პროექტის სახელწოდება: საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი
დონორი: ევროკავშირი (EU)
პროექტის კოდი: ENI/2020/417-626
სრული ბიუჯეტი: EUR 59,960
ხანგრძლივობა: 22 ივლისი, 2020 – 21 ივლისი, 2021
აღწერა
საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა თავისი უფლებამოსილებები ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმების გვერდის ავლითა და ადამიანის უფლებების შეზღუდვით შეასრულოს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გამოაცხადა 3.5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და ბიზნესის გაჯანსაღებისაკენ. ასევე, შეიქმნა StopCov ფონდი, რომლის საშუალებითაც პირებს და კომპანიებს შეუძლიათ თანხის შეწირვა ვირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. ამ დროისთვის, ფონდი 133 მილიონამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, დონორმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, საქართველოს მიაწოდონ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამრიგად, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართულ აქტივობებზე, სახელმწიფო ხარჯებზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება.
მთავრობის მიერ კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ზომები წარმოშობენ ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს. ზოგადად, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები ფიქსირდება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სიტუაციებში, როდესაც ხელისუფლება აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებებით და შესაძლოა გაჩნდეს ამ უფლებამოსილების არამიზნობრივი ან გადამეტებით გამოყენება. კრიზისის დროს მთავრობაზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.
პროექტი ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების, StopCov ფონდის განკარგვასთან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებასთან და დონორთა დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შესწავლილი და შემსუბუქებული იქნება კოვიდ-19 კრიზისის განმავლობაში ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკები.
აქტივობის მიზნები
ზოგადი მიზანი
საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.
კონკრეტული მიზნები
1: მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის კონტექსტში, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების, ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების მეშვეობით.
2: ადამინის უფლებების სტანდარტების გაძლიერება მონიტორინგის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით.
აქტივობები
- კოვიდთან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვის და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.
- ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში.
- მონიტორინგის შედეგების / რეკომენდაციების გამოქვეყნება და გავრცელება, როგორც ონლაინ ასევე პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.
- სამი საჯარო ონლაინ დისკუსიის გამართვა.
- რეკომენდაციების შემუშავება.
- რეკომენდაციების ადვოკატირება 2 პრეზენტაციის და 2 სამუშაო შეხვედრის მეშვეობით.
აქტივობის შედეგები:
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების არასწორი განკარგვის, ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტური იმპლემენტაციის და დონორებისგან მიღებული დახმარების არასათანადო განაწილების შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და გამოსწორება.
- კოვიდ-19-ის კრიზისის განმავლობაში, ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკების შემსუბუქება.
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების და ხარვეზების შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.