალიტარულ წარსულსა და თანამედროვე სახელმწიფოებრივ ძალადობას შორის. მისი ლიკვიდაცია და შემდგომი დევნა სახელმწიფოს ისტორიაზე მონოპოლიის აღდგენის მცდელობად უნდა განვიხილოთ.

 

სწორედ ამიტომ არქივების დახურვა წარსულის „დაცვა“ კი არა, აწმყოს კონტროლია. მოქალაქე, რომელსაც დოკუმენტურად ესმის ტოტალიტარული გამოცდილება, უფრო ადვილად ამოიცნობს მტრის ხატის შექმნას, კრიტიკის კრიმინალიზაციას, მედიის ცენზურას, საზოადოებაში „უცხოელი აგენტების“ ნარატივის დამკვიდრების მიზანს და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას.

 

4. საქართველო: დაპირისპირებული მეხსიერებები და იმპერიული ნარატივების ლოკალიზაცია

 

დამოუკიდებელ საქართველოში ისტორიული მეხსიერება ქვეყნის გეოპოლიტიკური იდენტობის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი სივრცეა. ერთი მოდელი საქართველოს ისტორიას რუსეთის იმპერიული და საბჭოთა ბატონობისგან გათავისუფლების პროცესად ხედავს: 1801 წლის ანექსია, 1921 წლის ოკუპაცია, პოლიტიკური რეპრესიები, ეროვნული წინააღმდეგობა და დამოუკიდებლობის აღდგენა ერთი ანტი-კოლონიური ისტორიული ხაზის ნაწილია. ამ მოდელში, ევროპული ინტეგრაცია არა გეოპოლიტიკური ამოჩემება, არამედ სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ისტორიული გაგრძელებაა.

 

მეორე მოდელი, რუსეთთან ურთიერთობას პატერნალისტური, ან ნოსტალგიური პერსპექტივით უყურებს. ამ მოდელის მიხედვით, რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და კულტურულ აღიარებას უზრუნველყოფდა, ხოლო კონფლიქტები ქართველი ლიდერების „არაგონივრული“ ან „პროვოკაციული“ ნაბიჯების შედეგი იყო. ნუცა ბათიაშვილის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის ეს დაპირისპირება უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ დავას ეროვნული იდენტობის, პოლიტიკური ელიტებისა და რუსეთისადმი დამოკიდებულების შესახებ [10].

 

რუსული და პრორუსული პროპაგანდა სწორედ არსებულ წინააღმდეგობებს იყენებს. საბჭოთა ეპოქა საქართველოში ერთდროულად უკავშირდება მასობრივ რეპრესიებს, ეკლესიის დევნას, ინტელიგენციის განადგურებასა და პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას, მაგრამ ასევე ურბანიზაციის, განათლების, სოციალური სტაბილურობისა და ინდუსტრიული განვითარების მოგონებებს. ნოსტალგია თავისთავად არ უდრის „პრორუსულ“ პოლიტიკას, თუმცა შერჩევითი მეხსიერება — როდესაც სოციალური კეთილდღეობა ძალადობრივი სისტემისგან განცალკევებით მოიხსენიება — ავტორიტარული წესრიგის გასამართლებლად ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.

 

შესაბამისად საქართველოში ლოკალიზებული პროპაგანდის მნიშვნელოვანი თვისება ისტორიის  „გათეთრებაა“. რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ აქტორს შეიძლება პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებთან და რუსეთის სამხედრო აგრესიასაც აკრიტიკებდეს, მაგრამ იმეორებდეს კრემლის საკვანძო ნარატივებს: დასავლეთი ომს გეგმავს; ევროკავშირი ტრადიციებსა და მართლმადიდებლობას ემუქრება; არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ძალის აგენტები არიან; დემოკრატიული პროტესტი გარედან მართული გადატრიალებაა; რუსეთის კრიტიკა კი ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლობაა. ამ ნარატივების სტრატეგიული შედეგი საქართველოსა და დასავლეთს შორის ნდობის შემცირება და რუსეთის მიმართ მუდმივი თვითშეზღუდვის „პრაგმატიზმად“ დამკვიდრებაა. [6]

 

