“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 თებერვალი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით მიმდინარე სასწავლო პროგრამის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, გაზაფხულის სემესტრი 27 თებერვალს  დაიწყება. პროგრამაში ჩართულია 24 მონაწილე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა უნივერსიტეტს, მედია საშუალებას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და საჯარო დაწესებულებას.

 

გასულ სემესტრში მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს 3 აკადემიური კურსი.

 

მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ოთხ ახალ კურსს:

 

- დეზინფორმაცია და საზოგადოება;

- კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში;

- სტრატეგიული აზროვნება;

- არქივები, მედია და ფაქტები.

 

აკადემიურ კურსებთან ერთად, მონაწილეებს შეეძლებათ ჩაერთონ უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც სემესტრის განმავლობაში დაორგანიზდება.

 

დეზინფორმაცია და საზოგადოება

ლექტორები: ნინო გოზალიშვილი და რევაზ თოფურია

 

მნიშვნელოვანია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მოკლე და გრძელვადიანი გავლენების ანალიზი დემოკრატიულ რეჟიმებზე, ისევე როგორც დემოკრატიის, როგორც ძირითადი მმართველობის ფორმის, იდეის ტრანსფორმაციაზე. კურსის მონაწილეები შეძლებენ იმსჯელონ დეზინფორმაციის კავშირსა და ურთიერთგადაკვეთაზე ისეთ თანმდევ პოლიტიკურ დისკურსებთან, როგორიცაა ნაციონალიზმი და მემარჯვენე პოპულიზმი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციის გავლენას დემოკრატიზაციის პროცესებზე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და იმსჯელონ პოსტ-სოციალისტური ქვეყნების მაგალითებზე.

 

კურსის თემატიკა: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თეორიული მიმართება დემოკრატიულ იდეალებთან; დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია მემარჯვენე რადიკალური ძალების მიერ; დეზინფორმაციის როლი პოპულისტურ პოლიტიკასა და დისკურსში; დეზინფორმაციის ეფექტები დემოკრატიზაციის პროცესზე.

 

კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში

ლექტორი: დავით ზურაბიშვილი

 

საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში დიდი როლი აქვს ერების კოლექტიურ მეხსიერებას. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, ევროპის უმეტესმა ქვეყანამ  ერთმანეთს აპატია წარსულის დანაშაულები და საერთო კულტურული და პოლიტიკური სივრცის შექმნას ცდილობს. ამავდროულად ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი ცდილობს საბჭოთა კავშირიდან გასული სახელმწიფოებისთვის მეხსიერების საკუთარი ნარატივის თავს მოხვევას და პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით განსაზღვრას. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის მეხსიერების პოლიტიკის სწორი გააზრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს.

 

სტრატეგიული აზროვნება

ლექტორი: დავით ძიძიშვილი

 

სტუდენტები გაეცნობიან  სტრატეგიის ეტიმოლოგიასა და თანამედროვე სტრატეგიის საფუძვლებს, სტრატეგიასა და პოლიტიკას (policy) შორის არსებულ კავშირებს. დაუკავშირებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ მაგალითებს.

 

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა სტრატეგიის ეტიოლოგიისა და თანამედროვე სტრატეგიის საფუძვლების შესახებ, სტრატეგიულ მოაზროვნეთა ნამუშევრებზე დაყრდნობით და გამოუმუშაოს ომის ცვლადი ბუნების ანალიზის საფუძველზე პარალელების გავლების უნარი დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

 

არქივები, ფაქტები და მედია

ლექტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

კურსის მსმენელებს, მომავალ ჟურნალისტებს ექნებათ საბაზისო ცოდნა, რათა შექმნან საკუთარი მედია პროექტები საარქივო მასალების საფუძველზე. კურსის მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ, თუ როგორ უნდა გადავიდეს იგი მედია ფორმატში და როგორ დაარწმუნონ რედაქტორები, რომ გამოაქვეყნონ მასალა ისტორიულ თემაზე. განხილული იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო პორტალებზე გამოქვეყნებული სტატიები და პროექტები. კურსის ბოლოს, თითოეული სტუდენტი მოამზადებს თემას ან მიკრო კვლევას საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

კურსის თემატიკა: არქივების რაობა და საარქივო დოკუმენტების სახეობები; საქართველოში დაცული არქივები და კვლევების შესაძლებლობა; ვიზიტები საქართველოს შსს არქივსა და სხვა არქივებში.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წარმატებულ სემესტრს უსურვებს მონაწილეებს!

 

სასწავლოპროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022