ონლაინ დისკუსია აჭარაში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების საკითხებზე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 23 დეკემბერი 2020

22 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საზოგადოება „მემორიალის“ ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დისკუსია აჭარაში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების საკითხზე. შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არქივების, კვლევითი ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები, რეპრესირებულთა შთამომავლები ესწრებოდნენ.

 

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი; აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დავით ქათამაძე; საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი დიმიტრი (სარჯველაძე) და ჭელის მეჩეთის იმამი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ჯამბულ აბულაძე.

  

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების ირგვლივ არსებული სიტუაცია გააცნო. მან ისაუბრა 2019 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, მასობრივი დახვრეტის ადგილის შესახებ, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი.

 

სამარხში აღმოჩენილი ნივთები - XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები, მასრები და გულსაკიდი ჯვარი - ცხადყოფს, რომ ეს სამაროვნები ეკუთვნოდათ საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთა შორისაც ქრისტიანებიც იყვნენ. აღმოჩენილ ნეშტებს ჰქონდათ უკან შეკრული ხელები, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებოდათ ტყვიის შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებოდათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილ ადამიანებს. განცალკევების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თითოეული მათგანისთვის დაამზადებინა სპეციალური ხის ჩასასვენებელი, რომლებშიც ნეშტები გადაიტანა და ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ქვედა სართულზე დაასვენა სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში, რის შემდეგაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. სახელმწიფოს მხრიდან თავდაპირველად შესრულდა მოქმედებები სამაროვნების შესწავლის კუთხით, თუმცა, სამარხისადმი სახელმწიფოს ინტერესი და ყურადღება მალევე შემცირდა და აღმოჩენიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნებოდა.

 

IDFI საწყის ეტაპზევე დაინტერესდა და აქტიურად ჩაერთო ბათუმში და აჭარაში რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. გიორგი კლდიაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს დეტალურად წარუდგინა ის სტატისტიკური მონაცემები, რაც IDFI-ის საარქივო კვლევის შედეგად დადგინდა. IDFI-ის მონაცემებით, 1937-1938 წლებში ბათუმში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. აქედან 464 აქვს მუსლიმური სახელი და მამის სახელი, 291-ს — ქართული გვარი და დაბადებულია აჭარის გარეთ, საქართველოს სხვა რეგიონებში, 316 არის სხვა ეთნოსის ან ეროვნების წარმომადგენელი (გერმანელი, რუსი, ებრაელი და ა.შ.), 3 არის აფხაზი, 19-ის ეთნიკური წარმომავლობა დაუდგენელია. ასევე, დადგინდა, რომ 1050 ადამიანიდან 151 დანამდვილებით სტალინური სიითაა გასამართლებული, 132 დაიხვრიტა ბათუმში, 19 კი თბილისში იყო ეტაპირებული და მათი საქმეები განიხილა სამხედრო კოლეგიამ.

 

გიორგი კლდიაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია IDFI-ის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სანქტ-პეტერბურგის „მემორიალის“, დირექტორის, ირინა ფლიგესგან აღებული ინტერვიუს შესახებ. ირინა ფლიგემ ორგანიზაციას უამბო ტუსკულენის მშვიდობის პარკის მემორიალური კომპლექსისა და მისი მოწყობის შესახებ. ტუსკულენის მშვიდობის პარკის მემორიალური კომპლექსი მდებარეობს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის გარეუბანში, სადაც აღმოაჩინეს 1944-1947 წლებში დახვრეტილთა საერთო სამარხები. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას გაშენდა პარკი, კათოლიკური ეკლესია და მემორიალური კომპლექსი, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული 724 ადამიანის ნეშტი განისვენებს. ყველა აღმოჩენილი ნეშტი კომპაქტურადაა განლაგებული დანომრილ ყუთებში. ყუთები დალუქულია ჰერმეტულად, რათა ანთროპოლოგებმა ნებისმიერ დროს შეძლონ მათი გახსნა და კვლევის წარმოება. შესაბამისად, ეს პანთეონი ძეგლიცაა, საერთო სამარხიც და კვლევითი დანიშნულებაც აქვს. ნეშტების  იდენტიფიცირება დროთა განმავლობაში ხდებოდა და დღემდე მიმდინარეობს. IDFI მიიჩნევს, რომ ლიეტუვის გამოცდილება საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს აჭარაში აღმოჩენილი სამარხების ადგილას მემორიალური კომპლექსის მოსაწყობად.

