ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ადგილობრივი მმართველობა 21 ოქტომბერი 2024

ავტორი: მათე ბუბაშვილი

 

შესავალი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი ფუნქცია მუნიციპალური სერვისების ხარისხიანი მიწოდება და ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტური წარმოებაა. ამისათვის მას აქვს განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებისას იგი დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. მუნიციპალური უფლებამოსილებები ამ მიმართულებით საკმაოდ ფართოა და მოიცავს ინტერმუნიციპალურ საქმიანობასაც. ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა გულისხმობს ორი ან მეტი მუნიციპალიტეტის რესურსების გაერთიანებასა და საერთო სერვისის მიწოდებას მასში მონაწილე თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობისათვის. იგი უზრუნველყოფს რესურსების დაზოგვას, ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხასიათდება ასევე გარკვეული უარყოფითი გავლენებით, თუმცა იგი დემოკრატიულ სახელმწიფოში უდავოდ დიდი მნიშვნელობითა და პოპულარობით სარგებლობს.

 

ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში მრავალი გამოწვევის წინაშეა. მიუხედავად გარკვეული პრაქტიკისა, იგი ჯერ კიდევ უცხო და მიუწვდომელია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. კერძოდ, არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური კუთხით, რომელიც საბოლოოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტურ საქმიანობას იწვევს. ადგილობრივი თვითმმართველობის ავტონომიურობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გადაუჭრელი დილემა ამ ნაწილშიც იჩენს თავს. გარდა ამისა, არსებობს სხვა პრობლემაც, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

მოცემული პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია შეისწავლოს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები, გააანალიზოს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და ფაქტობრივი სიტუაცია, შეისწავლოს ლიტერატურაში მიღებული მიდგომები, საერთაშორისო სტანდარები და უცხო ქვეყნების კარგი პრაქტიკა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი შეიმუშავოს გარკვეული რეკომენდაციები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, რათა საქართველოში გაძლიერდეს ინტერმუნიციპალური საქმიანობა. 

 

სიტუაციის ანალიზი

 

პრობლემა

 

პოლიტიკის დოკუმენტში განხილული პრობლემაა ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის დაბალი ხარისხი და სიხშირე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის უფლება გარანტირებული აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები ნაკლებად კოოპერირებენ ერთმანეთთან. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ინტერმუნიციპალური საქმიანობის მდიდარი პრაქტიკა. პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტები არ იწყებენ ახალ თანამშრომლობას. ხოლო, მეორე მხრივ, ის შემთხვევები, რაც უკვე განხორციელებულია, არამდგრადია და ფრაგმენტულობით გამოირჩევა. თავისთავად ცხადია, აღწერილ პრობლემას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და დგება ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული.

 

გამომწვევი მიზეზები

 

მიზეზი 1: საკანონმდებლო ბაზის ნაკლებობა

 

პირველი, ყველაზე თვალშისაცემი მიზეზია საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის უფლება აღიარებულია კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ინტერმუნიციპალური საქმიანობის პროცედურა კანონით უნდა იქნას მოწესირგებული. კანონმა უნდა გადაწყვიტოს ის ძირითადი საკითხები, როგორიცაა ინტერმუნიციპალური საქმიანობის დაწყების, მუნიციპალიტეტებს შორის ხელშეკრულების პირობების, მათი განხორციელებისა და შედეგების განსაზღვრა. ამ წესების განსაზღვრის კომპეტენცია აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, შესაბამისად, იგი უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო აქტით, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის უნივერსალური იურისდიქციის პრინციპიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულს აქვს იმის კომპეტენცია, რომ თვითონ განსაზღვროს მისი საქმიანობის წესები. ამ ლოგიკით, მას შეუძლია თვითონ დაადგინოს ის წესი, რომელსაც იგი ინტერმუნიციპალური საქმიანობისას განახორციელებს. შესაბამისად, როდესაც საუბარია საკანონმდებლო ბაზის ნაკლებობაზე, იგი გულისხმობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწესრიგებას. მართალია ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წესი უფრო გამოყენებადი იქნება, რადგან იგი საერთო სტანდარტს დაადგენს ყველა მუნიციპალიტეტისათვის, თუმცა ადგილობრივი ორგანოების რეგულაციებმაც შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს დარგის განვითარებასა და კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

 

მიზეზი 2: ადგილობრივი რესურსების ნაკლებობა

 

ფინანსური რესურსების ნაკლებობა

 

ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ ადგილობრივ დონეზე ფინანსური რესურსების აშკარა ნაკლებობაა. ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა მართალია დიდი სიკეთეების მომტანი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა იგი ასევე დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს. დღეს მუნიციპალიტეტები სრულად ვერ სარგებლობენ ფინანსური ავტონომიით, ისინი დამოკიდებულნი არიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიწოდებულ რესურსებზე. მათი ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე კი, არ რჩება იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა გამონახონ ფინანსური რესურსი ინტერმუნიციპალური საქმიანობისათვის. თვითმმართველობის ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრების თანახმად,[1] მუნიციპალიტეტებს ურჩევნიათ, თავიანთი მწირი რესურსი თვითონვე მოიხმარონ, ვიდრე „საქმე გაირთულონ“ და სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა დაიწყონ. ამის მიზეზია ისიც, რომ ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შედეგი მყისიერი არაა და დრო სჭირდება. შესაბამისად, ფინანსური რესურსების ნაკლებობა იწვევს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობისადმი ინტერესის ნაკლებობას.

