2015 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 ოქტომბერი 2015

28 - 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართება ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015". სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მათ შორის იქნებიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დელეგატები, დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე.


სამუშაო შეხვედრებისა და პანელური დისკუსიების მეშვეობით სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს, ისაუბრონ საჯარო სერვისების გაუმჯობესებაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მოქალაქეების მიმართ, სამოქალაქო ჩართულობისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე. ამასთანავე, სამიტზე მონაწილეები განიხილავენ ღია მმართველობის პარტნიორობის როლს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.


აღსანიშნავია, რომ IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ სესიებსა და პანელურ დისკუსიებში:: ,,ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის გაზიარება", ,,ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მთავრობასთან თანამშრომლობა", და ,,ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა - იდეებიდან განხორციელებამდე". IDFI-ის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი ისაუბრეს ,,მოქალაქეზე ორიენტირებულ ანტი-კორუფციულ ინიციატივებზე". ასევე, სამიტზე გამომსვლელთა შორის წარდგებიან იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები - ქეთევან ცანავა და ზურაბ სანიკიძე, და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანი. ასევე, IDFI-იმ, დონორი ორგანიზაციების: UNDP-სა და EU-ს მხარდაჭერით უზრუნველყო პარლამენტარი თამარ კორძაიასა და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის მექსიკაში გამართულ სამიტზე დასწრება. 


,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015", იქნება არა მხოლოდ გამოცდილებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა, არამედ სამიტი ხელს შეუწყობს OGP-ის წევრ სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებს შორის მომავალ თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს; პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივას საფუძველი ჩაუყარა რვა დამფუძნებელმა მთავრობამ, მათ შორის აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ. ამჟამად, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა 66 წევრ ქვეყანას აერთიანებს.


საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების გამო ღია მმართველობის კუთხით, 2014 წლის დეკემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს ორი წლით.


2014 წლიდან კი, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.


საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა. საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმზე ხელმოწერის შედეგად, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა დაიწყო. 2015 წლის 17 ივლისს კი, პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016", რომელიც საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულმა ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. გეგმა 18 ვალდებულებისგან შედგება და 2015-2016 წლებზეა გათვლილი.


საქართველოს OGP-ში ჩართულობის კუთხით ასევე, აღსანიშნავია 14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები". კონფერენციაში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.


19 სექტემბერს კი, ღია მმართველობის პარტნიორობამ წევრი ქვეყნების საუკეთესო სახელისუფლებო გუნდის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევის წარმოჩენა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული სამუშაო ჯგუფი წარადგინა.


სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ხმის მიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდება. ხმის მიცემა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე - https://review.wizehive.com/voting/ogp-champions. გამარჯვებული გუნდი 27 ოქტომბერს დასახელდება ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, რომელიც მექსიკის 2015 წლის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის“ ფარგლებში გაიმართება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

24.09.2024

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში - კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები

17.09.2024

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024
განცხადებები

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024