საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხება.
ვენის მექანიზმი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს სხვა წევრ სახელმწიფოს დაუსვან შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. აღნიშნული მექანიზმი ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო დარღვევებთან დაკავშირებით გაააქტიურა. საქართველოსთვის დასმული შეკითხვები შეეხება აქციებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევების გამოძიების ეფექტიანობას და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. საიამ ვენის მექანიზმს ალტერნატიული ანგარიში 2025 წლის 21 იანვარსაც წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო გამოძიების გამოწვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 ივნისის საქმეში დადგენილი სტანდარტების შუქზე.
ალტერნატიული ანგარიში მოიცავს გამოძიების სანდოობას და ეფექტიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და გამოწვევებს. მასში მიმოხილულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საჯარო კომუნიკაციებში, წლიურ ანგარიშში და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის მემორანდუმზე გაცემულ პასუხში ასახული ინფორმაცია, რომელშიც სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობაზე მითითებით, ცდილობს ეფექტიანი გამოძიების ილუზია შექმნას.
ანგარიში მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა საქმეების არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, დიდი რაოდენობით საქმეების ერთ საქმეში გაერთიანება, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების შესაძლო შემთხვევებზე უმოქმედობა, აქციების დარბევებში მონაწილე პერსონალის იდენტიფიკაციისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა. ამასთან, კვლავ უცნობია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა თუ არა შსს-ს რომელიმე მაღალჩინოსანი განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია იმ შემთხვევებსაც კი, როდესაც მოძალადეთა ვინაობა მარტივად იდენტიფიცირებადი იყო. მაგალითად, 2025 წლის 2 თებერვალს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მიერ აქციის მონაწილის ცემის კადრები საჯაროდ გავრცელდა მედიის საშუალებით. საიამ გენერალურ პროკურორს მოუწოდა, ზვიად ხარაზიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისი უფლებამოსლების შეჩერებისკენ, თუმცა აღნიშნული ზომები დღემდე არ გატარებულა.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 85 პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, აღსანიშნავია, რომ ეს რაოდენობა არ შეესაბამება ძალადობის რეალურ მასშტაბს: არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ მათი ან მათი ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, ხოლო იმ პირებისთვის, რომლებსაც არ მიუმართავთ პროკურატურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, პროკურატურას ამ დრომდე არ მიუნიჭებია სტატუსი.
ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები მოუწოდებენ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების და მათი გამოძიების მონიტორინგი.
ალტერნატიული ანგარიში ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს, ანგარიშის ავტორი ორგანიზაციების მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშს.
ანგარიში სრულად იხილეთ: