თბილისში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 სექტემბერი 2015

14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში. მასში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენციას ორგანიზებას უწევდა: საქართველოს პარლამენტი, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტო (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.


მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის მისაღწევად და გასაუმჯობესებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმები, დანერგილი სიახლეები, მექანიზმები, მათი შედეგები და წარმოქმნილი სირთულეები. ისაუბრეს, საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საპარლამენტო საქმიანობაზე. განიხილეს თუ რა საერთაშორისო ნორმების დამკვიდრება იქნება ხელსაყრელი საკანონმდებლო ორგანოში მეტი გამჭვირვალობისა და პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. წარმოაჩინეს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა, მათი როლის გაზრდის სავარუდო გზები და საშუალებები, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოქალაქეების მხრიდან პარლამენტის წევრებისადმი ნდობის გაზრდას. კონფერენციის დასასრულს, გამომსვლელებმა ასევე განიხილეს ღია მმართველობის ინიციატივის შემდეგი გლობალური სამიტი, რომელიც 27-29 ოქტომბერს, მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში, გაიმართება.


საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა მისასალმებელი სიტყვით. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივისადმი და ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ერთმანეთისადმი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს უკეთესი შედეგის მიღწევაში. მან აღნიშნა, რომ ,,ყველა, ვინც ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ 21-ე საუკუნეში, აუცილებელია ინოვაციური მიდგომები დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისადმი. სრულიად აშკარაა, რომ 21-ე საუკუნეში - გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში - წარმომადგენლობით დემოკრატიის ტრადიციული ფორმები აღარ არის საკმარისი. აღარ არის საკმარისი, ის, რომ ჩვენ, 4-5 წელიწადში ერთხელ გავიდეთ მოსახლეობასთან და ჩავატაროთ არჩევნები, მივიღოთ მოსახლეობის მანდატი და მერე ვმართოთ ქვეყანა. აუცილებელია, რომ ჩვენ მოვახდინოთ, რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოში, მათ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური, ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ურთიერთობა უნდა იყოს სათანამშრომლო. ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა." პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, 2000 წელს მიღებულ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" თავზე ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" და აღნიშნა, რომ ის ამაყია, რომ დღეს საქართველო მმართველობის კუთხით იმ ეტაპზეა, რომ საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ დახვეწაზე.


გახსნის ცერემონიისას კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრმა წარმოაჩინა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მნიშვნელობა, რომელიც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მუდმივი დიალოგის მექანიზმად შეიქმნა და ქ-ნი წულუკიანის განცხადებით, დღეისათვის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მოდელად ითვლება.
გახსნის ცერემონიისას კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს, ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ; ჩილეს კონგრესის წევრმა, გუიერმა სერნონი ფუენტესმა; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჯარო სამსახურისა და ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილემ და ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ, ქ-ნმა აიანდა დლოდლომ; ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი-საქართველოს (NDI) დირექტორმა, ლორა თორნტორნმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოში მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა.


კონფერენციის მიმდინარეობისას მთავრობათა და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე: საკანონმდებლო ღიაობა, ციფრული ტექნოლოგიები და დემოკრატია; ღიაობის გაძლიერება: სტანდარტების მიღება, გეგმების შემუშავება და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა; საპარლამენტო ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება; საკანონმდებლო ღიაობის ინსტრუმენტები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საკანონმდებლო ღიაობის ინსტრუმენტების შემუშავება. კონფერენციაზე მოწვეულმა დელეგატებმა ასევე ისაუბრეს, ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობებსა და ღია მმართველობის პარტნიორობის მექსიკის სამიტის საკანონმდებლო კომპონენტზე.


კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე ,,სიახლეები სხვადასხვა ქვეყნებიდან" სიტყვით გამოვიდა პარლამენტის წევრი და ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე - გუგული მაღრაძე. ქ-ნმა გუგულიმ რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველომ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების დანერგვის შედეგად მიიღო. ერთ-ერთი, ის სიახლეა, რომ აღებული ვალდებულებებისა და არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოს პარლამენტი შეძლებს, მოქალაქეთა უფრო ფართო ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო პროცესში. ასევე, დამკვიდრდა საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ფორმალიზებული კონტაქტი, რაც დეპუტატის განცხადებით, ამტკიცებს მუდმივ ურთიერთობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს კი, პარლამენტს საშუალებას მისცემს სისტემატურად მიიღოს ორგანიზაციებიდან ინფორმაცია მათ წინადადებებზე, კრიტიკასა თუ მოსაზრებებზე და შესაბამისად, კანონმდებლებს დაეხმარება ქვეყნის რეალური მდგომარეობის საკანონმდებლო საქმიანობაში უკეთ ასახვაში. გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა ღიაობის პროექტების მნიშვნელობას მოქალაქეებისთვის და პარლამენტარებისთვის, რათა ისინი უკეთ იყვნენ ინფორმირებული რამდენად არის ამა თუ იმ კანონმდებლობის ცხოვრებაში განხორციელება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი.


