მე-3 საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივის ღიაობა და მეხსიერების კვლევები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 16 დეკემბერი 2021

2021 წლის 16 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით მე-3 საერთაშორისო კონფერენცია: „სახელმწიფო არქივის ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ გამართა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, დასწრება შესაძლებელი იყო ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებითაც.

 

 კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა არქივებისა და საარქივო ხელმისაწვდომობის სფეროში გარდაქმნებსა და გამოწვევებზე. გაიმართა მსჯელობა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მისი გავლენის შესახებ, ასევე შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებსა და საარქივო კვლევის პოპულარიზაციის პერსპექტივებზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, ისტორიისა და მეხსიერების კვლევების აღიარებული სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც წლებია მუშაობენ ისტორიოგრაფიასა და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა და პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა. განიხილა პანდემიის  როლი არქივების ღიაობასთან მიმართებით და ხაზი გაუსვა კონფერენციის ამ მიმართულებით ჩატარების მნიშვნელობას. მან ისაუბრა არქივების ხელმისაწვდომობაზე, როგორც წარსულის გააზრებისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე. აღნიშნა, რომ არქივების ღიაობა აისახება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ისტორიის კრიტიკულ გააზრებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.

 

კონფერენცია შედგებოდა სამი ფართო სადისკუსიო პანელისაგან.

 

პირველ პანელს უძღვებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი ალექსანდრ მორისონი. შანდორ ჰორვატმა (ისტორიკოსი, უახლესი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისტორიის ინსტიტუტი, ჰუმანიტარული კვლევითი ცენტრი, ბუდაპეშტი), არჩი ბლისეტმა  (DPhil სტუდენტი, Ceble College, ოქსფორდის უნივერსიტეტი), დეანა სოლონინკამ (სადოქტორო კანდიდატი, ედინბურგის უნივერსიტეტი), ოლივერ რაისნერმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს პროგრამის ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების პროფესორი) და იუან გაომ (დოქტორობის კანდიდატი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი) განიხილეს არქივები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს: გამოწვევები და გაკვეთილები პოსტპანდემიური მომავლისთვის.

 

კონფერენციაზე გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის პრეზენტაცია: თანამედროვე საარქივო მასალები სახელმწიფო დაწესებულებებში საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე: რა ვიცით მათი ადგილსამყოფელის, შინაარსის, მათზე წვდომისა და არქივების პოლიტიკის შესახებ."

 

IDFI-ის ასოცირებულმა მკვლევარმა ნინო გოზალიშვილმა ისაუბრა არქივების მდგომარეობაზე 1991 წლიდან დღემდე. ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათ ანგარიშვალდებულების საკითხზე. Განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  არასაკანონმდებლო ბარიერებზე მოქალაქეებისთვის საარქივო დოკუმენტებზე წვდომისას და  ელექტრონულად შექმნილ მასალათა არქივირების მნიშვნელობაზე. მიმოიხილა საკანონმდებლო ჩარჩოები და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და ეროვნულ არქივს შორის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია, დოკუმენტების მიმოცვლა და დაცვა.

 

მეორე პანელს უძღვებოდა ყოფილი „გუნდი 29“-ის ხელმძღვანელი, ადვოკატი ივან პავლოვი. აღნიშნული პანელის მომხსენებლებმა დარია სუხიხმა (ყოფილი „გუნდი-29“, იურისტი), არტიომ კუტლოვსკიმ (ყოფილი „გუნდი-29“, იურისტი), გიორგი დავითურმა (იურისტი, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, IDFI) და ანა ოლიინიკმა (რუსეთისა და პოსტსაბჭოთა პოლიტკის სამაგისტრო კანდიდატი, სლავური ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელ სკოლაში, University College, ლონდონი) განიხილეს ეროვნული და უწყებრივი არქივების ღიაობა და რეგულაციები, გაუმართავი პრაქტიკები და კარგი მაგალითებიც. გიორგი დავითურმა ისაუბრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ საარქივო დაწესებულებების მიერ გამოყენებაზე, რომლითაც დოკუმენტების ძალიან დიდი ნაწილი მკვლევრებისთვის დახურული რჩება.

 

ბოლო, მესამე პანელზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოჰამედ ბინ ზაიედის უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯის პროფესორი ჯერემი სმითი, მომხსენებლებმა სერგეი პრუდოვსკიმ (საარქივო მკვლევარი, საზოგადოება „მემორიალი“, რუსეთი), ვლადკა ლემიჩმა (ICARUS / ICARUS ხორვატია), ტიმოთი ბლაუველტმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი) და ანტონ ვაჭარაძემ (ისტორიკოსი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი / საქართველოს უნივერსიტეტი) ისაუბრეს საარქივო კვლევის პოპულარიზაციის პერსპექტივებზე.

 

IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ განიხილა, თუ როგორ უნდა შევასწავლოთ მომავალ ჟურნალისტებს საარქივო კვლევა. ისაუბრა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის პროგრამის  საუნივერსიტეტო კურსზე და  აღნიშნა, რომ კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას დეზინფორმაციის კვლევების, ჰიბრიდული ომების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ისტორიის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებისა და ამ პროცესში მეხსიერების პოლიტიკის როლის შესახებ, დაეუფლებიან სხვადასხვა რესურსის გამოყენების უნარ-ჩვევებს ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად.

 

დისკუსია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის მიზანი - წარმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნის საარქივო სისტემის სპეციფიკა და განსაკუთრებით ის დაბრკოლებები, რომელსაც შეიძლება შეხვდნენ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, ძალიან დაეხმარებათ მათ სამომავლო კვლევების დაგეგმვისას  და განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ არქივში პირველად აპირებენ ვიზიტსა და მუშაობას.

 

კონფერენციამ ერთხმად მიიღო საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალის“ მხარდამჭერი განცხადება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფოს მხრიდან ღია პოლიტიკური რეპრესიის ქვეშ აღმოჩნდა და 2021 წლის 11 ნოემბრიდან მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საზოგადოების ლიკვიდაციისთვის.

 

საბოლოოდ, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ არქივების ღიაობის ადვოკატირებას თავიანთ ქვეყნებში.

 

 

 

თანდართული დოკუმენტაციის სახით, შეგიძლიათ გაეცნოთ კონფერენციის დღის წესრიგს აქ

ფოტო გალერეა იხილეთ აქ

 

კონფერენცია გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022