ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, 2019-2020 წლებში განახორციელა პროექტი - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“. კვლევამ გამოავლინა რეგიონის 18 ქვეყნის სახელმწიფო არქივების გამჭვირვალობის რეიტინგი და ასევე საკმაოდ საინტერესო მიგნებები და სპეციფიკა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო არქივებს გააჩნიათ.
კვლევის დაწყებისას, 2019 წლის ივნისის თვეში, რა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული პანდემიის ფაქტორი, რამაც მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ არქივების მდგომარეობა, არამედ ცხოვრების ყველა მიმართულება. ბუნებრივია, ეს კვლევის მეთოდოლოგიასა და საბოლოო რეიტინგში ვერ აისახებოდა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, როგორი დონის ღიაობა შესთავაზა ამა თუ იმ სახელმწიფო არქივმა მკვლევრებს კორონავირუსის პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის დროს და როგორ მოახერხა თანამედროვე რეალობასთან ადაპტირება. აგრეთვე, შეიმუშავეს თუ არა სახელმწიფო არქივებმა სამომავლოდ, მსგავს სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიული გეგმა. კვლევისთვის IDFI-მ შეადგინა კითხვარი, რომელიც არქივში მუშაობის გამოცდილების მქონე საერთაშორისო პარტნიორებმა შეავსეს. გარდა ამისა, კვლევის მომზადებაში გამოყენებულია ინტერნეტში ხელმისაწვდომი წყაროები.
კვლევაში მონაწილეობდნენ ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა უნგრეთი და ყაზახეთი.
IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ უნგრელი პარტნიორის, შანდორ ჰორვატის დახმარებით შეიმუშავა კვლევის კითხვარი, რომელიც გამიზნული იყო COVID-19-ის პანდემიის დროს, სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო არქივების ღიაობის შესაფასებლად. შემუშავებული კითხვარი შესავსებად დაეგზავნათ IDFI-ის საერთაშორისო პარტნიორებს ზემოხსენებულ 10 ქვეყანაში. კითხვარი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა პანდემიის დროს არქივებში დაწესებული შეზღუდვების ხასიათი და ხანგრძლივობა, არქივებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, პანდემიის გავლენა საარქივო საქმიანობაზე, პერსონალისა და საარქივო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობაზე, საარქივო რესურსების ხელმისაწვდომობა ონლაინ სივრცეში და არქივების დისტანციური საქმიანობა.
COVID-19-ით გამოწვეულმა რეალობამ განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წარმოაჩინა არქივების ვებგვერდების გამართული ფუნქციონირებისა და მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოცემული კვლევითაც დასტურდება. მაშინ, როდესაც ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწიათ სახლში ყოფნა და დისტანციურად მუშაობა, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის საარქივო დოკუმენტებზე წვდომის ერთადერთი საშუალება გახდა ინტერნეტი, არქივების ვებგვერდი, იქ განთავსებული ფონდები და ელექტრონული მონაცემთა ბაზები. საარქივო დაწესებულებათა ვებგვერდებზე განთავსებული აღწერები, კატალოგები და დოკუმენტები სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეცნიერების განვითარებაში. კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მიგნება:
- IDFI-ის პროექტით გამოვლენილი სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგი პირდაპირ აისახა პანდემიის დროს არქივების მუშაობაზე: მაქსიმალურად ღია არქივებმა გეზი აიღეს მკვლევრებისა და მოქალაქეების ელექტრონული სერვისებით დაკმაყოფილებაზე და პირიქით;
- იმ არქივებმა, რომლებსაც უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა ციფრული ბაზების შექმნასა და განვითარებაზე, მომხმარებლებს გაცილებით მეტი სერვისი და მუშაობის საშუალება შესთავაზეს, ვიდრე არქივებმა, რომლებსაც ციფრული სერვისების მიმართულება სუსტად ჰქონდათ განვითარებული;
- უკრაინის სახელმწიფო არქივები მოქმედებდნენ ყველაზე აქტიურად და გამჭვირვალედ პანდემიის დროს: ისინი ყოველთვიურად აქვეყნებდნენ სრულყოფილ მიმოხილვას უკრაინის სახელმწიფო არქივების მუშაობის შესახებ, რაც, ძირითადად, შეეხებოდა ახალი ელექტრონული რესურსების შექმნასა და დოკუმენტების გაციფრულებას. აქტიურობით გამოირჩეოდა ლიეტუვის არქივი, ქვეყანაში პანდემიისას დაფუძნებული „კულტურის საგანგებო ფონდის“ 40% გაციფრულების პროექტებს, მათ შორის საარქივო დოკუმენტების გაციფრულებას მოხმარდა. ლატვიის არქივმა მიუხედავად დისტანციური მუშაობისა, არ შეწყვიტა გენეალოგიური ხასიათის კვლევების წარმოება, როდესაც ანალოგიურ მომსახურებაზე უარი თქვა ბელარუსის ეროვნულმა არქივმა, ხოლო მკვლევართა დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა არქივმა გენეალოგიის მკვლევრების გამოკლებით მიიღო. უნგრეთმა შეამცირა არქივების დაფინანსება, ხოლო ყაზახეთის არქივების უმრავლესობა ცნობებს დისტანციურადაც არ გასცემდა.
