IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 თებერვალი 2025

2025 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის, წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ, გიორგი კლდიაშვილი, სადავოდ გამხდარი ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 ოქმი შეადგინა და საპატრულო დეპარტამენტი მას ედავებოდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფარგლებში, სხვადასხვა თარიღში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად” გადაკეტვას. 

 

გიორგი კლდიაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ ოთხი მიმდინარე საქმე გააერთიანა ერთად განხილვის მიზნით, თუმცა არ დააკმაყოფილა საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის შუამდგომლობები.

 

ადვოკატები სხდომის მიმდინარეობისას, მათ შორის სადავოდ ხდიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეზე დართული ფოტო/ვიდეო მასალის დამუშავების კანონიერების საკითხს. ამავდროულად, სასამართლოს წარედგინა ის წერილობითი მიმართვები, რომლებიც სხდომამდე გაიგზავნა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში,  სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. ადვოკატებმა ასევე იშუამდგომლეს ოთხივე სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორებისა და გიორგი კლდიაშვილის იდენტიფიცირებაში ჩართული სხვა პირების მოწმის სახით სხდომაზე გამოკითხვის შესახებ. 

 

ვინაიდან შესაბამის უწყებებში გაგზავნილ წერილობით მიმართვებზე სხდომის დაწყებამდე პასუხი ადვოკატებს მიღებული არ ჰქონდათ, მათ იშუამდგომლეს სხდომის გადადების თაობაზე, თუმცა მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომა არ გადადო, ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პატრულ-ინსპექტორების და სხვა პირების მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვის თაობაზე.  მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს, ასევე დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელიც მხარეებს ანიჭებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მასალების გაქარწყლების უფლებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კლდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო იმ ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე, რომლის დამუშავების კანონიერება სადავოდ არის გამხდარი. ამავდროულად, ფოტო-ვიდეო მასალის ნაწილში გიორგი კლდიაშვილი იდენტიფიცირებადი არ არის, ხოლო ნაწილში კი, მისი კონკრეტული ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.

 

უწყვეტ პროტესტში მონაწილე ასობით პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს მსგავსი წარმოება და სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება სისტემური რეპრესიების თანამონაწილეა. 

 

საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ორგანიზაციის თანადამფუძნებლის წინააღმდეგაც, დაიწყო მსგავსი წარმოება (5 მიმდინარე საქმე), ხოლო, 2024 წლის 2 დეკემბერს საპოლიციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად  სამართალდამრღვევად ცნო.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024