6 ივლისს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და გეგმაში შემავალი ვალდებულებების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა არასამთავრობო სექტორს გაწეული რეკომენდაციებისთვის და აღნიშნა, რომ შემუშავებული სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან და საჭირო ვალდებულებებს ითვალისწინებს. თუმცა, დასძინა, რომ მნიშვნელოვანია მათი განხორციელება. ამიტომაც სხდომის გახსნისთანავე მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას, რომ არ აიღონ ისეთ ვალდებულები, რომლის განხორციელებასაც აღნიშნულ ვადებში ვერ შეძლებენ. „მე მგონია, რომ ის არის საკმაოდ ამბიციური და ერთი შეხედვით, პირველი წაკითხვისას, გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა ხომ არ შევამციროთ ან ტემპი, ან მოცულობა და უფრო რეალისტები ვიყოთ, მაგრამ როგორც კი ეს განცდა დამეუფლა, მერე, მეორე კითხვაც გამიჩნდა, რომ - თუ ასე მოვიქცევით ამ საკითხშიც და ყველა სხვა საკითხშიც, მაშინ ჩვენ მიერ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის დასახული ამოცანა უნდა გადავდოთ ათწლეულობით, ალბათ. თუ ჩვენ, სწორედ ასეთი დაძაბული მუშაობით, მათ შორის, მჭიდრო ვადებში, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების პირობებში არ ვიმუშავეთ, მაშინ უბრალოდ ვერ შევძლებთ დასახული ამოცანების მიღწევას. ამიტომ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ჩავიყენოთ თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ მეტი შრომაა საჭირო მოკლე პერიოდში, ვიდრე ვიფიქროთ იმაზე, რომ - ხომ არ შეგვემცირებინა რაიმე. ასე რომ, პირადად ჩემი, ერთი პარლამეტის წევრის პოზიციით და ხმით, ვუერთდები წარმოდგენილი საქმის მოცულობას. თვრამეტივე კომპონენტის ცალკე შესრულება თავისთავად პრობლემა არ არის. აი, ყველას ერთად მოვახერხებთ თუ ვერა, ეს კითხვა არის, მაგრამ ჩემი პასუხია, რომ უნდა მოვახერხოთ. ამისთვის ჩვენ გვაქვს დაახლოებით წელიწადნახევარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელებისას საუბარია პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის აპარატის და სხვადასხვა დეპარტამენტების ჩართულობა. „მათ, პირველ რიგში, უნდა მოახერხონ, რომ ეს თემა გახდეს მათი სამოქმედო პრიორიტეტი და პარლამენტის პოლიტიკურმა შემადგენელმა, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენს განწყობებზე. აქ ლაპარაკია იმ ტიპის ინსტრუმენტების და მექანიზმების დანერგვაზე, რომელმაც მერე უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების მიერ გამოთქმული იყო სხვადასხვა მოსაზრებები სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა ინსტიტუტის მიერ გაწეულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. კერძოდ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება განიხილა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ აღნიშნული ვალდებულების ვადებთან და ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, სულხან სალაძემ, აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ყველა იმ მნიშვნელოვან ვალდებულებას შეიცავს, რაც ღია მმართველობისთვის აუცილებელია. თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩართული ყველა ორგანიზაცია, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულებათა განხორციელების ვადებს შეცვლის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის განახლების საკითხს და აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებიც ახალ ვებგვერდზე განთავსდება მოქალაქეების ჩართულობის გარდა ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ისაუბრა ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური თვალსაზრისით სრულყოფილად აღჭურვისა და 2016 წლის ბოლომდე დასრულების აუცილებლობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსების, საქართვლოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნისა და საკანონმდებლო კომიტეტების სხდომათა ოქმების ვებგვერდებზე განთავსების საკითხებიც. უმრავლესობის გადაწყვეტილებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი იქნება სავალდებულო.
სხდომის დასასრულს ლევან ავალიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში არსებული თითოეული ვალდებულების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მასში თავმოყრილია ღია მმართველობის საერთაშორისოდ აღიარებული ფორმები.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში “ ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა: გუგული მაღრაძემ, გიორგი კახიანმა, თამარ კორძაიამ და ვახტანგ ლემონჯავამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები, კერძოდ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ბერაძე და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მერაბ გოცირიძე.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარლამენტის აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე. მასში გაერთიანებულია 18 ვალდებულება, რომელთაც 2015-2016 წლების განმავლობაში შეასრულებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო ვარიანტის დამტკიცებას 10 ივლისს გეგმავს.
იხილეთ ფოტოალბომი