საქართველოს მთავრობის კანცელარიის პასუხი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 აპრილი 2013

22 მარტს IDFI-იმ მიიღო 19 მარტით დათარიღებული წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და წარმოადგენდა პასუხს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებზე, რომელიც 5 თებერვალს გაეგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან. წერილში თანდართულია კომენტარები იმ სამთავრობო უწყებებიდან, რომელთაც ამ რეკომენდაციების მიხედვით უნდა დაეკისროთ კონკრეტული ვალდებულებები საქართველოს “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

სულ პასუხი მოვიდა ცხრა საჯარო უწყებიდან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან, კულტურის სამინისტროდან, საჯარო სამსახურის ბიუროდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ეთანამშრომლა სამოქალაქო საზოგადოებასთან სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, რომელმაც საჯარო სამსახური უნდა გახადოს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და საშუალება მისცეს მოქალაქეებს უფრო აქტიურად ჩაერთონ მთავრობის საქმიანობაში. თუმცა, უწყებებმა IDFI-ს მიაწოდეს დეტალური კომენტარები და შენიშვნები იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელთა განხორციელება უკვე პროცესშია ან არ არის შესაძლებელი ამა თუ იმ მიზეზების გამო. ძირითადი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა ამ შენიშვნებში, ეხება რეკომენდაციების განხორციელების შესაძლო ვადებს და საბიუჯეტო სახსრების ამ მხრივ განკარგვას, რადგან ის პროექტები, რომლებიც აღწერილია რეკომენდაციებში, არ იყო გათვალისწინებული დაწესებულებათა ბიუჯეტებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნახსენები იყო როგორც პასუხისმგებელი ორგანო რეკომენდაციების იმ პუნქტში, რომელიც ეხებოდა პროექტს არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრების შექმნას. სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ საჯარო ბიბლიოთეკები, გარდა სამეცნიერო ბიბლიოთეკებისა, არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში. ამასთან, წერილში გამოთქმულია სურვილი, რომ უფრო მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, თუ კონკრეტულად რა სახის საგანმანათლებლო ცენტრები უნდა შეიქმნას და რა პროგრამებისა ან პროექტების განხორციელება იგეგმება მათ ბაზაზე. სამინისტროს ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის პროგრამების განხორციელება არ არის გათვალისწინებული სამინისტროს ბიუჯეტში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ მოიწერა მოკლე წერილი, რომელშიც გამოთქვა თანხმობა ყველა რეკომენდაციის მიზანშეწონილობაზე და სრული მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციაში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელ ორგანოდ იყო მოხსენიებული რეკომენდაციაში საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო ცენტრების შექმნაზე. სამწუხაროდ, წერილიდან არ ჩანს, თუ რამდენად შეუძლია სამინისტროს ამ პროცესში ჩაერთოს და კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია მის ფარგლებში.

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

იგივე რეკომენდაციას გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა  სამინისტროც, რომელმაც განაცხადა, რომ ამდაგვარი პროექტი იქნებოდა სასარგებლო რეგიონების განვითარებისთვის, თუმცა თვითონ სამინისტროს როლი შეიძლება მხოლოდდამხოლოდ რეგიონული თვითმმართველობებისათვის რეკომენდაციების მიწოდებით შეიზღუდოს, რადგან საჯარო ბიბლიოთეკები რეგიონებში არ შედიან სამინისტროს კომპეტენციაში. ამას გარდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პასუხისმგებელ დაწესებულებად იყო მოხსენიებული რეკომენდაციაში, რომელიც ეხებოდა კოლეგიურ ორგანოებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით სატრენინგო პროგრამების ორგანიზებას. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ გამოთქვა სრული თანხმობა მისი იმპლემენტაციის შესახებ, თუმცა ითხოვა რეკომენდაციის განსახორციელებლად უფრო დიდი ვადა, ვიდრე იყო გაწერილი დოკუმენტში, რათა აღნიშნული ტრენინგები გათვალისწინებულ იქნას სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტში. საბოლოოდ, სამინისტროს ეკისრებოდა საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით “ღია მმართველობის პარტნიორობასთან” დაკავშირებული მასალების უმცირესობათა ენებზე თარგმნა, სპეციალური საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროგრამების მომზადება და გადაცემა, და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის დაინტერესებული სამიზნე ჯგუფებისთვის გაგზავნა, რაც შემდგომში ანგარიშის საჯარო განხილვას გამოიწვევდა. სამინისტრო დაეთანხმა ამ რეკომენდაციების განხორციელების მიზანშეწონილობას, თუმცა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ საინფორმაციო პროგრამების უშუალოდ ის უწყება მოამზადებს, რომელიც კურირებას უწევს OGP-ს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს.

