ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაჰერტიმ 2025 წლის 26 მარტს გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (2025 წლის 10 მარტის მდგომარეობით), რომლითაც შეჯამებულია კომისრის საქართველოში ვიზიტი 2025 წლის 21-23 იანვარს. მემორანდუმი შეეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების, სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობისა და ლგბტი ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას.
მემორანდუმის თანახმად, სხვადასხვა წყაროები ერთმანეთთან თანხვედრაში მიუთითებენ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავებულების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ საპოლიციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში (პარ. 15). კომისარი ასევე მიუთითებს, რომ მან არაერთი მსხვერპლისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ჩამოართვეს მათ მობილური ტელეფონები და უარი ეთქვათ უკან დაბრუნებაზე მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობების მდებარეობა დასტურდებოდა პოლიციის შენობებში (პარ. 15). კომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქალი დემონსტრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის მუქარის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე (პარ. 14).
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, კომისარი აღნიშნავს, რომ ათეულზე მეტი ჟურნალისტის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციის ან ნიღბიანი პირების მხრიდან. ათეულობით ჟურნალისტი აღმოჩნდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის სამიზნე, ჟურნალისტების ნაწილი უკანონოდ იქნა დაკავებული, ხოლო მათი აღჭურვილობა დაზიანებული ან მოპარული. ნიშანდობლივია, რომ თითქმის ყველა ინციდენტში ფიგურირებენ ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები (პარ. 16).
აქციის დაშლის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, კომისარი მიუთითებს, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციები ერთმნიშვნელოვნად მშვიდობიანია და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას მათ დასაშლელად. შესაბამისად, სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, უზრუნველეყო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების რეალიზება (პარ. 21).
რაც შეეხება პროტესტის მონაწილეების უკანონო დაკავებებს, კომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებებს საფუძვლად დაედო მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც, დაკავებულთა თქმით, საერთოდ არ შესწრებიან მათი დაკავების მომენტს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებთან დაკავშირებით კი ხაზი გაესვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებლებს. დამატებით, კომისარმა მიუთითა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული ოთხივე პირი აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს (პარ. 20). კომისარი მიუთითებს ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების აუცილებლობაზე, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით (პარ. 43).
კომისარი, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად სახელდება აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობა, რისი ვალდებულებაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული (პარ. 22-23). კომისარი მიუთითებს ნიღბიანი პოლიციელების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარების აუცილებლობაზე, რაც გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში (პარ. 24).
მემორანდუმში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ანგარიშვალდებულების მეორე ძირითად პრობლემად დასახელებულია დაუსჯელობის განცდა, რადგან ჯერ კიდევ 2023 წლის მარტსა და 2024 წლის მარტიდან მაისამდე მიმდინარე დემონსტრაციების დროს პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისთვის პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი პირი (პარ. 25). კომისარი მხედველობაში იღებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებები, მათ შორის 2024 წლის გაზაფხულის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, შესამჩნევია, რომ დაზარალებულებს, მათ ადვოკატებს და სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვთ მოლოდინი, რომ მიუხედავად აშკარა მტკიცებულებების არსებობისა, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რომელიმე სამართალდამცავს პასუხისმგებლობა დაეკისრება (პარ. 26-27).
კომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ მიმდინარე გამოძიებებს კვლავ არ დაუყენებია რაიმე ხელშესახები შედეგი. გარდა ამისა, არც ერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ არ იქნა ამოქმედებული დისციპლინური ზომები, ხოლო შსს-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით (პარ. 27).
დამატებით, კომისარმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 გადაწყვეტილებაზე, რომლებიც აღსრულებას ელოდება (პარ. 28). აღნიშნული საქმეები შეეხება საქართველოში სამართალდამცავების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას, რაც წარმოაჩენს აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებულ ძირეულ პრობლემებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით, კომისარი განმარტავს, რომ ხსენებული საგამოძიებო უწყების უმოქმედობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მისი არასაკმარისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობაა (პარ. 29-30).
მემორანდუმში ასევე გაკრიტიკებულია 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში შეკრების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, კომისრის პოზიციით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. კომისარი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციებზე სახის დაფარვა არ უნდა იკრძალებოდეს თუკი სახეზე არ არის გარდაუვალი ძალადობის ჩადენის ხელშესახები მტკიცებულება. პრევენციული დაკავება თვითნებურია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომ მის გარეშე ინდივიდი ჩაიდენს კონკრეტულ მძიმე ხასიათის სამართალდარღვევას. კომისარმა ასევე გააკრიტიკა ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული ჯარიმების შეუსაბამო ზრდა (პარ. 33).
