„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 27 ივნისი 2025

ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში  განხორციელებულ ცვლილებებს.  ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება  სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს 2007-2013 წლების რეალობას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას. 

 

2025 წლის 26 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:

 

იზრდება სისტემის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციის ხარისხი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების რაოდენობა 9-დან 12-მდე იქნება; უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას საბჭოს მდივანი გაუძღვება; იზრდება სასამართლოს თავმჯდომარეების, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები და უფლებამოსილებები, ბრუნდება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა; უქმდება რომელიმე 6-თვიან პერიოდში საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევის აკრძალვა.

 

არსებითად მარტივდება მოსამართლის დევნა, შევიწროება თანამდებობიდან გათავისუფლება - დისციპლინურ გადაცდომად ბრუნდება „მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება“ და უქმდება მოსამართლის მიერ დისციპლინური პროცესის გასაჯაროვების მოთხოვნის უფლება; იზრდება დისციპლინური სახდელისთვის გათვალისწინებული ზომა, კერძოდ, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა; ჯამში 5 წლამდე იზრდება მოსამართლის მივლინების ვადები; მოსამართლე ექცევა სრულ პროფესიულ იზოლაციაში. ცვლილებები კრძალავს მოსამართლესთან ფაქტობრივად ნებისმიერ პროფესიულ კომუნიკაციას მოსამართლის კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

 

მართლმსაჯულება იხურება მედიისა და საზოგადოებისათვის - სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია აიკრძალება და მისი ექსკლუზივი მხოლოდ სასამართლოს და მის მიერ ავტორიზებულ პირებს ექნებათ. მედიას და ჟურნალისტებს მიეცემათ სხდომის ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს. ჟურნალისტების მიერ ფოტოგადაღება სრულად იკრძალება. სასამართლო აქტები საჯარო გახდება შესაბამის საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების საჯაროობის ვალდებულება.

 

არსებითად იზრდება მოსამართლეთა ხელფასები - მოსამართლის ხელფასი დანამატების გარეშე მერყეობდა 4000 - 7000 ლარამდე. ცვლილებებით, ხელფასი 10 512-დან 14 600 ლარამდე შუალედში გაიზრდება. (ციფრები მითითებულია დანამატების გარეშე). შეიცვალა ანაზღაურების პრინციპი და მოსამართლის ხელფასი შესაბამისი წლის ბიუჯეტის საბაზისო თანამდებობრივ სარგოს დაუკავშირდა. (7.2-10 კოეფიციენტებით).

 

განხილული ცვლილებებით სასამართლო სისტემაში ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მიიღწა ინსტიტუციურ დონეზე. კერძოდ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაიზარდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირების უფლებამოსილებები, მეორე მხრივ, კი შემცირდა ინდივიდუალური მოსამართლეების ისედაც მყიფე დამოუკიდებლობის გარანტიები. ამასთან, ანგარიშვალდებულების საბაზისო მექანიზმების შემცირებით, საზოგადოების მეთვალყურეობის მიღმა რჩება ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდგომი პროცესები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ღია სხდომაზე საქმის განხილვის უფლების ირიბი გაუქმება, სასამართლოს მთელს ტერიტორიაზე ვიდეო/ფოტო გადაღების აკრძალვით. ეს განსაკუთრებით დააზიანებს „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მათი სასამართლო პროცესების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობას.

 

მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა დროს განხორციელებული პოზიტიური რეგულირებები „ქართულმა ოცნებამ“  დემონსტრაციულად გააუქმა.

 

მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებები არსებითად აუარესებს სასამართლოს ინსტიტუციურ მოწყობას, არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამავე დროს, ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირებს ირიბად ართმევს მათი საქმის საჯარო განხილვის უფლებას.

 

  

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 

უფლებები საქართველო

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024