2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ. რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, განსაკუთრებით კი მასში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები.IDFI-ის დაკვირვებით, ფართოვდება აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენება.
მანიფესტაციების მონაწილეების დასაპატიმრებლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (შემდგომში - ასკ) სამართალდამცავ ორგანოებს ფართო კატალოგს სთავაზობს. ამ დროისთვის, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მუხლებია:
მუხლი 173 - პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფის მიყენება (ხშირად, ასკ-ის 166-ე მუხლთან [წვრილმანი ხულიგნობა] ერთობლიობაში). სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 2000-5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
მუხლი 173¹⁶ - საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 1500-დან 4000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
მუხლი 174¹ - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა (აღნიშნული მუხლი ფარავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ საქართველოს კანონის სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევებს). ამ მუხლით სამართალდარღვევებად გამოცხადებული სხვადასხვა ქმედებისთვის გათვალისწინებული სახდელი მერყეობს 2000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმის, ან 7 დან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის ფარგლებში.
პატიმრობის მაქსიმალური ვადის 60 დღემდე გაზრდა იწვევს ადამიანის მკვეთრ და სრულ სოციალურ იზოლაციას. იგი ორი თვის განმავლობაში სრულად წყდება საზოგადოებრივ ცხოვრებას. მაგალითად, საქართველოს შრომის კოდექსი, ისევე როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, ადამიანს შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება/გაათავისუფლოს თანამდებობიდან. სხვაგვარად, ყველა დასახელებული შემადგენლობა, განსაკუთრებით ასკ-ის 173-ე და 173¹⁶ მუხლები, IDFI-ის შეფასებით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იმგვარი ვადით/მოცულობით, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, აღწევს სისხლისსამართლებრივ სიმძიმეს. ამდენად, ამგვარი სახდელის დაკისრება უნდა წარიმართოს ადამიანისთვის მინიჭებული სრული საპროცესო გარანტიებით.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-6 მუხლით, განსხვავებულ პროცედურულ გარანტიებს შეიძლება ითვალისწინებდეს იმისდა მიხედვით, პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება რამდენად მძიმე ხასიათს ატარებს.
თავის მხრივ, ქმედების ხასიათის სიმძიმის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, მართლსაწინააღმდეგო ქმედება კლასიფიცირებულია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად, არამედ აღნიშნული ქმედება ობიექტურად წარმოადგენს თუ არა მძიმე ხასიათის კანონდარღვევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ კონვენციაში არსებული პროცედურული გარანტიები, რომლებიც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ წარმოებას, შესაძლებელია იმავე ფარგლებით გავრცელდეს ადმინისტრაციულ წარმოებაზეც თუკი დადასტურდება ადმინისტრაციული ქმედების მძიმე ხასიათი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლომ გასაჩივრების უფლების ფარგლების განსასაზღვრად მხედველობაში მიიღო არა ქმედების სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული ფორმალური კლასიფიკაცია, არამედ ავტონომიურად შეაფასა ქმედების სიმძიმე. განსახილველ საქმეში სასამართლომ ქმედების სიმძიმის განსაზღვრის მთავარ კრიტერიუმად გამოიყენა პასუხისმგებლობის ზომა - პატიმრობა, და ქმედება მძიმე ხასიათის სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ისეთ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომელთათვისაც სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მსგავსად, სხვა ადმინისტრაციული სანქციაც შეიძლება აღწევდეს უფლების შეზღუდვის ინტენსივობის იმ ხარისხს, რომელიც საკმარისია შემადგენლობის მძიმე სამართალდარღვევად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Engel and Others v. the Netherlands ჩამოაყალიბა კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, კონკრეტული საქმე წარმოადგენს თუ არა სისხლისსამართლებრივ წარმოებას კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიზნებისთვის. აღნიშნული კრიტერიუმებია: ა. ქმედების კლასიფიკაცია ეროვნულ კანონმდებლობაში; ბ. სამართალდარღვევის ბუნება; გ. სანქციის სიმძიმე, რომელიც ემუქრება ქმედების ჩამდენ პირს.