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო, რომლის ანალიტიკური დეპარტამენტი (როგორც საქართველოს ანტი-კორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო) ამჟამად უწევს კურირებას “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს. თავდაპირველი სამოქმედო გეგმა შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

სამინისტრო პირველ რიგში გამოეხმაურა პირველ რეკომენდაციას, რომელიც ეხება სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მაკონტროლებელი ორგანოს განსაზღვრას. სამოქალაქო საზოგადოებამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება ეს პროცესი მოექცეს პრემიერ მინისტრის აპარატის კურირების სფეროში. კომენტარებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო მიესალმება პრემიერ მინისტრის და მთვარობის მეტ ჩართულობას OGP-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, თუმცა იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საკითხს კურირებას უწევდეს პრემიერ მინისტრის აპარატი და ჩამოაყალიბა რამდენიმე არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა დარჩეს OGP-ს კურირება სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანტი-კორუფციული საბჭოსთან. პირველ რიგში, სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საბჭოს სტრუქტურა ხელს უწყობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, დიალოგს და იმპლემენტაციის უფრო მარტივ კოორდინაციას.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი საზოგადოების მაღალი ჩართულობაა, რასაც საბჭო უზრუნველყოფს ისევდაისევ მისი სტრუქტურის წყალობით – საბჭოში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა და ბიზნესის წარმომადგენლები. სამინისტროს მესამე არგუმენტი ისაა, რომ ანტი-კორუფციულ საბჭოს დანიშნულებისა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” მიზნებს შორის არის მაღალი თანხვედრა, რის გამოც მიზანშეწონილია, რომ ინიციატივის იმპლემენტაციას სწორედ საბჭო უწევდეს კურირებას. იუსტიციის სამინისტროს აზრით, პარტნიორობის ქვაკუთხედები სწორედ კორუფციის პრევენციაზე მიმართული პრინციპებია: სახელმწიფო ფინანსებისა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. რადგან საბჭოს ძირითადი საქმიანობა სწორედ კორუფციის პრევენციაზე არის მიმართული, მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხებზე მუშაობა და კოორდინაცია ერთიან ინსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა კონსულტაციები იმ უწყებებთან, რომელთა კომპეტენციაშიც შედის რეკომენდაციების იმპლემენტაცია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-მ უკვე მიიღო ამ უწყებების კომენტარები და მოსაზრებები რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმა სხვადასხვა დოკუმენტებია. საბოლოოდ, სამინისტრომ გამოთქვა სურვილი, რომ რეკომენდაციები უფრო დეტალურად იქნენ განხილულნი მათ ავტორებთან ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგ სხდომაზე 2013 წლის მარტის ბოლოს.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

სამოქალაქო საზოგადოებამ რეკომენდაციებში გამოკვეთა ის აზრი, რომ მიზანშეწონილი იქნება საქართველო შეუერთდეს მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივას (EITI). ეს ინიციატივა, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი, და მისი ხელმოწერა მნიშვნელოვნად წაწევს წინ საქართველოს მთავრობის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტს. ენერგეტიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ ბუნებრივი გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკვე უზრუნველყოფილია “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის 3-ე პუნქტით. ამასთანავე, სამინისტრომ აღნიშნა, რომ იგი მზადაა გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუკი ეს არ დაარღვევს კერძო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებს და ეს ინფორმაცია არ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას. ხოლო, რაც შეეხება სამინისტროში არსებულ საჯარო ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მისი ხელმისაწვდომობა ისედაც გარანტირებულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მიერ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ ზოგადად გამოხატა მზადყოფნა რეკომენდაციის ძირითადი მიზნების (საჯარო ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობის) უზრუნველყოფა შესაბამის ჩარჩოებში, მან უპასუხოდ დატოვა მთავარი კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა, რომ საქართველო შეუერთდეს EITI-ს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მზადაა გასცეს საჯარო ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ინიციატივაზე ხელმოწერა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველო ნამდვილად მზადაა შეასრულოს OGP-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტრო

რამდენიმე რეკომენდაციაში იყო მოხსენიებული როგორც პასუხისმგებელი ორგანო, თუმცა, სხვა უწყებებისგან განსხვავებით, სამინისტრომ არ გამოაგზავნა ერთიანი წერილი. ამის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტრომ IDFI-ს მიაწოდა რეკომენდაციები და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომლებსაც თან დაერთოთ მოკლე კომენტარები კონკრეტული ტერმინების ან სადავო საკითხების შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კონკრეტული რეკომენდაცია არ შედიოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. კომენტარებში განხილულია რამდენიმე ცალკეული ტერმინის ან ფრაზის შეცვლის შემოთავაზება იმისათვის, რომ რეკომენდაციები და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა იყოს უფრო ზუსტი. ეკონომიკის სამინისტრომ დანართის სახით ასევე გამოაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ”, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ უწყების მიერ, კონკრეტულად გაწერილი მიზნით, ინდიკატორებით, ვადებით და შესაძლო რისკებით.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკმაოდ ამომწურავად გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს. სააგენტო პასუხისმგებელ ორგანოდ მოხსენიებული იყო დოკუმენტის მეოთხე სექციის პირველ ნაწილში, რომელიც ეხებოდა შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებას. პასუხად სააგენტომ მოიწერა დეტალური განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. სამოქალაქო საზოგადოებამ პირველ რიგში გამოხატა სურვილი, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეტი ღიაობის მიზნით არარეგისტრირებულ მომხმარებლებს მიეცეთ წვდომა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შესყიდვის გეგმებსა და ანგარიშებზე. ამის პასუხად სააგენტომ განმარტა, რომ არარეგისტრირებულ მომხმარებელს აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა მხოლოდდამხოლოდ სისტემის უსაფრთხოების და გამართულობის გამო არ გააჩნია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სისტემაში რეგისტრაციის გავლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მას მხოლოდ რამდენიმე წუთი ჭირდება.

სააგენტომ გამოთქვა თანხმობა აღნიშნული რეკომენდაციების მეორე პუნქტთან, რომლის მიხედვითაც აუცილებელია შემცირდეს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით შესყიდვების განხორციელების შესაძლებლობები. რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების მიერ შესყიდვების შესრულებას, კერძოდ, რომ ამ პირებმა შესყიდვები განახორციელონ იმ ნაწილში, რომელშიც ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო სახსრებიდან. სააგენტო წერილში განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი უკვე მოწესრიგებულია “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით, კერძოდ კი ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა.ა”-“ა.თ” ქვეპუნქტებით. რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვების დეტალური კრიტერიუმების (ჩამონათვალის) შემუშავებას, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განმარტა, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დეტალურად არიან გაწერილი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 7 აპრილს დამტკიცებულ N9 ბრძანებაში. თუმცა აქვეა აღნიშნული, რომ უწყება მზადაა განიხილოს კონკრეტული კითხვები პრობლემურ საკითხებზე და შემოთავაზებები მათ გადასაწყვეტად და აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან. მეხუთე რეკომენდაცია ეხებოდა ყველა იმ ტენდერს, რომელთაც შეეხებათ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, ეს ტენდერები უნდა ქვეყნდებოდნენ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მის გამოცხადებისთანავე. ამასთან დაკავშირებით სააგენტომ განმარტებად მოიყვანა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 პუნქტი. ასევე ნახსენებია, რომ შესყიდვების სააგენტო ამჟამად აქტიურად მუშაობს სისტემაში ტექნიკურ ცვლილებებზე, რომლებიც შესაძლებელს გახდიან ამავე პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების დაფინანსებით ჩატარებული ტენდერები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს პასუხი ამ შემთხვევაში სრულად არ შეესაბამება რეკომენდაციის არსს.

საბოლოოდ, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ჩაერთოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესში ან თუნდაც თვითონ მოამზადოს ეს პაკეტი.

