სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულმა არასრულყოფილმა ინფორმაციამ სტუდენტი შეცდომაში შეიყვანა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მარტი 2013

2013 წლის თებერვლის თვეში, IDFI-ის იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართა მოქალაქე დალი აბესაძემ. იგი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ვებ-გვერდზე  ინფორმაციის არასრული განთავსების გამო მისი ვაჟის შეცდომაში შეყვანას უჩიოდა. საკითხის უკეთ გასაგებად ვრცლად აღვწერთ აღნიშნულ შემთხვევას:


ქალბატონი დალი აბესაძის ვაჟი, ზვიად აბესაძე, 2011 წელს ჩაირიცხა სეუ-ში (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ტურიზმის მიმართულებით. მას მოპოვებული ჰქონდა 30%-იანი სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა სოციალური სტატუსის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის, გამო 675 ლარის ოდენობის გრანტი 2250 ლარამდე (100%) გაეზარდა. მომდევნო წელს ზვიად აბესაძემ გადაწყვიტა მობილობის მეშვეობით ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე გადასვლა. ამისთვის იგი დარეგისტრირდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე სპეციალურად მობილობისთვის შექმნილ პორტალზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ელექტრონული საშუალებით ხდებოდა ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლა, პროცედურების გაცნობისას, მოქალაქე სწორედ ამ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას დაეყრდნო.


იმ დროისათვის განყოფილებაში წესი/პროცედურა კითხვაზე: „რა შემთხვევაში უნარჩუნდება სტუდენტს სასწავლო/სახელმწიფო გრანტი მობილობისას?“ - ვებ-გვერდზე შემდეგნაირი პასუხი იყო განთავსებული: „სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში“.


სწორედ ამ განმარტებაზე დაყრდნობით, ზვიად აბესაძემ დაასკვნა, რომ მას გრანტები შეუნარჩუნდებოდა აგრარულ უნივერსიტეტში გადასვლის დროსაც, რადგან მის მიერ აღნიშნულ უნივერსიტეტში გადასასვლელად შერჩეული პროგრამა აკრედიტებული გახლდათ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ზვიად აბესაძემ გადაიტანა საბუთები სუე-დან აგრარულ უნივერსიტეტში.


თუმცა, აგრარულ უნივერსიტეტში გადასვლიდან რამდენიმე თვეში - სემესტრის ბოლოს ზვიად აბესაძისთვის გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო დაფინანასება მობილობის დროს არ გადადის და შესაბამისად, გამოცდებზე დასაშვებად უნდა გადაეხადა სწავლის საფასური. აღნიშნული პრობლემის შეტყობის შემდეგ, სტუდენტმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განმარტა, რომ მობილობის გამოყენების დროს ხელმძღვანელობდა ცენტრის ვებ-გვერდზე პროცედურების აღწერაში განთავსებული ინფორმაციით. გარდა ამისა, სახელმწიფო გრანტის შენარჩუნება მას დაუდასტურეს მიმღებ უნივერსიტეტშიც. შესაბამისად იგი ცენტრისგან გრანტის შენარჩუნებას ითხოვდა.


განცხადების პასუხად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეს ამცნო, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილებისა და განათლების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანების მე-7 მუხლის I’ პუნქტის მიხედვით - მობილობის შემთხვევაში სხვა სასწავლებელში გადასვლისას, მას ვერ გადაჰყვებოდა ვერც სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტი და ვერც მის მიერ მოპოვებული 30%-იანი გრანტი. ცენტრის წერილში მითითებული იყო აღნიშნული განკარგულებების შინაარსი - შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.  


რაც შეეხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე პროცედურების აღწერას, ცენტრის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ „აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებულია „წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები“.  IDFI-ისთან საუბარში კი მოქალაქემ განაცხადა, რომ როდესაც ცხელი ხაზის გამოყენების რამდენიმე მცდელობა  უშედეგოდ დასრულდა (ხაზის გადატვირთულობის მიზეზით), მან ინფორმაციის მოძიება სცადა ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე და იპოვნა კიდეც პასუხი მისთვის საინტერესო შეკითხვაზე. მან აგრეთვე დასძინა, რომ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია და პასუხი მისთვის საინტერესო შეკითხვაზე სწორად, შესაბამისად,  სრულყოფილად მიიჩნია.


აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე მობილობის პროცედურების აღწერაში შეცვლილია მეთერთმეტე კითხვა და უფრო დეტალურად არის მოცემული გრანტის შენარჩუნების წესები. მაშინ როცა, 2012 წლის ნოემბერში ( თავისთავად ცხადია 2012 წლის აგვისტოს მობილობისას) ჯერ კიდევ სრულყოფილად არ იყო მოცემული მობილობის დროს გრანტის შენარჩუნების წინაპირობები - ამას ადასტურებს 27 ნოემბრის მდგომარეობით ვებ-გვერდზე პროცედურების განყოფილებაში არსებული ინფორმაციის დამადასტურებელი ამობეჭდილი ვერსია, რომელიც  მოქალაქემ IDFI-ს გადასცა. გთავაზობთ ამ PDF ვერსიას.


ამ ეტაპზე ცენტრის ელექტრონულ რესურსზე ზემოთხსენებულ იგივე კითხვაზე პასუხი შემდეგნაირადაა აღწერილი:
„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა დაუშვებელია დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
2. დაუშვებელია ნაწილობრივი გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით;
2011 წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის სრული ოდენობის გრანტით (100%) ფინანსდებოდა  შემდეგი მიმართულებები ან დარგები/სპეციალობები:
ა) სამართალი;
ბ) ჯანდაცვა;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა;
დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა;
ე) საერთაშორისო ურთიერთობები;
ვ) საჯარო მმართველობა.
ამ პროგრამებზე გადასვლის შემთხვევაში სტუდენტს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხა 2011 წელს და მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება სასწავლო გრანტი არ გადაყვება;
3. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.“


როგორც ჩანს, ცენტრმა პროცედურების აღწერის თავდაპირველ ვერსიაში არ განათავსა სრულყოფილი ინფორმაცია  ვებ-გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეების მიერ ცხელი ხაზით სარგებლობას მოიაზრებენ. თუმცა, ამ შემთხვევიდან ირკვევა, რომ მოქალაქემ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წესი/პოცედურების კატეგორიაში მოცემული კითხვა- პასუხებიდან მიღებული ინფორმაცია ჩათვალა სწორად და შესაბამისად სრულყოფილად. ნათელია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  სრულყოფილი ინფორმაციის თავიდანვე გამოქვეყნების შემთხვევაში, არცერთი მოქალაქისთვის აუცილებელი არ იქნებოდა ცხელი ხაზით პროცედურების დეტალების დაზუსტება და შემცირდებოდა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ალბათობაც.  


ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორის ხაზგასმა, რომ საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ინფორმაციის გამოქვეყნება არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეებს მაინც უნდა ჰქონდეთ ოფიციალური ინფორმაციის წყაროს კანონიერი ნდობა. საჯარო დაწესებულება პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარი ელექტრონული რესურსის როგორც ტექნიკური ისე შინაარსობრივი კონტენტზე. ხოლო ის ფაქტი, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მობილობის წესებთან დაკავშირებით განყოფილება პროცედურებში განათავსა არასრულფასოვანი ინფორმაცია, გახდა სტუდენტის შეცდომაში შეყვანის განმაპირობებელი ფაქტორი.  


სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხის შემდეგ მოქალაქემ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროს დახმარებით სცადა. მან 10 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს. სტუდენტი ითხოვდა აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სასწავლო გრანტის შენარჩუნებას. თუმცა, სამინისტრომ მისი განცხადების განხილვაზე უარი განაცხადა „ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების არარსებობის“ გამო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ზვიად აბესაძეს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული.


დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ აგრარული უნივერსიტეტის აკრედიტაციის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გახდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე კონკრეტული ინფორმაციის არ გამოქვეყნება: "ზოგიერთი ლექტორის გვარი არ იძებნება დაწესებულების ვებგვერდზე, თუმცა დაფიქსირებულია რეესტრში; საუბარია შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების წესის დარღვევაზე და რეესტრში ინფორმაციის „დროულად“ ვერ შეტანაზე; განსხვავებებზე უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასახულ სტატუსებსა და საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს შორის და სხვა"(წყარო). როგორც ჩანს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ვებ-გვერდების შინაარსობრივ კონტენტს.


შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ, თუ ცენტრმა აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად ვებ-გვერდზე ინფორმაციის არასრულყოფილად განთავსება გამოაცხადა, თვით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც უნდა ჰქონდეს  პასუხისმგებლობის გრძნობა და შეცდომაში შეყვანილი სტუდენტი ან სტუდენტები არ უნდა დაზარალდნენ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-რესურსზე გამოქვეყნებული არასრულყოფილი ინფორმაციის გამო.


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024