SMS როგორც საჯარო ინფორმაცია (კანადის მაგალითი)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2013

 

“While technology is a powerful tool for innovation, its use must not infringe on the right of requesters to know what government is doing and to hold it accountable for its decisions.”
 
Suzanne Legault, Information Commissioner of Canada
 
„მაშინ, როდესაც ტექნოლოგია ინოვაციის ძლიერი საშუალებაა, მისმა გამოყენებამ არ უნდა შეზღუდოს განმცხადებლების უფლება, გაიგონ, თუ რას აკეთებს ხელისუფლება და პასუხი აგებინონ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.“
 
სიუზან ლეგო, კანადის ინფორმაციის კომისიონერი
 
საიდან დაიწყო

2012 წლის აგვისტოში კანადის ინფორმაციის კომისიონერის აპარატმა დაიწყო  უსადენო ხელსაწყოების მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების [1] გამოყენებისა და შენახვის პროცედურების გამოკვლევა. კვლევის დაწყება ნაწილობრივ გამოწვეული იყო მოქალაქის საჩივრით. საჩივრის მიხედვით, მომჩივანმა მიიღო წერილი, სადაც ერთი თანამდებობის პირი მეორეს სთხოვდა კომუნიკაციისთვის გამოეყენებინა დაუყოვნებლივი შეტყობინების სერვისი და არა ელ-ფოსტა. საჩივრის გამოკვლევისას დადგინდა, რომ ბლექბერის მობილური ტელეფონებით შეტყობინებების სახით გაგზავნილი მთელი ინფორმაცია სამუდამოდ იყო დაკარგული.

გამქრალი ჩანაწერების შესახებ შესული ამ და სხვა საჩივრების გამო კომისიონერის აპარატმა დაიწყო გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა პასუხის გაცემას ორ შეკითხვაზე:

  • ზღუდავს თუ არა ტექსტური შეტყობინებების გამოყენება განმცხადებლის მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას?
  • არსებობს თუ არა ფუნქციონალური საჭიროება, რაც გაამართლებდა ამ რისკზე წასვლას?

კვლევის ფარგლებში კომისიონერმა კითხვარები გააგზავნა თითოეულ დაწესებულებასა და მინისტრის აპარატში და შეისწავლა მათი შიდა პროცედურები და პრაქტიკა ინფორმაციის მართვასთან, უსადენო ხელსაწყოების გამოყენებასა და მყისიერი შეტყობინებების გაგზავნასთან მიმართებაში.

როგორ ვრცელდება მყისიერ შეტყობინებებზე საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა

კანადის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აქტის“ თანახმად, ჩანაწერი, რომელიც უნდა გაიცეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, განმარტებულია როგორც „ნებისმიერი დოკუმენტური მასალა, მისი გადაცემის საშუალებისა თუ ფორმის მიუხედავად“.[2] კანადაში ჩანაწერები იყოფა ორ სახეობად - „საქმიან“ და „დროებით“ ჩანაწერებად. „საქმიანი ჩანაწერი“ ეხება საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და მიმდინარე ქმედებებს, ხოლო „დროებითი ჩანაწერი“ ყოველდღიური, რუტინული ქმედების შესასრულებლად გამოიყენება. მიუხედავად ამ განსხვავებისა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიღებისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია ამოიღოს, დაამუშავოს გასაცემად და შეინახოს ნებისმიერი ჩანაწერი [3], რომელიც მის გამგებლობაში არის.

რას ზღუდავს არსებული მდგომარეობა

2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით კანადის საჯარო სექტორში დაახლოებით 98 000 ბლექბერის მობილური ტელეფონი აღირიცხება. ამათგან უმეტესობაზე შესაძლებელია მყისიერი შეტყობინებების გაგზავნა, რომლებიც, როგორც წესი, არ ინახება კორპორატიულ სერვერზე.

