ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 20 მარტი 2025

2025 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ხოლო 14 მარტს - ეუთო/ოდირის მოსაზრება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მოსაზრებები მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში განხორციელებულ ცვლილებებს. 

 

ძირითადი  მიგნებები

 

-2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებების მიღების პროცესი წარიმართა არსებითი ნაკლოვანებებით, რაც ცვლილებების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს;

 

-დემონსტრაციაზე სახის დაფარვა დაცულია შეკრების/გამოხატვის თავისუფლებით. სახის დაფარვის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც სახეზეა შესაბამისი კონკრეტული გარემოებები;

 

-სპონტანური შეკრების მარეგულირებელი კანონმდებლობა შეიცავს არაერთ ბუნდოვან ტერმინს, რაც მათი არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხეს ქმნის;

 

-შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები არაპროპორციულია და არაპირდაპირ იწვევს შეკრების/გამოხატვის თავისუფლების დარღვევას;

 

-ცვლილებების შედეგად განსაზღვრული პრევენციული დაკავების საფუძველი ზედმეტად ფართოა და არ პასუხობს ამ მექანიზმის საერთაშორისოდ აღიარებულ უკიდურესად შეზღუდულ ფარგლებს, განსაკუთრებით, საქართველოში ადმინისტრაციული დაკავებების მავნე პრაქტიკის გათვალისწინებით;

 

-დახურულ სივრცეში შეკრების ჩატარების ბლანკეტურად აკრძალვა გაუმართლებელია. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისას, საჯარო წესრიგის გარკვეული ხარისხით დარღვევა დაშვებული უნდა იქნეს. საჯარო წესრიგის აღდგენისას, პოლიცია უნდა ფოკუსირდეს სატრანსპორტო მოძრაობის გადამისამართებაზე და არა შეკრების დაშლაზე;

 

-გაუმართლებელია მონაწილეობის მიღების აკრძალვა ისეთ შეკრებაში, რომლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო

შსს-მ;

 

-შეკრების აკრძალვა “ლგბტ პროპაგანდისგან” დაცვის მოტივით განსაკუთრებული სიმძიმით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და გამართლება არ გააჩნია.

 

  1. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი შეფასებები

1.1. კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების პროცესი

 

ვენეციის კომისიამაც და ეუთო/ოდირმაც გააკრიტიკეს კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიმდინარეობა. ვენეციის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაზე (პარ. 23). ამასთან, აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. გამონაკლისის სახით, კონსულტაციები გაიმართა მხოლოდ საპოლიციო უწყებებთან, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩართული იყვნენ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გადამეტებით გამოყენებაში (პარ. 24). ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების  ამგვარი ნაკლოვანებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცვლილებების ლეგიტიმაციის საკითხს (პარ. 25). ამდენად, ვენეციის კომისიის პოზიციით, უნდა დაბრუნდეს ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო რეალობა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შეფასდეს მათი პროპორციულობის საკითხი (პარ. 26).

 

ეუთო/ოდირის მოსაზრებაში ასევე გაკრიტიკებულია კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების დაჩქარებული წესითა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე წარმართვა (პარ. 109-116). ამასთან, აღნიშნულია, რომ ეროვნული უწყებების მიერ ცვლილებების დასასაბუთებლად მოხმობილი არგუმენტები არარელევანტური და არასაკმარისია, რადგან არ იძლევა პასუხს იმაზე, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება რატომ ჩაითვალა არასაკმარისად/არაეფექტიანად (პარ. 110).

 

ცვლილებების დაჩქარებულად მიღებასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიიჩნევა გამართლებულად. დაუშვებელია მასშტაბური რეფორმებისა და ადამიანის უფლებების შემზღუდავი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება, მიღების შემთხვევაში კი უნდა არსებობდეს მისი გადახედვის მექანიზმი. შესაბამისად, მოსაზრების თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საჭიროებს დაზუსტებას, რათა შეიზღუდოს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების მიღების საფუძვლები (პარ. 113).

 

1.2. დემონსტრაციებზე სახის დაფარვის აკრძალვა

 

ვენეციის კომისიის განცხადებით, დემონსტრაციებზე სახის დაფარვა დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროთი. სახის დაფარვა შესაძლოა გამოყენებული იქნეს რეპრესიებისგან თავის დასაცავად, კონკრეტული შეხედულებების გამოსახატად ან რელიგიური შინაარსის გამოხატვის რეალიზებისთვის. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სახის დაფარვის უფლება. სახის გამოჩენის ვალდებულება მხოლოდ მაშინ უნდა მოქმედებდეს, როდესაც დემონსტრანტის ქმედებები ქმნის მისი დაკავების საფუძველს და სახის დაფარვა ხელს უშლის მის იდენტიფიცირებას (პარ. 32).

