ღია მმართველობის პარტნიორობა, როგორც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 ოქტომბერი 2015

სტატია გამოქვეყნდა ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს ბლოგზე

 

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი დაამტკიცა. აღნიშნული დღის წესრიგი არის ამბიციური „გეგმა ხალხისთვის, სიღარიბის ყველა ფორმის დაძლევისთვის - გეგმა მთლიანად პლანეტისთვის, როგორც ჩვენი საერთო სახლისთვის“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა პოსტ-2015 წლის განვითარების დღის წესრიგის სამიტის გახსნისას.

ახალი გეგმა ეყრდნობა ისტორიული ათასწლეულის განვითარების მიზნების უკვე მიღწეულ შედეგებს. ათასწლეულის განვითარების პროგრამა დაიწყო 2000 წელს და ის მოიცავდა 8 მიზანს, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის განახევრებიდან დაწყებული აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების შეჩერებითა და დაწყებითი სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით დამთავრებული. ამ მიზნების არსებითი ნაწილი მიღწეულ იქნა, თუმცა 2030 წლის დღის წესრიგი ზოგიერთ მიზანს მაინც იმეორებს.


გაეროს დოკუმენტი, სათაურით - „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის“, შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან. ეს მიზნები ავსებს ერთმანეთს, არის ერთმანეთისგან განუყოფელი და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე განზომილებას: ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. დღის წესრიგი ეხება პლანეტისა და კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ყველა სფეროს: კეთილდღეობას, მშვიდობასა და თანამშრომლობას.


გაეროს გენერალურმა მდივანი, ბან კი-მუნი მიესალმა მდგრადი განვითარების მიზნებს და ისინი შეაფასა, როგორც უნივერსალური, ინტეგრირებული და ცვლილების მომტანი ხედვა უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად, უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ყველასთვის და ყველა ქვეყანაში. თუმცა, ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია უფრო თანასწორი, ღია და მშვიდობიანი საზოგადოების წახალისებით, რითაც მსოფლიო თანამეგობრობა კიდევ უფრო დაუახლოვდება მდგრადი განვითარების მიზნებს.


გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი, კერძოდ, მე-16 მიზანია „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების წახალისება მდგრადი განვითარებისთვის, სამართალზე წვდომის უზრუნველყოფა და ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე“. აღნიშნული მიზანი შემდგომ დაყოფილია 10 ამოცანად:

 

  • 16.1 მნიშვნელოვნად შემცირდეს ძალადობის ყველა ფორმა და სიკვდილიანობის შესაბამისი მაჩვენებლები;
  • 16.2 შეწყდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი და ბავშვების მიმართ ძალადობის ყველა ფორმა;
  • 16.3 კანონის უზენაესობის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და სამართალზე წვდომის უზრუნვეყოფა ყველასთვის;
  • 16.4 2030 წლისთვის, მნიშვნელოვნად შემცირდეს ფინანსებისა და იარაღის უკანონო მიმოქცევა, გამკაცრდეს მოპარული ქონების დაბრუნება/აღდგენა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • 16.5 მნიშვნელოვნად შემცირდეს კორუფციისა და ქრთამის აღების ყველა ფორმა;
  • 16.6 ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების განვითარება ყველა დონეზე;
  • 16.7 ინკლუზიური, თანამონაწილეობითი, ეფექტიანი კომუნიკაციისა და წარმომადგენლობითი პროცესის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
  • 16.8 განვითარებადი ქვეყნების გლობალურ ინსტიტუტებში თანამონაწილეობის განმტკიცება და გაფართოება;
  • 16.9 2030 წლისთვის, პირადობის დამადასტურებელი ლეგალური დოკუმენტის, მათ შორის დაბადების მოწმობის, უზრუნველყოფა ყველასთვის;
  • 16.10 საჯარო ინფორმაციაზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფა და ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ძირითადი უფლებების დაცვა;
  • 16.ა ყველა დონეზე სახელმწიფო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, შესაბამისი ეროვნული ინსტიტუტების განმტკიცება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის და ტერორიზმისა და კრიმინალის წინააღმდეგ უკეთ საბრძოლველად;
  • 16.ბ არა-დისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის წახალისება/მიღება მდგრადი განვითარებისთვის.


უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამოცანები ასევე აღიარებული და დეკლარირებულია მრავალმხრივი ინიციატივის - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ, რომლის მიზანია უზრუნველყოს მთავრობების მიერ კონკრეტული ვალდებულებების აღება გამჭვირვალობის წახალისების, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის მეტი ღიაობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ღია მმართველობის პარტნიორობა ხელს უწყობს მოქალაქეებისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის ახალი გზების ძიებას საერთო პრობლემების მოგვარების მიზნით.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივე - გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის და ღია მმართველობის პარტნიორობა - ხაზს უსვამს მსგავს გზავნილებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა გამჭვირვალობას, სამოქალაქო ჩართულობას, ანგარიშვალდებულ საჯარო ინსტიტუტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს, როგორც სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოებების მდგრადი განვითარების ხელმშემწყობ ფაქტორებს.


27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებიდან ორ დღეში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 11-მა ქვეყანამ შეიმუშავა და მიიღო დეკლარაცია სახელწოდებით - „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. დეკლარაციის ტექსტი მიესალმება დღის წესრიგის შინაარსსა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებაში გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის არსებითი როლის აღიარებას. მეტიც, ის აცხადებს, რომ „ორგანიზაციის მონაწილე მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოცდილება, შეიძლება მიმართულ იქნეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორცილებაში, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ტექნოლოგიისა და თანამონაწილეობის წახალისებისკენ.“ დეკლარაციის თანახმად, ღია მმართველობის პარტნიორობა გეგმავს ყურადღება მიაპყროს 5 არსებით სფეროს: (1) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალობის, ღიაობის, ანგარიშვალდებულების გზით; (2) სამართალზე და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა; (3) 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; (4) 2030 დღის წესრიგის განხორცილების შეფასებისას ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებით ხელმძღვანელობა და (5) ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული მიზნები შეესაბამება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნებს. მოსალოდნელია, რომ 28 ოქტომბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე, ქალაქ მეხიკოში, დეკლარაციას 66-ვე წევრი ქვეყანა შეუერთდება.


ზემოთ ნახსენები სრულად ეხმიანება ალესანდრა ლაგუნესისა და მანიშ ბაპნას სტატიას „როგორ შეუძლია ღია მმართველობის პარტნიორობას ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილებას“, სადაც ავტორები ხაზს უსვამენ ღია მმართველობის პარტნიორობის როლს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ამავდროულად, OGP არის ერთგვარი მზა-პლატფორმა, რომელსაც ეროვნული სამოქმედო გეგმებით შეუძლია ქვეყნებს დაეხმაროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებაში. აღნიშნული გეგმები ხელს უწყობს ღია მმართველობას საჯარო ვალდებულებების აღებით მის 66 წევრ ქვეყანაში. მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თანხმდებიან, გააუმჯობესონ საჯარო თანამონაწილეობა, ინფორმაციის თავისუფლება, საბიუჯეტო და ბუნებრივი რესურსების გამჭვირვალობა, საჯარო სერვისების მიწოდება და მონაცემთა ღიაობა. მაგალითისთვის, საქართველოს მთავრობამ უკვე მეორე სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც გათვლილია 2014-2015 წლებზე, ხოლო საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა.


ამდენად, ღია მმართველობის პარტნიორობას შეუძლია ქვეყნებს დაეხმაროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სამი მიმართულებით:


1. პირდაპირ, ღიაობისკენ მიმართული მიზნებისა და ამოცანების შემუშავებით, ასახოს გაეროს მე-16 მიზანი, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანი, მშვიდობიანი და ინკლუზიურ საზოგადოების მშენებლობას ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გზით;
2. ღიაობისა და მმართველობის ურთიერთდაკავშირებით, რაც მსოფლიოს გარშემო მრავალი მოწყვლადი და ღარიბი ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის;
3. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მექანიზმების შემუშავების საშუალებით.


მართლაც, 2030 წლის დღის წესრიგი არის ძალიან ამბიციური გლობალური გეგმა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი მთავრობები, მოქალაქეები, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ პარტნიორობას, ერთობლივ მუშაობას და უზრუნველყოფენ ყველა მხარის ჩართულობას გამონაკლისის გარეშე. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია გამოვიყენოთ ის პლატფორმები, რომლებიც აძლიერებენ მოქალაქეებს და ხელს უწყობენ ღიაობას, გამჭვირვალობას და კეთილდღეობას, ისე როგორც ამას უზრუნველყოფს ღია მმართველობის პარტნიორობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024