ბათუმში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის შესახებ

სიახლეები | საბჭოთა კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 2 ოქტომბერი 2019

რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა უმნიშვნელოვანესი და აქტუალურს საკითხს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ბევრ ქვეყანაში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილებზე მოწყობილია  მემორიალური კომპლექსები, ხოლო ხელისუფლებები აქტიურად უწყობენ ხელს რეპრესირებულთა ხსოვნის უკვდავსაყოფ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებს. უცხოეთის გამოცდილების გაზიარება და სამარხების საკითხის გადაწყვეტა დადგა საქართველოს დღის წესრიგშიც: წლების მანძილზე საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილების მოძებნის უშედეგო მცდელობების შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, ბათუმთან ახლოს, თავდაცვის სამინსიტროს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო საბჭოთა სატანკო ნაწილი, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ. აღმოჩენილი ხუთი სამარხი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მსგავსი ტიპის ადგილია საქართველოში და აქ განხორციელებული მოქმედებები სამაგალითო უნდა გახდეს მომავალში სამარხების აღმოჩენის შემთხვევაში.

 

 

საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის 27 სექტემბრის ოქმი აჭარაში კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის დახვრეტის, ხოლო 3-ისთვის პატიმრობის მისჯის თაობაზე (დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში)

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ განხორციელებული მოქმედებები

  

2019 წლის აპრილში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და გააჩინა ბევრი კითხვა. განცხადებას თან ახლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეპარქია აპირებდა აღმოჩენილი ნეშტების ქრისტიანული წესით დაკრძალვას, რაც გააპროტესტა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ. მათი განცხადებით, 1930-იან წლებში აჭარის მოსახლეობის რელიგიური სურათის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დახვრეტილებს შორის იქნებოდნენ მუსლიმებიც და მათ შორის სასულიერო პირებიც. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოითქვა იმის ვარაუდიც, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო 1921 წლის ომის დროს აჭარის მხარეში შემოჭრილი თურქი სამხედრო პირების სამაროვნებიც.

 

ზემოაღნიშნული განცხადებების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ნეშტების დაკრძალვის პროცესი. მათ აგრეთვე უპასუხეს შეკითხვას თურქი სამხედროების შესახებ და წარმოადგინეს ფოტოები, სადაც გამოსახული იყო ნეშტებთან ერთად აღმოჩენილი სხვადასხვა არტეფაქტი, მათ შორის, 1935 და 1936 წელს გამოშვებული მონეტები. აღმოჩენილი მონეტების, გასროლილი მასრების და სხვადასხვა ნივთის ზედაპირული ანალიზითაც კი დიდი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღმოჩენილი ნეშტები არის 1937-1938 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ აღმოჩენილ ნეშტებს ჰქონდათ უკან შეკრული ხელები ხოლო თავის ქალაში აღენიშნებათ ტყვიით შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებოდათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებზე. ამას გარდა, სამაროვნები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ თხრილებში ერთად მოთავსებულ 150-მდე ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

 

 

   
ფოტოები, რომლებიც თან ერთვოდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებას

 

ნეშტების განცალკევებისა შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თითოეული მათგანისთვის დაამზადებინა სპეციალური ხის ჩასასვენებელი, რომლებშიც ნეშტები გადაიტანა. დღესდღეობით ჩასასვენებლები მოთავსებულია ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ქვედა სართულზე. ეპარქიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ელიან სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შეასრულებენ შესაბამის მოქმედებებს.

 

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები

 

ეპარქიის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, აჭარის მთავრობამ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა სამარხების საკითხის შესწავლა, მუშაობა ნეშტების იდენტიფიკაციაზე, დაკრძალვის ორგანიზება და მემორიალის მოწყობა. IDFI დაინტერესდა კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობით და ოფიციალური წერილით მიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის სულ გაიმართა კომისიის ორი ოფიციალური სხდომა და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განახორციელა ნეშტებიდან შესაბამისი დნმ მასალის აღება და შექმნა შესაბამისი ბაზა; ახლადაღმოჩენილი სამარხების შესწავლის და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა; ზემოხსენებულ მისამართზე ახალი სავარაუდო სამარხების აღმოჩენის და შესწავლის მიზნით, მომზადდა სიტუაციური ნახაზი და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ტერიტორიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, ნეშტების დაკრძალვის ადგილისა და თარიღის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

IDFI-ს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესებში

 

