“გმირობის ნაყოფი” - პროდუქცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 24 ოქტომბერი 2022

 

Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID მიერ დაფინანსებული პროექტის - “სოლიდარობის ბრენდინგის“ წარმოებული კამპანიის „გმირობის ნაყოფის" პრეზენტაცია 13 ოქტომბერს გაიმართა.
USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს „კარფურის“(თბილისი მოლი, East Point-ი), „ზღაპარისა“ (30-მდე ფილიალში) და „სმარტის" (გორი, კახეთი, გუდარი) მაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. კამპანია “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ ხილის, ჩირისა და ტყლაპის შეძენა უკვე შესაძლებელია. აღნიშნული პროდუქცია წარმოებულია ბერშუეთში, დვანში, მეჯვრისხევში, დირბსა და შინდისში.


“გმირობის ნაყოფის” კამპანიის ფარგლებში, საპილოტე ეტაპზე, ხუთი ბენეფიციარის პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობა ექნება მომხმარებელს, რომელთა შესახებაც მცირე ისტორიებს გაგაცნობთ:


1. ეკატერინე ხოდელი სოფელ ბერშუეთიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა დედის სოფელში (ოკუპირებულ სოფელ ქსუისში) შესვლის უფლება, სადაც დარჩა მისი პაპის საფლავი. 82 წლის დევნილი ბებია კი მძიმე დღეების, შიშისა და შინ დაბრუნების დარდით გარდაიცვალა. როგორც ეკატერინე აღნიშნავს, შიში არსად წასულა, მუდმივი ბორდერიზაცია არ შეჩერებულა… ეს ყველაზე მეტად კი ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იგრძნობა!


„მავთულხლართთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება დიდი სტიმულია ქართული მხარისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გამოხატულებაა ქართული ეკონომიკის განვითარების. როდესაც იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს, საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს, მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას და მცოცავი ოკუპაციის პერმანენტულ შიშს,“- ეკატერინე ხოდელი.

 

       


მან და მისმა ოჯახის წევრებმა 2020 წელს ჩამოაყალიბეს სასოფლო კოოპერატივი, საკუთარი რესურსით მოაწყვეს საწარმოს შენობა და შესაბამისად აღჭურვეს. გრანტის საშუალებით კი შეიძინეს ხილის საშრობი დანადგარი და 2021 წლის ზაფხულში დაიწყეს ქლიავის ჩირის - „რამე ტკბილის“ წარმოება.


აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 19 ოქტომბერს, სოფელ ბერშუეთში, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, რომელიც ეკატერინეს მეზობელი აღმოჩნდა. ამ ფონზე, მარტივი აღსაქმელია, თუ რა შიშისა და მუდმივი საფრთხის პირობებში უწევს ეკატერინესა და მის ოჯახს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ის თვლის, რომ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სიტყვით, საქმითა და წარმოების განვითარებით.

 

 

2. დავით გელუტაშვილი სოფელ დირბში ცხოვრობს. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა არაერთი ქართული სოფელი დაბომბეს და გადაწვეს, მათ შორის, სოფელი დირბი. ახალგაზრდა ფერმერი კი სამეწარმეო საქმიანობას სწორედ სოფელ დირბში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დღემდე ახორციელებს. მან ჩირის საწარმო ზუსტად იმ ადგილზე ააშენა, სადაც, 14 წლის წინ, რუსულმა მხარემ ჭურვები ჩამოყარა და მიწასთან გაასწორა.

 

        


საწარმოს ამუშავება დავით გელუტაშვილმა 2021 წელს შეძლო და ამჟამადაც ხდება მისი საჭირო დანადგარებით აღჭურვა. ამ ეტაპზე საწარმო „ფრუტერაში“ ხორციელდება ქლიავის ჩირის, ვაშლის ჩირისა და ჩიფსის, ქლიავისა და ტყემლის ტყლაპის წარმოება.


"ალბათ, არასდროს არ უნდა მოვეშვათ ამ მცდელობას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი... ძალიან ძნელია, როცა მართლა გეძახის თითოეული გოჯი მიწა, რომ მიხედო და გააგრძელო წინაპრების საქმე," - დავით გელუტაშვილი.

 

3. მაკა ქვრივიშვილს სოფელ მეჯვრისხევში გაშენებული აქვს ქლიავის ბაღები. მისი სურვილი, რომ წარმატებული ბიზნესი წამოეწყო, უკავშირდებოდა სწორედ ქლიავის ჩირის წარმოებას. 2020 წელს წარადგინა საგრანტო პროგრამაზე განაცხადი - ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოსაწყობად. მოიპოვა გრანტი და მოახერხა 500 კგ წარმადობის ჩირის საშრობი დანადგარის შეძენა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ქლიავის ჩირის „ჩირეულის“ წარმოება.


