მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 15 აპრილი 2025



1. პოლიტიკური რეპრესიები და პერსონალური მონაცემები 

ქართული ოცნება პარტიული ამოცანების მისაღწევად იყენებს რეპრესიებისა და დაშინების სხვადასხვა ფორმას. რეპრესიების მთავარი სამიზნეები არიან 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, პროტესტის მხარდამჭერები. მათი სხვადასხვა მეთოდით დასჯის გზით ქართული ოცნების მიზანია პროტესტის ჩახშობა და ფართო საზოგადოების დაშინება. 

 

ფართომასშტაბიანი რეპრესიების განსახორციელებლად აუცილებელია სამიზნე ჯგუფებისა და ინდივიდების იდენტიფიცირება, ზემოქმედების ინდივიდუალური ფორმის შერჩევა და განხორციელება. აღნიშნული ვერ მიიღწევა  გაძლიერებული ოპერატიულ-ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რომლის უზრუნველყოფის რესურსი მხოლოდ უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ. 

 

ფართომასშტაბიანი პარტიული რეპრესიების დაგეგმვისთვის და აღსრულებისთვის სახელმწიფოს სჭირდება სხვადასხვა წყაროდან, სხვადასხვა კატეგორიის პერსონალური მონაცემების დიდი რაოდენობით მოპოვება, დახარისხება, სხვადასხვა, მათ შორის, განვითარებული ანალიტიკური პროგრამებით მათი გადამუშავება. ამგვარი ოპერაციების აღსრულება შემხებლობაშია არაერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მანდატთან, თუმცა მათგან უნდა გამოიყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოა. 

 

მოცემულ შემთხვევაში IDFI ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთ ხილულ ფორმაზე - ფინანსურ რეპრესიებზე და მის განსახორციელებლად შსს-ს, ასევე სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის ინფრასტრუქტურისა და ვიდეო-ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. 

 

2. ფინანსური რეპრესიით მსუსხავი ეფექტის შექმნის ოპერაციული მოდელი

2.1. საკანონმდებლო კომპონენტი (პოლიტიკური მხარდაჭერა)

შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ქართული ოცნების მიერ რეპრესიული ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა - 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში. ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. სპონტანური შეკრების მარეგულირებელი კანონმდებლობა მოიცვა არაერთმა ბუნდოვანმა ტერმინმა, რამაც შექმნა მათი არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხე. დაწესდა არაპროპორციული ჯარიმები  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის შემთხვევაში. მაგალითად, მანიფესტაციისას გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარიდან გაიზარდა 5000 ლარამდე, ხოლო თუ დამრღვევი ამავდროულად მანიფესტაციის ორგანიზატორია, 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე. გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა ოთხჯერ, 15-დან 60 დღემდე. შეკრების მონაწილეებს აღნიშნული ცვლილებებით ბლანკეტურად აეკრძალათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვაც. 

 

აღნიშნული ცვლილებების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ. მათ გააკრიტიკეს კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიმდინარეობა. ვენეციის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაზე (პარ. 23). ამასთან, აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარს, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებებით -  სრულად გადასახედია სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, არაპროპორციულად არის მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობების ზომები, როგორც ჯარიმის ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში. დასკვნებში ასევე გაკრიტიკებულია სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, როგორებიც არის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა, პრევენციული დაკავების უფლებამოსილება და ა.შ.

 

საბოლოო ჯამში, შეკრების/გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რომლიც შეუთავსებელია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. ფაქტობრივად ყველა სამართლებრივი ასპექტი, რომელიც ახლებურად დარეგულირდა ცვლილებების შედეგად, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ

 

2.2. ინფრასტრუქტურული კომპონენტი (ვიდეო-სამეთვალყურეო შესაძლებლობების გაძლიერება)

2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში შსს-მ რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა განაახლა. კერძოდ, არსებითად გაიზარდა კამერების რაოდენობა ისევე, როგორც აღნიშნული კამერების ტექნიკური შესაძლებლობები. 

თვალსაჩინოებისთვის, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ფასადსა და მის გასწვრივ არსებულ მართკუთხა პერიმეტრზე (150მ X 80მ) განთავსებულია 40-ზე მეტი ვიდეო სათვალთვალო კამერა. მათგან დაახლოებით 15 არის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მბრუნავი/მართვადი კამერა, მაღალი ოპტიკური მოახლოების შესაძლებლობებით - ე.წ. PTZ (Pan-Tilt-Zoom). 

სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი მიუთითებს, რომ პერიმეტრზე ძირითადად განთავსებულია ჩინური წარმოების (Dahua) კამერები. აღსანიშნავია, რომ კამერების მწარმოებელი კომპანია სანქცირებულია აშშ-ს მიერ თავდაცვა/უსაფრთხოების სანქცირების პროგრამებით. 

 

 

ფოტოზე გამოსახულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული PTZ კამერების ერთ-ერთი მოდელი.  

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ დასახელებულ კამერას გააჩნია ავტომატური თვალთვალის ფუნქციონალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას კამერის ტექნიკური მახასიათებლები (ბრუნვა, კადრის მოახლოება) გამოყენებულ იქნეს ადამიანის თვალთვალისთვის. 

 

2.3. მართლმსაჯულების კომპონენტი  (დარღვევის მატერიალური შემადგენლობის გაფართოება და მსუსხავი ეფექტის შექმნა) 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა”. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.” პრაქტიკაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის შემდგომ, ყოველთვის უზრუნველყოფდა ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრას, პროტესტის მიმდინარეობისას არ მიუღია  გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის მანიფესტანტებისგან გათავისუფლების შესახებ. 

 

სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის პროცესის შესაფასებლად  მოსამართლე არ იყენებს არანაირ ობიექტურ სტანდარტს. მეტიც სასამართლო სამართალდარღვევად მიიჩნევს უკვე გადაკეტილ გზაზე მანიფესტაციას შეერთებული პირის მისვლას. სხვაგვარად, სასამართლო აჯარიმებს არამხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გზის გადაკეტვაში არამედ ყველას, ვინც მიმდინარე მანიფესტაციისას ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოძრაობდა, თუნდაც გზის გადაკეტვიდან 1 საათის შემდეგ. შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამგვარი ინტერპრეტაცია და გამოყენება, რიგ შემთხვევაში, არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითადი უფლებების საბაზისო პრინციპებს (მაგალითად, განჭვრეტადობისა და ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის აკრძალვის პრინციპებს).

საბოლოო ჯამში, სასამართლო პრაქტიკით მანიფესტაციაში მონაწილეობაზე დაწესდა მსუსხავი ეფექტი, რასაც იწვევს უსაფუძვლოდ, არაპროპორციულად მაღალი, 5 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების რისკი.  

 

2.4. პოლიციის პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფის კომპონენტი - დეტექტივების ჩართვა და დაშინების მცდელობა

2025 წლის 7 თებერვლის შემდგომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მანიფესტაციების მონაწილეთათვის შეტყობინების ერთ-ერთ აპრობირებულ ფორმად ჩამოყალიბდა ოქმების  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მიერ ჩაბარება. მათი ჩართულობა ადმინისტრაციული ჯარიმების შედგენის პროცესში მოითხოვა თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორმა, საქმეთა სიმრავლის გამო.  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი ფუნქციაა დანაშაულის გამოძიება და მათზე რეაგირება, საზოგადოების მიერ მათი ფუნქცია ძირითადად ამგვარადაა აღქმული. 

დეტექტივები ხშირად, სამუშაო საათების მიღმა, 2-8 კაციან ჯგუფებად, ღამის საათებში, სახლში აკითხავდნენ მანიფესტაციების მონაწილეებს და აბარებდნენ ჯარიმებს. პოლიციის დეტექტივებისგან შემდგარი ჯგუფების გამოყენება საფოსტო სერვისის უზრუნველსაყოფად რესურსების ეკონომიით ვერ აიხსნება. ამის მიზანს, წარმოადგენს მანიფესტაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების დაშინება. 

 

ნიშანდობლივია, რომ IDFI-ის შეფასებით 7 თებერვლის შემდგომ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესების არსებითი დარღვევა. 

