ინტერვიუ უფლებათდამცველსა და მკვლევართან - ირინა ფლიგესთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 13 იანვარი 2021

საერთაშორისო პრაქტიკის უკეთ გაცნობის მიზნით, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ესაუბრა ირინა ფლიგეს - უფლებათდამცველსა და მკვლევარს, რომელიც 1980-იანი წლებიდან სწავლობს საბჭოთა ეპოქაში რეპრესირებული ადამიანების მასობრივ სამარხებს. ირინა ფლიგე 2002 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სანქტ-პეტერბურგის „მემორიალის“, დირექტორია. 1997 წელს ირინა ფლიგემ და ბენიამინ იოფემ, იური დმიტრიევთან ერთად, აღმოაჩინეს დიდი ტერორის პერიოდის მასობრივი დახვრეტის ადგილი - სანდორმოხი. 2019 წელს გამოსული ირინა ფლიგეს წიგნი, „სანდორმოხი. საზრისთა დრამატურგია” (Сандормох. Драматургия смыслов), ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია ამ ადგილის და, ზოგადად, საბჭოთა კავშირში რეპრესირებულთა მასობრივი სამარხების ისტორიის შესახებ.

 

ანტონ ვაჭარაძემ ირინა ფლიგეს დაუსვა კითხვები ნეშტების იდენტიფიცირებისა და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების, დახვრეტის სპეციფიკისა და სამარხების მოწყობის, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების საერთო პანთეონში დაკრძალვის, რელიგიური და საზოგადოებრივი საკითხებისა და წარმოქმნილი დილემების შესახებ. ყველა ამ საკითხის ირგვლივ ირინა ფლიგემ IDFI-ს საერთაშორისო პრაქტიკა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა, რაც უთუოდ წაადგება ბათუმში რეპრესირებულთა სამარხზე მომუშავე კომისიას და ამ საკითხის რეგულირების პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ პირებს.

 


ირინა ფლიგე

 

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად:

 

ირინა ფლიგე: პირველ რიგში, ჩამოვთვლი, თუ რა არის გასაკეთებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი უნდა იყოს განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობა. სავარაუდოდ, ის დაირღვევა, რადგან საზოგადოებრივი, სამთავრობო და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

თავდაპირველად უნდა ჩატარდეს სამარხებში აღმოჩენილ ნეშტების სრული ანთროპოლოგიური ექსპერტიზა. უნდა მოიძიოთ კვალიფიციური ანთროპოლოგები, რომლებიც შესძლებენ,  ჩაატარონ ნეშტის ყველა შემორჩენილი ფრაგმენტის სარწმუნო და მაქსიმალურად უტყუარი ექსპერტიზა და შექმნან 3-D პორტრეტები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ  დღევანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. 3-D პორტრეტების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ბევრი ისეთი ადამიანის იდენტიფიკაცია, რომლის ფოტოც შემორჩენილია, თუმცა, ყველასი — არა,  რადგან, წინასწარ გაფრთხილებთ, უნდა დავუშვათ გარკვეული ცდომილებებისა და შეცდომების ალბათობა. მსგავსი ხერხით მაინც ბევრი პირის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი. დახვრეტილი პირის  ფოტოსურათი შეიძლება იყოს საარქივო განყოფილებაში, ერთვოდეს საგამოძიებო საქმეს, ან ინახებოდეს ნათესავებთან.  აუცილებელი და მნიშვნელოვანია  საკითხის ამგვარად მოგვარება.

 

მეორე - ანთროპოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა  დაიმარხოს ნეშტები. ამას თუ დავუშვებთ, ჩავთვალოთ, რომ ყოველგვარ საიდენტიფიკაციო  ინფორმაციას დავკარგავთ.

 

მომდევნო ეტაპზე გასათვალისწინებელია პოლონეთის პრაქტიკა, რაც მე ძალიან მომწონს –  პოლონელებმა სათანადო სამედიცინო დაწესებულებასთან მოლაპარაკების შემდგომ სახელმწიფო დონეზე განაცხადეს ცოცხალთა დნმ მონაცემების ბაზის შექმნის შესახებ. ეს ინფორმაცია  ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა, აქტიურად შუქდებოდა ტელევიზიითა და სხვა მასობრივი საინფორმაციო  საშუალებით. ყველა ადამიანს, ვინც რეპრესიების შედეგად წინაპარი ან ნათესავი დაკარგა, მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეტარებინათ დნმ ანალიზი. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა უფასოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დღეს რუსეთშიც ბევრი ადამიანია მზად, საკუთარი სახსრებით ჩააბაროს ანალიზები დნმ-ის გამოსაკვლევად.

 

ანტონ ვაჭარაძე: საქართველოში დაახლოებით 1000 დოლარი ღირს ერთი ნეშტის  სრული დნმ ანალიზი და მიღებული მონაცემის შედარება შთამომავლების დნმ-თან.