- სამომავლოდ, კრიზისების შემთხვევაში აუცილებელია მოქმედების გეგმის შემუშავება, რაზეც დიდწილად დამოკიდებული იქნება არქივების გამართული ფუნქციონირების, თანამშრომლების შენარჩუნებისა და სხვა არაერთი საკითხი.
საქართველოს ეროვნული და შსს არქივები პანდემიის დროს, მათი ღიაობა და სხვადასხვა სახის მომსახურება
პანდემიის ე.წ. "პირველი ტალღის" და მომდევნო პერიოდებში, საქართველოს ეროვნული და შსს არქივები დახურული იყო მკვლევრებისთვის, სხვა ტიპის მომსახურებას დაწესებულებები ახორციელებდნენ დისტანციურ რეჟიმში. საქართველოს ეროვნული არქივის მკვლავართა დარბაზი დაიკეტა 6 მარტს და კვლავ გაიხსნა 1 ოქტომბერს, თუმცა შეზღუდვებით - დაშვების უფლება მიეცა მხოლოდ უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების მიერ წარგზავნილ მკვლევრებს, ხოლო პირადი ინიციატივით მისულები, მაგალითად, გვარის გენეალოგიაზე მომუშავეები, მკვლევართა დარბაზში არ დაიშვებოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, გვარის გენეალოგიაზე მომუშავე მკვლევრების რიცხვი საქართველოს ეროვნულ არქივში ყველაზე მაღალია და მკვლევრების 70%-ზე მეტი სწორედ ამ თემაზე მუშაობს, შესაბამისად, არდაშვების მოტივი სწორედ მათი რაოდენობა იყო და არა სხვა რომელიმე ობიექტური მიზეზი. საქართველოს ეროვნული არქივის მსგავსი პრაქტიკა ამოქმედდა მხოლოდ ბელარუსის არქივში, სადაც, გამონაკლისის სახით, შეწყდა გენეალოგიური ხასიათის დოკუმენტების მოძიება განმცხადებელთა დიდი რაოდენობისა და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, სახელმწიფო არქივების ღიაობის საერთო რეიტინგით უფრო მაღლა მდგომი, ლატვიის ეროვნული არქივი კვლავ აგრძელებდა მსგავსი ცნობების მიღებასა და გაცემას.
საარქივო კანონმდებლობაში ცვლილებები არ შესულა. საქართველოს ეროვნული არქივის შიდა რეგულაციების თანახმად, მკვლევრების და თანამშრომლების მიერ გამოყენებული ყველა დოკუმენტი საცავში დაბრუნებამდე ექვემდებარებოდა 72 საათიან კარანტინს. პანდემიას სახელმწიფო არქივებს თანამშრომლების შემცირება არ გამოუწვევია. საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლების 80-90%-მა დაიწყო სახლიდან მუშაობა. მათ ძირითად საქმიანობას შეადგენდა საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ფონდების რუსულენოვანი აღწერების თარგმნა, გაუმჯობესება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა, თუმცა საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი მუშაობის შედეგების შესახებ. ჯერ-ჯერობით, არცერთი ქართულად თარგმნილი და გაუმჯობესებული რუსულენოვანი საარქივო აღწერა ეროვნული არქივის საიტზე გამოქვეყნებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა არქივი გაააქტიურდა სოციალურ ქსელებში და პოსტების რაოდენობა გაიზარდა საინტერესო დოკუმენტებითა და სტატიებით. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამართა რამდენიმე ონლაინ გამოფენა. ასევე, ბოლო ხანებში, საქართველოს ეროვნულმა არქივმა გაზარდა ვებგვერდზე საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და პერიოდულად საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნება. 2018-2019 წლებში ტექნიკურად გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდი და უწყებამ დაიწყო დოკუმენტების, ფონდებისა და ცალკეული კოლექციების პროაქტიულად ატვირთვა. ჯერჯერობით ატვირთულია დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ეს მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
მსგავს კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების სამომავლო გეგმა საქართველოს ეროვნულ და შსს არქივებს არ შეუმუშავებიათ.
მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.