 

(ფოტო: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პატაკი)



3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესების სამი საკვანძო დარღვევა  

3.1. მანიფესტაციის მონაწილეთა თვალთვალი და დევნა მანიფესტაციის მიმდინარეობისას/დასრულების შემდგომ 

რუსთაველის გამზირზე განლაგებული მართვადი კამერები მანიფესტაციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით აგროვებს  ვიდეომასალას. ეს პროცესი ატარებს თვალთვალის/დევნის ხასიათს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არაავტომატურად, ოპერატორის მიერ ხდება მართვადი კამერების ტექნიკური პოტენციალის სრულად ათვისება ადამიანებზე („მიყოლება”, „დაზუმება”). კამერების მართვის თავისებურებებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად (ორი მართვადი კამერის დაახლოებით 20 საათის ხანგრძლივობის ჯამური ჩანაწერები), ნათელია, რომ კამერას მართავს ოპერატორი და მანიფესტაციებზე დაკვირვების მიზნით ავტომატიზაციის შესაძლებლობა არ გამოიყენება. 

 

ამგვარი ოპერაციები აუცილებელია ადამიანის სახის მაღალი გარჩევადობით დასაფიქსირებლად, რაც თავის მხრივ საჭიროა ვიდეო-ანალიტიკური თუ ადამიანური რესურსის გამოყენებით შემდგომი იდენტიფიცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეო-ოპერაციების განხორციელება ხდება არამხოლოდ გზის სავალ ნაწილზე მყოფი ადამიანების, არამედ მათ მიმართაც, ვინც ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილ ადგილას დგას მათ შორის, იმ დროსაც, როცა მანიფესტაცია დასრულებულია და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული მიუთითებს, რომ სახელმწიფო შეკრების  უფლების რეალიზებას აღიქვამს საფრთხედ,  განსაკუთრებული ინტერესის საგნად და ვიდეო-სათვალთვალო სისტემა გამოიყენება მანიფესტაციების მონაწილეთა ზოგადი იდენტიფიცირებისთვის. 

 

ამ თვალსაზრისით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ქართულმა ოცნებამ რეპრესიული ცვლილებებით ბლანკეტურად აკრძალა სახის დაფარვა მანიფესტაციის მიმდინარეობისას, რაც თავის მხრივ მანიფესტაციის მონაწილეთა იდენტიფიცირების მაღალ პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს. 

 

3.2. ჩანაწერის გაცემა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე  

112–ის ვიდეო ჩანაწერები შსს-ს რომელიმე დეპარტამენტს შესაძლებელია გადაეცეს მხოლოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. სანიმუშოდ, 112-დან ჩანაწერის მოსაპოვებლად სხვა საგამოძიებო ორგანოებს სჭირდებათ სასამართლოს წინასწარი ან შემდგომი თანხმობა, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომლებზეც სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ნებადართულია.

ამ შემთხვევებში კი, მანიფესტაციების დასრულების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ან/და თბილისი პოლიციის დეპარტამენტი 112-დან ითხოვს კამერის ჩანაწერებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე, „სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე”. 



3.3.  ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით პირის იდენტიფიცირება (სახის ამომცნობი სისტემა)

საქმის მასალებში გვხვდება იდენტიფიცირების დოკუმენტები - პატაკები/ოქმები. საქმის მასალები ამ თვალსაზრისით არ არის თანხვედრაში. კერძოდ, საწყის ეტაპზე, შსს-ს წარმომადგენლები სასამართლოში მიუთითებდნენ, რომ მათ პირადად გააკეთეს სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალდებული პირის იდენტიფიცირება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ეს მიდგომა მალევე შეიცვალა, სავარაუდოდ, მისი აშკარა არადამაჯერებლობის გამო და საქმეებში გამოჩნდნენ სპეციალურად გამოყოფილი პირები და დეტექტივები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 112-დან მიღებული ჩანაწერები ატვირთეს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მისი მეშვეობით გააკეთეს ვიდეო ჩანაწერზე მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება. 