აღსანიშნავია, რომ პირველ კრიტერიუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ მაშინ, როდესად შიდა სამართალში ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, რაც თავისთავად იწვევს კონვენციის მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი გარანტიების გავრცელებას. სხვა შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეორე და მესამე კრიტერიუმებს, როდესაც სასამართლო შინაარსობრივად აფასებს ქმედების ბუნებას. ქმედების ბუნების შეფასებისას მეორე და მესამე კრიტერიუმები არ არის აუცილებლად კუმულატიური ხასიათის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო თვეების განმავლობაში შეტანილი რეპრესიული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენებადი სამართალდარღვევების არსენალი, ამავე დროს არსებითად გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელის ზომა. სანიმუშოდ, ოთხჯერ (15-დან 60 დღემდე), გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა.
ასკ-ის სახდელების გამკაცრების პარალელურად, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა იმ საპროცესო გარანტიებში, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას:
- მხარეთათვის საქმის მოსამზადებლად საჭირო დროის მიუცემლობა;
- ადამიანის დაკავების, მის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის და სხვა უკანონო მოქმედებების საქმის განხილვისგან იზოლაცია;
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა;
- დავის ერთი მხარის (შსს) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეების ასევე მოწმეთა მიერ ნაწარმოები მტკიცებულებების უტყუარობის პრეზუმირება;
- აშკარად არაპროპორციული სახდელების დაკისრება ინდივიდუალური გარემოებების მინიმალურად გათვალისწინებით.
ცხადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიყენებული ზიანი არ არის გამოწვეული მხოლოდ ნორმატიული პრობლემებით, კერძოდ, იმით თუ რა წერია კანონში. საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლეს ანიჭებს სრულ შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს თითქმის ყველა კონსტიტუციური უფლების პროცესუალური თუ მატერიალურ-სამართლებრივი მხარის დარღვევა. მეტიც, ამის არამხოლოდ ნორმატიული შესაძლებლობა, არამედ კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაც გააჩნიათ. მაგალითად, მხარეთა საპროცესო უფლებების განმარტებისას იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციით (აღნიშნულს მოითხოვს ნორმატიული აქტების იერარქიის კონსტიტუციური წესი); თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ტოვებს სივრცეს და მოსამართლე იძულებული ხდება მიიღოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების დარღვევის ძირითადი თუ შუალედური გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2024 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს მანიფესტაციები, მკვეთრად არის გაზრდილი მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალადობა და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების წარმოების მასშტაბი, სასამართლოს სისტემის არცერთ მოსამართლეს არ დაუნახავს კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება. (იხ. სასამართლოს სისტემის მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინებების ნუსხა).
19 მარტს, დაახლოებით 13:00-ზე გიორგი მელითაური მაღაზიიდან დაბრუნებისას, საკუთარი სახლის შესასვლელთან დააკავეს. დაკავება განახორციელეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივებმა/გამომძიებლებმა. შსს-ის პოლიციის დეტექტივების თანახმად, მათი მიზანი იყო, ადმინისტრაციული უწყების ჩაბარება, რომლითაც მელითაურს, შსს-ში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, იმავე დღეს იძახებდნენ. გიორგი მელითაურის განცხადებით, მისთვის უწყების ჩაბარება არავის უცდია. მას ადგილზე გამოცხადებულმა ერთ-ერთმა დეტექტივმა აჩვენა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსთხოვა გაჰყოლოდა განყოფილებაში, რასაც იგი დაემორჩილა. მელითაურის განცხადებით, მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. 21 მარტს, სასამართლოს სხდომაზე დადასტურდა, რომ გიორგი მელითაურის წინააღმდეგ შსს-ს რეაგირება 12 მარტს ჰქონდა მოთხოვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს.
გიორგი მელითაურს შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) და 173¹⁶ მუხლების პირველი ნაწილებით (საჯარო სამსახურში დასაქმებულის შეურაცხყოფა).
21 მარტს, გიორგი მელითაური იზოლატორიდან პირდაპირ გადაიყვანეს სასამართლოს სხდომაზე, რომელიც წარიმართა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების სრული უგულებელყოფით. კერძოდ, IDFI-ის შეფასებით მოსამართლემ დაარღვია არსებითი მნიშვნელობის საპროცესო უფლებები და თითქმის ყველა მატერიალური უფლება, რომლის დარღვევაც თეორიულად იყო შესაძლებელი.