 

ირინა ფლიგე: ეს ტექნოლოგიები უკვე საკმაოდ იაფდება, ამერიკაში დღეს 100 დოლარი ღირს... რუსეთში დაახლოებით — ხუთასი, ოთხასი, სამასი დოლარიც კი... საკმაოდ მარტივი ექსპერტიზაა – მასალად გამოიყენება [რეპრესირებულების] მაქსიმალურად ახლო და პირდაპირი შთამომავლების ნერწყვის ან სისხლის ნიმუშები - შვილები ზოგჯერ ცოცხლები აღარ არიან, ხოლო, ალბათობა იმისა, რომ შვილიშვილები ცოცხალები იყვნენ, მეტია... შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ყველა ცოცხალი შვილიშვილის დნმ ანალიზი, რათა შედეგის  უტყუარობის ხარისხი მაღალი იყოს. თუ კი ვიკვლევთ  შვილს, პირდაპირ შთამომავალს - ვაჟიშვილს ან ქალიშვილს, შედეგის სარწმუნოობა მაღალია. შვილიშვილის შემთხვევაში ორჯერ მცირდება. მაგრამ, თუ ვიკვლევთ, მაგალითად,  ორ  შვილიშვილს, შედეგის უტყუარობის  ალბათობა და ხარისხი კვლავ იზრდება.

 

ანტონ ვაჭარაძე: ზოგ შემთხვევაში ცოცხლები  არიან მხოლოდ შვილთაშვილები - უკვე საკმაო ხანია გასული.

 

ირინა ფლიგე: ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი შვილთაშვილის  მონაცემის შესწავლაა საჭირო.  სამი, ოთხი ან ხუთი შვილთაშვილის არსებობის შემთხვევაში ყველა მათგანის გენეტიკური მასალის შესწავლაა აუცილებელი. თუ საზოგადოება დაინტერსებულია, მნიშვნელოვანია, თუ რა და როგორ  განემარტება ხალხს  - აი, მაგალითად, პოლონელები მოტივირებულები არიან და იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა სამარხს და ნეშტს იპოვიან. შეიძლება თქვენ ახლა აღმოაჩინეთ სამარხი ბათუმში, მაგრამ ყველა მსხვერპლი ვერ იპოვეთ, ამიტომ გააგრძელებთ ძიებას, მოძებნით დანარჩენებს, ამავე დროს  გენეტიკური მასალა ბაზაში უფრო და უფრო  შეივსება.

 

ამასთან, პროგრამის გაშუქება აუცილებლად უნდა დაიწყოს მასმედიის საშუალებით. რაც უფრო მალე დაიწყება ცოცხალთა მასალის შეგროვება, მით უფრო წარმატებული იქნება შედეგები. სამწუხაროდ, ბევრი  რეპრესირებულის შვილი უკვე 80-90 წელსაა გადაცილებული. შეიძლება ისინი ვერ მოესწრონ  თავიანთი მამების ან დედების ნეშტების დაკრძალვას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათი იდენტიფიკაცია მოხდება და ეს ადამიანები ამას მაინც გაიგებენ. მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკა თქვენთანაც წარმატებით იმუშავებს.

 

 ანტონ ვაჭარაძე: კიდევ რას მიიჩნევთ ამ პროცესში რთულ და დელიკატურ საკითხად?

 

ირინა ფლიგე: თქვენთან, რა თქმა უნდა, არსებობს კონფესიური პრობლემები, რაც სრულიად ნორმალურია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მეხსიერებასთან. სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას კი მეხსიერების თავისებური აღქმა აქვს. ამ განხრით, გირჩევთ საფუძვლად აიღოთ ის, რაც ლიეტუველებმა გააკეთეს ტუსკულენში.[1]

 

იქ, რა თქმა უნდა, მთელი მოსახლეობა კათოლიკურია,  მაგრამ ეს პრაქტიკა შეიძლება თქვენც გამოგადგეთ. ლიეტუვაში დაიწყეს ძალიან დიდი სამარხის გათხრები და ყველა აღმოჩენილი ნეშტი (თქვენს მსგავსად) კომპაქტურად განალაგეს დანომრილ ყუთებში. პანთეონში განათავსეს დანომრილი მეტალის ყუთები თითო ადამიანის ნეშტით. ყუთები დალუქეს ჰერმეტულად, რომ ანთროპოლოგებს შემდგომშიც შეძლებოდათ მათი გახსნა და კვლევის წარმოება. ლიეტუვა ღარიბი ქვეყანაა, სრული საკვლევი სახსრები ერთბაშად არ გააჩნდათ, ამიტომ ანთროპოლოგებს სჭირდებოდათ გარკვეული დრო, ერთი მხრივ, რომ ნეშტები შენახულიყო  და, მეორე მხრივ, რომ სამომავლოდ ჰქონოდათ თავისუფალი წვდომა მათ შესასწავლად და გამოსაკვლევად. შესაბამისად, ეს პანთეონი ძეგლიცაა და, ამავდროულად, საერთო სამარხიც. შემდგომში, ნათესავები ნელ-ნელა უკავშირდებოდნენ მკვლევრებს და ხდებოდა ნეშტების  იდენტიფიცირება - ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იმ წლებში, როდესაც გენეტიკური ესპერტიზა ძალიან ძვირი იყო. იდენტიფიცირების შემდგომ, ყოველ ყუთს ენიჭებოდა სახელი.

 


ქალაქ ვილნიუსში მოწყობილი ტუსკულენის მშვიდობის პარკის მემორიალური კომპლექსი

 


ტუსკულენის მემორიალურ კომპლექსში დასვნებული ნეშტების პანთეონი

 

თქვენ რას მოგცემთ ექსპერტიზა - სქესი, ასაკი, დახვრეტის ადგილი და წელი, რომელიც თქვენ უკვე იცით.

 

 

ანტონ ვაჭარაძე: არა, ჯერ ზუსტად არ ვიცით,  აჭარაში აღმოჩენილი სამარხი 1937 წლისაა თუ 1938-ის.

 

ირინა ფლიგე: ანთროპოლოგიური ექსპერტიზის შედეგად,  ყუთზე დაიტანება ადამიანის სახე, მიეთითება შესაბამისი მონაცემები, მაგალითად: ქალი, 28 წლის, დახვრეტილი.

 

ანტონ ვაჭარაძე: საქართველოში ერთმა დამოუკიდებელმა კვალიფიციურმა ანთროპოლოგმა, საერთაშორისო დიპლომით ჩაატარა ერთ-ერთი რეპრესირებულის მენჯის ძვლის ანთროპოლოგიური ანალიზი. მან განსაზღვრა, რომ ეს იყო ქალი დაახლოებით 22-დან 37-მდე წლამდე ასაკის, ანუ სავარაუდო  ასაკი 15 წლიანი შუალედით შემოსაზღვრა... თქვენ კი ბრძანეთ ზუსტი ასაკი, 28 წელი. არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც ასე ზუსტად დაადგენს ასაკს? შეგახსენებთ, აჭარაში დახვრეტილთაგან ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო 20 წლის, ყველაზე ასაკოვანი - 60 წლამდე...

 

ირინა ფლიგე: გამიგია, რომ თუ ქალი ძალიან ახალგაზრდაა,  მის ასაკს უფრო ზუსტად განსაზღვრავენ, მაგალითად: ნეშტის ასაკია 15-დან 17 წლამდე - ასეთი სიზუსტით, რაც უფრო იმატებს ასაკი, შუალედიც იმატებს.

 

ახლა განვიხილოთ შემდგომში როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა - თქვენ  გაქვთ  ყუთები და  სახეები, იცით დახვრეტილთა მიახლოებითი ასაკი,  წამოწყებულია ეროვნული პროგრამა - შთამომავლების მონაცემთა ბაზის შედგენა. შემდგომში  ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და დაემთხვეს დროსა და სივრცეში. ახლა წარმოიდგინეთ, ვიზუალურად როგორ გამოიყურება ეს ძეგლი. ზოგან მარტო სახეა გამოსახული, სხვაგან კი  — სახეც და სახელიც.

 

ეს პროცესი არ იქნება სწრაფი. მაგრამ თუ დაიწყეთ, ის დაიძვრება და ნელ-ნელა ყველაფერი გაერთიანდება. ცოცხლების მონაცემთა ბაზა შექმნის მათი ნათესავების უზარმაზარ სიას, ვისი ნეშტიც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. [აჭარაში რეპრესირებული 1050 ადამიანიდან, ჯერჯერობით აღმოჩენილია 150 ნეშტი - ა.ვ.] ეს კი უკვე რეპრესირებულთა ახალი სამარხების  ძებნის წამოწყების წინაპირობა იქნება. მე არ ვგულისმობ პირდაპირ ექსპედიციას და გათხრებს, არამედ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის ჩამოყალიბებას.

 

ანტონ ვაჭარაძე: დიახ. ირინა, კიდევ ერთი საკითხი... მაგალითად, მოხდა ნეშტის იდენტიფიცირება, არსებობს სახე, უკვე ვიცით სახელი და გვარი. ჩვენთან გამოცხადდნენ შვილები ან შვილიშვილები და ამბობენ, რომ მათ აქვთ საოჯახო სამარხი,  სურთ თავიანთი წინაპრის  გადასვენება და იქ დაკრძალვა. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

 

ირინა ფლიგე: რა თქმა უნდა, ოჯახს აქვს უფლება, განსაზღვროს, სად იქნება დაკრძალული მათი წინაპარი. მაგრამ, ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ამ ყუთზე უნდა დარჩეს ფოტო, სახელი და წარწერა, რომ ეს პიროვნება დაკრძალულია ამა და ამ ადგილას, ყუთი კი დარჩება ცარიელი...