 5. რუსული ისტორიული პროპაგანდა: 1801, 1921 და სტალინის მემკვიდრეობა

  

წინა თავში განხილული ზოგადი მექანიზმები თვალსაჩინო ფორმას იძენს კონკრეტულ ისტორიულ ნარატივებში. საქართველოში რუსეთის იმპერიული ნარატივების ლოკალიზაცია და ისტორიული მეხსიერების ორი შეპირისპირებული მოდელი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს იმ მოვლენების ინტერპრეტაციაში, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და საბჭოთა მემკვიდრეობას უკავშირდება. ამიტომ ეს თავი ყურადღებას ამახვილებს 1801 და 1921 წლების სახელდებასა და სტალინის ფიგურაზე — სამ საკვანძო თემაზე, რომელთა გადამუშავებითაც საზოგადოებრივ აღქმაში ძალადობრივი დაქვემდებარება ნებაყოფლობით არჩევანად, ხოლო ტერორი სახელმწიფოებრივი ძლიერების წყაროდ წარმოჩნდება.

 

რუსული იმპერიული ნარატივის მიხედვით, საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ნებაყოფლობითი „შეერთება“ იყო, რომელმაც ქვეყანა ტრადიციული რეგიონული მტრებისგან იხსნა. ამ სურათში ქრება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, ბაგრატიონთა დინასტიის ჩამოშორება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩახშობა და რუსიფიკაციის პროცესი. ტერმინი „შეერთება“ პოლიტიკურ ძალადობას ტექნიკურ ადმინისტრაციულ ცვლილებად აქცევს და იმპერიის მიერ სუვერენული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განადგურებას ნებაყოფლობით არჩევანად წარმოაჩენს [18].

 

მსგავსი საინფორმაციო ბრძოლა მიმდინარეობს 1921 წლის მოვლენების სახელდებაზეც. „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება“ ან „გასაბჭოება“, შესაძლოა, ნეიტრალურ შიდა პროცესად ჟღერდეს, მაშინ, როდესაც „ოკუპაცია“ ხაზს უსვამს წითელი არმიის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობასა და დამოუკიდებლობის ძალადობრივ გაუქმებას. ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური დავა არ არის: სახელდება განსაზღვრავს აგრესორისა და მსხვერპლის როლებს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას და იმასაც, აღიქმება თუ არა თანამედროვე ოკუპაცია ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებად.

 

საქართველოს ისტორიული მეხსიერების კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი სიმბოლო იოსებ სტალინის ფიგურაა. რუსეთის სახელმწიფოებრივი პროპაგანდა მას ძლიერ მმართველად, ინდუსტრიალიზაციის არქიტექტორად და ნაციზმზე გამარჯვების მთავარ ორგანიზატორად რეაბილიტირებს, ხოლო პასუხისმგებლობას მასობრივ ტერორზე, დეპორტაციებსა და მილიონობით ადამიანის დაპატიმრებასა და სიკვდილზე ამცირებს ან „აუცილებელ ფასად“ წარმოაჩენს. საქართველოში სტალინის ეთნიკური წარმომავლობა ამ მითს დამატებით ეროვნულ ემოციას სძენს: „ქართველმა, რომელმაც მსოფლიო იმპერია მართა“, შეიძლება ადგილობრივი სიამაყის ობიექტად იქცეს.

 

ამგვარი ჰეროიზაცია ისტორიულ პარადოქსს ფარავს: სტალინის მიერ შექმნილი სისტემა საქართველოს ეროვნულ მოძრაობას, ეკლესიას, კულტურულ ელიტასა და ათასობით მოქალაქეს მასობრივი ტერორით გაუსწორდა. CRRC-ის 2012 წლის კვლევაში რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერთდროულად აღიარებდა სტალინის პასუხისმგებლობას მილიონობით ადამიანის სიკვდილზე და მას ბრძენ, ძლიერ ლიდერად მიიჩნევდა [11]. აღქმის ეს წინააღმდეგობა აჩვენებს, რომ ფაქტობრივი ცოდნა ავტორიტარული ძლიერების მითს ავტომატურად ვერ ანეიტრალებს. საჭიროა მორალური და ინსტიტუციური გააზრებაც: რა ფასი აქვს „ძლიერ სახელმწიფოს“, თუ იგი მოქალაქის სიცოცხლესა და თავისუფლებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს?

