კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა 2019 და 2020 წლებში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 თებერვალი 2021

2019 წლის ივნისში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ პროექტი, ასევე, ფინანსდება შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ორგანიზაციული მხარდაჭერის გრანტის მეშვეობით.

 

IDFI პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. IDFI-მ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლის აგვისტოში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების საკითხებზე, მათ შორის პროგრამის ადმინისტრირებაზე, პროგრამის მონაწილეთა რაოდენობაზე, პროგრამის პროფესიული მოდულების შემუშავების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  

 

პროგრამა, პირველ ეტაპზე შედგებოდა რვა პროფესიული მოდულისგან, რომლის გავლის შემთხვევაში მოდულების მონაწილეები იღებდნენ სერტიფიკატს. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 500-მდე მეტმა აპლიკანტმა, საიდანაც დოკუმენტაციის გადარჩევის და გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ იქნა 32 მონაწილე. პროგრამის მონაწილეები შეირჩნენ სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისგან.

 

პროგრამის პირველი მოდულს - ძირითადი იდეები, კონცეფციები, თეორიები & სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ - კითხულობდა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLOG) პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი ჩხეიძე.

 

პროგრამის მეორე მოდულის - კარგი მმართველობა - ლექტორი იყო IDFI-ს პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი. კარგი მმართველობის მოდული მოიცავდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის: ინფორმაციის თავისუფლება, პროაქტიული გამოქვეყნება, დეცენტრალიზაცია, ანგარიშვალდებულება, არქივების გამჭვირვალობა, სახელმწიფო შესყიდვები და ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP). 

 

პროგრამის მესამე მოდული - ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში - მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა გამჭვირვალე შიდა პოლიტიკა, შიდა კონტროლისა და ანგარიშების წარდგენის სისტემები, დისციპლინური პასუხისმგებლობა, ტრენინგი და ყოველწლიური სერტიფიცირება. სალექციო კურსს უძღვებოდა საქართველოს ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელი - თამარ გოდერძიშვილი. 

 

პროგრამის მეოთხე მოდული - კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივი რეგულაციები - წაიკითხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - ზურაბ სანიკიძემ. კორუფციის სამართლებრივი მხარის შემსწავლელი მოდული მოიცავდა შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიერ რეგულირებულ ისეთ საკითხებს როგორიცაა ქრთამის აღება, ინტერესთა კონფლიქტი, თაღლითობა, ფინანსური სახსრების მითვისება და ფულის გათეთრება.

 

პროგრამის მეხუთე მოდული - ელექტრონული მმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში - წაიკითხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა ნატა გოდერძიშვილმა. მეხუთე მოდული მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა კავშირი კარგ მმართველობასა და ელექტრონულ მმართველობას შორის, სახელმწიფო სერვისების ელექტრონულად მიწოდების მნიშვნელობა, საზოგადოებრივი ინიციატივების წარდგენის შესაძლებლობები, და საჯარო მმართველობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ელექტრონული პლატფორმებისა და ონლაინ საშუალებების გამოყენებით.

 

პროგრამის მეექვსე მოდული - კორუფცია და პოლიტიკა - წაიკითხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - სულხან სალაძემ. მეექვსე მოდულის ფარგლებში პროგრამის მსმენელებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, ხმების ყიდვა, ლობიზმი, კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი საჯარო სექტორში.  

 

პროგრამის მეშვიდე მოდულის - კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა - ფარგლებში პროგრამის მსმენელებმა შეისწავლეს კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება; ქვეყნის წარმატების/წარუმატებლობის განმაპირობებელი თეორიები; კაპიტალიზმი, როგორც დომინანტი პოლიტეკონომიკური მოწყობის მოდელი და მისი ვარიაციები; ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და განვითარების ძირითადი გამოწვევები. მეშვიდე მოდული წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და PMCG-ის კვლევითი მიმართულების დირექტორმა - გიორგი ხიშტოვანმა.