 

ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ განსახილველი საკანონმდებლო ჩანაწერი უპირობოდ კრძალავს სახის დაფარვას და არ შეიცავს წესს, როდის არის ნებადართული სახის დაფარვა, რა შემთხვევაშია არის აკრძალული და რა შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სახის გამოჩენა. ამასთანავე, იკრძალება ნებისმიერი საშუალებით სახის დაფარვა, რაც შესაძლოა მოიცავდეს, კაშნეთი, ქუდით, სამედიცინო პირბადით სახის დაფარვას, აღნიშნული კი პრობლემურია კანონის განჭვრეტადობის და პროპორციულობის თვალსაზრისით (პარ. 33).

 

ეუთო/ოდირის მოსაზრება არსებითად იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს დემონსტრაციის დროს სახის დაფარვის აკრძალვასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა სრულად უნდა გადაიხედოს (პარ. 70).

 

1.3. სპონტანური შეკრება

 

ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა სპონტანური შეკრების ცნება, როგორც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებზე დაუგეგმავი და წინასწარ გაუთვალისწინებელი გამოხმაურება (“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 3.ბ¹). ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა, მუნიციპალიტეტი ინფორმირებული იყოს ასეთი შეკრებების გამართვის შესახებ, წინასწარი შეტყობინების განსაზღვრული ვადის დაცვის გარეშე, თუმცა აუცილებელია შეტყობინების „დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში“ წარდგენა. ამასთან, მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლებამოსილება, განსაზღვრონ შეტყობინების წარდგენის განსხვავებული პროცედურები (მუხლი 8.1¹).

 

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სპონტანური შეკრებები დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია და ისეთივე უფლებრივი დაცვით სარგებლობს, როგორც წინასწარ დაგეგმილი შეკრებები. ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, მიმდინარე მოვლენაზე დაუყოვნებელი რეაგირება ამართლებს შეტყობინების მკაცრი მოთხოვნების დაუცველობას (პარ. 37). მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ითვალისწინებს სპონტანური შეკრების დროს წინასწარი შეტყობინების ვალდებულებისგან გამონაკლისს, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ფართო დისკრეციის მინიჭება ბუნდოვანებას ქმნის. კომისიის მოსაზრებით, აუცილებელია, კანონში განისაზღვროს შეტყობინების ერთგვაროვანი პროცედურა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო ბიუროკრატიული დაბრკოლებები (პარ. 38).

 

ვენეციის კომისიამ ყურადღება გაამახვილა შეკრების „ორგანიზატორის“ ცნებაზე და აღნიშნა, რომ იგი მოიცავს ნებისმიერ პირს, ვინც „ხელმძღვანელობს და/ან სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას. კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია დიფერენცირება მოხდეს ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს შორის, რადგან ეს როლები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს კანონი, რათა „ხელმძღვანელის“ ცნება არ მოექცეს „ორგანიზატორის“ განსაზღვრებაში და უფრო ვიწროდ ფორმულირდეს (პარ. 39). „ორგანიზატორის“ ცნების პრობლემურ ბუნებაზე მიუთითა ეუთო/ოდირმაც საკუთარ მოსაზრებაში, სადაც გაიზიარა ვენეციის კომისიის შეფასებები ტერმინის ზედმეტად ფართო ფარგლებთან მიმართებით (პარ. 35-37). დამატებით, ოდირი მიუთითებს, რომ ორგანიზატორს კანონმდებლობა აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას დემონსტრაციის დროს, ასევე ზომების მიღებას სამართალდარღვევის აღსაკვეთად. ოდირის შეფასებით, აღნიშნული ზომების მიღება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და მათი შესრულება არ უნდა დაეკისროს ორგანიზატორს (პარ. 38-39).

 

ეუთო/ოდირის მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია ბუნდოვან ჩანაწერებზე. კერძოდ, სპონტანური შეკრების ცნების განმარტებისას გამოყენებულია ტერმინები - „წინასწარ დაუგეგმავი“ და „მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენიდან გამომდინარე, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა განჭვრეტილი“. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ცნებები ბუნდოვანია და შესაძლოა განიმარტოს შემზღუდველი ბუნებით. კერძოდ, ნებისმიერი სახის წინასწარი კოორდინაცია და დაგეგმვა არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეკრება არ მოექცეს სპონტანური შეკრების ცნებაში. ასევე, „მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენა“ და „ვერ იქნებოდა განჭვრეტილი“ ქმნის ამ ტერმინების არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხეს (პარ. 41-45).