 

სამწუხაროდ, საქართველოს მიერ საბჭოთა წარსულის ინსტიტუციური გააზრება დღემდე ფრაგმენტული დარჩა. გარდამავალი მართლმსაჯულება, არქივების ღიაობა, განათლება, რეპრესიის მსხვერპლთა პატივისცემა ერთიან სახელმწიფო პოლიტიკად სრულად ვერ ჩამოყალიბდა [9]. შედეგად, დოკუმენტურ ცოდნას ხშირად ოჯახური მოგონება, პოლიტიკური რიტორიკა, ან საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიური კულტურული ხატი ენაცვლება. ეს ქმნის სივრცეს, სადაც განსხვავება ოკუპაციასა და „მოდერნიზაციას“, რეპრესიასა და „წესრიგს“, სახელმწიფოს მიერ ძალადობასა და ეროვნული წარმატების მითს შორის იშლება.

 

 6. 2008 წლის ომი და ისტორიული პასუხისმგებლობის გადამუშავება

 

თუ 1801 და 1921 წლების „ისტორიის გადამუშავება“ რუსეთის იმპერიული ექსპანსიის ისტორიულ წინამძღვრებს ფარავს, 2008 წლის ომის ინტერპრეტაცია იმავე მექანიზმს უახლეს ისტორიაში აგრძელებს. ამ შემთხვევაში ისტორიული რევიზიონიზმი უშუალოდ ერწყმის თანამედროვე უსაფრთხოების დისკურსს: მოვლენათა ქრონოლოგიის შეკვეცა, კონტექსტის ამოშლა და პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადატანა გამოიყენება როგორც რუსეთის სამხედრო ჩარევის გასამართლებლად, ისე საქართველოში აზრის თვითშეზღუდვის დასამკვიდრებლად.

 

2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის დეზინფორმაციისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საცდელ სივრცედ იქცა. ოფიციალური რუსული ნარატივი ომს საქართველოს მიერ მოულოდნელად დაწყებულ თავდასხმად წარმოაჩენდა, რომელსაც მოსკოვმა საკუთარი მოქალაქეებისა და სამშვიდობოების დასაცავად უპასუხა. ფართოდ გამოიყენებოდა „გენოციდის“, „ჰუმანიტარული ინტერვენციისა“ და „მშვიდობის იძულების“ ტერმინები. ამ ჩარჩოს მთავარი მანიპულაციური ხერხი ომის ისტორიის მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამით დაწყებულად წარმოჩენაა, რაც მრავალწლიან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩარევას, სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერასა და რუსეთის პასპორტების მასობრივ დარიგებას უხილავს ხდის. ეს დეზინფორმაციული ტექნიკა სწორედ კომპლექსური დასკვნის მხოლოდ ერთი ნაწილის ამოღებასა და რუსეთისთვის საჭირო კონტექსტის შესაქმნელად გამოიყენება.

 

რუსეთისთვის ისტორიული ნარატივის ასეთი ინტერპრეტაცია სტრატეგიულ ამცანას, რომ წარმოადგენდა მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მისი გაჟღერება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დონეზე მოხდა. კერძოდ, 2008 და 2019 წლებში საქართველოს ისტორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში, პუტინი ავითარებდა თეზისებს, თითქოს საქართველო რუსეთს ნებაყოფლობით შეუერთდა, აფხაზეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით შევიდა იმპერიაში, ხოლო ცხინვალის რეგიონის საქართველოს ადმინისტრაციულ სივრცეში მოქცევა ხელოვნური იყო.

 

ამ ნარატივის შიდა პოლიტიკური ეფექტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო. იგი საქართველოში ამკვიდრებს ფატალიზმს: დასავლური კურსი თითქოს ავტომატურად იწვევს ომს, რუსეთთან წინააღმდეგობა უიმედოა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა საქართველოს საკუთარი შეცდომების შედეგია. ამით პასუხისმგებლობის ცენტრი აგრესორიდან მსხვერპლზე გადადის და უსაფრთხოების მთავარ პრინციპად არა სუვერენიტეტის დაცვა, არამედ რუსეთის „არ გაღიზიანება“ ყალიბდება.