 

პროგრამის მერვე მოდული - თანამედროვე მამხილებლობა და კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება - მოიცავდა შემდეგ საკითხებს, კერძოდ: მხილება საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მხილების არსი და მნიშვნელობა, მხილების ფარგლები, ბალანსი საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის, მხილების განხორციელების პროცედურა საჯარო და კერძო დაწესებულებებში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მამხილებლის და მასთან გათანაბრებული პირის დაცვის გარანტიები, მამხილებლის ანონიმურობის დაცვა. მოდული წაიყვანა ეკატერინე ციმაკურიძემ, რომელიც „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 

პროგრამის 32 მონაწილიდან, რომლებიც შეირჩნენ 500-მდე აპლიკაციის საფუძველზე, 19-მა მონაწილემ მიიღო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც გაიარეს პროგრამის ექვსი მოდული მაინც. დასახელებული 19 მონაწილიდან ხუთმა მონაწილემ მიიღო რვავე მოდულის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული ხუთი მონაწილიდან ოთხი არის ქალი და ერთი მამაკაცი, ხოლო დასახელებული 19 მონაწილიდან 16 მონაწილე არის ქალი და სამი მონაწილე არის მამაკაცი.

 

პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა განახლებული მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად პროგრამის პირველი ნაწილის მიმდინარეობისას შექმნილი პროფესიული მოდულები გარდაიქმნა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ კურსებად, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში სულ შემუშავდა 4 აკადემიური კურსი. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურზე შეთავაზებული იქნება ,,კარგი მმართველობა და კორუფცია’’ და ,,პოლიტიკა და კორუფცია’’, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე - ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’.

 

განახლებულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა 300-მდე განმცხადებელმა, რომელთაგან კონკურსის საფუძველზე შეირჩა 44 კანდიდატი. აქედან, სამაგისტრო კურსებში ჩართულია - 24, ხოლო საბაკალავრო კურსებში მონაწილეობას მიიღებს - 20 მონაწილე.

 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ჩათვლით, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ სემესტრული წესით აირჩიონ დასახელებული საგნები, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის გავლა, პირველი წლისგან განსხვავებით, მთლიანობაში შეეძლება დაახლოებით 100-მდე მონაწილეს.

 

2020 წლის 28 სექტემბერს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო სასწავლო კურსი „კარგი მმართველობა და კორუფცია“, რომელსაც გიორგი ჩხეიძე კითხულობს. ამავდროულად, 2020 წლის 30 სექტემბერს დაიწყო სამაგისტრო საგანი „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, რომელსაც თინათინ ხიდაშელი კითხულობს.

 

პროგრამის მეორე ნაწილის ორი სალექციო კურსი „პოლიტიკა და კორუფცია“ და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’ დაიწყება 2021 წლის მარტიდან. პროგრამის მონაწილეებიდან სერტიფიკატის მიღებას შეძლებს მხოლოდ ის კანდიდატი ვინც სწავლების საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე ორივე საგანს წარმატებით დაასრულებს.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, IDFI-ს ორგანიზებით ჩატარდა სამი ფოკუს-ჯგუფი, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სასერტიფიკატო მოდულების ლექტორებმა და პროგრამის მონაწილეებმა. ფოკუს ჯგუფების შედეგად მიღებული უკუკავშირი, პროგრამის ორგანიზატორებმა გამოიყენეს პროგრამის განახლებასა და შემდგომ დახვეწაში.

 

აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში, მიმდინარე ლექციების გარდა (რომელიც პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად გაგრძელდა ელექტრონული ფორმატით), პროგრამის ორგანიზატორები იწვევდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, რომლებიც აქტუალურ თემებზე ატარებდნენ ლექციებს. ერთ-ერთი ასეთი ლექცია, 2020 წლის 26 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე ჩაატარა საქართველოს პარლამენტის წევრმა - თამარ ჩუგოშვილმა.

 

IDFI მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს კორუფციული რისკების მართვის სწავლებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024