აღსანიშნავია, რომ მაკა საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს და 2008 წლის აგვისტოს ომსაც უფრო მეტი სიმძაფრით აღიქვამს და იხსენებს:

 

       


“ომის შედეგებს ომის დროს ისე მძაფრად ვერ გრძნობ, როგორც ომის შემდგომ პერიოდში. 14 წელი გავიდა და ისევ არ წყდება ყოველდღიური ბორდერიზაცია… ძალიან ბევრი ვერ დაუბრუნდა თავის სახლ-კარს…
ჩემთვის, ყველაზე ემოციური ის მომენტი იყო, როცა ტელევიზიით შევიტყვეთ, ჩვენს სოფელში, კიდევ ერთი ბორდერიზაციის შესახებ - შეიძლებოდა ვეღარ გავსულიყავით მამა-პაპისეულ საფლავზე... როცა კადრში ხედავ შენი პაპის და ბებიის საფლავს, რომელიც შეიძლება დაკარგო, რადგან იცი რომ ოკუპანტები 10 მეტრში დგანან, ძალიან რთულია,“- მაკა ქვრივიშვილი.


4. იური კოპაძე სოფელ დვანიდან არის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იური და მისი ოჯახი ორჯერ არის დევნილი საკუთარი ქვეყანაში - პირველად, 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, რომლის შემდეგაც 2008 წლამდე დიდი ლიახვის ხეობაში სოფელ თამარაშენში ცხოვრობდა და, მეორედ, 2008 წელს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შედეგად.


„ადვილი არ არის ორჯერ ყველაფრის დაკარგვა და შემდეგ ისევ ნულიდან ცხოვრების დაწყება, ჩვენი ოჯახი დავსახლდით სოფელ დვანში, რომელიც კონფლიქტის ზონაშია და ე.წ. საზღვარი სწორედ დვანზე გადის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომის დროს, სოფელ დვანზე სახელმწიფოებრივი კონტროლი დაკარგული იყო და ეს სოფელი დაკავებული ჰქონდათ სეპარატისტებს. გაძარცვულ, ნახევრადდამწვარ და განადგურებულ სოფელში მოუწია ხალხს დაბრუნება,“- იხსენებს იური კოპაძე.

 

       

 

2009 წელს იურიმ და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს ხელშეწყობით დაიწყეს რ.კ. „დინასტიას“ მშენებლობა. დაასაქმეს რამდენიმე ათეული ადამიანი, უფრო მეტ ადამიანს კი ჰქონდა შანსი ხილის მარტივად “ჩაბარების” და გაყიდვის…


ამ ეტაპზე, იური და მისი ოჯახი აწარმოებს თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელას, ტყლაპსა და მშრალ მურაბას.


„ჩვენი პრინციპი, რომ საწარმო დვანში უნდა აგვეშენებინა, ვიცოდით, დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, და ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ კონფლიქტის განახლების ან რაიმე დაძაბულობის შემთხვევაში რისკი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა მხოლოდ ბიზნესის კეთილდღეობა ან ბიზნესისთვის “სასათბურე” პირობები - მნიშვნელოვანი ჩვენს შემთხვევაში არ არის, ჩვენს შემთხვევაში პრიორიტეტი ადგილობრივები არიან, რომელთაც “რაღაც” მაინც უნდა აკავებდეთ რომ არ მიატოვონ აქაურობა,“- იური კოპაძე.

 

5. ლერი სანებლიძე სოფელ შინდისიდან არის. მას სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული მოჰყავს: ვაშლი, მარწყვი, პომიდორი და ა.შ. როგორც აღნიშნავს, 14 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან უკან დასწია მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და უკეთესობისკენ აღარაფერი აღარ მიდის. აქამდე, პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზრებსა და მაღაზიებში ცდილობდა.
როგორც იხსენებს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელში იყო… 11 აგვისტოს დილით დატოვა სოფელი, თუმცა 13-ში ისევ უკან დაბრუნდა და მას შემდეგ სოფელი არ დაუტოვებია.

 

„ჩემი მიზანი ის არის, რომ სოფელი გავაძლიერო და ჩემი კარ-მიდამო არ მივატოვო,”- ლერი სანებლიძე.

 

           

 

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, კამპანიაში სხვა ქსელების ჩართვაც იგეგმება, რათა საოკუპაციო ხაზთან წარმოებული პროდუქცია უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.

 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით, პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მა კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

28.11.2022

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

28.11.2022

DRIVE-ის საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ

28.11.2022

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

24.11.2022
განცხადებები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

21.11.2022

IDFI შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს

11.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

03.11.2022

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

03.11.2022
ბლოგპოსტები

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022