მართალია, სახის ამომცნობ სისტემაზე არაფერია ნათქვამი არცერთ პატაკში, თუმცა მოქმედებები, რომლებსაც პატაკის შემსრულებელი აღწერს, ტექნიკურად ყველა შესაძლო ვერსიას გამორიცხავს (არაგონივრულს ხდის) და ტოვებს მხოლოდ ერთს - ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით (სახის უნიკალური მახასიათებლებით) ადამიანის ძებნას. 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი კი ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებას, სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, არ ითვალისწინებს

 

 

4. განცხადებები და საჩივრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 

ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, IDFI-ის დახმარებით 2025 წლის 4 თებერვლიდან 17 მარტის პერიოდში, 8 ადამიანმა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. მათ მოითხოვეს შსს-სა და 112-ის მიერ, მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მთელი ჯაჭვის კანონიერების შესწავლა. კერძოდ, დასახელებული განცხადებები შეეხებოდა ამ პირების ამსახველი ფოტო/ვიდეო კადრების დამუშავების სრული ციკლის შესწავლას, რომელიც მოიცავდა მათი შექმნიდან, საქმეების სასამართლოში წარდგენამდე  მონაცემთა დამუშავების შემადგენელ ყველა ფორმასა და ოპერაციას. მათ შორის მონაცემთა:

 

შეგროვებასა და მოპოვებას; 

მონაცემებზე წვდომას, წვდომის შემთხვევებისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვას;

ფოტო/ვიდეო გადაღების განხორციელებას; 

ვიდეომონიტორინგს; 

მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის განთავსებას/დაარქივებას; 

მონაცემებზე წვდომის ფარგლებს; 

მათზე პირთა დაშვების კონტროლს; 

მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების უწყებებს შორის გაცვლას;

მესამე პირთათვის გაზიარებას; 

პირთა იდენტიფიცირებას; 

მონაცემთა ორგანიზებას, დაჯგუფებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, გამოყენებას;

აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით; 

დამუშავების საფუძვლებს, აუცილებლობასა და პროპორციულობას;

უფლების დაცვის გარანტიებს. 

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებებში გაკეთდა სპეციალური მითითება იმის თაობაზე, რომ სამსახურს ინსპექტირების მიღმა არ დაეტოვებინა განმცხადებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების კანონიერება შსს-ს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, ისევე როგორც შსს-ს მიერ განმცხადებლების ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. ეს მითითება გაკეთდა პროტესტის მონაწილეების ფოტო/ვიდეო მასალით მასიური იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების სიმრავლის ფონზე, რაც აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ სისტემურად მიმდინარეობდა ფიზიკური პირ(ებ)ის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით პერსონალური მონაცემების, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავება.

განმცხადებლების წინააღმდეგ მიმდინარე წარმოებებში არსებული მასალებით, მაღალი ალბათობით, იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ნიშნები, რაც შესაბამისად იქნა დასაბუთებული განმცხადებლების მოთხოვნაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თავდაპირველად ხარვეზი დაადგინა შვიდ განმცხადებელთან მიმართებით, ხოლო ხარვეზის გასწორების შემდგომ, შვიდივე პირის განცხადება დატოვა განუხილველად. სამსახურმა განუხილველად დატოვა მერვე პირის განცხადებაც, რომელზეც ხარვეზი არ ჰქონდა დადგენილი.  

 

განცხადებების განუხილველად დატოვების მიზეზად სამსახურმა მიუთითა, რომ განმცხადებლების წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიმდინარე წარმოება გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარდგენილ განცხადებებში მითითებული გარემოებების  შესწავლის შესაძლებლობას. განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რვავე განმცხადებელმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

 

IDFI-ის შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ განაცხადა უარი თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე და თავიდან აირიდა საკუთარი მანდატის აღსრულება. სახეზე არ იყო განცხადების განუხილველად დატოვების არც ერთი საფუძველი. განცხადებაში იდენტიფიცირებული მოთხოვნა და სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი პროცესია და მათი პარალელურ/ურთიერთგადამფარავ მოცემულობად განხილვა შეუძლებელია. 

 

კერძოდ, თუ ერთ შემთხვევაში საქმე შეეხება შსს-სა და 112-ის მიერ მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავების სრული ჯაჭვის კანონიერების შესწავლას, მეორე შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობის დადგენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. როგორც სამართალწარმოებების ინიციატორების, აგრეთვე მიზნების, შედეგების, საგნისა და ფარგლების თვალსაზრისით, აღნიშნული ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. დასახელებული საფუძვლით განცხადებების განხილვაზე უარის თქმა სამსახურის მხრიდან ემსახურება მხოლოდ საკუთარი საზედამხედველო უფლებამოსილებების განხორციელებისგან თავის არიდებას.