დაცვის უფლება: დაცვის მხარისთვის სასამართლოს პროცესამდე მხოლოდ ვარაუდის დონეზე იყო ცნობილი ადმინისტრაციული ბრალდების არსი, ხოლო ადვოკატსა და პასუხისგებაში მიცემულ პირს საქმის მასალები პროცესის დაწყების შემდგომ გადაეცათ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ, მათ შორის მინიმალური დროით. საქმის მასალების, აუდიო ჩანაწერების გასაცნობად, მოსამართლემ გამოაცხადა ტექნიკური 15-წუთიანი შესვენება. დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა საქმეს, გასაუბრებოდა დაცვის ქვეშ მყოფ პირს, დაეგეგმა მოწმეთა დაკითხვა, შეესწავლა წინასწარ და საფუძვლიანად აუდიო მტკიცებულებები და მოემზადებინა შესაბამისი კითხვები.
მტკიცებულებათა სანდოობა: პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები, საბა ერისთავი, გოჩა ქავთარაძე, ლაშა ჭანტურია. მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა დაესვა კითხვები, რომლებიც მიმართული იყო მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების კეთილსინდისიერების და სისწორის გამოკვლევისკენ. კერძოდ, მოსამართლემ დაცვის მხარეს მოუხსნა თითქმის ყველა კითხვა, რომელიც სცდებოდა მოწმეთა შორის სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებულ სცენარს.
გადაწყვეტილების დაფუძნება მხოლოდ შსს-ს მიერ ნაწარმოებ მტკიცებულებებზე: პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში (ასკ-ის 173-ე მუხლი) გიორგი მელითაურის წინააღმდეგ შსს სამართალდარღვევის ჩადენას მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების ჩვენებებითა და ამ თანამშრომელთა მიერ ნაწარმოები მასალებით ასაბუთებდა. საქმეში არ იყო წარმოდგენილი არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გიორგი მელითაურის მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ირიბად მაინც მიუთითებდა.
გადაწყვეტილების დაფუძნება აშკარად უკანონო მტკიცებულებებზე: მოსამართლემ ფაქტობრივად გამოკვლევის გარეშე მიიღო მტკიცებულებად კომპიუტერული სისტემიდან მოპოვებული აუდიო ჩანაწერი, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ტიპის მტკიცებულების მოსაპოვებლად დანაშაულზე რეაგირებისას სასამართლოს განჩინებაა საჭირო. აღნიშნული მასალა იყო ასკ-ის 173¹⁶ მუხლის ნაწილში (საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის შეურაცხყოფა) ერთადერთი წარდგენილი მტკიცებულება.
გამომძიებელთან მოუნანიებლობა, როგორც სასჯელის დამძიმების წინაპირობა: სასამართლოზე მოწმედ დაიკითხა გოჩა ქავთარაძე, გამომძიებელი, რომელმაც ადვოკატისთვის წინასწარი ან შემდგომი შეტყობინების გარეშე მოინახულა გიორგი მელითაური. გოჩა ქავთარაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ იზოლატორში შეხვედრისას გიორგი მელითაური არ ინანიებდა ჩადენილ საქციელს. დაცვის მხარის სამართლებრივი პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ მიიღო გოჩა ქავთარაძის ჩვენება, როგორც სახდელის დამამძიმებელი გარემოება.
აშკარად არაპროპორციული სახდელის დაკისრება: არსებითი დარღვევებით ჩატარებული სასამართლოს პროცესის შემდგომ, ნინო ენუქიძემ გიორგი მელითაურს 55 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა, სათათბიროდ გასვლის გარეშე, ადგილზევე მიუსაჯა. გიორგი მელითაური არ იყო ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული. ის მუშაობს ერთ-ერთი კომერციული ბანკის უფროს სისტემურ ადმინისტრატორად და ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ამგვარი სახდელით მოსამართლემ გიორგი მელითაურს წაართვა არამხოლოდ თავისუფლება, არამედ გაიმეტა ოჯახი და ბავშვები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისთვის, ვინაიდან თითქმის ორთვიანი თავისუფლების აღკვეთით დამსაქმებელს შეუქმნა სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი. რომ არა დამსაქმებლის კეთილსინდისიერება, გიორგი მელითაური დარჩებოდა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია ეჭვქვეშ ნორმატიული სახდელის პროპორციულობა ან/და მისი კონსტიტუციურობა. საყურადღებოა, რომ პატიმრობის სამართლებრივ საფუძვლად მოსამართლემ გამოიყენა ასკ-ის 173-ე მუხლი, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საბა ბაღდავაძე დააკავეს 2025 წლის 23 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დატოვების შემდგომ (პროტესტის ადგილიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით). დაკავების ფორმალურ საფუძვლად გაფორმდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ საპოლიციო ძალების მთავარი ინტერესი იყო საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ფეიერვერკის გასროლა 23 მაისს რუსთაველის გამზირზე.