 

თუმცა, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნათესავებთან უნდა მოხდეს მოლაპარაკება იმის შესახებ, რა მომენტში ჩაითვლება ექსპერტიზა დასრულებულად და რამდენად ზუსტად მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში საჭიროა ოჯახისთვის  ზედმიწევნით ზუსტად ახსნა, რომ გადაწყვიტონ - დარჩება თუ არა ნეშტი სხვებთან ერთად ამ საერთო სამარხში/ ანთეონში, რა შემთხვევაშიც მას გაიხსენებს არა მარტო ოჯახი, არამედ იქ მისული უამრავი ადამიანი. ნათესავებს  უნდა ავუხსნათ, რომ პანთეონში ნეშტი იქნება დაკრძალული ყუთებით, სწორი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით და ანთროპოლოგს მუდამ ექნება წვდომა დამატებითი კვლევისათვის, ცდომილების არსებობის შემთხვევაში... დავუშვათ, მოხდა შეცდომა? ამის შემდეგ გადასვენებულ და მიწაში დამარხულ ადამიანს როგორ ვექცევით? თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ წინაპრის გადასვენებას, სახელი და ფოტო ნებისმიერ შემთხვევაში პანთეონში უნდა დარჩეს. მსგავსი მოლაპარაკება ოჯახთან აუცილებელია. თუ, მაგალითად, განვიხილავთ სამხედრო სამარხების პრაქტიკას, ძალიან ხშირად ოჯახი არ გადაასვენებს ნეშტს და ამჯობინებს, რომ მათი მამა ან ბაბუა [წინაპარი] დაიკრძალოს თავის თანამებრძოლებთან ერთად, ვისთან ერთადაც დაიღუპა.

 

ანტონ ვაჭარაძე: მინდა, თქვენი  ყურადღება გავამახვილო ასეთ, შეიძლება ითქვას, „კაზუსზე“ –  საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების  შემდეგ აჭარაში ძალიან აქტიურად დაიწყო მოსახლეობის  მუსლიმური მრწამსიდან ქრისტიანულზე გადასვლა. ამიტომ შეიძლება შეგვხვდეს შემთხვევა,  როდესაც დიდი ბაბუა იყო მუსლიმი, შთამომავლები კი  ქრისტიანები არიან. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გადაწყდეს, რომელი წესით უნდა დაიკრძალოს?

 

ირინა ფლიგე: ოჯახის გადასაწყვეტია. ჩემი დიდი ბებია კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაზე გადავიდა ქორწინების შემდეგ და გარდაცვალების შემდეგ ის უკვე მართმადიდებლური წესით დაიკრძალა...

 

ანტონ ვაჭარაძე: დიახ, მაგრამ ეს თქვენი დიდი ბებიის პირადი გადაწყვეტილება იყო. ხომ შეიძლება, რომ ჩვენს შემთხვევაში ადამიანი ისეთი მორწმუნე მუსლიმი იყო, არასდროს დათანხმდებოდა მართმადიდებლური წესით დაკრძალვას...

 

ირინა ფლიგე: გასაგებია, მაგრამ  მაინც ოჯახის საქმეა. დიახ, ეს არის ძალადობა, იდეოლოგიური ძალადობა, მაგრამ ეს იდეოლოგიური ძალადობა არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ხასიათის, რაც აშკარა  დანაშაულია.

 

მე, საერთოდ,  ნეგატიურად ვუყურებ საკუთარი წინაპრების რელიგიური კუთვნილების თვითნებურ განსაზღვრას ან შეცვლას, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია ოჯახს მივუთითოთ, როგორ მოიქცნენ რელიგიურ საკითხებთან მიმართებით. ამიტომაც, თუ ამ ადამიანს ჰყავს ოჯახი, რომელმაც შეიცვალა მრწამსი, ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა რიტუალებითა და წეს-ჩვეულებების დაცვით დაიკრძალოს მათი  წინაპარი.  ამავდროულად, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ხშირად ვივიწყებთ, XX საუკუნის პირველ ნახევარში ბევრი ადამიანი ათეისტი იყო.

 

ანტონ ვაჭარაძე: შემდეგ კითხვით ვაპირებდი ამ საკითხის წამოწევას...

 

ირინა ფლიგე: ათეისტებთან მიმართებით, რადგან შვილებმაც იციან, რომ ისინი იყვნენ ათეისტები, ერთი კონკრეტული ცერემონიის საკითხი ვერ იქნება დღის წესრიგში. ამიტომაც ამ პანთეონში უნდა მიმდინარეობდეს, როგორც სეკულარული, სამოქალაქო ხასიათის პანაშვიდი, ასევე იმ რელიგიური კონფესიების პანაშვიდები, რომლებსაც დახვრეტილები მიეკუთვნებოდნენ.