 

ეუთო/ოდირი ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ გაუქმდეს სპონტანური შეკრებებისთვის შეტყობინების ვალდებულება, ან სულ მცირე, იგი დარჩეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შეკრებას მკაფიოდ იდენტიფიცირებადი „ორგანიზატორები“ ჰყავს. ამასთან, მხოლოდ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა არ უნდა იყოს სანქციების დაკისრების ან მშვიდობიანი შეკრების დაშლის, ძალის გამოყენების, ორგანიზატორებისა ან/და მონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნის ან მათი დაკავების საფუძველი (პარ. 53).

 

1.4. გაზრდილი ჯარიმები

 

შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილ ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ზოგადად, არაპროპორციულ ჯარიმებს აქვს „მსუსხავი ეფექტი“, რაც შეკრების თავისუფლების არაპირდაპირ დარღვევას წარმოადგენს (პარ. 46). კომისიის შეფასებით, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 60 დღემდე გაზრდა, ისევე ფინანსური სანქციების მნიშვნელოვანი ზრდა იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობაზე (პარ. 47-49). კომისიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ჯარიმების ოდენობის მასთან აშკარა შეუსაბამობაზე (პარ. 49). კომისიამ აღნიშნა, რომ შეკრებებთან დაკავშირებული უმნიშვნელო, არაძალადობრივი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს მსუბუქი ჯარიმები და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ იქნეს გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა (პარ. 50).

 

ეუთო/ოდირის მოსაზრება იზიარებს ვენეციის კომისიის ძირითად შეფასებებს გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ არაძალადობრივ, ტექნიკური ხასიათის დარღვევებზე პატიმრობის ან ზედმეტად მკაცრი ჯარიმების გამოყენება ვერ ჩაითვლება პროპორციულ ზომად და მხოლოდ პასუხისმგებლობის შეუსაბამოდ დიდმა ზომამაც შეიძლება გამოიწვიოს შეკრების თავისუფლების დარღვევა. ამრიგად, მოსაზრების თანახმად, უნდა გაუქმდეს პატიმრობა შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების წესების არაძალადობრივი დარღვევებისთვის და არსებითად შემცირდეს ჯარიმები (პარ. 85-95). შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული არაპროპორციული სანქციებიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის საფუძველზეც შსს-ს უფლებამოსილ პირს ენიჭება ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე, სასამართლოს ჩართულობის გარეშე, დადების უფლებამოსილება (პარ. 96-97).

 

ეუთო/ოდირის მოსაზრებაში ასევე შეფასებულია ცვლილებების შედეგად მიღებული ახალი სამართალდარღვევები, რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სამართალდამცავებისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევის ფორმულირება ზედმეტად ფართოა და მისი შემადგენლობის განსაზღვრა სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, მისი ცხადი ფორმულირება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ იგი იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება მიაღწევს შესაბამისი ხარისხის სიმძიმეს (პარ. 98-104).

 

2. ვენეციის კომისიის დამოუკიდებელი შეფასებები 

 

გარდა ზემოაღნიშნული პრობლემური ასპექტებისა, რომლებიც შეფასებული იქნა ორივე ორგანოს მიერ, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა დამატებით იმსჯელეს ცვლილებების რამდენიმე პრობლემურ ასპექტზე. აღნიშნული თავი დაეთმობა იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ დამატებით იქნა იდენტიფიცირებული და შეფასებული. 

 

2.1. პიროტექნიკის, ლაზერის და პოლიციის უნიფორმის/ატრიბუტიკის გამოყენების აკრძალვა

 

პიროტექნიკის აქციაზე გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით კომისიამ განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა ზოგადად გამართლებულია მისგან მომდინარე საფრთხის გამო, თუმცა პროპორციულობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, პრაქტიკაში როგორ იქნება გამოყენებული ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქციები, რამდენად ობიექტურად იქნება შეფასებული ის საფრთხეები, რაც კონკრეტულმა პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია (პარ. 29).

 

ლაზერული განათებების აკრძალვასთან დაკავშირებით კი კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად მიღებულ ჩანაწერს ზედმეტად ფართო ფარგლები აქვს და განჭვრეტადობისა და პროპორციულობის მხრივ პრობლემურია (პარ. 30-31).

 

რაც შეეხება პოლიციის უნიფორმის/ატრიბუტიკის ან მასთან მიმსგავსებულის აკრძალვას, კომისიამ განმარტა, რომ გასაგებია პოლიციის უნიფორმის/ატრიბუტიკის აკრძალვის ფარგლები, თუმცა ბუნდოვანია რა იგულისხმება უნიფორმასა და ატრიბუტიკასთან მიმსგავსებულში, რაც ქმნის ამ ჩანაწერის არასათანადოდ გამოყენების საფრთხეს (პარ. 34-35).