 

ადამიანური რესურსების ნაკლებობა

 

ინტერმუნიციპალური საქმიანობა ფაქტობრივად მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელსაც სწორი დაგეგმვა და კოორდინაცია სჭირდება. ამისათვის კი აუცილებელია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც მოახერხებენ ამ პოლიტიკის ეფექტიანად შესრულებას. როგორც ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა აღნიშნა,[2] მუნიციპალიტეტის საზრუნავი შემოსავლების ზრდასთან ერთად, უნდა იყოს პროფესიონალი კადრების მოზიდვა და შიდა მიგრაციის შედეგად გადაადგილებული ადგილობრივი მოსახლეობის უკან დაბრუნების ხელშეწყობა. მით უფრო მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსურად თუ სხვა სახით ეხმარებიან სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. დღეს საკმაოდ მზარდი და მწვავე შიდა მიგრაციის პირობებში, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე აღარ დარჩა კვალიფიციური მოსახლეობა. შესაბამისად, არ არსებობს შესაბამისი კადრები, რომლებიც შეძლებდნენ ინტერმუნიციპალურ საქმიანობასთან გამკლავებას. მართალია, ბოლო წლებში ადგილობრივ მოხელეთა განვითარება როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრშია, თანამედროვე საჯარო მმართველობის ტენდენციების გაძლიერებამ, ახალი სტანდარტების შემოღებამ და ცენტრალური ხელისულებიდან წამოსულმა ხშირად გაუაზრებელმა მოთხოვნებმა, ადგილობრივი მოხელეების დაბნეულობა გამოიწვია. შესაბამისად, მათი კომპეტენციური ზრდაც ზედმეტად ქაოტური და არასისტემურია.

 

მიზეზი 3: საჯარო პოლიტიკაში ინტერმუნიციპალურ საქმიანობაზე დაბალი აქცენტები

 

სამართლებრივთან ერთად, მნიშვნელოვანი პრობლემაა საჯარო პოლიტიკური ფაქტორიც. ეს გულისხმობს იმას, რომ ცენტრალური თუ ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტები ნაკლებ ყურადღებას აქცევს ინტერმუნიციპალური საქმიანობის განვითარებას. პირველ რიგში, ასეთი დოკუმენტია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც ზემოთ უკვე ვრცლად იქნა განხილული.

 

გარდა ცენტრალური პოლიტიკის დოკუმენტებისა, მუნიციპალიტეტების ადგილობრივ პოლიტიკის დოკუმენტებშიც ნაკლები აქცენტები კეთდება მუნიციპალიტეტთა შორის თანამშრომლობაზე. კვლევის ფარგლებში განხილული ექვსი მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმებიდან არცერთი არ ითვალისწინებს ინტერმუნიციპალურ საქმიანობას. სწორედ ეს დოკუმენტი გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით მუნიციაპლური სერვისების განვითარებას, თუმცა როგორც ჩანს, არცერთი მუნიციპალიტეტი ამ პროცესში სხვა მუნიციპალიტეტთან თანაშრომლობას არ განიხილავს.

 

მიზეზი 4: ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის არასწორი აღქმა

 

ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაინც რჩება მუნიციპალიტეტების მხრიდან ინტერმუნიციპალური საქმიანობის არასწორი აღქმა. პირველ რიგში, როგორც  საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა,[3] მუნიციპალიტეტში საკმაოდ უცხოა ინტერმუნიციპალური საქმიანობა. მათი აზრით, იგი არის რთული, მიუწვდომელი პროცესი, რომელიც მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე განსახორციელებლად წარმოუდგენელია, მით უფრო არსებული პერსონალისათვის. ამ ყველაფერს ამძაფრებს ის ფორმალური თუ არაფორმალური დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომელიც აფერხებს მუნიციპალიტეტთა განვითარებასა და ზღუდავს ავტონომიურობას. ადგილობრივი პოლიტიკა ამჟამად წარმოადგენს ცენტრალურის ავტომატურ გაგრძელებას. შესაბამისად იგი არ უშვებს განსხვავებული ადგილობრივი ხედვის, მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებასა და განხორციელებას. ინტერმუნიციპალური საქმიანობა კი მოითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების კრეატიულ, ინოვაციურ მიდგომასა და დიდ მოტივაციას, რაც ამჟამად აშკარად დეფიციტურია. ინტერმუნიციპალური საქმიანობა განიხილება, როგორც დამატებითი სირთულე და „თავის ტკივილი“ და არა ადგილობრივი მმართველობის გაადვილების და მისი მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება. შესაბამისად, ეს მიმართულება არააქტუალურია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