 

ჩვენთან იყო ერთი საინტერესო ისტორია. თქვენ ალბათ იცით, რომ ყოველ აგვისტოს, 1989 წლიდან დაწყებული, ვსტუმრობთ  კუნძულ სოლოვკებს[2] რეპრესირებულთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად. ვაკითხავთ იმ ადგილს, სადაც 90-იან წლებში აღმოჩენილი ნეშტები  დაიკრძალა. ჩვენი ჯგუფი ყოველთვის მოწინავეა ხსოვნის საკითხში, სხვებთან ტოლერანტულ დამოკიდებულებასა და სხვადასხვა მრწამსის ადამებიანისგან შედგება. უცებ შევამჩნიე, რომ ჩვენს ჯგუფს სამი ადამიანი დაემატა, ისინი  მონასტრის მოსალოცად იყვნენ და სპონტანურად შემოგვიერთდნენ. წასვლის წინ მართლმადიდებელმა მომლოცველებმა განაცხადეს, რომ პანაშვიდი იყო საჭირო და იქვე აღასრულეს მოკლე, მართმადიდებლური ლოცვა. ამასობაში ერთ-ერთმა პოლონელმა დაიწყო კათოლიკური ლოცვის კითხვა. მოულოდნელად, სხვა ქალბატონი შეუდგა კადიშის[3] კითხვას. ამ დროს მივხვდი, რომ საქმე რაღაც არასწორად წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ათეისტი, განვაცხადე,  რომ ვინმეს ათეისტებისთვისაც უნდა წარმოეთქვა სიტყვა და წამოვიწყე მათი სახელების მოხსენიება. ასე ვთქვათ, წრე შეიკრა. აი, ასე, ექსპრომტად, დაუგეგმავად მოხდა ეს ყველაფერი. თქვენთანაც არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ამ მხრივ.

 

ანტონ ვაჭარაძე: ამჟამად ნეშტები ყუთებშია მოთავსებული და ინახება  ბათუმის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

 

ირინა ფლიგე: ეს არაკორექტულია, იქ ხომ მუსლიმებიც არიან... პანთეონი ცალკე უნდა იყოს, როგორც ყველა კონფესიისთვის საერთო, ყველა დახვრეტილი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი.

 

ანტონ ვაჭარაძე: მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად, რომ რეპრესირებული ადამიანებისთვის პოლიგონი, სადაც ისინი დახვრიტეს და ერთ ორმოში ჩაყარეს, ყველაზე საშინელი და ტრაგიკული ადგილი, ვაქციოთ პანთეონად?

 

ირინა ფლიგე: იქვე, იქვე უნდა გაკეთდეს. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ეს ძეგლი მდებარეობდეს დახვრეტის ადგილას, რადგან ეს უკვე ისტორიული ადგილია, ოღონდ იგი უნდა გადაიქცეს ნორმალურ, ადამიანურ  სასაფლაოდ...

 

ეს ამავდროულად ნაწილობრივ მაინც გადაჭრის რელიგიურ დავებს, რადგანაც ამ ადგილას შეიძლება განთავსდეს როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმური სიმბოლოები. იმიტომ, რომ ეს ისტორიული ადგილია და სიმბოლოთა გვერდიგვერდ განლაგება ადვილად გამართლებული იქნება. არ არის საჭირო სხვა ადგილის გამოძებნა, ისინი აქ დაიღუპნენ, აქ დაიმარხნენ და ახლა უკვე ეს ადგილი ამ ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება. ანუ, პანთეონი, ძეგლი, ზუსტად იმავე ადგილას უნდა გაკეთდეს. საერთოდაც, ისტორიულად არსებობს  დამარხვის მსგავსი ტრადიციები, მაგალითად - კედელში, ანუ ეს არის ხსოვნის კედელი, მაგრამ, გარეგნულად ეს პანთეონი უკვე ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს წარმოადგენს.

 

დარწმუნებული ვარ, თქვენ გყავთ კვალიფიციური  არქიტექტორები და ხელოვანები, ვინც ამ იდეას განახორციელებენ და გაიაზრებენ, თუ როგორ შეიძლება ძეგლი აერთიანებდეს  როგორც მუსლიმურ, ისე ქრისტიანულ სიმბოლიკას...

 

ანტონ ვაჭარაძე: სულაც სეკულარული ძეგლი ხომ არ იქნება უმჯობესი?

 

ირინა ფლიგე: არა, ეს ვერ გამოვა. გაანაწყენებთ ხალხს. საერთო ძეგლი შეეხება მეგობრობას, ასე ვთქვათ, საერთო ხსოვნას - როდის რეალიზდება ყველაფერი? როდესაც ერთ ადგილას მკვიდრდება ერთობლივი ხსოვნა, ხსოვნა ტერორსა და მოკლულ ხალხზე.

 

ანტონ ვაჭარაძე: თქვენ საუბრობთ მშვენიერ ადგილზე, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება უტოპია იყოს...

 

ირინა ფლიგე: ვიცი, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ყველგან უტოპიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის მისაღწევად არ უნდა ვიშრომოთ.

 

ანტონ ვაჭარაძე: 22 დეკემბერს დაგეგმილია დისკუსია, სადაც მოვისმენთ სხვადასხვა აზრს. დისკუსიას დაესწრება მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქი - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეჩეთის იმამიც და აჭარის ებრაელთა სათვისტომოს თავმჯდომარეც. იმედი მაქვს, რომ მათ გათვიცნობიერებული აქვთ სიტუაცია და შეჯერდებიან ყველასათვის მისაღებ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებაზე....

