de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი | ანგარიში 25 მაისი 2021

ერთ წელზე მეტია საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებს. ამ ბრძოლის ეფექტებს სოციალური ურთიერთობების არცერთი სფერო არ დაუტოვებია ხელშეუხებელი. პანდემიის გავრცელებამ ყველაზე მეტად ადამიანის ძირითადი უფლებები დააზარალა, ვინაიდან სწორედ მათი შეზღუდვა იქცა პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად.

 

პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. საგანგებო მდგომარეობამდე, საგანგებო მდგომარეობისას და de facto საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს უკანსაკნელი საქართველოში 2020 წლის 23 მაისიდან დაიწყო და იგი პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ექსტრაორდინალურად დიდი უფლებამოსილების გადაცემას უკავშირდება.

 

კონსტიტუციური დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სახელმწიფოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა არის დაბალი. გასათვალისწინებელი ფაქტორია ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის ბოიკოტი. ყოველივემ ეჭვქვეშ დააყენა აღმასრულებელი ხელისუფლების ექსტრაორდინალურად გაზრდილი ძალაუფლებაზე ეფექტური პოლიტიკური თუ სამართლებრივი კონტროლის განხორციელება.

 

2020 წლის 22 მაისის შემდგომ თითქმის ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდში შეიზღუდა არაერთი კონსტიტუციური უფლება. გამოიკვეთა არაერთი შინაარსობრივი და პროცედურული პრობლემა როგორც შეზღუდვების დადგენის ისე მათი აღსრულების თვალსაზრისით. ყოველივე უარყოფითად აისახა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე. სწორედ ამ თვალსაზრისით გამოვლენილ ძირითად პრობლემებზეა კონცენტრირებული წინამდებარე ანგარიში.

 

კომენდანტის საათის 195 დღე

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური რყევების მიუხედავად ნახევარ წელზე მეტია საქართველოში კომენდანტის საათი უწყვეტი რეჟიმით მოქმედებს.  არაერთი გარემოება მიუთითებს, რომ მთავრობა კომენდანტის საათს არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას.

 

კომენდანტის საათის უპირველესი მიზანია, მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილას დარჩენის უზრუნველყოფა. GOOGLE ანგარიშების თანახმად, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მიერ სახლში გატარებული დრო მხოლოდ 2% არის გაზრდილი. [პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით].

 

საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი, საქართველოში ჩატარებული რაიმე კვლევა, რომელიც შეაფასებდა, კომენდანტის საათის ეფექტურობას, იმ პირობებში როდესაც ყველა სხვა შეზღუდვა მოხსნილი ან შემსუბუქებულია.

 

 

 

Covid რეგულაციების დარღვევისთვის 112991 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების საერთო მოცულობა 50 000 000 ლარს აჭარბებს.

 

 

ყველაზე მეტი დარღვევა (დარღვევათა 31%) ქალაქ თბილისში გამოვლინდა;   აჭარა 11% ით მეორე ადგილს იკავებს. მას მოჰყვება ქვემო ქართლი, რომელზეც გამოვლენილ სამართალდარღვევათა 9 პროცენტი მოდის.

 

2021 წლის თებერვლის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93 403 ჯარიმა გამოიწერა. მაღალი ალბათობით, ამ ჯარიმათა აბსოლუტური უმრავლესობა  უკანონოა

 

ჯანდაცვის სამსახურების მიერ, ეკონომიკური სუბიექტების მიერ კოვიდ რეგულაციების დარღვევის 181 ფაქტი გამოვლინდა

 

 

 

 

ჯანდაცვის სამსახურების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა დაახლოებით 92% სამ ქალაქში გამოვლინდა . თბილისი (69%)  ბათუმი (14%) ქუთაისი (9%)

შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დაახლოებით 30% პირველ ორ თვეზე, 2020 წლის ივნისსა და ივლისზე მოდის.

აგვისტოში საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორი ეკონომიკური სუბიექტი დაჯარიმდა.

 

 

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით

 

- საქართველოს პარლამენტმა პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად გადაანდო აღმასრულებელ ხელისუფლებას.

 

- პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის საკითხში პარლამენტის როლი, ფაქტობრივად უფლებამოსილებების დელეგირებით ამოიწურება. 

 

- 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების 6 თვით გაგრძელებას. საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობა შეამცირა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტმა.

 

- 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პანდემიის მართვის თვალსაზრისით აღმასრულებელ ხელისუფლებაზე განხორციელებული კონტროლი არაეფექტურია;

 

- მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა პანდემიასთან დაკავშირებით მხოლოდ სამჯერ მიმართეს აღმასრულებელ ხელისუფლებას შეკითხვით. აღმასრულებელ ხელისუფლებას არცერთი მათგანისთვის არ უპასუხია. ორ მათგანზე უკვე დაირღვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა.

 

აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით

 

- პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების ძირითადი ინიციატივა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც წარმოადგენს მთავრობის სათათბირო ორგანოს და რომლის შემადგენლობაშიც მთავრობის ყველა წევრი შედის. კვლევის მიმდინარეობისას, გამოიკვეთა რომ უწყებათაშორის საბჭოს არ გააჩნია საქმიანობის წესი/დებულება. მთავრობამ მხოლოდ მისი შემადგენლობა განსაზღვრა. 

 

- უწყებათაშორისი საბჭოს სხდომები დახურულია. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომებზე დასწრების წერილობით მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობას ამ დრომდე პასუხი არ გაუცია. 

 

- უწყებათაშორისი საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბაზაზე შექმნილი ოპერაციული შტაბი. ოპერაციული შტაბის ერთერთი ფუნქცია ე.წ. საშვების გაცემაა (კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლების მინიჭება).