ინტერმუნიციპალური საქმიანობის აღქმის პრობლემას იწვევს ასევე ის, რომ არ არსებობს სახელმძღვანელო გზამკვლევი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფალს პრაქტიკულ დონეზე აუმაღლებდა ცნობიერებას და უზრუნველყოფდა მისი უნარების გაზრდას პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი გზამკვლევის შექმნა გათვალისწინებული იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, თუმცა ეს არ შესრულებულა.

 

პრობლემის შედეგები

 

დოკუმენტში წარმოდგენილი პრობლემის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა არაეფექტურია, რაც გამოიხატება ადგილობრივი სერვისების მიწოდების დაბალ ხარისხში, ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვასა და ადგილობრივი პოლიტიკის ფრაგმენტულობაში.

 

ინტერმუნიციპალური თანამშრომობის მიზანია ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესება და უკეთესი მიწოდება. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ რესურსების გაერთიანებით მიიღწევა უკეთესი ადგილობრივი სერვისი. ამჟამად ყველა მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია თავისი მწირი რესურსებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. ვერ ხედავენ რესურსების გაერთიანების სიკეთეებსა თუ განვითარების შესაძლებლობას.

 

გარდა ამისა, ინტერმუნიციპალური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სიკეთეა ადგილობრივი ბიუჯეტის უფრო ეფექტური ხარჯვა. თავისთავად ცხადია, რომ რესურსების გაერთიანება იწვევს მათ დაზოგვას. თუმცა ინტერმუნიციპალური თანაშრომლობისას ეს შედეგი არა მყისიერი, არამედ დროში გაწელილია, რაც იწვევს მისდამი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. მუნიციპალიტეტს უჭირს განსაზღვროს, თუ რა სიკეთეებს მოიტანს თანამშრომლობა საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მით უფრო ფინანსური დამოუკიდებლობის დეფიციტისას. ეს ყველაფერი კი შედეგად იძლევა ბიუჯეტის არაეფექტურ დაგეგმვასა და ხარჯვას.

 

ინტერმუნიციპალური პრაქტიკის არარსებობა ასევე აძლიერებს ადგილობრივი თუ რეგიონული პოლიტიკის ფრაგმენტულობასა და არამდგრადობას. მაშინ როდესაც ყველა მუნიციპალიტეტი თვითონ ცდილობს ადგილობრივი პოლიტიკის წარმართვას და ამას უფრო მსხვილ (თუნდაც რეგიონულ) მასშტაბში არ უყურებს, მუნიციპალიტეტებს შორის პოლიტიკაც ფრაგმენტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ერთ გეოგრაფიულ არეალში მყოფ რამდენიმე მუნიციპალიტეტს, რომელიც არსებითად ერთიანი სისტემით უნდა აგვარებდეს ადგილობრივ საკითხებს, აქვს სხვადასხვა განსხვავებული მიდგომა, რაც მცირე მასშტაბებში საგრძნობლად აუარესებს პოლიტიკის წარმოებას. ეს კი იწვევს გაბნეულ და შესაბამისად, არაეფექტურ პოლიტიკას. ამას გარდა, მუნიციპალიტეტების საქმიანობა არაა მდგრადი. მართალია იგი გარკვეულ სერვისს სთავაზობს მოსახლეობას, თუმცა იგი არასტაბილურია და გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მისი შეცვლის, გაუქმების, აღმოფხვრისა და განუხორციელებლობის რისკს. ინტერმუნიციპალური საქმიანობისას, როდესაც ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გადანაწილდება რამდენიმე ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ დონეზე, განხორციელებული პოლიტიკის შედეგებიც უფრო აღქმადი და ხელშესახები იქნება.

 

დასკვნა

 

კვლევის შედეგების მიხედვით, ინტერმუნიციპალური საქმიანობა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. საერთაშორისო პრაქტიკა თუ აკადემიური ლიტერატურა კი თავის მხრივ, ხაზს უსვამს მის მნიშვნელობასა და სარგებელს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესრულების შედეგად დადგება. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ინტერმუნიციპალური საქმიანობის მდიდარი პრაქტიკა, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ხარისხი დაბალია და იგი მოიცავს მხოლოდ არაფორმალურ თუ მომენტალურ თანამშრომლობას. ამ მხრივ, კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტიპის პრობლემები:

 

-      ქვეყანაში არსებობს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დეფიციტი როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ეს იწვევს ადგილობრივი ხელისუფალისათვის წესების ბუნდოვანებას.