 

2.2. პრევენციული დაკავება

 

პრევენციული დაკავების საფუძვლის შემოღებაზე მსჯელობისას, ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედ მავნე პრაქტიკას ადმინისტრაციული დაკავებების კუთხით. კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენება ავტომატურ ზომად, დამატებითი დასაბუთებისა და შეფასების გარეშე (პარ. 41). კომისიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საეჭვოა, რამდენად არსებობს უფლების ეფექტიანად დაცვის შიდასამართლებრივი მექანიზმი ადმინისტრაციულ დაკავებებთან მიმართებით (პარ. 42).

 

ვენეციის კომისიამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ პრევენციული დაკავება გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ პირი ჩაიდენს კონკრეტული სახის “სამართალდარღვევას”. ამასთან, სამართალდარღვევა უნდა იყოს სერიოზული ხასიათის, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს. დაკავება უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ, როგორც კი სამართალდარღვევის რისკი აღარ იარსებებს (პარ. 43). 

 

კომისიის შეფასებით, ჩანაწერი პრობლემურია განჭვრეტადობის თვალსაზრისით, ასევე ის არაპროპორციულია, რადგან შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არა სერიოზული ბუნების დანაშაულებს, რომლებსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი. გარდა ამისა, გაურკვეველია, რატომ ვერ პასუხობს მანამდე არსებული მექანიზმები სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენის რისკებს. და ბოლოს, პრევენციული დაკავების ხანგრძლივობა არ არის მკაცრად შემოსაზღვრული იმ ფარგლებით, რაც აუცილებელია სამართალდარღვევის პრევენციისთვის. ამდენად, აუცილებელია, გადაიხედოს აღნიშნული ცვლილება (პარ. 44-45).

 

3. ეუთო/ოდირის დამოუკიდებელი შეფასებები 

 

აღნიშნული თავი დაეთმობა რეპრესიული ცვლილებების იმ დამატებით სამართლებრივ ასპექტებს, რომელთა პრობლემურ ბუნებაზეც საუბარია ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ მოსაზრებაში.

 

3.1. შეზღუდვა აქციის ჩატარების ლოკაციაზე

 

ოდირმა შეაფასა დახურულ სივრცეში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე აქციის გამართვის აკრძალვა. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ დახურული შენობები, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო საკუთრება, თუკი ისინი ზოგადად ღიაა საჯარო სარგებლობისთვის, წარმოადგენს აქციის გამართვის ლეგიტიმურ ლოკაციას, მიუხედავად მესაკუთრის წინასწარი თანხმობისა. ამრიგად, მიჩნეულ იქნა, რომ  ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე შიდა სივრცეში აქციის გამართვაზე გაუქმებას საჭიროებს და ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა შეფასდეს აქციის ჩატარების ლეგიტიმურობა ინტერესთა დაბალანსების საფუძველზე (პარ. 55).

 

გარდა ამ შეზღუდვისა, ოდირმა შეაფასა აქციის ჩატარების აკრძალვა შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების და სხვა სატრანსპორტო კვანძებზე, რომელთა ბლოკირებაც მნიშვნელოვან ზიანს იწვევს. ოდირის განმარტებით, შეკრებები განხილული უნდა იქნეს საჯარო სივრცის გამოყენების ისეთივე ლეგიტიმურ საფუძვლად, როგორც სხვა, რუტინული გამოყენება ამ სივრცის, როგორიცაა კომერციული აქტივობები ან ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (პარ. 57). მოსაზრების თანახმად, აქციის ჩატარების აკრძალვის საფუძველი უფრო ვიწროდ უნდა იქნეს ფორმულირებული, ამასთან გადაიხედოს ზოგიერთ ლოკაციაზე აქციის აკრძალვა. კანონი უნდა იყოს ფორმულირებული იმგვარად, რომ აქციის ჩატარებისას საზოგადოებრივი წესრიგის გარკვეული ხარისხით დარღვევა დაშვებული იყოს მათ შორის გზების, ხიდების, მაგისტრალების გადაკეტვისას და შენობების შესასვლელების ბლოკირებისას. ამასთან, ასეთ შემთხვევებში პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო, რომ სათანადოდ გამოხატონ თავიანთი აზრი და სახელმწიფო ორგანოებმა ინტერესთა ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ რა შემთხვევაში იქნება გაუმართლებელი ზემოაღნიშნული ობიექტების ბლოკირება (პარ. 61).