 

- საშვთა გაცემის პროცესში იკვეთება არაერთი სამართლებრივი პრობლემა რომლებიც, მთლიანობაში უთანასწორო მოპყრობის, ფორმალური წესრიგისგან გვერდის ავლის და არაერთი ძირითადი უფლების დაზიანების რისკებს ქმნის. 

 

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ უმკლავდება ხანგრძლივი ვადით კომენდანტის საათის მოქმედებით გამოწვეულ ორგანიზაციულ ტვირთს.

 

- ე.წ. საშვების გაცემისას რისკებს აძლიერებს პროცესის სრული გაუმჭვირვალობა. მაგ. ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს ე.წ. საშვთა გაცემას არ ამუშავებს ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით რამდენ ადამიანს აქვს ე.წ. მრავალჯერადი საშვი.

 

კომენდანტის საათი

 

- საჯარო არ არის ხელმისაწვდომი [უცნობია არსებობს თუ არა ამგვარი დოკუმენტი] კვლევა/ანალიზი, რომელიც საქართველოში კომენდანტის საათის ეფექტურობის თაობაზე დასკვნების გამოსატანად გამოიყენებოდა.

 

- Google-ის მონაცემებით, კომენდანტის საათის მიუხედავად, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში, საქართველოში მოსახლეობის მიერ საცხოვრებელ ადგილას გატარებული დრო მხოლოდ 2 პროცენტით არის გაზრდილი  [პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით].

 

- რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო კომენდანტის საათს არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ წერტილოვან ღონისძიებას. კომენდანტის საათის ხანგრძლივობა ეჭვქვეშ აყენებს ამ ინსტრუმენტის თანაზომიერებას/პროპორციულობას.   

 

სასამართლო და სამოქალაქო კონტროლი

 

- სამოქალაქო კონტროლის ჯეროვნად განხორციელებას, არსებითად აბრკოლებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი პროაქტიულად არ აქვეყნებენ პანდემიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მონაცემებს.

 

- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ პასუხთა უმრავლესობა გაცემულია კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით და არასრულყოფილად.

 

- იკვეთება, რომ როგორც საერთო სასამართლოები, ისე საკონსტიტუციო სასამართლო დროულად არ რეაგირებენ პანდემიასთან დაკავშირებულ მიმდინარე სისტემურ სამართლებრივ პრობლემებზე.

 

Covid რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით

 

- გამოიკვეთა გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირთა [მანიფესტაცია/პროტესტი], სამაგალითო და სანიმუშო დასჯის/დაშინების შემთხვევები.

 

- რაოდენობრივ მსჯელობაზე დაფუძნებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები რიგ შემთხვეებში ქმნის რელიგიური დისკრიმინაციის მომეტებულ რისკს.

 

- ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით გამოწერილი ყველა ჯარიმა მაღალი ალბათობით არის უკანონო. 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პირბადის ტარების წესი დარღვევისთვის გამოწერილია 93 642 ჯარიმა.

 

- 2021 წლის თებერვლის ჩათვლით შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 8737, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის 10431 ფაქტი, ამასთანავე, „ჯანდაცვის სამინისტრომ“ ეკონომიკურ სუბიექტთა მიერ Covid რეგულაციების დარღვის181 ფაქტი გამოავლინა.  

 

- ეკონომიკურ სუბიექტთა მიმართ რეგულაციების აღსრულება განსაკუთრებით შესუსტდა 2020 წლის აგვისტოში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 დარღვევა იქნა გამოვლენილი. „ჯანდაცვის სამინისტროს“ მიერ გამოვლენილი დარღვევათა 90% სამ ძირითად ქალაქზე მოდის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი).

 

- შსს-ს მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევათა 38% ქალაქ თბილისში გამოვლინდა. მეორე ადგილს 11%-ით აჭარა და ქვემო ქართლი ინაწილებს, ხოლო მესამე ადგილზე კახეთია 9%.

 

- შსს და „ჯანდაცვის სამინისტროს“ მიერ ერთობლივად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა თბილისისადაც სამართალდარღვევათა 31% გამოვლინდა, ხოლო ბოლო ადგილზეა გურია რომელზეც 5% მოდის.

 

- სულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ შრომის ინსპექციის მიერ პანდემიისას 50 000 000 ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა.

 

- Covid რეგულაციებისდარღვევასთან და  გამოვლენილ სამართალდარღვევათა აღსრულებასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი, რომელზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება საჯარო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო.  

 

 

რეკომენდაციები

 

უნდა გაიზარდოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა პანდემიისას ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვის თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მისთვის მინიჭებული, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები. კომენდანტის საათის გამოყენების საკითხი უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

 

პანდემიის მართვის სამართლებრივი ვერტიკალი უნდა დაიხვეწოს. უნდა გაიზარდოს უწყებათაშორისი საბჭოს გამჭვირვალობა. უნდა განისაზღვროს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი.

 

საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ (ოპერაციულმა შტაბმა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  უნდა უზრუნველყონ პანდემიის მართვასთან და შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებული ღია მონაცემებისა და ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

 

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს თანასწორობის დაცვას კოვიდ-რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესში.

 

საერთო და საკონსტიტუციო სასამართლომ, პრიორიტეტულად უნდა განიხილონ ის საქმეები, რომლებიც პანდემიის მართვისას დაწესებული მოქმედი შეზღუდვების კონსტიტუციურობა/კანონიერებაა გასაჩივრებული.

 

საერთო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ან/და საკუთარი პრაქტიკის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა.

 

კვლევის მოკლე შეჯამება იხილეთ აქ.

 

/public/upload/Analysis/45435Ver.5.-Report-Covid-EU-GE.pdf

 

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024