IDFI-ის მოწოდება პარლამენტს, სასამართლოებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს

სიახლეები | განცხადებები 19 სექტემბერი 2013
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2012 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2013 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში უნდა დაინერგოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და უზრუნველყოფილი უნდა იქნას საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობა. სზაკ-ის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.’’ სზაკ-ის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით "საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.’’ ამავე დროს, სზაკ-ის 218-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის ორგანოებს (თანამდებობის პირებს) 2013 წლის 1 სექტემბრამდე  უნდა უზრუნველყოთ კოდექსის გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა). 
 
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილება "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ამკვიდრებს პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს უშუალოდ მთავრობის და სამინისტროების, აგრეთვე მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებებისთვის (სსიპ-ები და საქვეუწყებო დაწესებულებები). 
 
ამავე დროს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საკუთარი ნორმატიული აქტები უკვე დაამტკიცეს:

სზაკ-ის შესაბამისად მსგავსი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ (გამოეცათ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსაც: 

  • საქართველოს პარლამენტს;
  • საქართველოს სასამართლოებს;
  • აჭარის და აფხაზეთი ა/რ მთავრობებსა და უზენაესს საბჭოებს; 
  • თვითმმართველობებსა და თვითმმართველ ქალაქებს; 
  • იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს რომლებიც არ შედიან საქართველოს სამინისტროების მმართველობის სფეროში (მარეგულირებელი კომისიები, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სხვა). 
სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, ის ადმინისტრაციული ორგანოები რომლებიც თავად განსაზღვრავენ პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ამტკიცებენ მის შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიებს. მაგ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაში სრულად იგნორირებულია ფინანსური გამჭვირვალობის საკითხები, პრეზიდენტის ბრძანებულებაში არ მოხვდა სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება და სხვა. ამავე დროს, ერთმანეთისაგან ხშირად განსხვავდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესებიც.  
 
ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის მინიმალური სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. თუმცა, უნიფიცირებული ფორმით აღნიშნული საკითხის რეგულირებამდე, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არაერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის საფრთხეები. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს იმ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ და არ გამოუციათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
 
1. შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და სასწრაფოდ დაამტკიცონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი;
 
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით;
 
3. ნორმატიული აქტის შემუშავებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად მოიყვანონ თანხვედრაში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხასთან;
 
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.
 
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ უკვე ადგილი აქვს ქ. თბილისის საკრებულოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ორგანოების მაგალითზე.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024