23 მაისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა ყაზბეგში. შეხვედრა ჩატარდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში „საქართველოს პარლამენტის ჩართულობის” მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI), ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: გუგული მაღრაძემ, თამარ კორძაიამ, მალხაზ ვახტანგაშვილმა, ვახტანგ ლემონჯავამ და ანზორ ბოლქვაძემ. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ჯამპსტარტი საქართველო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელები, კერძოდ, პარლამენტის აპარატის უფროსი - ზურაბ მარაქველიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და აპარატის უფროსის მოადგილე - ალექსანდრე ტაბატაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - მერაბ გოცირიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი - ნინო ბერაძე.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ და ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას „ღია მმართველობის პარტნიორობაში“. IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობაზე“ და ამ ინიციატივაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. გიორგი კლდიაშვილი ასევე შეეხო საპარლამენტო ღიაობის საკითხებსOGP-ში და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება შედარებით ახალია და აუცილებელია, რომ საქართველომ აქტიურად შეუწყოს ხელი მის დანერგვას.
მომდევნო გამომსვლელები იყვნენ IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი - გიორგი თოფურია. ლევან ავალიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს, გააცნო ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევა - "საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში". კვლევა მიზნად ისახავს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრ ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე არსებული ვალდებულებების შესახებ. კვლევა მომზადებულია OGP-ის წევრ სახელმწიფოთა სამოქმედო გეგმებისა და „ღია მმართველობის გზამკვლევის“ საფუძველზე. გიორგი თოფურიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის შესახებ. კვლევაში მიმოხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა საპარლამენტო ღიაობის კულტურა, ინფორმაციის თავისუფლების რეგულირება და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.
მომდევნო გამომსვლელმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა - ნინო ბერაძემ, წარადგინა პრეზენტაცია - საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებითპარლამენტის აპარატის მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მონაწილე ორგანიზაციებმა წარადგინეს რეკომენდაციები, რაც მათი აზრით აუცილებელია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად. კერძოდ, რეკომენდაციები წარადგინა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ და ჯამპსტარტ საქართველომ.
შეხვედრის დასასრულს, განხილვების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ რეკომენდაციების ჩამონათვალზე, რომელიც ასახული იქნება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში.
იხილეთ ფოტო ალბომი