მემორანდუმში ასევე განხილულია საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები, მაგისტრალის გადაკეტვის გამო წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და 6 თებერვალს მიღებულ ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები (პარ. 34-36). კომისარი კრიტიკულად აფასებს შეკრების თავისუფლების მძიმე ფორმით შეზღუდვას ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და სხვა რეპრესიული ზომების საფუძველზე და მათ ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე მითითებით (პარ. 37).
კომისარი აღნიშნავს, რომ გარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა, მათ მიმართ რეპრესიები სხვა ფორმებითაც ხორციელდება. მემორანდუმში აღწერილია მზია ამაღლობელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გარემოებები და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება გაუმართლებელია (პარ. 38-40). შესაბამისად, კომისრის პოზიციით, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (პარ. 44).
გარდა მზია ამაღლობელის საქმისა, კომისარი უარყოფითად გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, არხის ეთერიდან ჩახსნას მის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო. კომისარმა ასევე დაგმო ქართული ოცნების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაანონსებული ცვლილებები (პარ. 41).
მემორანდუმში განხილულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება და ათეულზე მეტ სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმები. მემორანდუმის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდნენ საჯარო სივრცეში, მოწმეების თანდასწრებით და სათვალთვალო კამერების თვალთახედვის არეალში, ამ საქმეებზე გამოძიება მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს და არც ერთ თავდამსხმელს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. კომისარმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფარული მიყურადების ფაქტებსაც (პარ. 45-46).
კომისარი იზიარებს უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, კომისარი გმობს ქართული ოცნების რიტორიკას, რომელიც ახალისებს ძალადობას აღნიშნულ პირთა მიმართ. კომისარი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმებას (პარ. 47).
კომისარმა კიდევ ერთხელ დაგმო ქართული ოცნების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება და მიუთითა მის მსგავსებაზე რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კანონთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ ცნო (49). მემორანდუმის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ აუმოქმედებია ხსენებული კანონი, ინიცირებული იქნა მისი ჩანაცვლება ამერიკული “FARA”-ს “ზუსტი თარგმანით”. კომისარმა მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ გაუქმდეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და უზრუნველყოფილი იქნეს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს მის ჩანაცვლებას, სრულად პასუხობდეს საქართველოსთვის დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს (პარ. 50-51).
კომისარმა მკაცრად გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა სოციალურ განზომილებაში.
მემორანდუმში დასაბუთებულია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (პარ. 54-59). კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან საქართველოში და მათ მიმართ არსებულმა სტიგმამ კიდევ უფრო მძიმე ფორმა მიიღო ზემოაღნიშნული კანონის მიღების, ასევე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობიდან “გენდერისა” და “გენდერული იდენტობის” ცნებების სრულად ამოღებას (პარ. 60-62).
კომისარი ამ შემთხვევაშიც მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღსრულებას ელოდება და რომლებიც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ლგბტი ადამიანების უფლებების არაადეკვატურ დაცვას. საბოლოოდ, კომისარი მიიჩნევს, რომ ლგბტი ადამიანის უფლებების შემზღუდველი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად უნდა გაუქმდეს. (პარ. 63-64).
ამრიგად, მემორანდუმიდან იკვეთება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირდა საპოლიციო ძალების მიერ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სისტემური არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, მშვიდობიანი პროტესტი უსაფუძვლოდ იქნა შეწყვეტილი სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით, ხოლო პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები ასევე უსაფუძვლოდ იქნენ დაკავებულნი. ცხადად გამოიკვეთა ისიც, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებები არაეფექტიანია და საზოგადოებაში არ არსებობს მართლმსაჯულების განხორციელების მოლოდინი.
მემორანდუმში ასევე განხილულია რეპრესიული შეზღუდვები, რომელთა მიზანია კრიტიკული აზრისა და წინააღმდეგობის ჩახშობა. კომისარი ყურადღებას ამახვილებს შეკრებების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების რეპრესიულ ბუნებაზე, პროტესტისადმი სოლიდარულად განწყობილი ჟურნალისტების სხვადასხვა ფორმით დევნაზე, ლგბტი ადამიანების უფლებების უგულებელყოფასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ მადისკრედიტირებელ და ძალადობის მაპროვოცირებელ კამპანიაზე.