2015 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაამტკიცა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“. „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მიზანია უზრუნველყოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა, საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში და საკანონმდებლო პროცესებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისთვის“ მუშაობა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო ღიაობის ვალდებულებებს ადვოკატირებას უწევდნენ 2014-2015 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შედგენის დროსაც, თუმცა ეს პოზიცია დასახელებული სამოქმედო გეგმის შედგენის დროს არ იქნა გათვალისწინებული.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ინტერფრაქციული ჯგუფის სახით და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ „ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის“ სახით. „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შემუშავების კოორდინირებას და ინტერფრაქციული ჯგუფის და „ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის“ მუშაობის ორგანიზებას ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).
ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია შეიმუშავოს „საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ და ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობას „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ინიციატივაში.
ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები იყვნენ შემდეგი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები: ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ჯამპსტარტ საქართველო, ევროპის საბჭო და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მხარს უჭერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში.
IDFI-ის პროექტის მხარდაჭერით და ორგანიზებით, იმისათვის, რომ გამყარებულიყო სამართლებრივი ურთიერთობა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე“ მომუშავე საქართველოს პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, 30 აპრილს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი ითანამშრომლებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შემუშავების მიზნით. ასევე, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოხატავენ მზადყოფნას დაეხმარონ ინტერფრაქციულ ჯგუფს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის როლის გაზრდასა და ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ შემუშავების პროცესში.
იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გამხდარიყო ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა, ინტერფრაქციული ჯგუფმა შექმნა ე. წ. „სარედაქციო საბჭო”, რომელშიც შევიდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის რამდენიმე წევრი.
IDFI-ის მხარდაჭრითა და ორგანიზებით, რომელიც წარმოადგენს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სამდივნოს, 2015 წლის მარტიდან დღემდე ჩატარდა 5 გაერთიანებული შეხვედრა ინტერფრაქციულ ჯგუფსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფს შორის. ასევე, ჩატარდა შეხვედრები საკუთრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საერთო პოზიციის შემუშავება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისათვის გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის. რეკომენდაციები წარმოადგინეს სამუშაო ჯგუფში შემავალმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გასვლითი შეხვედრა ყაზბეგში, სადაც 23 მაისს, თითქმის 11 საათიანი მსჯელობის შემდეგ შეჯერებულ იქნა საერთო პოზიცია საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებების შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები, კერძოდ, პარლამენტის აპარატის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და აპარატის უფროსის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი. ასევე, პროცესში ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ჩაატარა კვლევა - „საპარლამენტო ღიაობის საკითხები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში“. კვლევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ღიაობის რეკომენდაციების შემუშავების პროცესში, რადგან ერთის მხრივ გაანალიზდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრი ქვეყნების საპარლამენტო ღიაობის ვალდებულებები, ხოლო მეორეს მხრივ შესწავლილი იქნა ღია მმართველობის გზამკვლევის სარეკომენდაციო ვალდებულებები. შესაბამისად, საპარლამენტო ღიაობის ქართული ვალდებულებანი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.
ინტერფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა:
„მე მგონია, რომ ის არის საკმაოდ ამბიციური და ერთი შეხედვით, პირველი წაკითხვისას, გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა ხომ არ შევამციროთ ან ტემპი, ან მოცულობა და უფრო რეალისტები ვიყოთ, მაგრამ როგორც კი ეს განცდა დამეუფლა, მერე, მეორე კითხვაც გამიჩნდა, რომ - თუ ასე მოვიქცევით ამ საკითხშიც და ყველა სხვა საკითხშიც, მაშინ ჩვენ მიერ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის დასახული ამოცანა უნდა გადავდოთ ათწლეულობით, ალბათ. თუ ჩვენ, სწორედ ასეთი დაძაბული მუშაობით, მათ შორის, მჭიდრო ვადებში, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების პირობებში არ ვიმუშავეთ, მაშინ უბრალოდ ვერ შევძლებთ დასახული ამოცანების მიღწევას. ამიტომ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ჩავაყენოთ თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ მეტი შრომაა საჭირო მოკლე პერიოდში, ვიდრე ვიფიქროთ იმაზე, რომ - ხომ არ შეგვემცირებინა რაიმე. ასე რომ, პირადად ჩემი, ერთი პარლამეტის წევრის პოზიციით და ხმით, ვუერთდები წარმოდგენილი საქმის მოცულობას. თვრამეტივე კომპონენტის ცალკე შესრულება თავისთავად პრობლემა არ არის. აი, ყველას ერთად მოვახერხებთ თუ ვერა, ეს კითხვა არის, მაგრამ ჩემი პასუხია, რომ უნდა მოვახერხოთ. ამისთვის ჩვენ გვაქვს დაახლოებით წელიწადნახევარი“. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელებისას საუბარია პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის აპარატის და სხვადასხვა დეპარტამენტების ჩართულობა. „მათ, პირველ რიგში, უნდა მოახერხონ, რომ ეს თემა გახდეს მათი სამოქმედო პრიორიტეტი და პარლამენტის პოლიტიკურმა შემადგენელმა, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენს განწყობებზე. აქ ლაპარაკია იმ ტიპის ინსტრუმენტების და მექანიზმების დანერგვაზე, რომელმაც მერე უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ 18 ვალდებულებისგან შედგება, რომელიც შესაბამისობაშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და ტექნოლოგიებისა და ინოვაციის პრინციპებთან, კერძოდ, ეს რეკომენდაციებია:
1. მოქალაქეთა ჩართულობა
1.1. კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა;
1.2. საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით;
1.3. მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საკანონმდებლო პროცესში;
1.4. ფიზიკური დასწრების უზრუნველყოფა;
1.5. დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა;
1.6. საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე, პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯის და როლის გაძლიერება;
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
2.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება;
2.2. საპარლამენტო კომიტეტების წლიური ანგარიშებისა და დასკვნების პროაქტიული გამოქვეყნება;
2.3. კანონშემოქმედებით პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და მიღება;
2.4. კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე;
2.5. პარლამენტის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის განახლება;
2.6. განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება;
3. ტექნოლოგიები და ინოვაცია
3.1. პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსება;
3.2. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ინტერეს-ჯგუფების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაციის გაძლიერება;
4. ანგარიშვალდებულება
4.1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა;
4.2. საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება;
4.3. „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ შემუშავება და მიღება;
4.4. საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება.
„ღია პარლამენტი საქართველოს“ სამოქმედო გეგმის 18 ვალდებულებიდან, 16 უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდა, ხოლო 2 რეკომენდაცია პარლამენტის აპარატმა წარმოადგინა.
2015 წლის 10 ივლისის ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრაში 8 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აქვს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა მიღებული. ამ სამოქმედო გეგმის დამტკიცებით საქართველო საპარლამენტო ღიაობის მიმართულებით OGP-ის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდება.
ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მიღების შემდეგ, სამოქმედო გეგმა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს შემდგომი დამტკიცების მიზნით.