 

ირინა ფლიგე: ჩემი „მემორიალური“ გამოცდილება იმას ადასტურებს, რომ თუ რამის მიღწევა გინდათ, კარგი იქნება მოკლე - 3-5 გვერდიანი პროექტის დაწერა, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს და გრძელვადიანი იქნება. მესმის, ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ სწრაფად არ მოხერხდება განხორციელება, თუმცა, უკვე  აუცილებელია საუბარის დაწყება ძეგლზე, პანთეონის იდეის წამოწევა, კონკურსის გამოცხადება... თქვენ ეს ყველაფერი ისე უნდა გაწეროთ, როგორც ხელისუფლებას ეხერხება და ეადვილება კითხვა. თქვენ თუ ამას კომპაქტურად ჩაატევთ 3 გვერდში, ყველაფერი გამოვა, რადგან იდეა, მიზანი და სტრატეგია ჩამოყალიბებული იქნება. რატომ არ აკეთებს ხოლმე საქმეს ხელისუფლება? - იმიტომ რომ ხშირად არ იციან, თუ რა და როგორ გააკეთონ. თქვენ კი კონკრეტულად განმარტავთ, მიუთითებთ გზებს  და წარუდგენთ სამოქმედო გეგმას. პირველი ერთი წლის გეგმას მილიარდები არ სჭირდება, მთავარია, პროცესის დაწყება. მთავრობაც აუცილებლად გასცემს ბრძანებას, რომ  ლაბორატორიამ დაიწყოს დნმ მონაცემების შეგროვება. თავიდან ეს ჯერ მცირე ნაკადული იქნება... შემდეგ ეტაპობრივად  გაავრცელებთ ინფორმაციას მასმედიაში და მოსახლეობას აუხსნით, რატომაა საჭირო დნმ ნიმუშის ჩაბარება. შეიძლება თავიდან ბევრი არ გამოეხმაუროს ამ ინიციატივას, მაგრამ აუცილებელია ამ პროცესის დაწყება.

 

ანტონ ვაჭარაძე: მე თქვენ მეილის საშუალებით კითხვა გამოგიგზავნეთ თვითონ სამარხის (ორმოს) შესახებ: ეს ხუთი ორმო ერთმანეთის მიყოლებითაა და მათში იპოვეს  ნეშტები. ასეთი თარიღები გვაქვს: 1937 წლის აგვისტოს 20, 21, 22 რიცხვებში ზედიზედ სამი დღის მანძილზე ხვრეტდნენ ან, მაგალითად, 1937 წლის 12, 14, 17, 19 და 20 სექტემბერს - 8 დღის ინტერვალში განხორციელდა 5 მასობრივი დახვრეტა.

 

ირინა ფლიგე: თითოეულ დღეს რამდენი ადამიანი დაიხვრიტა?

 

ანტონ ვაჭარაძე: 12 სექტემბერს — სამოცთდაოთხი, 14-ში — ოთხი,  17-ში — ექვსი, 19-ში — ორი და 20-ში — ერთი. 1937 წლის 20 აგვისტოს — ოთდათექვსმეტი, 21-ში — თხუთმეტი, 22-ში კი — სამოცდახუთი. დოკუმენტებში, დახვრეტის ოქმებში მითითებულია, რომ სასჯელი აღსრულებულია და მიცვალებულები დაიმარხნენ დახვრეტის ადგილზე.

 

ირინა ფლიგე: ჩვენი გამოცდილების მიხედვით, დახვრეტის შემდგომ შემსრულებლები ორმოს ამოავსებდნენ. ამიტომ სანდორმოხში არის ორმოები, სადაც სულ ერთი ან ორი ადამიანის ნეშტია, იმიტომ რომ იმ დღეს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი დაიხვრიტა. დაუფარავ ორმოებს არ ტოვებდნენ. თუ ორმო ძალიან ღრმაა, შეიძლება ნეშტები ფენებადაც იყოს განლაგებული.

 

ანტონ ვაჭარაძე: ჩვენ შემთხვევაში ფენები არაა, ეს 5 სამარხი გვერდიგვერდ არის, თხრილის პრინციპით.

 

ირინა ფლიგე: გასაგებია. თხრილებს, რა თქმა უნდა, ამოავსებდნენ და შემდეგ გაგრძელებაზე თხრიდნენ, ან თხრილები გრძივად წინასწარ იყო გამზადებული და ნაწილ-ნაწილ ფარავდნენ მიწით. ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ ადამიანებს ციხეში თუ სად ხვრეტდნენ?

 

ანტონ ვაჭარაძე: ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით ვიცით რომ ნაწილს ადგილზე ხვრეტდნენ. სასჯელის აღსრულების ოქმების დაახლოებით ნახევარში წერია, რომ სასჯელი აღსრულდა და დახვრეტილები დაიმარხნენ ადგილზევე. ოქმების მეორე ნახევარში ასეთი ჩანაწერია არაა.

 


ბათუმში გასამართლებული ოლგა კარლის ასული შტამის განაჩენის აღსრულების ოქმი მინაწერით: „ცხედარი დაიმარხა დახვრეტის ადგილას“ (Труп зарыт на месте расстрела). 1938 წლის 1 იანვარი.
დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში

 

ირინა ფლიგე: მე სულ ორ ტექნიკას ვიცნობ: ადგილზე დახვრეტის ტექნიკა, ვთქვათ, ტყეში –  აქ ითხრებოდა ორმო და ყველას, ვინც იმ დღეს დაიხვრიტა, ორმოში ჩაყრიდნენ და მიწით ფარავდნენ. თხრილს რაც შეეხება, ისინი გამოიყენებოდა სხვაგან დახვრეტილი ცხედრების დასამარხად. მაგალითად, ბუტოვო, მოსკოვში. ციხეში ხვრეტდნენ და შემდეგ ცხედრები გადაჰქონდათ. ითხრებოდა ერთი გრძელი თხრილი და ნაწილ-ნაწილ იფარებოდა მიწით. ცხედრებს პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან ყრიდნენ თხრილში, ხოლო შემდგომში თხრილის ნაწილს ფარავდნენ. თქვენ ხომ არქივებთან თავისუფალი წვდომა გაქვთ?

 

ანტონ ვაჭარაძე: დიახ, მაგრამ პრობლემაა... სახელმწიფო  უშიშროების  კომიტეტის არქივის დიდი ნაწილი დაიწვა, ამიტომ დახვრეტილთა უმეტესობაზე ჩვენ მხოლოდ „სამეულის“ ოქმი გვაქვს შემორჩენილი.

 

ირინა ფლიგე: დახვრეტის რაზმში შედიოდა რამდენიმე ადამიანი: უფროსი, ვინც აწერდა ხელს, თავად შემსრულებლები და მძღოლები, ვისაც ან ცხედრები, ან ცოცხლები დასახვრეტად ადგილზე მიყავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეძლეოდათ მარშრუტი, კონკრეტული დავალება, ეკიპირება. ყველა მათგანის საარქივო პირადი საქმე უნდა შემოწმდეს - საქმე შეიძლება შეიცავდეს  ჯილდოებს, ასევე ანგარიშებს/პატაკებს - ვთქვათ, გზაში საბურავი გაუსკდა მძღოლს და ამაზე უფროსობას მოახსენა. მსგავს „სამეურნეო“ ხასიათის დოკუმენტებში შესაძლოა იყოს  სასჯელის აღსრულების დამატებითი, თუნდ ირიბი დეტალები, რაც ძლიერ გამოგადგებათ.

 

ანტონ ვაჭარაძე: სტრატეგიის შესახებ გვსურდა საუბარი, რომელიც ქალების იდენტიფიცირებას შეეხება, სულ 11 ქალია აჭარაში ამ პერიოდში დახვრეტილი. თუ იდენტიფიცირდება ერთი ქალი მაინც, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ამა და ამ რიცხვის სამარხია?

 

ირინა ფლიგე: საქმე ისაა, მე, პირადად, ასეთი სტრატეგიები არ მიზიდავს, რადგან საბოლოო შედეგამდე არ მივყავართ. კარგი, ჩაატარებთ ამ ექსპერტიზას, მაგრამ, არ იცით, როგორ დამარხოთ, ამიტომაც ეს არ მოგცემთ რაიმე საიმედო შედეგს. კი, გეცოდინებათ, რომ ამ ორმოში ეს ხალხია, იმ ორმოში სხვა...

 

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მეჩვენება, რომ იმ სხვა ამოცანებთან შედარებით, რომელიც თქვენ წინაშეა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგანაც თქვენ ზუსტად არ იცით დახვრეტის ტექნოლოგია, რაკი საარქივო საქმეები მწირია. შედეგის მიღების შემდეგაც კი თქვენ არ შეგეძლებათ მყარი დასკვნები გამოიტანოთ. ამიტომ, ეს კვლევა არაფერს ვნებს, მაგრამ არც მყარი ცოდნისკენ მივყავართ.

 

მე მგონია, რომ თავდაპირველად უფრო მნიშვნელოვანია პანთეონის იდეის წამოწევა... 3-D ფოტოების შექმნა. ხალხი, საზოგადოება ერთი ან რამდენიმე ქალის ნეშტის იდენტიფიცირებით ვერ დაინახავს შედეგს. რომ გააკეთოთ პირველი 100 ფოტო მაინც, ეს უკვე გამოიწვევს საზოგადოებრივ რეზონანსს, ყველას დააინტერესებს, ყველა დაიწყებს ოჯახის ალბომებში წინაპრების ფოტოების ძებნას და პროცესიც დაიძვრება.

 

ანტონ ვაჭარაძე: ამ შემთხვევაში 150-ივეს 3-D პორტრეტის გაკეთება უმჯობესია.