 

7. 2022 წლის შემდეგ: უკრაინის ომის და საქართველოს ისტორიული მეხსიერების გადამუშავება

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლის ისტორიული პროპაგანდა საქართველოს კონტექსტში ახალი შინაარსით გააქტიურდა. თუ რუსეთის მეხსიერების პოლიტიკა წარსულში 1801 წლის ანექსიის „ნებაყოფლობით შეერთებად“, 1921 წლის ოკუპაციას „გასაბჭოებად“, ხოლო 2008 წლის ომის ქართული მხარის მიერ პროვოცირებულ კონფლიქტად წარმოჩენას ემსახურებოდა, 2022 წლის შემდეგ ამ ისტორიულ ჩარჩოებს უკრაინის ომის ინტერპრეტაციაც დაემატა. ამ გზით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია არა იზოლირებულ მოვლენად, არამედ იმავე ნარატიული სისტემის ნაწილად იქცა, რომელიც უარყოფს რუსეთის პასუხისმგებლობას სამხედრო აგრესიის დაწყებაზე, მსხვერპლი სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს პროვოკაციად წარმოაჩენს და დასავლეთთან თანამშრომლობას ომის გამომწვევ მიზეზად ასახელებს.

 

კრემლის მიერ გავრცელებული გზავნილების მიხედვით, უკრაინა დასავლეთმა წააქეზა, NATO-მ რუსეთს ომი „აიძულა“, ხოლო დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინა საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და საბოლოოდ გაწირეს. ამ ვერსიის ქართული ადაპტაცია საქართველოს ისტორიული გამოცდილების ხელახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს: 2008 წლის ომი აღარ უნდა აღიქმებოდეს რუსეთის ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკისა და სამხედრო ჩარევის შედეგად; იგი წარმოდგენილია მაგალითად იმისა, თუ რა ემართება მცირე სახელმწიფოს, როდესაც იგი დასავლეთს ზედმეტად ენდობა და რუსეთის ინტერესებს სათანადოდ არ ითვალისწინებს. ამგვარად, საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში აგრესიის მთავარი გაკვეთილი იცვლება: რუსეთისგან მომავალი საფრთხის გაცნობიერებას ანაცვლებს წარმოდგენა, რომ საფრთხის ძირითადი წყარო პრო-დასავლური ორიენტაცია, რუსეთის წინააღმდეგობა და დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური არჩევანია.

 

მეხსიერების ასეთი გადამუშავება უშუალოდ აგრძელებს წინა თავში განხილულ პასუხისმგებლობის გადატანის პრაქტიკას. 2008 წლის ომის ტრავმა გამოიყენება არა რუსეთის პოლიტიკის კრიტიკული შეფასებისთვის, არამედ ფატალიზმის დასამკვიდრებლად: რუსეთთან დაპირისპირება ყოველთვის კატასტროფით სრულდება, დასავლეთის მხარდაჭერა არასაიმედოა, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის „არ გაღიზიანებით“ შეიძლება შენარჩუნდეს. ისტორიული გამოცდილება ამ შემთხვევაში აღარ ასრულებს საზოგადოებისთვის საფრთხის ამოცნობისა და აგრესიის მიზეზების გააზრების ფუნქციას; იგი შიშზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, რომელიც მოქალაქეებს სუვერენული არჩევანისგან თავის შეკავებასა და ძალაუფლების ასიმეტრიის მიღებას ასწავლის.

 

„მეორე ფრონტის“ ნარატივმა ისტორიული მეხსიერების ინსტრუმენტალიზაციის ეს ლოგიკა ყველაზე მკაფიო ფორმით ჩამოაყალიბა. მისი მიხედვით, დასავლეთი და უკრაინა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას აიძულებენ, ხოლო ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო კრიტიკა ამ გეგმაზე უარის შედეგია. ნარატივის დამაჯერებლობა სწორედ საქართველოს რეალურ სამხედრო ტრავმას — 2008 წლის ომს, ოკუპაციასა და შესაძლო ახალი კონფლიქტის შიშს — ეფუძნება. შედეგად, მშვიდობის ბუნებრივი სურვილი პოლიტიკური ზემოქმედების რესურსად გარდაიქმნება: დემოკრატიის, არჩევნების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების ან საგარეო პოლიტიკის შესახებ ნებისმიერი კრიტიკა არა ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების ნაწილად, არამედ ომის პროვოცირების მცდელობად ცხადდება. [14]