სესიას ,,ღიაობის გაძლიერება: სტანდარტების მიღება, გეგმების შემუშავება და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა" მოდერატორობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გაუწია. მის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია OGP-ის ფარგლებში შემუშავებული ვალდებულებების მიღწევის თვალსაზრისით. ბ-ნი გიორგი კახიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს 2014 წელს, სწორედ ქვეყნის წარმატების დადასტურებაა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პარლამენტის მზაობა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში მითითებული ვალდებულებების განხორციელებასა და მეტი გამჭვირვალობის მიღწევაში.


სესიაზე ,,საპარლამენტო ღიაობის ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავება", რომელსაც მოდერატორობას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ლიდერი, გრიგოლ ბრეგაძე უწევდა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა წარადგინა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016. სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. ლევან ავალიშვილმა ისაუბრა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე, მექანიზმსა და შედეგებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ღიაობის, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით აღებული ვალდებულებების მუდმივ განახლებასა და პროცესის მდგრად განვითარებას. აღნიშნულ სესიაზე, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს ასევე, ჩილეს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ლუის როჰას გაიარდომ, საფრანგეთის წარმომადგენელმა დავიდ გეიუმ, ლიტვის სეიმის ყოფილმა წევრმა და NDI იორდანიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ იუნას ცეკულისიმ და UNDP-ის პროგრამის სპეციალისტმა ჯულია კიოტგენმა.


აღსანიშნავია, რომ სესიაზე ,,საკანონმდებლო ღიაობის ინსტრუმენტები" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ დანერგილ ელექტრონული მმართველობის მექანიზმებზე, ვებ-ინსტრუმენტებზე, რომელიც მოსახლეობას ხელს უწყობს საკანონმდებლო პროცესებზე და კანონმდებლებზე ინფორმაციის მოპოვებაში. მაგალითად, mySociety-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ კრიდჯმა დიდი ბრიტანეთიდან, ისაუბრა everypolitician.org ვებ-გვერდზე. აღნიშნული წყარო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინფორმაცია მოიპოვონო 201 სახელმწიფოდან 58,966 პოლიტიკოსზე. ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია ქვეყანის საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის პროცენტული მაჩვენებლის დადგენა. შემდეგმა დელეგატმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, მიხაილ შკოპმა წარმოადგინა Kohovolit-ის ვებ-გვერდი, რომელიც ტესტის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაიგოს თუ რომელი პარლამენტარი ანიჭებს ანალოგიურ საკითხებს პრიორიტეტს. ვებ-გვერდზე ასევე, არის პარლამენტართა სესიებზე დასწრების ცხრილი, სადაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი ე.წ. ზარმაცი და აქტიური პარლამენტარების დასწრების მონაცემები. მომხსენებლებმა ასევე წარადგინეს ვებ-გვერდები Democracy 2.1, JumpStart Georgia და ePanswo Foundation.


კონფერენციის დახურვაზე სიტყვით გამოვიდნენ: მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; იანუშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ნიკოლას ბერლინერი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი; სკოტ ჰუბლი, NDI-ს მმართველობის პროგრამების დირექტორი და ფელიპე უარდ ედვარდსი, ჩილეს კონგრესის გამჭვირვალობის ორპალატიანი კომისიის დეპუტატი. ქ-ნა მანანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვაში მისი დიდი წვლილის გამო. გამომსვლელებმა ასევე მოიწონეს საკანონმდებლო ღიაობის კუთხით ქვეყნების და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული წარმატება, ხაზი გაუსვეს პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკის გაუმჯობესების აუცილებლობას და მადლობა გადაუხადეს დონორებს, რომელთა მხარდაჭერითაც შედგა კონფერენცია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024