საჯარო სამსახურის ბიურო

რეკომენდაციებს გამოეხმაურა საჯარო სამსახურის ბიუროც, რომელმაც ასევე დეტალური პასუხი მოაწოდა IDFI-ს. რეკომენდაციები, რომლებშიც ბიურო იყო ჩაწერილი პასუხისმგებელ ორგანოდა, იყვნენ პაკეტის მესამე სექციაში, რომელიც ეხებოდა საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას. პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებამ გამოხატა მოსაზრება, რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს მამხილებელთა (whistleblowers) დაცვის კანონმდებლობა და ადმინისტრაციულ ორგანოთა შიდა სახელმძღვანელო პრინციპები. საჯარო სამსახურის ბიურო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ასეთი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და განაცხადებს თანხმობას იმის შესახებ, რომ არსებული კანონმდებლობა არ არის საკმარისი მამხილებელთა ეფექტური დაცვისათვის, და სწორედ ამიტომ არის მიზანშეწონილი ცალკე კანონის მიღება.

კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს და ახალი ნორმების შემოღებას. კერძოდ, მამხილებელთა დაცვა გავრცელდება სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებზე და იქ დასაქმებულ პირებზე; დეტალურად განისაზღვრება მხილების საჩივრის განხილვის პროცედურები, ვადები, უფლებამოსილი პირები და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები; საჯარო სამსახურის ბიურო გახდება ის უწყება, რომელიც მიიღებს და განიხილავს შესაბამის საჩივრებს; ბიუროს დაევალება სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება საჩივრების განხილვის პროცესისათვის და ამ თემატიკაზე ტრენინგების ორგანიზება. წერილში ასევე ნახსენებია, რომ 2012 წლის გაზაფხულს ჩატარდა სემინარი “მამხილებელთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება კორუფციულ შემთხვევებში”, რის საფუძველზეც მოხდა კანონპროექტის დახვეწა. ბიურომ სოლიდარობა გამოუცხადა იმ რეკომენდაციას, რომელიც ეხება იმ თანამდებობის პირთა სიის გაზრდას, ვისაც ეკისრებათ ქონებრივი დეკლარაციების შევსება და გამოქვეყნება.

ბიუროს ცნობით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით ეს სია გაიზარდა 300 კაცით და ამჟამად შეადგენს 2,800-ზე მეტ თანამდებობის პირს შეიცავს, თუმცა ბიურო მაინც თვლის, რომ კორუფციის შემცირების მიზნით ეს სია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამასთან ერთად, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა კანონპროექტი – “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის საქართველოს კანონში” ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც დამატებით გაფართოვდა სია და, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, მოიცავს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სააქციო საზოგადოებების ხელმღვანელებს. საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას სთავაზობს ამ ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალე აუდიტის სისტემის შექმნით. პასუხად საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა არის გამჭვირვალე, თუმცა მაინც საჭიროა დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შემღება და აქვე აღნიშნავს, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა გაწერილია საქართველოს ანტიკორუფციულ სტრატეგიაში. ბიუროს ცნობით, მან ჩაატარე კვლევა სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემოღებული დეკლარაციების შემოწმების კრიტერიუმები და მექანიზმები, რაც თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს ეფექტური სისტემის შექმნაში.

ბიურო მიიჩნევს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი უნდა შემუშავდეს და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 2013 წლის 1 სექტემბრისა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს აუდიტის სამსახურმა პირველ რიგში აღნიშნა თავისი მზადყოფნა, როგორც საჯარო ფინანსების სფეროში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განვითარების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და გამოიყენოს ეფექტიანი და თანამედროვე ინსტრუმენტები საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გასაზრდელად.

სამსახური აღნიშნავს, რომ იგი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატულ ინიციატივას ამ რეკომენდაციების სახით, თუმცა აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად საჭიროა კონკრეტული და ადეკვატური სამოქმედო გეგმა. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი და ვალდებულებები ამ პროცესებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით უფრო კონკრეტულად იყოს გაწერილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პასუხისმგებელ ორგანოდ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულია დოკუმენტის მე-4 ნაწილის მეორე რეკომენდაციაში, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებს მოიცავს. წერილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ რეკომენდაციაში აუდიტის სამსახური, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული უწყებრივი ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. კერძოდ, აუდიტის სამსახური თვლის, რომ რეკომენდაციებს უნდა დაემატოს მესამე მიმართულება, რომელიც შეეხება აუდიტორული საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია უნდა განთავსდეს არა ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, როგორც ჩაწერილია რეკომენდაციებში, არამედ თვითონ აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს იმის ნათელყოფა, თუ კონკრეტულად რა კომუნიკაციის მექანიზმზეა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024