 

ამავე ჩარჩოს უკავშირდება „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორია, რომელიც ბუნდოვან და ყოვლისშემძლე დასავლურ ელიტას საერთაშორისო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიისა და ცალკეული სახელმწიფოების ერთიან მმართველად წარმოაჩენს. აღნიშნული ნარატივი მეხსიერების პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარსულისა და აწმყოს მოვლენებს ერთ შეთქმულებით სქემაში აერთიანებს: ფერადი რევოლუციები, 2008 წლის ომი, უკრაინის წინააღმდეგ ომი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ხელისუფლების მიმართ დასავლური კრიტიკა ერთი და იმავე ფარული გეგმის ნაწილებად ცხადდება.

 

ამგვარი ინტერპრეტაციები რუსეთის როლს საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში თანდათან მეორეხარისხოვანს ხდის. რუსეთი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ შეზღუდა, ქვეყანა დაიპყრო, მის ტერიტორიებზე სამხედრო კონტროლი დაამყარა და ოკუპაცია დღემდე განაგრძო, აღარ წარმოჩნდება ისტორიული საფრთხის მთავარ წყაროდ. ამის ნაცვლად, დასავლეთი, ევროკავშირი, NATO და ადგილობრივი დემოკრატიული აქტორები საქართველოს სუვერენიტეტისთვის არანაკლებ ან უფრო დიდ საფრთხედ გამოისახებიან. შედეგად, აგრესორსა და პარტნიორს, სამხედრო ოკუპაციასა და პოლიტიკურ კრიტიკას, ძალადობრივ იძულებასა და დემოკრატიულ განვითარებას შორის განსხვავება იშლება.

 

შესაბამისად, 2022 წლის შემდეგ საქართველოში გავრცელებული უკრაინის ომის ნარატივები მხოლოდ მიმდინარე მოვლენების დეზინფორმაციულ ინტერპრეტაციას არ წარმოადგენს. ისინი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია, რომელიც 1921 და 2008 წლების ისტორიულ გამოცდილებას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს, რუსეთის პასუხისმგებლობას ამცირებს და დასავლურ ინტეგრაციას უსაფრთხოების გარანტიიდან ეროვნული საფრთხის წყაროდ გარდაქმნის. ამ პროცესის საბოლოო მიზანი საზოგადოების დარწმუნება არ არის, რომ რუსეთი აუცილებლად მეგობრული სახელმწიფოა; საკმარისია დამკვიდრდეს რწმენა, რომ წინააღმდეგობას შედეგი არ ექნება, დასავლეთი საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ხოლო მშვიდობის ერთადერთი გზა სუვერენული არჩევანის შეზღუდვა და რუსეთის პოლიტიკური მოთხოვნების წინასწარ გათვალისწინებაა.

 

8. სტრატეგიული შედეგები საქართველოსთვის

 

წინა თავებში განხილული ისტორიული ნარატივები მხოლოდ წარსულის ინტერპრეტაციისთვის გამართული ბრძოლა არ არის. როდესაც ეს ნარატივები მედიაში, განათლებაში, პოლიტიკურ რიტორიკასა და საზოგადოებრივ მეხსიერებაში მყარდება, ისინი საზოგადოების მიერ აწმყოს შეფასებაზეც უშუალოდ ზემოქმედებს: ცვლის საფრთხის წყაროს აღქმას, განსაზღვრავს სუვერენიტეტის დასაშვებ საზღვრებს და დემოკრატიული არჩევანის ფასს ომისა და არასტაბილურობის შიშს უკავშირებს. შესაბამისად, რუსული და პრორუსული აქტორების მიერ ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის გავლენა უნდა შეფასდეს იმ კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი შედეგებით, რომლებსაც იგი საქართველოს უსაფრთხოების, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისათვის წარმოშობს.