საბა ბაღდავაძე იზოლატორიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს 25 მაისს. ამავე დღეს მას შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მისი შეურაცხყოფისთვის (ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები), ასევე, ასკ-ის 174¹ მუხლის მე-5 (პიროტექნიკის ქონა) და მე-7 (ნიღბის ტარება) ნაწილებით .
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს სასამართლომდე არ ჰქონია წვდომა საქმის მასალებზე, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საქმის მასალების გასაცნობად მას 3 წუთი განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში საბა ბაღდავაძის მიერ ფეიერვერკის გასროლისა და ნიღბის ტარების დასადასტურებლად არსებული ვიდეოჩანაწერების საერთო მოცულობა აღემატებოდა 1 საათს. ეს დრო არ იყო საკმარისი, არც ვიდეო ჩანაწერების სანახავად, არც წერილობითი მასალების გასაცნობად და არც ადვოკატის მიერ სამართლებრივი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად და შესათანხმებლად მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.
მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკები, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დასტურდებოდა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულებით, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რომელზეც ასახული იქნებოდა საბა ბაღდავაძის დაკავების მომენტი.
მოსამართლემ საბა ბაღდავაძე ყველა ასპექტში ცნო სამართალდამრღვევად. ნიშანდობლივია, რომ ფეიერვერკის გასროლისთვის და ნიღბის ტარებისთვის, მაქსიმალურ ადმინისტრაციულ სახდელად შესაძლებელი იყო 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ სასჯელი დანიშნა პოლიციელის „კანონიერი” მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და საბა ბაღდავაძეს 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
IDFI-ის შეფასებით საბა ბაღდავაძის პროცესი წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა და უხეში დარღვევებით. მოსამართლემ საბა ბაღდავაძეს ფაქტობრივად წაართვა დაცვის უფლება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა დააფუძნა სამართალდარღვევას, რომელიც არცერთი ნეიტრალური მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. გიორგი მელითაურის მსგავსად, აღნიშულ პროცესამდე საბა ბაღდავაძე არ იყო ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელდადებული.
საჯარო წყაროებით დოკუმენტირებული და IDFI-ის წარმოებაში არსებული საქმეები მიუთითებს, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 14-ჯერ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებზე.
მითითებული ინფორმაცია ეყრდნობა საჯაროდ გავრცელებულ მონაცემებსა და ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეებში გამოვლენილ გარემოებებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო თვეების განმავლობაში შეტანილი რეპრესიული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მოსაზრებების მქონე ადამიანების დევნის იარაღად გამოყენებადი სამართალდარღვევების არსენალი, ამავე დროს არსებითად გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელის ზომა. სანიმუშოდ, 15-დან 60 დღემდე, ოთხჯერ, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა და ადმინისტრაციულმა სახდელებმა მიაღწია ნიშნულს, რომელთა განხილვაზე სამართლიანი სასამართლოს უფლების მკაცრი, ფაქტობრივად სისხლისსამართლებრივი გარანტიები უნდა გავრცელდეს.
მიუხედავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებებისა, საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლეს ანიჭებს სრულ შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს თითქმის ყველა კონსტიტუციური უფლების პროცესუალური თუ მატერიალური დარღვევა. სამწუხაროდ, საერთო სასამართლოები, პრაქტიკით, არ ასწორებენ ჯერ კიდევ 1984 წელს, საბჭოთა კავშირში, მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებს. მეტიც, IDFI-ის დაკვირვებით, მოსამართლეები პოლიტიკური რეპრესიების მხარდამჭერებად გვევლინებიან.
ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მოსამართლეები ფაქტობრივად უაპელაციოდ იღებენ შსს-ს მოწმეთა ჩვენებებს მაშინაც კი, თუ ეს ჩვენებები მხოლოდ იმავე უწყების მიერ ნაწარმოები მასალებით (დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი) დასტურდება და საქმეში არ არის ნეიტრალური მტკიცებულებები.
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
03.06.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
23.05.2025