ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს, პროექტს „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის მონიტორინგი. წინამდებარე ანგარიში,მიმოიხილავს პანდემიის პირობებში საქართველოს პირველად ანტიკრიზისულ გეგმას და მის შესრულებას 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით.
პანდემიის შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 6%-ით შემცირდება, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ისტორიული მინიმუმი იქნება.
COVID-19-ის პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დროული ჩართულობა და კარგად გათვლილი მოქნილი ანტიკრიზისული გეგმა. ანტიკრიზისული პაკეტი მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებისა და კრიზისის მდგომარეობაში ყველაზე მოწყვლადი ხალხის დახმარებას.
ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა, საქართველომ 2020 წლის 24 აპრილს წარდგენილ პირველადი ანტიკრიზისული გეგმისთვის, რომელიც მიმდინარე წლისთვის განისაზღვრა, 3.5 მლრდ. ლარი გამოყო. აღნიშნული 2020 წლის მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2%-ს შეადგენს. გეგმა ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი: ზრუნვა მოქალაქეებზე და ზრუნვა ბიზნესზე. ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილდა შემდეგ სექტორებზე: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და დეველოპერული სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ გეგმაში ყურადღება გამახვილდა არამხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე, არამედ თვითდასაქმებულებზეც, ასევე სხვადასხვა დახმარების პროგრამები იყო გამოყოფილი სოციალურად დაუცველთათვის. გთავაზობთ ამ გეგმის მოკლე მიმოხილვას და შესაბამის რეკომენდაციებს.
- 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია -6%-მდე შემცირდეს. აღნიშნული ჩამორჩება განვითარებადი ქვეყნებისა და მსოფლიოს მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებლებს.
- ანტიკრიზისული გეგმის მოცულობამ მოსალოდნელი მშპ-ს 7.2% შეადგინა.3.5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმის უდიდესი ნაწილი (30%) მოქალაქეთა პირდაპირი დახმარებების სახით იყო დაგეგმილი.
- თვითდასაქმებულების მესამედმა მიიღო 300 ლარიანი დახმარება. საერთო ჯამში, 2020 წლის ნოემბრისთვის 249 ათას ადამიანს ჯამში 74.6 მლნ. ლარი ჩაერიცხა.
- პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარებისთვის გამოყოფილი 450 მლნ. ლარიდან მესამედის ათვისებაც ვერ მოხერხდა. დახმარება 162,220-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო, რაზეც ჯამში 129მლნ. ლარი დაიხარჯა. პროგრამის 6 თვით აღდგენა პირველი იანვრიდან იგეგმება.
- კომუნალური დახმარებების პროგრამის დანახარჯებმა პროგრამის ბიუჯეტს მცირედით გადააჭარბა. კომუნალური დახმარების პროგრამაზე 173 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც 3 მლნ. ლარით აჭარბებს გამოყოფილ თანხას. აღნიშნული პროგრამა დამატებით ოთხი თვით გაგრძელდება.
- 18 წლამდე ბავშვების კომპენსაციაზე დახმარება 925,000 ბავშვზე გაიცა. პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა რაც გამოყოფილ ბიუჯეტს, 160 მლნ. ლარს, +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.
- სამშენებლო სექტორი და ტურიზმის სექტორი ყველაზე მსხვილი მოცულობის დახმარების პაკეტს მიიღებენ ბიზნესსექტორებიდან. აღნიშნული სექტორებისათვის მთავრობის მიერ განსაზღვრული დახმარებების მოცულობამ 434 მლნ. ლარი და 200 მლნ. ლარი შეადგინა, შესაბამისად.
- 2021 წლისათვის მთავრობა აპირებს გააგრძელოს ეკონომიკის სუბსიდირება განახლებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. 27 ნოემბერს, მთავრობამ გამოაცხადა 2021 წლის განახლებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოიცავს 1.1 მლრდ. ლარის დახმარებას მოსახლეობაზე და ბიზნესზე, თითქმის თანაბარი მოცულობით, 545 მლნ. ლარი და 515 მლნ. ლარი, შესაბამისად.
ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს შეუმსუბუქა პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. თუმცა, გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობის იყო წარმოდგენილი და შესაძლებელი იყო აღნიშნული დახმარებების მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის ათვისება გარკვეული პროგრამების შემთხვევაში ვერ მოხერხდა.
ასევე, ანტიკრიზისული გეგმის თავდაპირველ ვარიანტში შეინიშნება უზუსტობები და გეგმის განხორციელების პროცესში შეტანილი ცვლილებების ფონზეც, პროგრამებმა გადააჭარბეს ბიუჯეტს.
თვითდასაქმებულებზე გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია და წინასწარ განსაზღვრულმა კრიტერიუმებმა შეფერხება გამოიწვია.
პროგრამამ ჯამური თვითდასაქმებულების 29% მოიცვა და შემოსავლის დადასტურების გამო შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე ვერ მოხდა პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისება.
18 წლამდე მოზარდების დახმარება უფრო სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს.
გამოყოფილი დახმარები იყო ერთნაირი მოცულობით როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ასევე მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი ნაწილისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს რატომ იყო თავდაპირველად განსაზღვრული 800,000 ბავშვის დახმარება.
200-ლარიანი ყოველთვიური დახმარება დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური არასაკმარისია და დახმარების მოცულობის გაზრდა შესაძლებელი იყო.
აღნიშნული დახმარება მცირედით აჭარბებს ისედაც დაბალ საარსებო მინიმუმს, რომელიც 2020 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალოდ 192 ლარია. იმ ფონზე, როდესაც გამოყოფილი ბიუჯეტის მესამედის ათვისებაც ვერ მოხერხდა, შესაძლებელი იყო გამოყოფილი თანხა გაზრდილიყო. ასევე, გაუგებარია დიფერენციაციის კრიტერიუმები თვითდასაქმებულებისგან, რომლებისთვისაც დახმარება ერთჯერადად 300 ლარს შეადგენს.
კომუნალური დახმარების პროგრამა არასამართლიანი პრინციპით წარიმართა.
სასურველი იყო ამ პროგრამით ესარგებლათ სოციალურად დაუცველებს და იმ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. კომუნალური ვაუჩერები დაფუძნებულია მოხმარების მოცულობაზე და ხშირ შემთხვევებში შეიძლება არ პასუხობდეს დახმარების მიზნობრიობას. ვაუჩერებზე უარის თქმა კი მხოლოდ საკუთარი სურვილით შეუძლია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის და შშმ პირებისათვის დახმარების ზრდა შესაძლებელია.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარების პროგრამებზე დახარჯულმა თანხებმა გამოყოფილ ბიუჯეტს გადააჭარბა, რაც დახმარების უფრო მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ გაზარდა სოციალურად დაუცველების რიცხვიც, მიზანშეწონილია ამ პროგრამებზე გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა. ასევე, სასურველია ბენეფიციარების წრე გაიზარდოს და უფრო მეტი შშმ პირი მოიცვას.
საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ხელფასის პირველ 750 ლარზე მნიშვნელოვანი შეღავათია დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის.
აღნიშნული შეღავათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისათვის და პოსტპანდემიურ პერიოდში პროგრამის გაგრძელება შეამცირებდა წნეხს როგორც დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე ასევე მცირე ბიზნესზე.
2021 წლის ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია საკრედიტო ვალდებულებების გადავადება, დეკ-იან პერიოდში საქმიანობა შეჩერებული პირებისათვის. თუმცა, უცნობია როგორ წარიმართება საკრედიტო ვალდებულებების გადავადება და აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებები მხოლოდ საბანკო სესხებს მოიცავს თუ მსო-ების ვალდებულებებსაც
მთავრობას არ აქვს განმარტებული, საპროცენტო ხარჯის საკითხი და სავარაუდოდ შემდგომ პერიოდებზე მსესხებლის გადასახდელებზე გადანაწილდება. ასევე, აღნიშნული გადავადების პოლიტიკა მხოლოდ საბანკო სესხებზე ვრცელდება თუ სხვა ტიპის ვალდებულებებსაც მოიცავს.
/public/upload/EU/Final - overview_of_the_anti-crisis_plan.pdf