 

ისტორიული მოვლენების ასეთი აღქმის ჩამოყალიბების პირველი სტრატეგიული შედეგი რუსეთის პასუხისმგებლობის რელატივიზაციაა. თუ 1801 წლის ანექსია ნებაყოფლობით „შეერთებად“, 1921 წლის ოკუპაცია „გასაბჭოებად“, ხოლო 2008 წლის ომი მხოლოდ ქართული ხელისუფლების შეცდომად აღიქმება, თანამედროვე რუსული სამხედრო ყოფნა ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებად აღარ ჩანს. ამ პირობებში ოკუპაცია დროებით ან ტექნიკურ პრობლემად, ხოლო რუსეთისადმი პოლიტიკური თვითშეზღუდვა გეოპოლიტიკურ რეალიზმად წარმოჩნდება.

 

მეორე შედეგი დასავლური ინტეგრაციის საფრთხედ წარმოჩენაა. საქართველოს ევროპული არჩევანი აღარ განიხილება სუვერენიტეტის, წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საშუალებად; იგი ახალი ომის გამომწვევ ფაქტორად მოიაზრება. ამ ჩარჩოში ფორმალური „ნეიტრალიტეტი“ სინამდვილეში ასიმეტრიული დამოკიდებულების შენარჩუნებას ნიშნავს, რადგან საქართველო ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ძლიერი მეზობლის მოსალოდნელი რეაქციის შიშის გარეშე.

 

მესამე შედეგია დემოკრატიული ინსტიტუტების დელეგიტიმაცია. როდესაც ოპოზიციური მოძრაობები, დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და საერთაშორისო პარტნიორები ერთიანი ფარული შეთქმულების ნაწილად ცხადდება, მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნები და ფაქტები წინასწარვე არასანდოდ ცხადდება. იქმნება ეპისტემური უნდობლობა — მდგომარეობა, როდესაც მოქალაქე აღარ ენდობა არც მედიას, არც მეცნიერებას, არც არჩევნებს და არც ფაქტების გადამოწმებას — რაც ავტორიტარული ძალაუფლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

 

მეოთხე შედეგია პასუხისმგებლობის გაქრობა. შეთქმულების თეორიები საზოგადოებრივ პრობლემებს კონკრეტული სახელმწიფო პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შედეგად კი არა, ყოვლისშემძლე „უცხოური ძალების“ მოქმედებად წარმოაჩენს. ეს დისკურსი საბჭოთა პოლიტიკური კულტურის ნაცნობ ლოგიკას იმეორებს, რომელშიც კრიტიკა „უცხო ძალის“ ინსტრუმენტად, განსხვავებული აზრი კი, ეროვნული ერთიანობის საფრთხედ ცხადდებოდა.

 

მეხუთე შედეგია ავტორიტარული ნორმების კულტურული ლეგიტიმაცია. თუ სტალინური ეპოქის ძალადობა ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარდაუვალ ფასად, არქივების დახურვა ეროვნული უსაფრთხოების აუცილებლობად, ხოლო კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება უცხოურ აგენტურად აღიქმება, მოქალაქის უფლებები სახელმწიფოს ინტერესებთან შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება. ისტორიული მეხსიერება ამგვარად არა მხოლოდ წარსულის, არამედ აწმყოში დასაშვები პოლიტიკური ქცევის საზღვრებსაც აწესებს.

 

დასკვნა

 

რუსეთის დეზინფორმაცია და ისტორიის ფალსიფიკაცია ერთი სტრატეგიული სისტემის ორი ურთიერთდაკავშირებული ნაწილია. დეზინფორმაცია ქმნის დაბნეულობასა და უნდობლობას აწმყოს შესახებ, ხოლო ისტორიული რევიზიონიზმი საზოგადოებას სთავაზობს მითოლოგიურ ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც ეს დაბნეულობა რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკურ დასკვნად გარდაიქმნება. კრემლის პროპაგანდის ინფრასტრუქტურის მიზანი საკუთარი ვერსიის დამტკიცება არ არის; საკმარისია რწმენა, რომ ობიექტური სიმართლე არ არსებობს, დემოკრატიული და ავტორიტარული სახელმწიფოები არაფრით განსხვავდებიან და რუსეთის ძალადობრივი ქმედებები მტრულ გარემოზე ბუნებრივი პასუხია.