 

IDFI-ის ინფორმაციით, განცხადებების განუხილველად დატოვების ანალოგიური პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოიყენება სხვა განმცხადებლებთან მიმართებითაც. ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებით, სამსახური დაუცველს ტოვებს განმცხადებლების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას და სრულად გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს სასამართლოს (ან/და სხვა ორგანოს) განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. აღნიშნული შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის დატოვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური კონტროლისგან თავისუფალ გარემოში.




5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პასიური მხარდაჭერა რეპრესიებს 

IDFI-ის მოსაზრებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, საკუთარი უმოქმედობით, რიგ შემთხვევებში კი უკანონო მოქმედებით, პასიურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს და თვალს ხუჭავს ამ პროცესში სახელმწიფოს ხელთ არსებული პერსონალური მონაცემებისა და განვითარებული ვიდეო-ანალიტიკური შესაძლებლობების (მაგ. სახის ამომცნობი სისტემა) პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაზე. 

 

პასიური მხარდაჭერის ინდიკატორების შესაფასებლად, უპირველესად საყურადღებოა  კანონმდებლობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საქმიანობის 4 ძირითადი მიმართულება აქვს - კონსულტაციების გაწევა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური განცხადებების განხილვა და ინსპექტირება. 

 

5.1. ინდივიდუალური განცხადებების განხილვაზე ირიბად უარის თქმა 

ამ ანალიზის მე-4 ნაწილში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ამკვიდრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პრაქტიკას, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას უარი თქვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების კონტექსტში პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინდივიდუალურ განცხადებაზე რეაგირება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს სისტემურ დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა წინაპირობები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა უხეში დარღვევებისთვის შსს-ს დაკისრებოდა ჯარიმა ათასობით ლარის ოდენობით.  აღნიშნული, მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა საპოლიციო ძალების მიერ პერსონალური მონაცემებით მანიპულირების დაუსჯელობის აღსაკვეთად.  (იხ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 66-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე, 73-ე და 74-ე მუხლები).

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უარი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სამსახურის 2024 წლის წლიურ ანგარიშში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით. კერძოდ, სამსახური აღნიშნავს შემდეგს: „სამართალდამცავი ორგანოების მიერ სამართალწარმოების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას გამოწვევად რჩება პროპორციულობის პრინციპის დაცვის ხარისხი. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა ლეგიტიმურ მიზანსა და საფუძველთან მიმართებით გადაჭარბებული მოცულობით მონაცემთა დამუშავების ფაქტები. ასევე, პრობლემურია უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების (მონაცემებზე წვდომის აღრიცხვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) მიუღებლობის შემთხვევები; მათ შორის, მონაცემებზე კანონიერი წვდომისა და საამისოდ განსაზღვრული სუბიექტის სწორად შერჩევისა თუ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის (ე. წ. „ლოგების“) არარსებობა/არასრულყოფილება, წვდომის უფლების მქონე პირებისათვის განპიროვნებული მომხმარებლის არარსებობა და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხები”. მეტიც, იმ პირობებშიც კი, როცა სამსახურს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112, საერთოდ არ შეუმოწმებია, იგი საუბრობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ვიდეო-აუდიო მონიტორინგის წესების დარღვევაზე, განსაკუთრებით „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონის მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით. (იხ. ანგარიში გვ. 87-88). 

 

აღნიშნული ანგარიში მიუთითებს, რომ სამსახურისთვის ცნობილია სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემური გარემო და მაღალი რისკები, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა განმცხადებლების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას და გახდებოდა შსს-ს მრავალჯერადი დაჯარიმების საფუძველი. 

