2013 წლის 18 მარტს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ("საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და ფონდი ALPE) გაავრცელა განცხადება თანამდებობის პირებისგან სხვის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის განსაჯაროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებს და მოგვიანებით აღნიშნული განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივ განმარტებაზე, რომელიც გააკეთა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ. ამ უკანსკნელის განცხადებით, „როცა საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს ეხებათ, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.. არასამთავრობოების განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია შემდეგი:
"...შესაბამისად, ცალსახაა, რომ ხსენებულ თანამდებობის პირებს არ ჰქონდათ უფლება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე გაესაჯაროებინათ. საქართველოს კანონმდებლობა არ ხდის ამ ტიპის ინფორმაციას ხელმისაწვდომსა და საჯაროს მაშინაც კი, როდესაც საკითხი თანამდებობის პირებს შეეხებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში მოქალაქემ ინფორმაცია დახმარების მისაღებად მიაწოდა თვითმმართველობის ორგანოს და სწორედ ეს ინფორმაცია გახდა საზოგადოებისათვის საჯარო."
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიცია:
პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კერძო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ შემთხვევაში თვითმმართველობაში) დამუშავებული ინფორმაციის გავრცელება ლახავს მოქალაქის კანონიერ უფლებებს. თუმცა ჩვენ ვერ დავეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.
კერძოდ, გავრცელებული სამართლებრივი ანალიზის მიხედვით:
"საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“ აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნორმა საშუალებას იძლევა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობაში გაუთვიცნობიერებელ პირს, ხსენებული ნორმის საფუძველზე, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირთა (აგრეთვე კანდიდატთა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც ღია უნდა იყოს, რაც ასე არ არის.
ამავროულად, ხსენებული საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემებისაგან განასხვავებს და დამოუკიდებლად განსაზღვარს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის“ ცნებას, რომელიც მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ამავე კანონის მე-6 მუხლი კი გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე."
გვინდა თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის განხილვისა და მიღების პროცესში. 2012 წლის მაისში მიმდინარე განხილვების დროს, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს განზრახული ჰქონდათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა კანონი შესატყვისობაში ყოფილიყო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალ კანონთან. დაგეგმილიდან ერთ-ერთი ცვლილება კი სწორედ სზაკ-ის 44-ე მუხლის (რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს არეგულირებდა) მთლიან ამოღებას ეხებოდა. მაშინ, სამმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქმედითი წინააღმდეგობა გავწიეთ აღნიშნული ცვლილების არ დაშვებისთვის, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო თანამდებობის პირთა პერსონალურ მონაცემებზე (ფინანსურ, ჯანმრთელობის თუ სხვა სახის) წვდომა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, აგრეთვე, ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ (მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე) და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა (პავლე კუბლაშვილმა) ცხარე დებატების შემდგომ გაითვალისწინეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებები და ხელუხლებლად დატოვეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი.
IDFI-ის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისთანავე გააჩნდა მყარი პოზიცია, რომ კანონი კონკრეტულ შემთხვევებში ძალზედ ბუნდოვანი და რთულად ინტერპრეტირებადია. მაგალითად, ეჭვგარეშეა ის გარემოება, რომ პირის შესახებ არსებული პერსონალური (პირადი) მონაცემების გაცემისას უნდა საჭიროებდეს მის თანხმობას, თუმცა, ისმის კითხვა: როგორ არის შესაძლებელი პირის პირდაპირ, გინდ ირიბად იდენტიფიცირება ცვალებად მონაცემთა შესახებ ინფორმაციის ფლობით? რთულია, აგრეთვე, გაავლო მკვეთრი ზღვარი პირის ფინანსურ და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს შორის, რადგან ინფორმაციის ორივე კატეგორია, თანაბარწილად შეიძლება მიეკუთვნებოდეს განსაკუთრებულს. აღნიშნულს აგრეთვე ამყარებს საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერი „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან, სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
ამავე დროს, ლოგიკური მსჯელობა, რომ თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირის ნებართვის გარეშე, გამორიცხავს აგრეთვე თანამდებობის პირთა ფინანსური მონაცემების ღიაობის დამკვიდრებულ რეჟიმს. შესაბამისად, თუ დავეთანხმებით განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მსჯელობას, მაშინ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების ვალდებულება (სადაც თანამდებობის პირთა სხვადასხვა შინაარსის პერსონალური მონაცემებია თავმოყრილი), წინააღმდეგობაში მოდის როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციასთან.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ IDFI-ის აზრით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმართულია სწორედ თანამდებობის პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, თანამდებობის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ ინფორმაციის, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია თანამდებობის პირის მიერ საჯარო უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებასთან) ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
IDFI მიიჩნევს, რომ მართალია პირის პერსონალური მონაცემების დაცვა რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, მაგრამ თანამდებობის პირთა („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები) პერსონალური მონაცემების ღიაობა რეგულირდება უშუალოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 44 მუხლის პირველი ნაწილით.