IDFI საწყის ეტაპზე აქტიურად ჩაერთო ბათუმში და აჭარაში რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, კერძოდ კი სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის ოქმების შესწავლით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს, რაც  რამდენიმე ასეულით აღემატებოდა მანამდე გავრცელებულ რაოდენობას. IDFI-მ აღნიშნული სია გადასცა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს. სიის მიხედვით დადგინდა, რომ ამ 1050 ადამიანს შორის იყო 11 ქალი, ასევე მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირები. ქალების საკითხი უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ მოხდება ერთი მათგანის ნეშტის იდენტიფიცირება მაინც, შესაძლებელი იქნება დანამდვილებით იმის დადგენა, თუ რომელ რიცხვში დახვრეტილი ადამიანები არიან ამა თუ იმ სამარხში - ამის თაობაზე რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა IDFI-ს პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა. აგრეთვე აუცილებელია შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს განხორციელებული დახვრეტების ოქმების ოდენობა შედარდეს სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების ოდენობასთან, რადგან როგორც წესი, ზოგიერთ დღეს იხვრიტებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი და რიცხვების დამთხვევის შემთხვევაში იდენტიფიკაცია გამარტივდება.

 

 

 

საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის, 1937 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი, ცნობილი ბათუმელი ექიმის, რაისა შიშლო-საბაშვილის დახვრეტის შესახებ (დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში)

 

 

IDFI-ის აღმასრულებელმა და პროგრამების დირექტორებმა, გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის პირველ ოფიციალურ სხდომაში. მათ აგრეთვე დაათვალიერეს ადგილი, სადაც აღმოჩნდა სამაროვნები და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელთან, დედა სიდონიასთან ერთად დაათვალიერეს ნეშტებიც.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ა/წ 19 სექტემბერს წერილით მიმართა აჭარის მთავრობას და მოუწოდა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვნებისა და ნეშტების კვლევის, დაკრძალვისა და ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის და პროცესების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების თაობაზე.

 

2019 წლის ნოემბრის დასაწყისში, ესტონეთში დაგეგმილია ორგანიზაცია - „საერთაშორისო მემორიალის“ კონფერენცია, რომელზეც წარსდგებიან გიორგი კლდიაშვილი და IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე. კონფერენციაზე მოხსენების თემა იქნება საქართველოში საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილების შესწავლის საკითხი.

 

 

1938 წლის 23 იანვარს ბათუმში დახვრეტილი ჰასან გოგიტიძე (ფოტო დაცულია საოჯახო არქივში)

 

რეკომენდაციები

 

IDFI თვლის, რომ აქამდე კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის ბათუმთან აღმოჩენილი რეპრესირებულთა სამარხების შესწავლის და რეპრესირებულთა ნეშტებისთვის სათანადო პატივის მიგების თვალსაზრისით, თუ მათი სახელის უკვდავყოფის უზრუნველსაყოფად და აჭარის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით:

 

- აჭარის ა/რ მთავრობამ უნდა გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი 1937-1938 წლებში ბათუმთან რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილების შესასწავლად, რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მისაგებად, მათი ნეშტების იდენტიფიკაციისთვის და ხსოვნის უკვდავსაყოფად;

 

- უნდა დაკომპლექტდეს არქეოლოგთა და სპეციალისტთა ჯგუფი, ბრომელიც იმუშავებს უკვე აღმოჩენილ სამაროვნებზე და ასევე გააგრძელებს დანარჩენი სამაროვნების ძებნას;

 

- ტერიტორია, სადაც  სამარხები აღმოჩნდა, თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან უნდა გადაეცეს ბათუმის მერიას და აქ უნდა მოეწყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი;

 

- რეპრესიების მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიცირების მიზნით უნდა წარიმართოს აქტიური კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა რეპრესირებულთა შთამომავალმა ჩააბაროს საკუთარი დნმ მასალა, რომელიც შედარებული იქნება ნეშტებიდან აღებულ ნიმუშებთან. IDFI-ს მიერ გამოვლენილი სიის მიხედვით დგინდება, რომ რეპრესიების დროს პერიოდულად, კონკრეტულ თარიღებში ხვრეტდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებსაც ერთ სამარხში ათავსებდნენ (ასეთი ჯერჯერობით სულ ხუთი სამარხია აღმოჩენილი). იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რამდენიმე ნეშტის იდენტიფიკაცია მაინც, ზუსტად დადგინდება, თუ რომელ დღეს დახვრეტილი ადამიანები არიან მოთავსებული სამარხში;

 

- უნდა წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაშიც უნდა ჩაერთოს მთავრობა, სასულიერო პირები, სპეციალისტები და ორგანიზაციები რათა აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე ე.წ. „სტალინური ტერორის“ შესახებ;

 

- საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის უნდა შედგეს შეთანხმება იდენტიფიკაციის გარეშე დარჩენილი ნეშტების ერთობლივად დაკრძალვის თაობაზე, მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფოც.

 

 

/public/upload/IDFI_2019/archieves_idfi/adjara_government.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

09.12.2019

რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსირების კვლევები

06.12.2019

საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია

04.12.2019

კარგი მმართველობის ფორუმი (GGF)

30.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019