სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 ოქტომბერი 2013

 

ავტორი: ნინო ცუხიშვილი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2012 წლის  21  დეკემბერს მიმართა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, ხოლო 2013 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა 2012 წლის 1 ნოემბრიდან წერილის მიღების მომენტამდე შემდეგი სახის სტატისტიკური ინფორმაცია:

1) დაწესებულებების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“ სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობა;

2) სასამართლოების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა;

3) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა“ კანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;

4) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა“ არაკანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;

IDFI -მ  საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გააჩნია დამუშავებული სახით და მის დასამუშავებლად ესაჭიროება ერთთვიანი ვადა.

prokurat1

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაპირისპირებისამებრ 2013 წლის 27 ივნისს მოგვაწოდა დამუშავებული ინფორმაცია სასამართლოსათვის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  მოთხოვნილ პერიოდში (2012 წლის 1 ნოემბრიდან – 2013 წლის 9 მაისამდე) სასამართლოსათვის წარდგენილმა შუამდგომლობების რაოდენობამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების -,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“  შეადგინა 1207 შუამდგომლობა.

prokurat2

სამწუხაროდ საქართველოს მთავარი პროკურატურა ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა იმ უწყებებს შორის ვისაც ინსტიტუტმა მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნია დამუშავებული სახით და მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით და ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებას.

batumi

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან.“

shss

sagamoziebosa

IDFI -ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყოლია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეიტანა სარჩელი ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში ამავე სასამართლოებისათვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი. სასამართლომ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული და დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების პროცესში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დაუმუშავებელი ინფორმაციის რაოდენობა არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანური რესურსების პროპორციული.

qutaisi

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის“ მოწოდებულ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის  თანახმად და არ მიეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2013  წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სარჩელი დაარ გაიზიარა აღნიშნული

ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნების საკითხი. მოსამართლე ნინო ონიანმა მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დაავალდებულა მოპასუხე მხარე (თბილისის საქალაქო სასამართლო) გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე:

  • ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა საკუთარი პასუხით დაადასტურეს მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობა, თუმცა უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია მიიჩნია სახელმწიფო საიდუმლოებად;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნიეს, რომ  მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სრულყოფილად გასცა ინსტიტუტზე მოთხოვნილი ინფორმაცია მიიჩნია რა ის საჯარო მონაცემებად.

 IDFI -ი მიიჩნევს, რომ მოსმენების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე და საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით

დადგენილი წესით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“ არსებული სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება.

IDFI -ი კიდევ ერთხელ მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს  2013 წლის 26 სექტემბერის გადაწყვეტილებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ერთიანი პრაქტიკის დანერგვის გზით აღნიშნული  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024