 

-      აშკარად შეინიშნება რესურსების, მათ შორის ფინანსური და ადამიანურის, ნაკლებობა. მუნიციპალიტეტები ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მათი ბიუჯეტი ყოფნის მხოლოდ მყისიერი პრობლემების მოგვარებას და არ ხდება ინტერმუნიციპალური თანაშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა, მასში რესურსების ჩადება. გარდა ამისა, მუნიციპალურ დონეზე არის კომპეტენციური შესაძლებლობების ნაკლებობა და პროფესიონალი კადრების დეფიციტი.

 

-      ინტერმუნიციპალური საქმიანობის მიმართულებით ასევე არსებობს სტრატეგიულ-პოლიტიკური პრობლემებიც. არათუ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები ნაკლებად ითვალისწინებენ ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას. ხოლო ის დოკუმენტები კი, რომლებიც მსგავსს უშვებენ, არასაკმარისად არეგულირებენ ამ საკითხს.

 

-      ყველაზე დიდი გამოწვევა კი არის ინტერმუნიციპალური თანაშრომლობის აღქმის ნაწილში. პირველ რიგში, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც ადგილობრივ ორგანოებს გაუადვილებდათ ინტერმუნიციპალურ თანაშრომლობაზე მუშაობას. შესაბამისად, იგი აღიქმება რთულ და მიუწვდომელ პროდუქტად, რომელიც განუხორციელებადია. მუნიციპალიტეტების ასეთ მიმნებებლურ და პასიურ პოზიციას აძლიერებს ცენტრალურ ხელისუფლებაზე არაფორმალური დამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

 

ამ პრობლემებიდან გამომდინარე კი დგება შემდეგი სახის შედეგები, რაც საბოლოოდ იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტურ საქმიანობას: (1) ადგილობრივი სერვისების მიწოდების დაბალი ხარისხი; (2) ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა; (3) ადგილობრივი პოლიტიკის ფრაგმენტულობა და არამდგრადობა.

 

 

რეკომენდაციები

 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სასურველია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

 

საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის:

 

 - ცენტრალურმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის სამართლებრივ პრინციპებსა და პროცედურებს.

 

აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის:

 

 - ცენტრალურმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მატერიალური ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი და ადგილობრივ ორგანოებს ფინანსური რესურსები თავისუფლად მოსახმარად გადასცენ.

 - საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებში უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს ინტერმუნიციპალურ საქმიანობაზე, რითაც ხელი შეეწყობა ამ მიმართულებით პრაქტიკის განვითარებას.

 - სახელმწიფო თუ დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების გაცემისას დაადგინოს გრანტების სპეციალური წილი, რომლითაც დაფინანსდება მხოლოდ ინტერმუნიციპალური პროექტები.

 - შეიმუშავოს ინტერმუნიციპალური თანაშრომლობის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ციკლის (იდეიდან განხორციელებამდე) ყველა ეტაპს და ადგილობრივ მოხელეებს ასწავლის პროცესის ეფექტურ მართვას.

 - ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცეს თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი და აღმოფხვრას არაფორმალური დამოკიდებულების ცუდი პრაქტიკა.  

 

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის:

 

 - ადგილობრივი სამართლებრივი აქტებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოაწესრიგოს ინტერმუნიციპალური საქმიანობის მიმართულება, რაც შესაძლოა გავრცელდეს და დადგინდეს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

 - სხვადასხვა პროექტებით უზრუნველყოს ადგილობრივ მოხელეთა კომპეტენციის ზრდა და ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში პროფესიონალი კადრების დაბრუნებას.

 - ადგილობრივ პოლიტიკურ დოკუმენტებში გააძლიეროს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ასპექტი და ადგილობრივ საკითხთა გადაწყვეტაში გაააქტიუროს თანამშრომლობითი პროცესი.

 - თავისი ინიციატივით, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად შექმნას ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის დაწყების პრაქტიკა და  საკითხის აქტუალურობა წამოწიოს ადგილობრივ დონეზე.

 - დააიდენტიფიციროს თავისი და სხვა მუნიციპალიტეტების უნიკალური რესურსი და შეიმუშავოს მისი გამოყენების ერთობლივი სტრატეგია.

 - შეისწავლოს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და ითანაშრომლოს სხვა მუნიციპალიტეტთან, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

 

[1]თვითმმართველობის კონსულტანტი და ექსპერტი/კ.კ. ავტორის ინტერვიუ, 11.07.2024.

[2]ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/ბ.მ. ავტორის ინტერვიუ, 11.07.2024.

[3]ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/ბ.მ. ავტორის ინტერვიუ, 11.07.2024.

 

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.

 

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/Mate Bubashvili - Policy Document.pdf

 

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/one pager-Bubashvili.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024