 

დისკუსიის მონაწილეებს მიმართა IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოჩენილი ნეშტების რელიგიური წესით დაკრძალვის საკითხზე, რომელიც პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც IDFI-ის მონაცემებიც ადასტურებს, მათ შორის არიან როგორც მუსლიმები, ასევე — ქრისტიანები. დისკუსიის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რომ ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემებს შორის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაა. ანტონ ვაჭარაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, როგორც ნეშტების იდენტიფიკაცია, ასევე რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მიგება და მემორიალური კომპლექსის მოწყობა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, დავით ქათამაძემ, დისკუსიის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამარხების შესწავლის კუთხით სამთავრობო კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მისი თქმით, 2019 წლიდან მოყოლებული, კომისიაში ჩართული არიან როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები. კომისია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11,900 ლარი, რომელიც აღმოჩენილი 150 ნეშტიდან ნიმუშების აღებას და დნმ ანალიზის ჩატარებას მოხმარდა. დავით ქათამაძის თქმით, ნიმუში აღებულია 119 ნეშტიდან, დანარჩენი ნეშტები კი საჭიროებენ დამატებით კვლევას. ამჟამად აღებული ნიმუშები შენახულია არქეოლოგიურ მუზეუმში. ასევე, ქათამაძის თქმით, სამხედრო ბაზის სიახლოვეს აღმოჩენილია კიდევ ერთი სამარხი, რომელიც საჭიროებს დამატებითი სამუშაოების ჩატარებას. როგორც მან დამსწრეებს უთხრა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გააგრძელებს გათხრებსა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რის შედეგადაც შეიქმნება სამეცნიერო ნაშრომი აღმოჩენილი სამარხების შესახებ. აქვე, როგორც ქათამაძემ აღნიშნა, აჭარის თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით შესწავლა სამხედრო ბაზის ტერიტორია, დაადასტურა, რომ იგი განნაღმულია და შესაძლებელია სამუშაოების გაგრძელება. ამასთანავე, მისი ინფორმაციით, ორგანიზაცია „მემორიალმა“ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია სხვა ტერიტორიის შესახებ, სადაც შესაძლოა, იყოს სამარხები და საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობაც, თუმცა, ეს პროცესი ამჟამად პანდემიის გამო შეფერხებულია.

 

შემდგომ, დისკუსიის მონაწილეებს მიმართა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა დიმიტრიმ (სარჯველაძე). მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მიგების საკითხზე. დეკანოზის თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ თითოეული ნეშტი დაიკრძალოს სათითაოდ და მათ სამოქალაქო წესით მიეგოთ პატივი. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ჩართული იქნება იმ ეკონომიკური, სამართლებრივი და უფლებრივი საკითხების გადაჭრაში, რაც შეიძლება სადაო გახდეს. დეკანოზმა, ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნეშტების აღმოჩენის ადგილას მუზეუმისა და საერთო ისტორიული სამარხის მოწყობა.

 

დეკანოზ დიმიტრის შემდეგ ისაუბრა ჭელის მეჩეთის იმამმა, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ჯამბულ აბულაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ იმთავითვე არასწორი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნეშტების ამოღების, გადასვენებისა და განთავსების პასუხისმგებლობის აღება. მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, რათა უზრუნველყოფილიყო რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მიგება. ჯამბულ აბულაძის განმარტებით, საძმო სასაფლაოს მოწყობა შესაძლოა კარგი აზრი იყოს, მაგრამ მუსლიმთა თემს არ აქვს იმის გარანტია, რომ მომავალში საპატრიარქო არ დაარღვევს შეთანხმებას და საძმო სასაფლაოზე არ აღავლენს ქრისტიანულ რიტუალებს, ამიტომაც, მისი თქმით, ერთადერთ გამოსავლად ესახება, სახელმწიფოს ჩართულობით, ნეშტების იდენტიფიკაცია და შთამომავლებისთვის გადაცემა. ასევე, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომისიის საქმიანობასა და ყველა დონის დისკუსიაში ჩართულები იყვნენ რეპრესირებულთა შთამომავლები. რაც შეეხება სამარხების აღმოჩენის ადგილს, ჯამბულ აბულაძის თქმით, იგი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ადგილზე მემორიალის მოწყობაში, რომელზე გამოსახული იქნება რეპრესირებულთა სახელები და გვარები, თარიღები და სხვა ინფორმაცია. ჯამბულ აბულაძის პასუხად, დეკანოზმა დიმიტრიმ კი განმარტა, რომ ეკლესიის ჩართულობა შეთანხმებული იყო ყველა მხარესთან.    

 

ჯამბულ აბულაძის შემდეგ ანტონ ვაჭარაძემ დამსწრეებს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია ირინა ფლიგესთან ჩატარებული ინტერვიუს შესახებ. ირინა ფლიგეს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი შთამომავლებს სურთ იდენტიფიცირებული ნეშტის გადასვენება საოჯახო სასაფლაოზე, მათ ამის სრული უფლება უნდა ჰქონდეთ, თუმცა, უნდა განემარტოთ, რომ საერთო საძმო სასაფლაოზე რეპრესირებულთა ხსოვნას გაცილებით მეტი ადამიანი მიაგებს პატივს. ასევე, მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნეშტების იდენტიფიცირებისას შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომა და უკვე დაკრძალული ადამიანის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ირინა ფლიგეს თქმით, ასევე უმჯობესია, რომ ნეშტის გადასვენების შემთხვევაშიც, დარჩეს ცარიელი ადგილი, რომელზეც იქნება მითითებული ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ.