 

ირინა ფლიგე: დიახ, 150 ერთბაშად გააკეთეთ და ყველა ამაზე დაიწყებს ლაპარაკს.

 

საერთოდ, ამ საკითხზე ანთროპოლოგები მუშაობენ. ჩვენთან, მაგალითად, პეტერბურგში პეტროპავლოვსკის ციხეში აღმოაჩინეს ცხრა ორმო, ძალიან ძველი, 1918-1921 წლების, „წითელი ტერორის“ სამარხი. ამ ორმოებში ხანგრძლივი დროის გასვლის, ასევე ვანდალიზმის მიზეზით, აქ ადრეც რაღაცას თხრიდნენ, ნეშტები სულ არეული იყო. გათხრის შემდგომ ისინი არასწორად „ააწყვეს“, ამიტომ ანთროპოლოგი, ვინც ამაზე მუშაობდა, თავიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუნდა ძვლების „დაკომპლექტებას“. ერთ-ერთ ორმოში თვრამეტი ახალგაზრდა გოგონა იყო დახვრეტილი და ანთროპოლოგი იდენტიფიცირებისათვის ძალიან დიდ ხანს ადარებდა ძვლებს ერთმანეთს. ძალიან რთული პროცესი იყო. როდესაც ცხედრების ასაკი ერთი და იგივეა, სხვადასხვა ადამიანის ძვლები ერთმანეთში ირევა. პარალელურად  3-D მოდელირებაც ხდებოდა. მოკლედ, უნდა მიმართოთ ანთროპოლოგებს და გავნსაზღვროთ, როგორი ტექნოლოგიაა ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი, რა იქნება ამ ყოველივეს ღირებულება...

 

ამ მიზნებისათვის არსებობს გარკვეული, ძალიან სპეციფიკური მეცნიერული ტექნოლოგია, პროგრამა, აპარატურა, რითიც ხდება სკანირება. ასევე, გასარკვევია, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ამის გაკეთება, მოიპოვება თუ არა შესაბამისი აპარატურა. ან თუ შესაძლებელია ამის დისტანციურად განხორციელება. ეს ყველაფერი გასარკვევია.

 

ანტონ ვაჭარაძე: რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ.

 

ირინა ფლიგე: მაგალითად, ანთროპოლოგი პეტროპავლოვსკის ციხეში ადგილზე მუშაობდა, რადგან ნეშტები იქ რჩებოდა, ხოლო მისი სამუშაო ლაბორატორია მდებარეობდა მოსკოვში. ანუ შესაძლებელია დისტანციური მუშაობაც.

[...]

 

ანტონ ვაჭარაძე: დიდი მადლობა, ქალბატონო ირინა, ამომწურავი პასუხებისა  და საქმიანი დიალოგისთვის.

 

ირინა ფლიგე: არაფრის! დროებით!

 

იანვარში IDFI გამართავს კიდევ ერთი დისკუსიას საერთაშორისო ექსპერტებთან. ირინა ფლიგესთან ერთად ისაუბრებენ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ექსპერტები.

 

ა/წ 22 დეკემბერს გამართული დისკუსიის შედეგების შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნება საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს აჭარაში აღმოჩენილ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხებზე და, მსოფლიოში არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოგვაწვდიან  აღნიშნული საკითხის ოპტომალურად  გადაწყვეტის გზებს.

 

___

 

[1] ტუსკულენის მშვიდობის პარკის მემორიალური კომპლექსი (Tuskulėnų rimties parko memorialinis kompleksas) - ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსთან ახლოს მდებარე პარკი, სადაც აღმოაჩინეს 1944-1947 წლებში დახვრეტილთა საერთო სამარხები. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას გაშენდა პარკი, კათოლიკური ეკლესია და მემორიალური კომპლექსი, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული 724 ადამიანის ნეშტი განისვენებს.

 

[2] სოლოვეცკის კუნძულები/ სოლოვკები (Соловецкие Острова) - არქიპელაგი თეთრ ზღვაში, რომლის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს XV საუკუნის "სპასო-პრეობრაჟენსკის" მონასტერი.1923 წელს მონასტერი გადაკეთდა სპეციალური დანიშნულების ბანაკად, სადაც პატიმართა მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. „პოლიტიკური“ ნიშნით იხდიდა სასჯელს - სასულიერო პირები, თეთრი მოძრაობის ოფიცრები, სოციალისტ-რევოლუციონერები, ინტელიგენცია და ა.შ. ბანაკში გადასახლებული იყო მრავალი ქართველი პატიმარი და ბევრი მათგანი იქვე გარდაიცვალა. სოლოვკების პატიმრები სანდორმოხში გადაყავდათ და იქ ხვრეტდნენ.

 

[3]კადიში - მიცვალებულის სულის მოსახსენებელი ტექსტი იუდაიზმში.

 

___

 

ინტერვიუ მომზადდა საერთაშორისო კოალიციის - Sites of Conscience და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida, ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024