2024 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებები კვლავ ხელმისაწვდომი გახდება: პრობლემისა და მათი გადაწყვეტის ქრონოლოგიის მიმოხილვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 31 ივლისი 2023

2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რითაც დაწესდა  სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის ახალი სტანდარტი.

 

2024 წლის იანვრიდან, საზოგადოება შეძლებს სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვოს, მიიღოს, გაეცნოს და ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიცია, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებულ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილებებზე. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებისხელშეწყობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული ხანგრძლივი ადვოკატირების შედეგად, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა ნორმატიულ (კანონის) დონეზე გაუმჯობესდა.

 

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები 2024 წლიდან ამოქმედდება. IDFI გააგრძელებს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მონიტორინგს და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2024 წლიდან განხორციელებული ცვლილებები ჰპოვებს სათანადო ასახვას პრაქტიკაში.

 

 

 

 

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენათა ქრონოლოგია

 

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გამოწვევები: პრობლემის დასაწყისი

 

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის პრობლემები 2015 წლის შემდგომ დაიწყო. 2016 წლიდან, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებისფინანსური მხარდაჭერით, IDFI-მ აქტიურად დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება, შეისწავლა დაკავშირებული პრობლემები და მოამზადა სიღრმისეული კვლევა, რომლის  ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ 2015 წლიდან, პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით საზოგადოებას შეეზღუდა და ფაქტობრივად აეკრძალა საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება. დარღვეული იყო ბალანსი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა  და პერსონალურ მონაცემთა დაცვასა შორის, უპირობო უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭებოდა.

 

საკანონმდებლო დონეზე არსებული ბარიერის დაძლევის მიზნით, IDFI-მ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პრობლემის გამომწვევი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა. კერძოდ, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც გამორიცხავდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. 2019 წლის 7 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) დამედიის განვითარების ფონდის (MDF) კონსტიტუციური სარჩელები და განმარტა, რომ სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მიმართ თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის 1 მაისიდან და პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება იყო პრეცედენტული ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად განმარტა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური ბუნება, იგი გამოყო სტანდარტული საჯარო ინფორმაციისგან და მათზე წვდომა დაუკავშირა, როგორც სასამართლოსადმი ნდობას ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განვითარებული მოვლენები: გადაწყვეტილების იმპლემენტაციის გაჭიანურებული პროცესი.

 

 

საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ვადა  2020 წლის პირველ მაისამდე ჰქონდა, თუმცა საკანონდებლო ორგანომ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ აღასრულა, ხოლო პრაქტიკულ დონეზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა. 2020 წლიდან ასევე შეწყდა პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნება, ასევე, გართულდა გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მიღება.

 

ამ ვითარებაშიც, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, IDFI გააგრძელა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის პრობლემაზე მუშაობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საკანონდებლო ცვლილებების აქტიური ადვოკატირება.

 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და სასამრთლო აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა ე. წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით მომზადდა. 2021 წლის ივნისში, IDFI-მ ჩაატარა მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში დაისახა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ძირითადი მიმართულებები.

 

2021 წლის პირველ ივლისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პარლამენტში კანონის პროექტი დაარეგისტრირეს, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაეწყვიტა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის პრობლემა.  IDFI-მ შეისწავლა საკანონდებლო ინიციატივა და 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნა ვრცელი სამართლებრივი ანალიზი, რომელშიც გამოკვეთა პრობლემები, რომელთა გამოც ამ კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფდა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას და გამოიწვევდა სასამართლოს გადატვირთულობას. შეფასების პარალელურად, IDFI-მ საქართველოს პარლამენტს ორი ალტერნატიული კანონპროექტი  შესთავაზა, თუმცა იმ პერიოდში საქართველოს პარლამენტში კანონის მიღების პროცესი გაჩერდა.

 

სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

 

2022 წლის ივნისში, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის მიერ განისაზღვრა 12 პრიორიტეტული ამოცანა. სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტის (მართლმსაჯულების რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) აღსრულების ნაწილად იქცა.  მესამე პრიორიტეტის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2022 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში სასამართლო სისტემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დასრულების შემდგომ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მოწესრიგებას. ეს კანონპროექტი 2021 წლის პირველ ივლისს დარეგისტრირებული კანონპროექტის იდენტური იყო და ფაქტობრივად იმეორებდა IDFI-ს მიერ გაკრიტიკებულ რთულ და დროში გახანგრძლივებულ მოდელს.