 

მოხსენებების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს  მხრიდან მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით და სათანადო ყურადღების გამოჩენა ნეშტების იდენტიფიკაციისა და რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მიგებასთან დაკავშირებით. ანთროპოლოგმა და არქეოლოგმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ ისაუბრა სამარხების აღმოჩენის ადგილას მემორიალის მოწყობის მნიშვნელობაზე და გამოთქვა მზაობა, რომ თავადაც აქტიურად ჩაერთოს მემორიალისთვის კონცეფციის შემუშავების პროცესში. თუმცა, მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესში შეცდომის დაშვების ძალიან დიდი ალბათობა არსებობს. ასევე, მისი თქმით, ლიეტუვის მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც თითოეული ნეშტის მუდმივ კვლევას გულისხმობს, არარეალისტურია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა ამისთვის ტექნიკურად მოუმზადებელია. მისმა მოადგილემ, ბატონმა მიხეილ წერეთელმა, ისაუბრა ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობაზე, რომელიც, ძირითადად, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის რეპრესიების შესახებ ცოდნის ასამაღლებლად იქნება მიმართული.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მომავალშიც მოხდება სხვა სამარხების აღმოჩენა, მნიშვნელოვანია მათ გამოკვლევაში ჩაერთონ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რათა დანამდვილებით იყოს შესაძლებელი კონკრეტული სამარხის 1937-1938 წლების რეპრესიების პერიოდისათვის მიკუთვნება. მან აღნიშნა, რომ არქივებში შესაბამისი ბაზა უკვე მომზადებულია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოკლე დროში მოხდეს ამ პერიოდის რეპრესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

 

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის აღმასრულებელმა, ირაკლი იმნაიშვილმა კი მზაობა გამოთქვა, რომ არხმა მომავალშიც დაუთმოს საეთერო დრო აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხს და შექმნას ციფრული პროდუქტები, რომელიც სხვა საინფორმაციო საშუალებებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

 

პაატა დევდარიანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გამოთქვა თავდაცვის სამინისტროს მზადყოფნა, სამარხების ადგილის სამხედრო ობიექტიდან გამოყოფის და ადგილობრივი სახელმწიფო უწყებისთვის გადაცემის შესახებ, რათა ამ ადგილას მოეწყოს მემორიალი და საერთო სამარხი, რომელსაც ექნება ცალკე მისასვლელი.

 

ირინა ფლიგეს მიერ გაჟღერებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დნმ ანალიზის ჩატარების ნაცვლად, შესაძლებელია დაღუპული ადამიანის 3D ფოტოს შექმნა, რაც უკვე მემორიალის ნაწილად იქცევა, ისაუბრა სასამართლო ანთროპოლოგმა მერი გონაშვილმა. მან, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ იდენტიფიცირების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც სოციოლოგიურ აქტივობებს, ასევე სამეცნიერო სამუშაოს. მისი თქმით, აჭარის სამარხების შემთხვევაში, მოხდა ერთი ნეშტის ანალიზი, თუმცა, საბოლოო იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა და უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ნეშტების გამოკვლევისას. მან ასევე ისაუბრა თავის ქალების სკანირების გეგმაზე 3D სკანერების გამოყენებით,  რომ მოხდეს დაშლილი ქალების რეკონსტრუირება, თუმცა ფოტოპორტრეტის შექმნა, რაზეც ირინა ფლიგემ ისაუბრა, სხვა მეცნიერებასთანაა დაკავშირებული და სხვა დარგის ექსპერტების ჩართულობას მოითხოვს.

 

დისკუსიის დასასრულს, დამსწრეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის ბათუმის სამარხების აღმოჩენა, რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა. აუცილებელია, რომ ამ პროცესებზე სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და სამარხების აღმოჩენის ადგილზე მოეწყოს  მემორიალური კომპლექსი, გაიმართოს რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები და მაქსიმალურად წახალისდეს კვლვები ამ მიმართულებით. ყოველივე ამას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის დისკუსიებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, ამ პროცესში ჩართული მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და გადაწყდეს ნეშტების დაკრძალვის, საერთო სამარხისა და მემორიალის მოწყობის საკითხი.

 

დისკუსია გაიმართა საერთაშორისო კოალიციის - Sites of Conscience და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida, ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების მიმოხილვა

13.05.2021

IDFI-ის პანელური დისკუსია აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე - მდგრადი განვითარების მიზნები

07.05.2021

მოქალაქეებს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვა შეუძლიათ

06.05.2021

მოდერნიზებული 108-ე კონვენციის მნიშვნელობა საქართველოსთვის

27.04.2021
განცხადებები

IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება საჯარო მმართველობის რეფორმისა და ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების დაგვიანებასთან დაკავშირებით

10.05.2021

IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაცია რუსეთში კვლავ ზეწოლის ქვეშაა

01.05.2021

IDFI-ს განცხადება პოლიტიკური პარტიების შეთანხმების თაობაზე

19.04.2021

IDFI ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

12.04.2021
ბლოგპოსტები

მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

10.03.2021

1921 წლის ოკუპაცია და „პერესტროიკის“ ხანის ქართული გაზეთები

10.03.2021

საბჭოთა ოკუპაციის ნარატივი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების ფონზე: პოლიტიკა, მეხსიერება, იდენტობა

10.03.2021

გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

10.02.2021