 

ოდირმა ასევე შეაფასა შსს-ს უფლებამოსილება, აღადგინოს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა თუკი აქციის მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე, აქციის ჩატარება სხვაგან არის შესაძლებელი. მოსაზრების თანახმად, მსგავსი ავტომატური წესი, რომ მხოლოდ აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე იქნეს მიღებული გზის გახსნის გადაწყვეტილება, არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ მხედველობაში უნდა მიიღოს აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ზოგადად, პოლიცია ფოკუსირებული უნდა იყოს სატრანსპორტო მოძრაობის გადამისამართებაზე და არა გზის „გაწმენდაზე“ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზის გადაკეტვა იწვევს სერიოზულ პრობლემებს, რაც ვერ გადაიჭრება სხვა ზომით გარდა გზის „გაწმენდისა“ (პარ. 63).

 

3.2. დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა

 

დემონსტრაციებზე დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით ოდირი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც გაუმართლებელია ბლანკეტური აკრძალვა და მსგავსი შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დროებითი კონსტრუქცია გარდაუვალ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან პოლიციას ხელს უშლის წესრიგის უზრუნველყოფაში (პარ. 65). 

 

3.3. აქციის დაშლის საფუძველი

 

ოდირის დასკვნაში ასევე გაკრიტიკებულია “მასობრივი დარღვევების” საფუძველზე აქციის დაშლის შესაძლებლობა. მოსაზრების თანახმად, აქციის დაშლა უკანასკნელი ზომაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აქცია არ არის მშვიდობიანი ან როდესაც სახეზეა მტკიცებულებები, რომ არსებობს სერიოზული ძალადობის გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ვერ იქნა თავიდან არიდებული სხვა უფრო მსუბუქი ზომებით (პარ. 68-69).

 

ოდირმა ასევე გააკრიტიკა საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, იკრძალება ისეთ აქციაში მონაწილეობა, რომლის დაშლის გადაწყვეტილებაც მიიღო შსს-მ. ოდირის განმარტებით, სასამართლო კონტროლის გარეშე, მხოლოდ შსს-ს გადაწყვეტილების საფუძველზე აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო დემონსტრაციაში მონაწილეობის აკრძალვა და პრეზუმფცია, რომ შსს-მ კანონიერად იმოქმედა, არაპროპორციული და გაუმართლებელი შეზღუდვაა (პარ. 82-83).

 

3.4. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვა

 

ოდირმა ასევე შეაფასა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც შსს-ს შეუძლია აკრძალოს შეკრება თუკი ის “ეწევა ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციას”. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსობრივი შეზღუდვა სერიოზულ პრობლემებს ქმნის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. ზოგადად, გამოხატვის შინაარსობრივი შეზღუდვები ყველაზე მკაცრ ტესტს უნდა გადიოდეს, რასაც მსგავსი შეზღუდვა აშკარად ვერ პასუხობს. ამიტომ ეს შეზღუდვა სრულად უნდა იქნეს გაუქმებული (პარ. 71-75).

 

3.5. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 

 

ცვლილებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება) განსაზღვრული სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც ოდირის შეფასებით, პრობლემურია კანონის განჭვრეტადობის პრინციპთან მიმართებით (პარ. 106).

 

ცვლილებით ასევე განისაზღვრა ახალი დანაშაული - პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა ან მათი ოჯახის წევრთა მიმართ ძალადობის მუქარა ან მასზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა. ოდირის შეფასებით, გაუგებარია რატომ დადგა ახალი დანაშაულის შემოღების აუცილებლობა, როდესაც სსკ-ის 151-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს მუქარისთვის. ამასთან, ოდირმა ხაზი გაუსვა სანქციის სიმძიმეს და ქმედების სიმძიმესთან შედარებით მის არაპროპორციულ ბუნებას (პარ. 107-108).

 

დასკვნა

 

ამრიგად, შეკრების/გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებული იქნა არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. ფაქტობრივად ყველა სამართლებრივი ასპექტი, რომელიც ახლებურად დარეგულირდა ცვლილებების შედეგად, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ. ამდენად, ცვლილებების დრაკონული შინაარსი  და მათი მიღების არაგონივრულად დაჩქარებული პროცედურები მიუთითებს მათ რეპრესიულ ბუნებაზე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლება და მიტაცებული ინსტიტუტები საქართველოში - პარალელური ღონისძება ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის ფარგლებში

20.03.2025

ბიზნეს სექტორის ბრუნვა და აზარტული თამაშების კონტრიბუცია

19.03.2025

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

14.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024