2020 წლის 28 სექტემბერს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი ლექცია ჩატარდა საგანში „კარგი მმართველობა და კორუფცია“, რომელსაც მოწვეული ლექტორი - გიორგი ჩხეიძე - კითხულობს.
ლექციის დაწყებამდე, პროგრამის მონაწილეებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, მიმართა. გიორგიმ ხაზი გაუსვა საზოგადოების ცნობიერების მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლაში; აღნიშნა, რომ მიუხედავად სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან განხორციელებული მრავალი ღონისძიებისა, კორუფცია დღემდე რჩება როგორც გადაუჭრელი პრობლემა, და აუცილებელია სხვადასხვა აქტიური ქმედების განხორციელება მასთან საბრძოლველად; კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის, როგორც ანტიკორუფციული პლატფორმისა და ქსელის, შექმნა და განხორციელება სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა.
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. განსხვავებით პროგრამის პირველი წლისგან, როდესაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას რვა პროფესიული მოდული ჰქონდა და კურსის მონაწილეებს მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სერტიფიკატების მიღება შეეძლოთ, წელს, კორუფციასთან ბრძოლის კურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური კურიკულუმის ნაწილი გახდა, და სერტიფიკატებთან ერთად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, კრედიტების (ECTS) მიღებაც შეუძლიათ. კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის განახლებული ფორმატი ორი საბაკალავრო და ორი სამაგისტრო კურსისგან შედგება. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით შეთავაზებული იქნება შემდეგი საგნები: „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულია შემდეგი საგნები: ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’. საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები პროფესიული მოდულების განხორციელების საფუძველზე დაგროვილი გამოცდილებისა და სასწავლო თემატიკის მიხედვით შეიქმნა და მიზნად ისახავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების კორუფციის რისკების მართვისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვას. პროფესიული მოდულების აკადემიური კურსებით ტრანსფორმირების მიზანი მათი უნივერსიტეტის აკადემიურ კურიკულუმში ინტეგრირება იყო.
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაში მოსახვედრად მონაწილეებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს. შემოსული იყო 300-მდე განაცხადი. საბოლოოდ, განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ იქნა 20 მონაწილე საბაკალავრო კურსებისთვის, და 24 მონაწილე სამაგისტრო კურსებისთვის. პროგრამის მონაწილეები არიან როგორც სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა აღნიშნულ რაოდენობას ემატება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ის რაოდენობა, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილ საგნებს სემესტრული წესით აირჩევენ და წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ კრედიტებს (ECTS). შედეგად, პროგრამის პირველი წლისგან განსხვავებით, კორუფციასთან ბრძოლის კურსების გავლა 1 წლის განმავლობაში შეეძლება დაახლოებით 100-მდე მონაწილეს.
სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, აკადემიური კურსების განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კორუფციის საზოგადოებრივი აღქმა; კორუფციის გავლენა ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და ორგანიზაციულ დონეებზე; ღია მმართველობის პარტნიორობა და კორუფციასთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო პლატფორმები; გენდერი და კორუფცია; ელექტრონული მმართველობა, დეცენტრალიზაცია და ანგარიშვალდებულება; ინფორმაციის თავისუფლება და პროაქტიული გამოქვეყნება; სახელმწიფო შესყიდვები; კორუფცია მოპოვებითი მრეწველობის სექტორში; პოლიტიკური კორუფციის არსი და სახეები; მონაწილეობითი დემოკრატია; საჯარო რესურსები და ამომრჩევლის მოსყიდვა; სპორტი და კორუფცია.
კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.
რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?
18.10.2024