 

საქართველოს შემთხვევაში ისტორიის დამახინჯება კოლონიურ დაქვემდებარებას „ერთმორწმუნე ძმობად“, ტოტალიტარულ ძალადობას სოციალურ წესრიგად, 2008 წლის აგრესიას საქართველოს პროვოკაციად, ხოლო ევროპულ ინტეგრაციას მშვიდობისა და იდენტობის საფრთხედ წარმოაჩენს. ხოლო ყველაზე სახიფათო მდგომარეობა იქმნება მაშინ, როდესაც ეს ნარატივები ადგილობრივი დისკურსის ბუნებრივ ნაწილად იქცევა. ასეთ პირობებში რუსეთის გავლენას აღარ სჭირდება საზოგადოების დარწმუნება, რომ რუსეთი მეგობრული სახელმწიფოა; საკმარისია საზოგადოებამ ირწმუნოს, რომ დასავლეთი ისეთივე მტრულია როგორც რუსეთი, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და უსაფრთხოების ერთადერთი გზა რუსეთის „არ გაღიზიანებაა“.

 

ამიტომ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მედეგობა დამოკიდებულია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, არამედ ისტორიული მეხსიერების ხარისხზეც. ღია არქივები, საბჭოთა და იმპერიული დანაშაულების დოკუმენტური კვლევა, 1921 წლის ოკუპაციისა და 2008 წლის აგრესიის ისტორიული სიცხადე, სტალინური მემკვიდრეობის კრიტიკული გააზრება, მრავალპერსპექტიული განათლება და დამოუკიდებელი მედია ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ქვეყანა, რომელიც საკუთარ წარსულს ფაქტებით იცავს, ნაკლებად მოწყვლადია გარე ჩარევებისგან.

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

 

[1] Arribas, C. M. et al. (2023). “Information manipulation and historical revisionism: Russian disinformation and foreign interference through manipulated history-based narratives.” Open Research Europe.

[2] Paul, Christopher, and Miriam Matthews. The Russian “Firehose of Falsehood” Propaganda Model. RAND Corporation, 2016.

[3] Elswah, Mona, and Philip N. Howard. “Anything That Causes Chaos: The Organizational Behavior of Russia Today.” Journal of Communication, 2020.

[4] Koposov, Nikolay. Memory Laws, Memory Wars: The Politics of the Past in Europe and Russia. Cambridge University Press, 2018.

[5] McGlynn, Jade. Memory Makers: The Politics of the Past in Putin’s Russia. Bloomsbury Academic, 2023.

[6] European Parliament. “Russia’s disinformation and historical falsification to justify its war of aggression against Ukraine.” Resolution TA-10-2025-0006, 23 January 2025.

[7] Council of Europe, Observatory on History Teaching in Europe. “European Parliament resolution on Russia’s disinformation and historical falsification,” 25 February 2025.

[8] History Project / Chavchavadze Center. “Putin’s Historical Revisionism Using the Example of Georgia.”

[9] Austin, Robert C. “Confronting the Soviet and Post-Soviet Past in Georgia.” In Transitional Justice and the Former Soviet Union. Cambridge University Press, 2018.

[10] Batiashvili, Nutsa. “Power/Memory: New Elite, Old Intelligentsia, and Fixing of the Georgian Mind.” Nationalities Papers, 2019.

[11] CRRC Georgia. Survey on Stalin’s attitudes in Georgia, 2012; related analyses on collective memory and reputational politics.

[12] Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia. Report, 2009.

[13] European Court of Human Rights. Georgia v. Russia (II), Grand Chamber judgment, 21 January 2021.

[14] ISFED. “Russian Information Operations in the 2024 Election Cycle,” 4 April 2025.

[15] CRRC Georgia / Media Development Foundation. Survey on Media Consumption and Disinformation in Georgia 2025.

[16] European Parliament. “Georgia and Türkiye: No EU accession progress without reforms.” Press release, 17 June 2026.

[17] Institute for Development of Freedom of Information (IDFI). “Regime Archives in Georgia.”

[18] EUvsDisinfo. “Georgia freely joined the USSR.”

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024