 

5.2. ინსპექტირება ვიწრო ფოკუსით და მისი მიმართება ინდივიდუალურ განცხადებაზე რეაგირების მექანიზმთან

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 12 მარტს გავრცელებული განცხადებით ირკვევა, სამსახურმა 18 თებერვალს დაიწყო ორი დაუგეგმავი ინსპექტირება - სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის მიერ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისა და შსს-ს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებაზე ინსპექტირების დაწყება დადებითი ფაქტია, თუმცა ინსპექტირების ფოკუსი უკიდურესად არის დავიწროებული მხოლოდ და მხოლოდ ბიომეტრიულ მონაცემებზე. ყურადღების მიღმა რჩება, ზოგადად, ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მაგალითად, 112-ის ვიდეო მონიტორინგის შესაძლებლობების გამოყენება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც არ უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებას,  ინფორმირების ვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. 

 

ინსპექტირების ამგვარი ვიწრო ფოკუსით დაწყება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც სამსახურის 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, მისთვის ცნობილია სამინისტროს მიერ ვიდეო და აუდიო მონიტორინგის წესებისა და ზოგადად, პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის არსებული ნაყოფიერი ნიადაგის შესახებ (იხ. ანგარიში გვ. 87-88). 

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინსპექტირება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ განცხადებაზე რეაგირების მექანიზმს, ვინაიდან ეს ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს განცხადებასთან ერთად ან მის გარეშე. 



5.3. ინფორმაციული ვაკუუმი და საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი და ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რეიდებს, მანიფესტაციების დროს ტელეფონების ჩამორთმევას, დემონსტრანტების დაჯარიმებას, რისთვისაც სამართალდამცავები იყენებდნენ სახელმწიფო ვიდეომონიტორინგის შესაძლებლობებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშიდან ცხადი ხდება, რომ მისთვის ცნობილი იყო პერსონალურ მონაცემთა არაპროპორციული დამუშავებისა და ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, თუმცა მას მანიფესტაციების კონტექსტში, საჯაროდ ცნობილ ინციდენტებზე დაყრდნობით, საინფორმაციო მასალა არ გაუვრცელებია. (სიახლეები: 27/04/2022-დან დღემდე; გადაწყვეტილებები: 25/04/2024-დან დღემდე; რეკომენდაციები: 14/03/2024-დან დღემდე.) თუ არ ჩავთვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამსახურს დაწყებული აქვს ინსპექტირება. 

 

საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა საუკეთესო შესაძლებლობაა ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლებისთვის. სახელმწიფოს მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით ვიდეო თვალთვალის  განხორციელებაზე  საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესისა და ინფორმაციის სრული ვაკუუმის მიუხედავად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაფერი გაუკეთებია მასზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად - გაეზარდა საზოგადოების ცნობიერება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის” შესახებ საქართველოს კანონით ადამიანებისთვის მინიჭებულ უფლებებთან დაკავშირებით. მაგალითად, გაევრცელებინა იმ უფლებების ჩამონათვალი, რომლებიც გააჩნია მონაცემთა სუბიექტს, სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგის კონტექსტში. 




შეჯამება 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალიზებული ინსტიტუტი საქართველოში 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ ინსტიტუტმა გამოიცვალა 3 ხელმძღვანელი და არსებული ფორმით 2022 წელს ჩამოყალიბდა, ე.წ. რეფორმის შედეგად, რომელიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ წინა ხელმძღვანელის პოლიტიკურ დევნად უფროა აღქმული, ვიდრე რეფორმად.  IDFI-ს დაკვირვებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი (დაარსების მომენტიდან) ყოველთვის შიშნარევი სიფრთხილით ეკიდებოდა სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების შესწავლის საკითხებს და აქედან მომდინარე რისკებს.  

 

მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტრუმენტალიზაცია არასდროს ყოფილა ასეთი ხილული და ინტენსიური. ამ ფონზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საკუთარი მანდატის გამომრიცხავი პრაქტიკის ჩამოყალიბება, დაუცველს დატოვებს განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. კერძოდ, ეს სრულად გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება იქნება სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის გავრცელებაზე უარის თქმა, რაც თავის მხრივ, არსებითად შეცვლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინსტიტუციურ ჩარჩოს და დაარღვევს განმცხადებელთა პირადი ცხოვრების/პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ამ დოკუმენტში  განხილული პრობლემური პრაქტიკის დამკვიდრება იქნება ოფიციალური მწვანე შუქი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა შეუზღუდავად გააგრძელონ  პარტიული რეპრესიებისთვის ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების ინსტრუმენტალიზაცია. 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024