Covid-19 და პასუხისმგებლობის ზომები: კონსტიტუციურობის სისტემური პრობლემა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 27 ოქტომბერი 2020

ძირითადი შეფასება

 

საქართველოს პარლამენტი ილუზორულად ახორციელებს საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციას, რითაც Covid-19 გავრცელების პრევენციისკენ მიმართული პასუხისმგებლობის ზომების კონსტიტუციურობას აყენებს ეჭვქვეშ. 

 

შეფასების სამართლებრივი საფუძვლების მოკლე მიმოხილვა

 

ოფიციალურად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე კანონში მინიმალური ცვლილებები შეიტანა. ცვლილებებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დადგენისა და აღსრულების  სრული კომპეტენცია მიენიჭა, რითაც სახელმწიფოში კვაზი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

 

საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ აკრძალული ქმედების შინაარსი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვროს საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს მოთხოვნა არ არის პრივილეგია, ეს არის სისტემური კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან მომდინარეობს.

 

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას მიანდო, Covid-19-თან დაკავშირებით ყველა უფლებრივი სფეროს შეზღუდვა. კონკრეტული ანდა პრინციპულ საკითხებზე სამართალდარღვევების განსაზღვრის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა შექმნა პასუხისმგებლობის დამდგენი ერთი, უნივერსალური ნორმა, რომელიც ერგება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ covid-19-თან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების ფაქტობრივად ყველა დარღვევას. სხვაგვარად, საქართველოს პარლამენტმა დააწესა ღია შემადგენლობის მქონე პასუხისმგებლობა, რომლით აკრძალული ქმედების შინაარსი ავტომატურად ივსება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებით. განსაკუთრებით პრობლემურია გარემოება, რომ რეგულაციების მიღებისას საქართველოს მთავრობას შეუძლია განსხვავებულად მოაწესრიგოს ნებისმიერი უფლებრივი სფერო და, იმავდროულად, იგი არ არის შებოჭილი საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმატიული მოთხოვნებით. აღსანიშნავია, რომ რეგულირების თვალსაზრისით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა მეტი თავისუფლება ვიდრე მას საგანგებო მდგომარეობის დროს გააჩნდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებულ ღია შემადგენლობაში ვარდება და მის საფუძველზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ორი ძირითადი სამართლებრივი აქტის საფუძველზე რომლებიც ჯამში 500-მდე პუნქტსა და ქვეპუნქტს აერთიანებს, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალ უფლებრივ სფეროს და ყველა ტიპის დარღვევას შეეხება. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ნებისმიერი ამ წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შესაბამისად 2000 და 10000 ლარის ოდენობით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის წესით.    

 

გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ სახელმწიფოს Covid-19-თან ბრძოლის მოქნილი მექანიზმები ესაჭიროება და საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებში შესაძლოა არ/ვერ გაეწერა ყველა ტექნიკური თუ შინაარსობრივი დეტალი, მაგრამ, ყველაზე მცირე,  მას უნდა მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება პრინციპული მნიშვნელობის მქონე აკრძალულ ქმედებებზე და საშიშროების მიხედვით განესაზღვრა შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. მაგალითად ისე, როგორც ეს პირბადის ტარების დარღვევის წესთან მიმართებით გააკეთა.

 

საკანონმდებლო ორგანომ ბლანკეტურად, შინაარსობრივი ჩარჩოს განსაზღვრის გარეშე, ჩამოაყალიბა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. მეტიც, მან გაათავისუფლა აღმასრულებელი ხელისუფლება კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნისგან. ამით, საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა საკუთარი კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაზე და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული დანაშაულის/სამართალდარღვევის შემადგენლობების განსაზღვრის უფლებამოსილება, სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა. Covid-19 თან ბრძოლის საკითხში საკუთარი კონსტიტუციური მანდატის ამგვარი დაკნინებით, უმაღლესმა საკანომდებლო ორგანომ ეჭქვეშ დააყენა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების თავსებადობა საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან.

 

აღსანიშნავია, რომ covid-19-თან ბრძოლისას საკანონმდებლო ორგანოთა მიერ საკუთარი მანდატის განხორციელების ნაკლებობით დემოკრატიული მმართველობისთვის შექმნილ პრობლემებს ეხმიანება ვენეციის კომისი 2020 წლის 8-9 ოქტომბერის შუალედური ანგარიში. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შვიდი კონსტიტუციური სარჩელია რეგისტრირებული და მათ უმრავლესობაში, პირდაპირ ან ირიბად, ეჭვქვეშაა დაყენებული აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლები. რაც დამატებით მიუთითებს პარლამენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელების პრობლემურობაზე.

 

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლები, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან ერთად ქმნის ხელისუფლების დანაწილებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევის მნიშვნელოვან რისკს.

 

შეფასებას თან ერთვის წარმოდგენილი პოზიციის დეტალური სამართლებრივი ანალიზი. IDFI აგრძელებს განხილული სამართლებრივი პრობლემის პრაქტიკულ შესწავლას. რელევანტური სახელმწიფო ორგანოებიდან გამოთხოვილია საჯარო ინფორმაცია და სამართალდარღვევის ოქმები. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების გამოყენების პრაქტიკის შესწავლის შემდგომ IDFI-იმ შესაძლოა მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

/public/upload/EU/systemic_problem_of_constitutionality.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024