სანდრო როჩიკაშვილი
რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი, რომელიც წინა ბლოგ-პოსტში იქნა განხილული საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს 5 თებერვალს წარედგინა.
რეკომენდაციების პაკეტი “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” სამოქმედო გეგმის შესახებ თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა, მათ შორის IDFI-მ (ორგანიზაციების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდაციების ბოლო გვერდზე).
რეკომენდაციების პაკეტი შეიცავს სხვადასხვა წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობის სამუშაო პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე, ხოლო ინფორმაცია მის შესახებ უფრო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციის ხელმწისაწვდომობას თვითონ პარტნიორობის შესახებ, რაც ამჟამად დიდი პრობლემაა, რადგან ბევრისთვის უცნობია, თუ რას წარმოადგენს ეს ინიციატივა და რა საქმიანობას ეწევა საქართველოს მთავრობა პარტნიორობის ფარგებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
სარეკომენდაციო პაკეტი ექვს ნაწილიანია და 23 რეკომენდაციას შეიცავს. ძირითადი მიმართულებებია: სამოქმედო გეგმის მაკონტროლირებელი ორგანოს განსაზღვრა, საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და დახვეწა, საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა, საჯარო ფინანსებისა და ქონების გამჭვირვალე მართვა, საჯარო ელექტრონული სივრცის განვითარება და მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.
- სამოქმედო გეგმის მაკონტროლირებელი ორგანოს განსაზღვრა: არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ პირველ რიგში, საჭიროა OGP-ს საკითხები იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს დაქვემდებარებიდან უშუალოდ პრემიერ მინისტრის აპარატის და საქართველოს მთავრობის კონტროლის სფეროში გადავიდეს.
- საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და დახვეწა: პუნქტი ძირითადად ეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის დახვეწას. ეს თავი მოიცავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს, რაც პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამიტომ საჭიროა, რომ კანონმდებლობა იყოს რაც შეიძლება სრულყოფილი. კერძოდ, მოქალაქეების ინფორმაციის თავისუფლების დავებზე ბაჟისგან გათავისუფლება, საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ღიაობის ცალსახად დადგენა, ინფორმაციის დამუშავების კონკრეტული მექანიზმების ვალდებულების განსაზღვრა, და სხვა აქტივობები, რომლებიც გაადვილებენ საჯარო ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას. რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია საჯარო კონსულტაციების ორგანიზება.
- საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა: მესამე პუნქტში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. ამ მხრივ რეკომენდირებულია იმ თანამდებობის პირთა სიის გაფართოება, ვისი ქონებაც გამოქვეყნებული უნდა იყოს დეკლარაციების საძიებო სისტემაში (www.declaration.ge) და დეკლარაციების აუდიტის სისტემის შექმნა. მნიშვნელოვანი პუნქტია ასევე საქართველოს მთავრობის სხდომების გახსნილობის საკითხი. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ეს სხდომები ძირითადად არ არის საჯარო. რეკომენდაციების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან მთავრობის სხდომებზე მიიღება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ფართო საზოგადოებას აქვს უფლება და უნდა ქონდეს საშუალება ინფორმაცია მიიღოს მათ შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება რეგიონებში.
- საჯარო ფინანსებისა და ქონების გამჭვირვალე მართვა: შესყიდვების სისტემის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამასთან ერთად, რეკომენდირებულია მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) საქართველოში განხორცილება. აუცილებელია, რომ ინფორმაცია საჯარო ფინანსების მართვის, აუქციონების, ტენდერების, და საინვესტიციო პროექტების შესახებ დროულად ხდებოდეს ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის.
- საჯარო ელექტრონული სივრცის განვითარება: უნდა შეიქმნას IDFI-ს მიერ წარდგენილი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მეორე, საინტერესო ინიციატივა არსებული რეგიონული ბიბლიოთეკების ბაზაზე ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საგანმანათლებლო ცენტრების შექმნას შეეხება.
- მოქალაქეთა ინფორმირებულობა და ჩართულობა: ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ფართო საზოგადოების ჩართულობა ძოგადად მთავრობისა და კერძოდ OGP-სთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საჯარო კონსულტაციების, დისკუსიებისა და შეხვედრების ორგანიზებას, სარეკლამო რგოლების, სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებას, ეროვნული უმცირესობების ენებზე OGP-ს საქართველოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის ბეჭდვითი პროდუქტების (ბროშურები, ლიფლეტები) მომზადებას და ადგილობრივ მედიასაშუალებებში სპეციალური საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროგრამების გადაცემას.
ვიმედოვნებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრის აპარატი განიხილავს რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებები , რომლებმაც რეკომენდაციებში აღნიშნული ცვლილებების იმპლემენტაციაუნდა მოახდინონ, დაუყონებლივ დაიწყებენ შესაბამის საკანონმდებლო თუ ინფრასტრუქტურულ საქმიანობის განხორციელებას.