გამოკვლეული დაწესებულებებიდან მხოლოდ ორში ხდება მყისიერი შეტყობინებების ავტომატური შენახვა, აქედან ერთ შემთხვევაში ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ, და არა საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ხოლო მეორე შემთხვევაში ინახავენ მხოლოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და არა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრებით (Personal Identification Number, PIN) გაგზავნილ შეტყობინებებს. სპეციალური მითითების გარეშე ყველა ჩანაწერი ავტომატურად იშლება 30 დღის განმავლობაში. საინტერესოა, რომ არც ერთ საჯარო დაწესებულებას არ ყავს ტექნიკური პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფდა შეტყობინებების შენახვას უსადენო ხელსაწყოების (მობილური ტელეფონები) გამოყენების დროს ან მათი დეაქტივაციისას. თავად საჯარო მოხელეები წყვეტენ, არის თუ არა მათ მიერ ამ გზით გაგზავნილი შეტყობინება საქმიანი შინაარსის, და შემდეგ ინახავენ კორპორატიულ საცავში. რამდენიმე დაწესებულება მოითხოვს, რომ მომხმარებლებმა ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას, რომელშიც ეთანხმებიან მოწყობილობის გამოყენების პირობებს, მაგრამ მხოლოდ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში არის ცალსახად მითითება მყისიერ შეტყობინებებზე.

რა დასკვნები გამოიტანა კანადის ინფორმაციის კომისიონერმა

11 ფედერალური დაწესებულების შესწავლის შედეგად კანადის ინფორმაციის კომისიონერმა დაასკვნა, რომ მყისიერი შეტყობინებების გამოყენების არსებული პოლიტიკა მნიშვნელოვნად აყენებს საფრთხის ქვეშ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული ფუნქციონალური საჭიროებები ვერ ხსნიან ან ამართლებენ მყისიერი შეტყობინებების გამოყენებით შექმნილ რისკს.

მყისიერი შეტყობინებები არ ინახება დაწესებულებების სერვერზე ავტომატურად, ამისათვის დაწესებულებებმა აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის, ჩვეულებრივ 30 დღის შემდეგ, შეტყობინებები იშლება და შემდგომ მათი აღდგენა შეუძლებელი ხდება. კომისიონერის დასკვნით, იმის იმედად ყოფნა, რომ ცალკეული თანამშრომლები თავად შეინახავენ ისეთ შეტყობინებებს რაც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, არასაკმარისად იცავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

ინფორმაციის კომისიონერის დასკვნით, მყისიერი შეტყობინებების მხრივ დღეს არსებული პოლიტიკა ზღუდავს კომისიონერის საშუალებას, გამოიძიოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩანაწერები ქრება, ან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაიცემა პასუხი ინფორმაციის არქონის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიონერი, როგორც წესი, სულ მცირე 90 დღის შემდეგ იღებს საჩივრებს, ამ დროისთვის თითქმის ნულის ტოლია იმის ალბათობა, რომ მყისიერი შეტყობინებები შენახული იყოს. ამასთან, კომისიონერის მიერ მიღებული საჩივრებიდან, სადაც მომჩივანი უარს იღებს საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, თითქმის ნახევარი მოდის გამქრალ ჩანაწერებზე. მხოლოდ 2012-2013 წლებში 400 ასეთი საჩივარი დაფიქსირდა.

ბოლოს, საჯარო დაწესებულებებმა დაასახელეს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი იყენებენ მყისიერი შეტყობინებების სერვისს:

- ელ-ფოსტასთან შედარებით დაუყოვნებლივი შეტყობინებები უფრო სწრაფია;

- შეტყობინებების გაგზავნით ხდება როუმინგის ხარჯებისგან თავის აცილება;

- შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც დაწესებულებების სერვერები ხელმიუწვდომელია, მაგ. საგანგებო მდგომარეობის დროს.

კომისიონერის აზრით, ეს მიზეზები არ არის საკმარისი ისეთი ქმედების გამართლებისთვის, რომელიც საფრთხე უქმნას ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

კომისიონერის დასკვნები:

- შეტყობინებების სერვისების გამოყენება, ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, საფრთხეს ქმნის იმისა, რომ სამთავრობო ინფორმაცია და ჩანაწერები სამუდამოდ წაიშლება, მათი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე;

- არსებული პროცედურები საკმარისად ვერ უზრუნველყოფს დაუყოვნებლივი შეტყობინებების სერვისებით მიღებული ან გაგზავნილი ინფორმაციის საჯაროობას.

- მყისიერი შეტყობინებების გამოყენება ისეთ პირობებში, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი მათი ტექნიკური მხარდაჭერა, აფერხებს დაწესებულებების შესახებ კომისიონერის აპარატში შესული საჩივრების ეფექტურ, დამოუკიდებელ განხილვას.

- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საჯარო დაწესებულებების მიერ მყისიერი შეტყობინებების სერვისებით სარგებლობის  საჭიროება.

რა რეკომენდაციები აქვს კომისიონერს

ჩატარებული გამოკვლევისა და გამოტანილი დასკვნების საფუძველზე კომისიონერმა მოამზადა რეკომენდაციები:

 

1. კომისიონერი მოუწოდებს კანადის პარლამენტს „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აქტში“ დაამატოს ფედერალური მთავრობის დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტების სახით შენახვის ვალდებულება და დააწესოს სანქციები ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევებისთვის.

2. კომისიონერი მოუწოდებს „ხაზინის საბჭოს სამდივნოს“ გაატაროს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებს დაევალებათ მყისიერი შეტყობინებების ფუნქციის გამორთვა ყველა უსადენო ხელსაწყოზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

a. არსებობს გადაუდებელი  ფუნქციონალური საჭიროება, რისი დაკმაყოფილებაც შეუძლებელია სხვა საშუალებებით.

b. არსებობს და გატარებულია შესაბამისი ტექნიკური დაცვითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საქმიანი, ისე დროებითი შეტყობინებების შენახვას სამთავრობო სერვერზე დროის გონივრული პერიოდით.

c. უსადენო ხელსაწყოების მომხმარებლები, რომელთათვისაც ჩართულია მყისიერი შეტყობინებების ფუნქცია, ასრულებენ შემდეგს:

i. გაივლიან სავალდებულო ტრენინგს ინფორმაციის მართვის საკითხებზე

ii. ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელშიც ეთანხმებიან მყისიერი შეტყობინებების საჯაროობის პირობებს

მთავრობის პასუხი

კანადის ხაზინის საბჭოს სამდივნოს პრეზიდენტი არ დაეთანხმა კომისიონერის რეკომენდაციებს, და განაცხადა რომ „ელ-ფოსტის გარდა გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები, როგორიცაა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრებით (Personal Identification Number, PIN) გაგზავნილი შეტყობინებები, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და თავისი არსით დროებით ჩანაწერს წარმოადგენს“. მან იქვე აღიარა, რომ შესაძლოა, გამონაკლის შემთხვევებში, არა ელ-ფოსტით გაგზავნილი ტექსტობრივი შეტყობინება შეიცავდეს საქმესთან დაკავშირებულ ფასეულობას, და ამ შემთხვევაში ის შენახულ უნდა იქნას, მაგ. ელ-ფოსტის სისტემაში გადამისამართებით.

 

დასკვნის სახით

 

საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი ან მიღებული შეტყობინებები საქართველოშიც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის „ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ელექტრონული ინფორმაცია) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.“ [4] შესაბამისად, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მაგ. თანამდებობის პირის სამუშაო ელ-ფოსტის ან მობილური ტელეფონის მეშვეობით არის გაგზავნილი ან მიღებული, ისევე ექვემდებარება საჯარო ინფორმაციად კლასიფიცირებას და აღრიცხვას, როგორც საჯარო დაწესებულებაში დაცული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. სამწუხაროდ, პრაქტიკაში საქართველოში ჯერ-ჯერობით თითქმის არ ხდება საქმიან მიმოწერასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაციის აღრიცხვა და მართვა. IDFI გეგმავს ამ საკითხის გარშემო საქართველოს პრაქტიკის შესწავლას და ასევე გააგრძელებს დაკვირვებას ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.  


[1] კანადის კომისიონერის ანგარიშში საუბარია ყველა სახის ტექსტურ შეტყობინებაზე, რაც ელ-ფოსტით არ იგზავნება. მაგ. PIN-to-PIN შეტყობინებები (“Pin” - “personal identification number”, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი), მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS), BlackBerry Messenger-ის საშუალებით გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებები და სხვ.

[2] “record” means any documentary material, regardless of medium or form;“ Access to Information Act, Canada, at http://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/A-1/page-1.html?texthighlight=medium#s-3.

[3] “It is important to note that although records may be of business value or transitory in nature any record under the control of an institution at the time it receives a request must be retrieved, processed for access purposes and preserved.” Office of the Information Commissioner of Canada, Special report: Instant messaging putting access to information at risk, at http://www.oic-ci.gc.ca/eng/pin-to-pin-nip-a-nip.aspx#4

[4] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 2, მ. https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16270&lang=ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024