 

პარლამენტმა პრობლემური კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნა. 2023 წლის მარტში,ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა  თავისი წერილობითი შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არსებითად დაემთხვა IDFI-ს პოზიციას შემოთავაზებული მოდელის კომპლექსურობასთან და დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

 

 

მისასალმებელია, რომ 2023 წლის 11 მაისისა და  15 მაისის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა IDFI-ს და ვენეციის კომისიის შენიშვნები, უარი თქვა განსახილველ ცვლილებებზე და წარმოადგინა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის სრულიად ახალი, ბევრად გამარტივებული მოდელი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2023 წლის 13 ივნისს მიიღო.

 

მიღებული ცვლილებებით, უარი ითქვა კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით გათვალისწინებულ რთულ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი სრულად გადიოდა საჯარო ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სფეროდან, უგულებელყოფილი იყო სასამართლოსგადაწყვეტილებებზეხელმისაწვდომობის მომეტებული ინტერესი, იზღუდებოდა აქტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე, იქმნებოდა სასამართლოს გადატვირთვის და საქმეთა დროში გაწელვის რეალური რისკი, რამდენადაც მოსამართლეს უწევდა თითოეულ საქმეზე მიღებული აქტების გასაჯაროებაზე მსჯელობა. ცვლილებებით, გამარტივდა სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მიღება, რამდენადაც სასამართლოს გადაწყვეტილების საჯარო ინფორმაციის გაცემა მოხდება “საერთო სასამართლოს შესახებ”საქართველოს ორგანული კანონს საფუძველზე, საკითხის გადაწყვეტაში არ ჩაერთვება მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა აღარ იქნება გამოყენებული უფლების შეზღუდვის ხელოვნურ საფუძვლად. დამკვიდრდა სასამართლოს აქტების ღიაობის ზოგადი წესი,დადგინდა არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებების, არამედ ზოგადად სასამართლო აქტების პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება, ასევე, მოიხსნა სასამართლოს გადატვირთულობის რეალური რისკი. მიუხედავად მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებისა, გამოწვევად დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სხვა აქტებზე დროული წვდომის მოპოვება. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ – როცა ყველა შესაძლო ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა ამოიწურება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

 

სამართლოს აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

 

2015: სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება გართულდა;

 

2016: IDFI-მ  მოამზადა პრობლემის სიღრმისეული კვლევა. გამოიკვეთა, რომ 2015 წლის შემდგომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით საზოგადოებას შეეზღუდა და ფაქტობრივად აეკრძალა საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა;

 

2016: IDFI-მ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პრობლემის გამომწვევი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა;

 

2019: საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-სა და MDF-ის მიერ შეტანილი კონსტიტუციური სარჩელები, არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და გადაწყვეტილების აღსრულება 2020 წლამდე გადადო;

 

2020: საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. პრაქტიკულ დონეზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა;

 

2021: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების აღსრულება და სასამრთლო აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა ე. წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების ნაწილი;

 

2021: IDFI-მ ჩაატარა მაღალი დონის შეხვედრა იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის ფარგლებში დაისახა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებები;

 

2021: საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის პრობლემური მოდელი;

 

2021: IDFI-მ შეაფასა შემუშავებული კანონის პროექტი და მიიჩნია, რომ ამ კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფდა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას, გამოიწვევდა სასამართლოს გადატვირთულობას;

 

2022: სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა გახდა ევროკავშირის 12 პრიორიტეტის აღსრულების ნაწილი;

 

2022: საქართველოს პარლამენტმა განაახლა მსჯელობა კანონპროექტზე და ვენეციის კომისიაში შესაფასებლად პრობლემური კანონის პროექტი გაგზავნა;

 

2023: ვენეციის კომისიის დასკვნა დაემთხვა IDFI-ს პოზიციას სასამართლო აქტების შემოთავაზებული მოდელის სირთულესთან და დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით;

 

2023 წლის 15 მაისის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა პრობლემატურ მოდელზე, ხოლო 13 ივნისს, საბოლოოდ დაუჭირა მხარი სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებული სტანდარტის დამკვიდრებას.

 

 

    

 

ბლოგპოსტი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 

ბლოგპოსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023